"ვხატავ, როცა გაბრაზებული ვარ" - კვირის პალიტრა

"ვხატავ, როცა გაბრაზებული ვარ"

"ჩარჩოში ჩასმული ჯენიფერ ენისტონის ილუსტრაცია თავად მივუტანე ჯენიფერს და აღელვებულმა ვკითხე, მიიღებდა თუ არა ჩემს საჩუქარს. საკუთარი თავი დაინახა თუ არა, გაოცდა, პორტრეტი ძალიან მოეწონა"

19 წლის ლადო მხეიძე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მეორე კურსზე სწავლობს. თინეიჯერმა ჰოლივუდის ვარსკვლავის, ჯენიფერ ენისტონის, მოხიბვლა მოახერხა. ლადო თავისი ნახატებით არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც არის ცნობილი.

- ლადო, როდის დაინტერესდი ხატვით?

- 4 წლამდე დედაჩემი გასაფერადებლებსა და პაზლებს მყიდულობდა. გაფერადება კარგად რომ ვისწავლე, დამოუკიდებლად დავიწყე ხატვა. მერე სკოლაშიც ხშირად მთხოვდნენ, რაღაცები დამეხატა. ძალიან მეზარებოდა, მაგრამ უარს ვერ ვეუბნებოდი. სამაგიეროდ, თუ გაკვეთილების მომზადებას ვერ მოვახერხებდი, გასამართლებელი საბუთი ყოველთვის მქონდა...

- შენს შემოქმედებაში ცნობილი სახეების პორტრეტები ჭარბობს.

-მოდელები და მსახიობები ლამაზები არიან, ამიტომ ვხატავ. ასევე მათი ხარისხიანი სურათები უფრო ხელმისაწვდომია და ხატვაც მიადვილდება.

- როგორც ვიცი, ჯენიფერ ენისტონს მისი პორტრეტი აჩუქე...

- ჯენიფერ ენისტონის დახატვა ყოველთვის მინდოდა, მაგრამ შესაბამის ფოტოს ვერასდროს ვირჩევდი. როცა გავიგე, რომ "გიფონის კინოფესტივალზე" ჩამოდიოდა, გავრისკე და გადავწყვიტე, ნახატი მეჩუქებინა. ნამუშევრის დარბაზში შეტანა გამიჭირდა. ილუსტრაცია ჩარჩოში ჩავსვი, რამაც დაცვა შეაშინა. საბოლოოდ ერთ-ერთი თანამშრომელი დამეხმარა. ენისტონს აღელვებული მივუახლოვდი და ვკითხე, მიიღებდა თუ არა ჩემს საჩუქარს. საკუთარი თავი დაინახა თუ არა, გაოცდა, პორტრეტი ძალიან მოეწონა.

- სხვა ჰოლივუდის მსახიობები ხომ არ დაინტერესებულან შენით?

- ჩემმა საყვარელმა მსახიობმა კატერინა გრეჰემმა, რომელიც "ვამპირის დღიურებში" მონაწილეობს, ჩემი დახატული თავისი პორტრეტი "ინსტაგრამზე" დამილაიქა.

- როგორ გარემოში ხატავ?

- ვხატავ ფანქრით, გუაშით, აკრილითა და აკვარელით. Digital Artwork-ებიც მაქვს. ჩემს ოთახში ვიკეტები, რადგან ვერ ვიტან, როცა ხატვას მაწყვეტინებენ. მუსიკასაც ხშირად ვუსმენ. ვხატავ მაშინ, როცა გაბრაზებული ან სევდიანი ვარ.

- ხატვის გარდა, რა გიტაცებს?

- მიყვარს ცურვა, განსაკუთრებით, ყვინთვა. ფილმების, სერიალების და მულტფილმების ყურება, მეგობრებთან ერთად დროის გატარება.

- რა გეგმები გაქვს?

- დიდი იმედი მაქვს, ძალიან კარგ მულტფილმებს შევქმნი.

თათული ღვინიანიძე