დაკანონებული ბრაკონიერობის ქალაქი...
29-08-2016
დაკანონებული ბრაკონიერობის ქალაქი...
ოქროყანისკენ მიმავალი თვალის ერთი გადავლებითაც შეამჩნევთ, როგორ მუშაობდა და მუშაობს მერიის ეკოლოგიის და გამწვანების სამსახური, ტყის უმეტესი ნაწილი გამხმარია, თუმცა შესაბამის სამსახურებს ეს ნაკლებად ადარდებთ

გმირთა მოედნიდან ვერეს ხეობაში გამავალი სატრანსპორტო მაგისტრალის გასწვრივ დარგული ხეები გახმა. მერიაში აცხადებენ, რომ კომპანია, რომელსაც სატენდერო პირობების მიხედვით ამ ზონის გამწვანება დაეკისრა, გამხმარ ნერგებს­ ამოიღებს და ახლებს დარგავს. იმედია, ისეთ დროს დარგავს და ისე მოუვლის, რომ გაიხარონ. დღეს კი ვერეს ხეობაში, გზის გასწვრივ, ზეზეულად
ჩამომხმარი ხეები მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის არაპროფესიონალიზმზე კარგად მეტყველებს. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას რომ არ სცოდნოდა (არადა, უნდა სცოდნოდა), რა დროს შეიძლება დარგო ნერგები თბილისში, თანაც იქ, სადაც მზე მაგრად აჭერს და გახურებული ასფალტის ბუღი კიდევ უფრო
ამწვავებს ტემპერატურას, მერიის გამწვანების სამსახურს მაინც უნდა აეხსნა, ამ საქმის ზაფხულის დასაწყისში გაკეთება არ შეიძლება, თქვენც ზარალს ნახავთ და ჩვენს თავსაც სასაცილოდ ააგდებინებთ ხალხსო.

თამარაშვილის ქუჩის 13 ნომერთან ხეები ისე დაასახიჩრეს, რომ მათი არსებობა საზოგადოებისთვის საშიშად ჩათვლილიყო და კანონიერი მოჭრის ნებართვა მიეღოთ

გამწვანების სამსახურს იმის ახსნა არ უნდა სჭირდებოდეს, რომ არ შეიძლება ხელი მოაწერო მრავალწლოვანი ხეების მოჭრაზე და როდესაც აჟიოტაჟი ატყდება, თავის მართლება სცადო, ბიზნესის განვითარებას ხელს ვერ შევუშლით და ზოგან ხეც მოიჭრება.

სამაგიეროდ, ერთის ნაცვლად, ასი ხის დარგვის ვალდებულებას ვაკისრებთ დეველოპერს თუ მშენებელსო. ამ ას ხეს, უფრო სწორად, წკირებს, ხშირად დეველოპერები ისეთ ადგილებში რგავენ, სადაც კაცის თვალი ნაკლებად ხვდება. ცხადია, არც წკირების მოვლა-პატრონობაზე იკლავენ თავს. მერე რა, წკირები თუ გახმება, მათში"გადაყრილი" ფული ვერაფერი მატერიალური ზარალია მშენებელი-დეველოპერისთვის იმ მოგებასთან შედარებით, რასაც მოჭრილი ხეების ადგილზე მშენებლობებით მიიღებს.

ბოლო 13 წლის განმავლობაში თბილისსა და სრულიად საქართველოს კანონიერი ბრაკონიერები შემოესივნენ. ისინი კაბინეტებში სხედან და კანონის სახელით, ოფიციალური განკარგულებების საფუძველზე ანადგურებენ ტყეებს, ბუნებრივად ან ხელოვნურად გამწვანებულ ზონებს, პარკებს, სკვერებს. და ამას აკეთებენ ვითომდა ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების სახელით.

ხეების მასობრივი ჩეხა ჯერ კიდევ გიგი უგულავას მერობის დროს დაიწყო, როდესაც თამარაშვილის და ასათიანის ქუჩების მიჯნაზე, ტერიტორიაზე, სადაც ახლა "რამდენიმე სამშენებლო კომპანიის საცხოვრებელი კომპლექსია წამოჭიმული, მშენებლობის დასაწყებად ხეების მოჭრის ნებართვა გაიცა. მეტიც, აქ არსებული უზარმაზარი მწვანე მასივი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა, მერიის და ქვეყნის ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა დაინაწილეს და იმისათვის, რომ მშენებლობის შესახებ თანხმობა დაუბრკოლებლად გაცემულიყო, ამ ადგილს რეკრეაციული ზონის სტატუსი შეუცვალეს და მშენებლობის ნებართვის შეზღუდვებისგან გაათავისუფლეს. სხვათა შორის, ვაკის პარკის ტერიტორიის დიდი ნაწილი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს განადგურდა. ცნობილი ფრანგული სკოლა, რომელიც კერძო საკუთრებაა, ზედ პარკშია ჩადგმული, რისთვისაც არაერთი ხე გაიჩეხა. სულ ცოტა ხნის წინ სკოლის მიმდებარედ კიდევ გაიჩეხა ხეები, თუმცა ამას პროტესტი არ მოჰყოლია. უგულავასა და სევდია უგრეხელიძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაიჩეხა მტკვრის სანაპიროს ის ზოლი, სადაც ახლა იუსტიციის სახლია აღმართული, კუს ტბის ფერდობზე - "ციყვების" ტერიტორია, სადაც ახლა რესტორანია...
საზოგადოება ელოდა, რომ მდგომარეობა თბილისის მერად დავით ნარმანიას არჩევის შემდეგ შეიცვლებოდა, თუმცა... რჩება შთაბეჭდილება, რომ არქიტექტურის, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურებმა, "ღირსეულად"" განაგრძეს "წინა ხელისუფლების საქმე - ბრაკონიერობის დაკანონება.
ნარმანია ხუთი დღის მერი იყო, თამარაშვილის ქუჩის 13 ნომერთან ხეები რომ დაასახიჩრეს, რათა მათი არსებობა საზოგადოებისთვის საშიშად ჩათვლილიყო და კანონიერი მოჭრის ნებართვა მიეღოთ.

"ვიპოვი დამნაშავეებს და დავსჯი", - თქვა იმდროინდელმა ეკოლოგიის და გამწვანების სამსახურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა. თუმცა შემდეგ ისეთი განცხადება გააკეთა, რომ, წესით, საჯარო მოხელე თანამდებობაზე ერთი წუთითაც არ უნდა გაჩერებულიყო.

თამარაშვილის 13 ნომერთან 30 საღ-სალამათი ხის მოჭრის თანხმ­ო­­­­ბა სამშენებლო კომპანია "არქი ჯგუფს" თურმე იმიტომ მისცა, რომ სხვანაირად საკრებულო­ მისი სამ­შენებლო პროექტის განა­შენიანების­ ­რეგულაციის გეგმას არ განი­ხი­ლავდა,"თორემ "არქი ჯგუფს" ხეების მოჭრის უფლება კი არ ჰქონია,"დეველოპერმა ჩემი თან­ხმობით ბოროტად ისარგებლაო(?!),"- განაცხადა მაშინ გიორგობიანმა.

ეს ამბავი გამახსენდა ყაზბეგის პროსპექტის 24 ნომერში ხეების ჭრის ვანდალური ფაქტის შესახებ მერიის ეკოლოგიის და გამწვანების სამსახურის ამჟამინდელი უფროსის, ნინო სულხანიშვილის კომენტარი რომ მოვისმინე. როგორც ქალბატონი ნინო აცხადებს, მისმა სამსახურმა დაავადებული და ზეხმელი ხეების მოჭრის ნებართვა გასცა და გადაწყვეტილების მიღებისას კომპანია "ფორესტ კონსალტინგის" დასკვნით იხელმძღვანელა. თურმე ამ კომპანიამ შეაცდინა ქალბატონი ნინოს სამსახური - ჯანმრთელი ხეები ავადმყოფად შეაპარა და გამწვანების სამსახურს სულაც არ ეკუთვნოდა "ფორესტ კონსალტინგის" დასკვნის გადამოწმებაო?!

ისე ჰგავს სულხანიშვილის პოზიცია მისი წინამორბედის, გიორგობიანისას, მახსენდება კულუარული ხმები იმის შესახებ, რომ მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს ჯერაც გიორგობიანი მართავს.

დღემდე აუსრულებელია მერიის, დანაპირები და თბილისის შემოგარენის ტყეები და ხელოვნური გამწვანების ზოლები კვლავაც არ გაუთავისუფლებიათ გამხმარი, დაავადებული ხეებისგან. მთაწმინდისკენ, ოქროყანისკენ მიმავალი თვალის ერთი გადავლებითაც შეამჩნევთ, როგორ მუშაობდა და მუშაობს მერიის ეკოლოგიის და გამწვანების სამსახური. შესაბამისად, საზოგადოებაში იზრდება ეჭვი იმის შესახებ, რომ ჯერ ბიძინა გიორგობიანის, შემდგომში კი მისი შემცვლელის, ნინო სულხანიშვილის გუნდი მხოლოდ ბიზნეს­ინტერესებზე ზრუნავს და სულ არ ადარდებს ერთ სულ მოსახლეზე რამდენი კვმ ფართობის მწვანე ზონაა საჭირო, ამასობაში კი ქალაქი სულს ღაფავს.

ხშირად დავდივარ ქალაქგარეთ, წყნეთ­­ში, ლისზე, მთაწმინდაზე, კუს ტბაზე. მაღლიდან რომ ვუყურებ თბილისს, გული მიკვდება. ბეტონის ჯუნგლებად ქცეულ მზის და ვარდების ქალაქში საშინელი ბუღი დგას, რუხ-მწვანედ მოჩანან წიწვოვანი, მრავალწლოვანი ნარგავები, რომელთაც, კაცმა არ იცის, რამდენი ხნის სიცოცხლე უწერიათ. მათ ირგვლივ ზეზეულად ჩამომხმარი დგანან ჭიისგან დახრული და ადამიანებისგან უყურადღებოდ მიტოვებული მკვდარი ხეები.

ბრაკონიერების მორიგი თავდასხმა


"კვირის პალიტრა" თავგადადებული რეინჯერების მემატიანედ იქცა. მუდმივად ვწერთ იმის შესახებ, ღირსეულ ტყისმცველებს როგორ ესხმიან თავს ბრაკონიერები. რეინჯერებსაც იმედი აქვთ, რომ ამ ინფორმაციით საზოგადოების მობილიზაციას შევძლებთ და ყველა ერთად აიმაღლებს ხმას. ესეც ექსკლუზივი, რომელიც "კვირის პალიტრას" მოაწოდეს: "ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილის რეინჯერებსა და დ. ახალდაბის მოსახლეობას შორის ისევ ჩხუბი ატყდა.

2016 წლის 18 აგვისტოს შუადღით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიაზე, ხერგილის გავლით, თეთრი სამარშრუტო მიკროავტობუსი და წითელი მინივენი შევიდნენ. მათში ისხდნენ დ. ახალდაბაში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებმაც თქვეს, რომ საქეიფოდ მიდიოდნენ. ეროვნული პარკის თანამშრომლებმა და ნეძვის აღკვეთილის რეინჯერმა მალევე გადაამოწმეს, მოქალაქეები ნეძვში მართლაც ქეიფობდნენ.

"დაახლოებით 20:00 საათზე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ნეძვის აღკვეთილის ხერგილზე, სადაც 3 რეინჯერი იდგა, ტყიდან გასვლა ითხოვა მოქეიფეების წითელი მინივენის ავტომობილის მძღოლმა, ახალდაბაში მცხოვრებმა გია ჩადუნელმა (ბურძგალა). ის და მისი თანხმლები პირები ნასვამი იყვნენ. რეინჯერმა ამირან ბლიაძემ ავტომანქანის დათვალიერება მოითხოვა, რადგან შეამჩნია, რომ დატვირთული იყო ხეტყით. მის მოთხოვნას ჯერ სიტყვიერი და შემდგომ გიორგი ოგანესიანის მიერ ა. ბლიაძის ფიზიკური შეურაცხყოფაც მოჰყვა. შემდეგ დააზიანეს ბოქლომი, რეინჯერებს არ დაემორჩილნენ და სასწრაფოდ დატოვეს ხერგილის ტერიტორია. მომხდარი ვაცნობეთ ბორჯომის შსს-ს სამმართველოს, ასევე სამცხე-ჯავახეთის გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტს. მეორე ავტომანქანა ჯერ კიდევ ტყეში იყო. ამიტომაც ნეძვის აღკვეთილის რეინჯერები შსს-ს სამმართველოს თანამშრომლებსა და სამცხე-ჯავახეთის გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად აღკვეთილის ტერიტორიაზე დასათვალიერებლად გავიდნენ... მიკროავტობუსი სახ. #JJJ 814 იდგა სატყეო გზაზე, ხოლო მის მახლობლად, ღელეში, ეყარა მანქანიდან ჩამოცლილი წიწვოვანი მორები. სამწუხაროდ, დამნაშავეები მიიმალნენ. მეორე დღეს უკანონო მჭრელების ვინაობა მაინც დავადგინეთ, რაზედაც შედგა ოქმი.
რეინჯერის ცემის ფაქტზე საქმის მოკვლევას აწარმოებს ბორჯომის შსს-ს სამმართველოს გამომძიებელი ლავროსი გამსახურდია", - გვწერენ რეინჯერები უკვე მერამდენედ.

შარშან ახალგამინისტრებულმა გიგლა აგულაშვილმა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ბრაკონიერობისთვის კანონმდებლობის გამკაცრებასა და გარემოს დაცვის სამინისტროსთვის გოგა ხაჩიძის მინისტრობის დროს წართმეულ უფლებებს ვერ აღადგენდა, მინისტრობაზე უარს იტყოდა. ქვეყანა ნაგავს მიაქვს, ბრაკონიერები ტყეებს და რეინჯერებს ერჩიან, გარემოს დაცვის სამინისტრო კვლავ უფლებებშეკვეცილია, გარემო პარტახდება და უცნაურია, ამდენი პრობლემის მიუხედავად, გიგლა აგულაშვილი მაინც თანამდებობაზე რომ რჩება და პროტესტს არ გამოხატავს.



ეკა ლომიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით