მსოფლიოში უდიდესი "ცათმფრენი" მართლაც დაფრინავს
29-08-2016
მსოფლიოში უდიდესი "ცათმფრენი" მართლაც დაფრინავს
დიდ ბრიტანეთში პირველად აფრინდა მსოფლიოს ყველაზე დიდი საჰაერო ხომალდი. 92 მ სიგრძის ჰიბრიდული "ეარლენდერი" ნაწილობრივ ვერტმფრენია, ნაწილობრივ თვითმფრინავი და ნაწილობრივ დირიჟაბლი. ის ახლახან განაახლეს და შეაკეთეს. საფრენ აპარატს ბოლქვის ფორმა აქვს, რის გამოც ზოგჯერ "მფრინავ უკანალსაც" უწოდებენ. ბერდფორშირის საგრაფოს ქალაქ კარდინგტონში ბევრი მოხალისე და ფოტოგრაფი შეიკრიბა, რათა საკუთარი თვალით ეხილათ ციური გიგანტი, რომლის აგება 25 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაჯდა.

გაფრენის შემდეგ "ეარლენდერს" შემქმნელებმა "შესანიშნავი ბრიტანული ინოვაცია" უწოდეს. მათ არცთუ უსაფუძვლოდ
მიაჩნიათ, რომ ეს მნიშვნელოვანი ეტაპია ჰაერნაოსნობის ისტორიაში მას შემდეგ, რაც 1937 წელს დირიჟაბლ "ჰინდენბურგის" კატასტროფამ დიდი ხნით დაუსვა წერტილი ამ სახის საჰაერო ტრანსპორტის განვითარებას.

"ეარლენდერი" ისეა კონსტრუირებული, რომ ნაკლებ საწვავს მოიხმარს, ვიდრე საშუალოსტატისტიკური თვითმფრინავი, მაგრამ უფრო მეტი ტვირთის გადატანა შეუძლია, ვიდრე კლასიკურ დირიჟაბლებს. მას შეუძლია
ავიდეს 5 კმ სიმაღლეზე, იფრინოს 144 კმ/სთ სიჩქარით და ჰაერში ზედიზედ 2 კვირის განმავლობაში დარჩეს.

თავდაპირველად "ეარლენდერი" აშშ-ის არმიისთვის შეიქმნა სადაზვერვო და სხვა მიზნებისთვის, თუმცა 2013 წელს პროგრამა დაიხურა და მაშინ კომპანია "ჰიბრიდულმა საჰაერო ტრანსპორტმა" (Hybrud Air Vehicles - HAV), სადაც მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი, დირიჟაბლების ისტორიაში ახალი ეტაპისთვის ჩაეყარათ საფუძველი, მის შესაძენად ფინანსები მოიძია - როგორც კერძო ინვესტორებში, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებშიც.

ქალაქ კარდინგტონში პირველი მსოფლიო ომის დროს და მის შემდეგ პერიოდშიც დირიჟაბლებს აგებდნენ, თუმცა, შეწყვიტეს 1940 წელს, ავარიის შემდეგ, რომელშიც 50 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ტრანსპორტის მინისტრი. ამ და სხვა ინციდენტებმა ("ჰინდენბურგის" ჩათვლით, რომლის დროსას 35 ადამიანი დაიღუპა) დიდი ხნით გადაავადა ოცნება დირიჟაბლების საყოველთაო გამოყენების შესახებ.

"ამ რაღაცას შეუძლია უზარმაზარი ვერტმფრენის მსგავსად გააკეთოს ყველაფერი და ასაფრენ-დასაჯდომი ზოლიც კი არ სჭირდება. ამასთან, გაცილებით დიდი მანძილების დაფარვაც ძალუძს, არის უფრო იაფი და ეკოლოგიური", - განმარტავს HAV-ის გენერალური დირექტორი სტივენ მაკგლენანი.
წყალბადისგან განსხვავებით, რომელსაც ძველი დროის დირიჟაბლებში იყენებდნენ, ჰელიუმი ისეთ საშიშროებას არ ქმნის. სტივენი დარწმუნებულია, რომ "ეარლენდერი" პოპულარული იქნება როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო საჭიროებებისთვისაც, რადგან დიდი პოტენციალი აქვს მონაცემების შესაგროვებლად და ვიდეოდაკვირვებების საწარმოებლად.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით