"ყველაფერი მეზიზღება, იმიტომ, რომ ყველა იტყუება"
05-09-2016
"ყველაფერი მეზიზღება, იმიტომ, რომ ყველა იტყუება"
"მე ვლაპარაკობ იმაზე, რასაც ვხედავ. რაც შეეხება პოლიტიკას, არავის მხარეზე არა ვარ. ვერავის ვერ ვიტან და ვერ ავიტან ვერასოდეს"

"35, გინდაც, 40-50 წლის ხალხს, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეუძლია თავის პროფესიაში, რა უნდა პოლიტიკაში? - ფული!"


ჩემი რესპონდენტი, არჩილ ახვლედიანი, სახელოვანი მამის, ლომერ ახვლედიანის პროფესიის კვალდაკვალ მრავალი ფილმის დამდგმელი ოპერატორია. ამბობს,­ კინო ჩვენი ოჯახის მთავარი წევრიაო. მიუხედავად იმისა, რომ კამერის უკან ძალიან ბევრჯერ მდგარა, კამერის წინ მხოლოდ ერთხელ
მოხვდა. მაშინ ბატონი არჩილი 7 წლის იყო.

- მამა პროფესიით გეოლოგია. როცა ჩემი და დაიბადა, მაშინ გაიტაცა ფოტოგრაფიამ. მერე ტიტო კალატოზიშვილთან ჯერ მუშად, შემდეგ თანაშემწედ მუშაობდა, ეტაპები გაიარა, ასე ადვილად არ ხდებიან დამდგმელი ოპერატორები. მისი საკურსო ნამუშევარი იყო "ქვევრი", მერე "აურზაური სალხინეთში", "ნატვრის ხე", "სამანიშვილის
დედინაცვალი"... როდესაც დავიბადე, მამა მუშაობდა ფილმზე "მე ვხედავ მზეს". რადგან გადაღებები ბაკურიანში მიმდინარეობდა, მეც, სულ თოთო წავუყვანივარ. 14 წლის ვიყავი, პირველად რომ ზღვა ვნახე, იმიტომ, რომ არდადეგებს ყოველთვის გადასაღებ მოედანზე ვატარებდი. კინო ყოველთვის იყო ჩემს ცხოვრებაში, ის ჩვენი ოჯახის მთავარი წევრია.

- ერთადერთი ფილმია "მზე შემოდგომის", რომელშიც ეპიზოდში ჩანხართ. ძველი თბილისის ეზოების ხმაურისა და ბავშვური ღრიანცელის გადმოცემაში მიიღეთ მონაწილეობა.

- ჩემი დამტოვებელი სახლში არავინ იყო და მამამ გადაღებაზე გამიყოლა. მაშინ 6-7 წლის ვიქნებოდი. მითხრეს, ამ კადრში ითამაშეო და მეც ვითამაშე. არავითარი მოკრძალების, ნერვიულობის ან პასუხისმგებლობის განცდა არ მქონია. ეს იყო ცხოვრების ერთი ჩვეულებრივი წამი.

- მამასავით ოპერატორობა გადაწყვიტეთ. თქვენი კარიერა, ძირითადად, რუსეთში გაგრძელდა.

- საქართველოში მხოლოდ "ქუჩის დღეები" მაქვს გადაღებული. ქართულ კინემატოგრაფიაზე კარგს ვერაფერს გეტყვით,
დღეს რაც ხდება ქართულ კინოში, კინემატოგრაფს ვერ უწოდებ. "მანდარინები" რომ კარგი ფილმია, საამაყოა, მაგრამ არ არის საქართველოს კუთვნილება. ის რეჟისორები, რომლებითაც ვამაყობთ, ქართული ფულით არ ქმნიან ფილმებს... დღეს კინოცენტრში ახალი ხალხი მოვიდა, მათზე 1 წელიწადში ვილაპარაკებ, მანამდე უნდა ვნახო, რა გაკეთდება.

თვალში საცემია, რომ ფილმს ერთი და იგივე ხალხი იღებს, ახალ სახეებს არ აძლევენ თავის წარმოჩენის საშუალებას. როგორ უნდა აღმოაჩინო ნიჭიერი ახალგაზრდა, თუ შანსი არ მიეცი?! ამიტომაც ქართულ კინოს რუსულს ვერ შევადარებ. ახლა ვიღაცა იტყვის, საბჭოეთის ნოსტალგია აქვსო. მე იმას მივტირი, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა შეინარჩუნეს თავიანთი კინოსტუდიები, ჩვენ - ვერა. ვის რად უნდა გაპრიალებული კინოსტუდიის შენობა, კინოსტუდია მინგრეული და გაცვეთილი უნდა იყოს. აპარატურისგან კედლები უნდა იყოს დაფხრეწილი, მუშაობის კვალი უნდა ემჩნეოდეს, ამათ კი ევრორემონტი აქვთ. ეგ კიდევ რა, კინოსტუდიაში გამოყოფილი ბიუჯეტით 5 ფოტოაპარატი იყიდეს. ფოტოაპარატით აპირებენ კინოს გადაღებას?! ეგეთ კინოს ჩემი მობილურიც გადაიღებს. ქართული კინო მთავრდება იმ თაობით, ვინც გენიალური ნაბიჯები გადადგა და იცით, როგორ გადადგა? - იმ თავისუფლებით, რომელიც ქართულ კინოში იყო. დღეს კინომ დაკარგა ლიტერატურისა და პოეტურობის ხარისხი. მარტო გასართობი ინსტრუმენტი გახდა, საქართველოში მიჰყვნენ ამას და მიყოლაც არ გამოუვიდათ...

კინოში არაფერი ხდება და იქ ჩემს საჭიროებას ვერ ვხედავ. უვიცობაა ყველაფრის პრობლემა.
ჩვენი ქალაქის მერი ხომ ჩამოვიდა სოფლიდან - ეპატიება, ქალაქს რომ ვერ მართავს, ეს არ ეპატიება იმას, ვინც ის აირჩია, თორემ ნარმანიას პიროვნულად ყველაფერი ეპატიება. არ იცის კაცმა და რა გავუწყალეთ გული. აი, კინოს მმართველებს შეცდომა არ ეპატიებათ, იმიტომ, რომ მათ შორის ყველა სახელოვანი კინემატოგრაფისტია.

ბოროტებას სჩადიან საკუთარი კეთილდღეობის გამო. ცოტა ტვინი გაანძრიონ და გულით შეხედონ იმ თაობას, რომელიც ახლა იზრდება!
დაჩაგრულის და გულნატკენის პოზიციიდან არ ვლაპარაკობ, მე ჩემს კარიერაში დაჩაგრული არასდროს ვყოფილვარ. ბევრ საინტერესო პროექტში მივიღე მონაწილეობა.

- იქნებ ამ ინტერვიუს წაკითხვისას ვინმემ თქვას, მისი კარიერა მშვენივრად განვითარდა რუსეთში და ახლა ქართულ კინემატოგრაფისტებს გვასწავლის ჭკუასო.

- 1994 წელს მივხვდი, რომ უნდა წავსულიყავი. ჩემმა პატარა ლომერიკომ, რომელიც მაშინ 6 წლის იყო, იცოდა, რომელი კალიბრის იარაღი რამდენს ისვრის, როგორ ხმაზე... და მივხვდი, რომ სიგიჟეში"ვიყავით. ისწავლა და ჩამოვედით. დღეს ჩემს შვილებს, ლომერიკოს და ტასოს, ერთ-ერთი წარმატებული სარეკლამო სამსახური აქვთ და ქვეყნის სამსახურში დგანან.

- რამდენად დიდ გავლენას ახდენს პოლიტიკა კინოზე?

- არსებობს სოციუმი, ცხოვრების წესი, რომელიც მოაქვს იმ პოლიტიკას, რომელშიც ცხოვრობ და გინდა, არ გინდა, შენ გეხება. არ არსებობს ცალ-ცალკე ხელოვნება და პოლიტიკა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ დღევანდელი ხელოვნების მმართველები ბევრად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ვიღაცისთვის კოჭის გაგორებას. ვინც იყო, არის და მოვა, მე ყოველთვის მის ოპოზიციაში ვიქნები. მთავრობაში იმიტომ არიან, რომ შეცდომის უფლება არა აქვთ, ეს კინოს "მთავრობასაც" ეხება. თუ გაქვს ხელმძღვანელობის პრეტენზია, იმის შნოც უნდა გქონდეს, რომ გაკრიტიკებენ, მიიღო ისე, რომ არ გეწყინოს. იმ გინებიდან გაარჩიო, სად ბოღმაა და სად რეალობა.

- პოლიტიკაზე ვსაუბრობთ და თქვენ რომელ საგარეო კურსს ემხრობით?

- ქვეყანამ, რომელმაც დაამარცხა ფაშიზმი, ფაშისტის იმიჯი მოირგო. რუსეთში მცხოვრები ნორმალური ხალხი საშინელ დღეშია. ფაშისტები არიან კრემლის რუსები. როგორ შეიძლება კარგი ურთიერთობა გქონდეს მათთან?!
მე თავისუფლების მომხრე ვარ, ისეთი თავისუფლების, რომელსაც ჩარჩო აქვს, იმ თავისუფლებისა არა, როდესაც ავტობუსში ასული გადააფურთხებ, არამედ იმ თავისუფლების, რომელსაც თავისი თამაშის წესი აქვს. პროევროპულსა და პროამერიკულს ვერ ვარჩევ, არა ვარ პოლიტიკოსი. რაღაცები მომწონს, რაღაცები - არა. ევროპაში რომ ჩავდივართ, კარგად ვსუნთქავთ. შეიძლება სტუმრები რომ ვართ, იმიტომ. ალბათ, აქ რომ ჩამოდიან, ისინიც იმავეს გრძნობენ. მოსკოვში სულ შიში მდევს თან, ამ დროს მშიშარა არა ვარ. მხოლოდ მე კი არა, იქ ბევრი რუსიც ამავეს გრძნობს. ყველა დაძაბულია.

- წინასაარჩევნო პროცესებს თუ ადევნებთ თვალს?

- ყველაფერი მეზიზღება, იმიტომ, რომ ყველა იტყუება.

- თქვით, უკვე 4 წელია საქართველოში ვცხოვრობო. ამ ხნის განმავლობაში რა ცვლილებები დაინახეთ?

- ცვლილებები როგორ არ დავინახე, ცვლილებები ბუნებრივად ხდება.

- ამდენი სპორტსმენის ან ხელოვნების წარმომადგენლის პოლიტიკაში მოსვლაზე რას იტყვით?

- არა ვარ ჯიუტი, თუ არგუმენტებს­ მოვისმენ, აზრის შეცვლის შნოც მაქვს. მგონია, ჩვენი კინემატოგრაფი დღევანდელი პოლიტიკურ-სოციალური მმართველობის მაჩვენებელია. პოლიტიკაში იურისტები და პოლიტოლოგები უნდა იყვნენ, ასევე ის დამსახურებული სპორტსმენები ან ხელოვნების მოღვაწენი, რომელთაც თავიანთი გზა განვლეს და ახლა გადაწყვიტეს, ქვეყანას მოახმარონ გამოცდილება.
35, გინდაც, 40-50 წლის ხალხს, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეუძლია თავის პროფესიაში, რა უნდა პოლიტიკაში? - ფული! მსოფლიოში მხოლოდ ქართველებს გვაქვს გამოთქვმა "ფულის შოვნა". მოდიან პოლიტიკაში რეჟისორები, მოჭიდავეები, ფეხბურთელები, მსახიობები, ვოკალისტები... რას უნდა მომიყვეს პაატა ბურჭულაძე?!

მეც რომ დამსვა, შეიძლება მეც გავიბღინძო, ცოტა თუ არ შემეშინდა კრიტიკის. ჩვენ კი სულ ვიღაცისიანები ვართ, საინტერესო აღარ ვართ... საინტერესო დავრჩით მარტო ხინკლითა და დიმპიტაური-დამპიტაურით, თამადად ზის ყოველი მეხუთე, ზოგიერთს ეს საქმე ბიზნესად უქცევია და 400 დოლარად თამადობს თურმე. თუ წინსვლა და განვითარება გვინდა, ჩვენს პრობლემებზე უნდა ვილაპარაკოთ, თუ არა და... მე ვლაპარაკობ იმაზე, რასაც ვხედავ. რაც შეეხება პოლიტიკას, არავის მხარეზე არა ვარ. ვერავის ვერ ვიტან და ვერ ავიტან ვერასოდეს.

ეკა სალაღაია
Archili
17 სექტემბერი 2016 10:33
ბევრ სიმართლეს ამბობს...

რედაქტორის რჩევით