უსინათლო დურგალი
05-09-2016
უსინათლო დურგალი
"ახლა აღარ ვდარდობ, რატომ ვარ უსინათლო, რატომ ვეღარ ვხედავ მზეს"

"დღეს ხატებს ვმოსავ და ბედნიერი ვარ. ხატები ჩემი დამზადებული ჩარჩოებით არაერთ ტაძარშია დაბრძანებული"


1996 წლის 25 აგვისტო. ლოტკინის დასახლებიდან ორთაჭალაში მიმავალ ავტომობილს 21 წლის ვალერი ღვინიაშვილი მართავს. მოსახვევში, საპირისპიროდ მომავალი ავტომობილის მძღოლი საჭეს ვეღარ იმორჩილებს და... შეჯახება ისეთი ძლიერი იყო, ექიმებს მძღოლის გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ. ბიჭი, თავის ქალის მძიმე ტრავმით, კარგა ხანს კომაში იყო... მერე გონს მოვიდა, მაგრამ ვერაფერი
დაინახა.... ოთხი თვის განმავლობაში საავადმყოფოში უტარებდნენ რეაბილიტაციის კურსს. ერთი თვალი შეჯახებისთანავე დაკარგა, მეორე ისე იყო დაზიანებული, ბადურა ჩამოეშალა და ექიმებმა თვალისჩინის აღდგენა ვერ შეძლეს, მაგრამ ოჯახის წევრების თხოვნით პაციენტს სიმართლე დაუმალეს. პირიქით, აიმედებდნენ, რომ ახალგაზრდა დეპრესიაში არ ჩავარდნილიყო და ცხოვრება გაეგრძელებინა. იმედი მაშინ გადაეწურა, როცა
საკუთარი მდგომარეობა გააცნობიერა. იყო რამდენიმეწლიანი დეპრესია და სუიციდის არაერთი მცდელობა...

მის ცხოვრებას აზრი რომ მისცემოდა, რაღაც უნდა ეკეთებინა, მაგრამ რა? ამ კითხვამ მოსვენება დაუკარგა. ერთხელაც დაზიანებული საწოლის შეკეთება გადაწყვიტა და გამოუვიდა. იმ საბედისწერო დღის შემდეგ ეს იყო პირველი გამარჯვება. მიხვდა, რომ შეეძლო რაღაც ეკეთებინა და საკუთარი საქმე ჰქონოდა. მერე ხატის ჩარჩო დაამზადა და როცა მისი ნახელავი ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ნახეს, ქებაც დაიმსახურა.

ტრაგედიიდან 10 წლის შემდეგ ასე დაიწყო ახალი ცხოვრება 31 წლის თვითნასწავლმა ხელოსანმა. ახლა ხატების ჩარჩოების გარდა ავეჯსაც ამზადებს. ვალერი ღვინიაშვილს "კვირის პალიტრა" რამდენიმე დღის წინ სახლში ესტუმრა.

ლოტკინზე მას ყველა იცნობს. რომ იკითხავთ, სანავარდოს ქუჩას მიგასწავლიან და თან შეაქებენ, ისეთ ავეჯს ამზადებს, მასთან კონკურენცია თვალხილულსაც გაუჭირდებაო. მასპინძელი ეზოში შეგვიძღვა. საუბარი იმ საბედისწერო დღის გახსენებით დავიწყეთ, რამაც მისი ცხოვრება შეცვალა.

ვალერი ღვინიაშვილი:
"- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ვჭიდაობდი, წარმატებაც მქონდა, მაგრამ 90-იან წლებში ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო სპორტული კარიერის გაგრძელება ვეღარ შევძელი. 18 წლისა დავოჯახდი. 1996 წლის 20 აგვისტოს ჩემს ბიძაშვილს ბავშვი შეეძინა. რუსთავში წავედი მის სიდედრ-სიმამრთან, რომ ეს ამბავი მეხარებინა. ორთაჭალის ციხესთან საპირისპიროდ მომავალი ავტომობილი შემეჯახა. მერე აღარაფერი მახსოვს. შუბლის ძვალი დამსხვრეული მქონდა. ყბაზე რამდენიმე ოპერაცია დამჭრიდა. ერთი სიტყვით, ამაწყვეს და ღვთის წყალობით, გადავრჩი. გონზე რომ მოვედი, სრული სიბნელე იყო, ვერაფერი დავინახე... ძალიან გამიჭირდა ასეთ მდგომარეობასთან შეგუება. დამეწყო დეპრესია, ჩავიკეტე საკუთარ თავში... გადიოდა წლები. ამ მდგომარეობიდან ეკლესიაში სიარულმა გამომიყვანა. მერე სიბნელეს შევეგუე, თუმცა, საშინელებაა, რომ იღვიძებ თუ იძინებ, სრული სიბნელეა. მზეს რომ ვერ ხედავ, ამაზე დიდი ტრაგედია რა უნდა იყოს... მერე ეს განსაცდელი, რომელიც უფალმა მარგუნა, კარგად გავაცნობიერე. ამ მდგომარეობამ უფრო ამიხილა თვალი და უფალიც მაშინ დავინახე. მე ბრმა ვიყავი მხედველობის დაკარგვამდე, ახლა უფრო თვალახელილი ვარ.

ნინო ტატულაშვილი, ვალერის მეუღლე:
"რთული პერიოდი გადავლახეთ. სუიციდიც არაერთხელ სცადა... სამსახურიდან სახლში დაბრუნების მეშინოდა, არ ვიცოდი, სახლში ცოცხალი დამხვდებოდა თუ არა..."

ვალერი მისაღები ოთახის ერთ კუთხეში ხატებზე მიმითითებს და მეუბნება, რომ ყველა ჩარჩო მისი გაკეთებულია. სამზარეულოს თაროც მე გავაკეთეო. მუხის მაგიდა, რომელსაც გრანიტის ზედაპირი აქვს, საძინებელ ოთახში დაგებული ლამინატი და შეკიდული ჭერიც მისი გაკეთებული ყოფილა... ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ უსინათლო ხელოსანმა თითოეული ნივთი სხვისი დახმარების გარეშე გააკეთა.

- ვერასდროს წარმოვიდგენდი, უბრალო ჩარჩოს გაკეთებას მაინც თუ შევძლებდი, მაგიდის და კარადის - მით უმეტეს. დღეს ხატებს ვმოსავ და ბედნიერი ვარ. ჩემი დამზადებული ჩარჩოებით ხატები არაერთ ტაძარშია დაბრძანებული. რესტავრაციას ვუკეთებ ძველ ავეჯს, ვამზადებ კომპიუტერის მაგიდებს, სკამებს. ერთხელ მეზობელს სახლში ელექტრო ბა გამოვუცვალე... ეს ყველაფერი ღვთისგან ბოძებული ნიჭია, რომელსაც მისი მადლით ვაკეთებ. ამიტომაც აღარ ვდარდობ, რატომ ვარ უსინათლო, რატომ ვეღარ ვხედავ მზეს.

- რა გენატრებათ ყველაზე ხშირად იმ პერიოდიდან, როცა მხედველობა გქონდათ?

- არაფერი, გარდა ავტომობილის მართვისა. იმ საბედისწერო დღემდე ბევრი მანქანა გამოვიცვალე. ძალიან მინდება ხოლმე მანქანის ტარება და ამ ოცნებას უბანში მეზობლები და ძმაკაცები მისრულებენ. ვჯდები საჭესთან, ისინი კი მეუბნებიან, მარჯვნივ, მარცხნივო.

- არის რაიმე ნივთი, რისი გაკეთებაც გინდათ, მაგრამ ჯერ არ გაგიკეთებიათ?

- ჯერჯერობით ისეთი არაფერი ჩამიფიქრებია, რომ ვერ გამეკეთებინა. მთავარი მონდომებაა. შეკვეთებსაც ვიღებ და მაღაზიებშიც ვაბარებ. ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, ჩემი ოჯახის ძირითადი შემოსავლის წყაროა.

სახელოსნო სარდაფში აქვს მოწყობილი, სადაც ზამთარში სიცივისგან ფეხები ეყინება და ზაფხულში უჰაერობისგან დიდხანს გაჩერება უჭირს. მაინც კმაყოფილია. კმაყოფილია, რომ პროფესია აქვს და აკეთებს იმას, რაც ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

- ხუთი წელია, რაც ვაკეთებ საქმეს, რომელიც ძალიან მომწონს. მაქვს ორი დაზგა, რაზეც გამომყავს ჩარჩოების ნაყშები, ასევე საჭრელი დაზგა, რითაც მასალას ვამუშავებ. მე თვითონ გავაკეთე დაზგის დაფა, რომელიც ჩარჩოების დამზადების პროცესში კუთხეების სწორად გამოყვანაში მეხმარება. არ მაქვს ე.წ. ელექტროშკურკა, რის გამოც ხელით მიწევს წვალება. უმნიშვნელო დეტალსაც კი დიდ ყურადღებას ვაქცევ, ჩარჩოს პატარა დეფექტიც რომ ჰქონდეს, მაშინვე ვამჩნევ. ამას წინათ ხელოსნებს კედელი გავალესვინე. რომ წავიდნენ, ხელით დავიწყე ნალესის შემოწმება და ბევრ ადგილას დეფექტი აღმოვაჩინე. მეორე დღეს, როდესაც მეუღლემ გაიღვიძა, ვერ მიხვდა, თეთრი კედელი მთლიანად წითლად რატომ იყო შეღებილი...

ძალიან მინდა მცირე საწარმო გავხსნა, სადაც რამდენიმე უნარშეზღუდულ ადამიანს დავასაქმებ და მათაც გაუჩნდებათ შემოსავალი. დღის განმავლობაში რამდენიმე ჩარჩოს დამზადებას ვახერხებ. ეს დანადგარებიც რომ მქონდეს, უფრო ბევრს გავაკეთებ.
როცა ვალერი ავტოკატასტროფაში მოყვა, წყვილს წლის და რვა თვის გიორგი ჰყავდა... ის ახლა 21 წლისაა. ვალერი ამბობს, რომ შვილის ბავშვობის დროინდელი სახე კარგად ახსოვს. მეორე შვილი 11 წლის წინ გაუჩნდა.

- ჩვენ ერთად დავძლიეთ დეპრესია და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ. ხანდახან აღარც მახსოვს, რომ ვერ ხედავს. მადლობელი ვარ მისი მეგობრების, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში მხარში უდგანან. მალე, ალბათ, პაპა-ბებიაც გავხდებით - უფროსი შვილი ცოტა ხნის წინ დაქორწინდა. ღმერთს მადლობას ვწირავ ყველაფრისთვის, - ამბობს ვალერის მეუღლე.
მათ სწამთ, რომ ამქვეყნად მთავარი რწმენა და სიყვარულია...

თორნიკე ყაჯრიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით