"Kaukasische Post"-ის ქართველი კორესპონდენტი - კვირის პალიტრა

"Kaukasische Post"-ის ქართველი კორესპონდენტი

ვიკა მირიანაშვილის სახელი ბევრ თქვენგანს გაუგონია. 18 წლისამ გიორგი ლეონიძის "ნატვრის ხე" გერმანულად თარგმნა და ლიტერატურული პრემია "ამირანითაც" დაჯილდოვდა. გოგონა გერმანულენოვან ჟურნალ "კავკასიურ ფოსტაში" მუშაობს და გერმანელ მკითხველს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აცნობს. ვიკასგან გაიგო ინგლისელმა მოდელმა რიჩარდ ბიედულმა, რომ საქართველოში მას შოთა რუსთაველს ამსგავსებენ.

- ვიკა, მოგვიყევი შენი გაზეთის შესახებ.

- "Kaukasische Post"-ი ("კავკასიური ფოსტა") 1906 წელს დაარსდა. პირველი ნომრის რედაქტორი მწერალი და ჟურნალისტი არტურ ლაისტი გახლდათ. ეს ერთადერთი გერმანულენოვანი გაზეთია მთელ კავკასიაში. ვრცელდება სამხრეთ კავკასიაში, გერმანიაში, შვეიცარიასა და ავსტრიაში. ვწერთ კავკასიის ქვეყნების პოლიტიკურ და კულტურულ მდგომარეობაზე.

- გაზეთში როგორ მოხვდი?

- გერმანულ სკოლაში ვსწავლობდი. ერთხელ სკოლაში ვაკანსია გამოაცხადეს. სჭირდებოდათ გერმანული ენის საუკეთესო მცოდნე, რომელსაც შეეძლო წერა და ჰქონდა ფანტაზიის უნარი. იმ დროისთვის სხვადასხვა სტიპენდიის მეშვეობით ორჯერ ვიყავი გერმანიაში. გერმანულად დავწერე ზღაპარი და წიგნადაც გამოვეცი, გავიმარჯვე საქართველოს ოლიმპიადაში გერმანულ ენაში, გავხდი PAD-ის სტიპენდიანტი, ნომინირებული ვიყავი DAAD-ის სტიპენდიაზე, აქტიურად ვმონაწილეობდი გერმანულენოვან ლიტერატურულ კონკურსებსა და დებატებში. დავინტერესდი, გავგზავნე სამოტივაციო წერილი და ამირჩიეს.

- თავიდან რაიმე სირთულე შეგხვდა?

- ყველაზე დიდი სიამოვნება სირთულეების დაძლევაა. რედაქციასთან კონტაქტი მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით მქონდა. ინტერვიუებსაც ვირტუალურად ვწერდი. ჩათი ბოჭავს რესპონდენტს, პირადად შეხვედრისას უფრო იხსნება. სხვა სირთულეები არ მახსენდება. უცხოენოვან გაზეთში მუშაობის დაწყება ერთგვარი გამოწვევაა. გავიგე უამრავი საინტერესო და გამაოგნებელი ამბავი, დავაგროვე გამოცდილება, დავიხვეწე, ჩემი ცხოვრება უფრო დინამიკური გახდა, თავდაჯერებულობა მომემატა.

- შენი რომელი სტატია გიყვარს გამორჩეულად?

- "ვინ არის რიჩარდ ბიედული და რა საერთო აქვს მას შოთა რუსთაველთან?" ინგლისელ მოდელს ძალიან ამსგავსებენ შოთა რუსთაველს. გადავწყვიტე, მიმეწერა მისთვის და ეს ინფორმაცია მიმეწოდებინა. სოციალური ქსელის საშუალებით დავეკონტაქტე, მითხრა, მართლაც ტყუპივით ვართო და ჩემ მიერ გაგზავნილი სურათი თავის ინსტაგრამზე ატვირთა. მედიამ ეს აიტაცა, მაგრამ არავინ დაინტერესებულა, რიჩარდს ვინ გააგებინა, რომ ქართველ პოეტს ჰგავს.

- რას აპირებ?

- გერმანისტიკის ფაკულტეტზე ვაპირებ სწავლას. Mმინდა წიგნების თარგმნა გავაგრძელო. შარშან გიორგი ლეონიძის "ნატვრის ხე" ვთარგმნე. მან საუკეთესო თარგმანების ნომინაციაში გაიმარჯვა და ლიტერატურული პრემია "ამირანი" დაიმსახურა. ასევე მინდა ტურისტულ სააგენტოში ან საელჩოში ვიმუშაო. იმედი მაქვს, უნივერსიტეტში ჩავერთვები გაცვლით პროგრამაში. გერმანიაში სწავლა მსურს.

თათული ღვინიანიძე