"გრუზინ", "კრასავჩიკ", სულ ასეთი სიტყვებით მომმართავენ"
05-09-2016
"გრუზინ", "კრასავჩიკ", სულ ასეთი სიტყვებით მომმართავენ"
"არ ვიცი, გავიმარჯვებ თუ არა, მაგრამ გპირდებით, ბოლომდე ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის"

მეორე წელია, რაც პოპულარული მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებელთა საერთაშორისო მუსიკალურმა კონკურსმა "ახალი ტალღა" ლატვიის ქალაქ იურმალიდან სოჭში გადაინაცვლა. წელს კონკურსზე ჩვენს ქვეყანას 2 კონკურსანტი წარადგენს - "ახალი ხმის" ფინალისტი, რომლისთვისაც ქეთა თოფურიას მენტორობა ფეხბედნიერი აღმოჩნდა - გიორგი ნადიბაიძე და ბათუმში დაბადებული და 10 წლის ასაკიდან მოსკოვში მცხოვრები ქართველი, "X ფაქტორის" ყოფილი მონაწილე ალისა დანელია. ორივე მათგანი რთული შესარჩევი კონკურსის შემდეგ მოხვდნენ
"ახალი ტალღა 2016"-ის 70 მსურველიდან 16 კონკურსანტს შორის. ალისამ და გიორგიმ ერთმანეთი შესარჩევ ტურზე გაიცნეს.
"ცოტას ვღელავ", - გაგვი]მხილა სოჭში კონკურსზე გამგზავრების წინ გიორგი ნადიბაიძემ, რომელმაც კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა მისთვის "ახალი ტალღა" 2016"-ში მონაწილეობა. "ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შანსი მომეცა, - ამბობს
გიორგი, - არ ვიცი, გავიმარჯვებ თუ არა, მაგრამ გპირდებით, ბოლომდე ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის".
"კვირის პალიტრა" გიორგი ნადიბაიძეს სოჭში დაუკავშირდა.

- პროექტი 3 სექტემბერს იხსნება და 9 სექტემბერს დასრულდება. აქ ჩამოსვლის პირველივე დღიდან სითბოს მეტი არაფერი მიგრძნია!
გაიგებენ თუ არა, რომ ქართველი ვარ, ორმაგად კეთილგანწყობით მხვდებიან. არ ვაჭარბებ, მართლა ასეა.
რაც შეეხება პროექტს - სასიამოვნოდ გაოცებული ვარ! არ მოველოდი ასეთ პროფესიონალიზმს! ეს მესამე მუსიკალური კონკურსია ჩემთვის და ასეთი ყურადღება აქამდე არსად მიგრძნია! არანაირი მიკერძოება, ყველას ერთნაირად "გვწურავენ! დილის 11-დან საღამოს 10-მდე ორჯერ ვისვენებთ, თითო საათით, სასადილოდ!

წელს სხვადასხვა ქვეყნიდან სულ 16 კონკურსანტი ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის, საქართველოს 2 წარმომადგენელი ჰყავს, რუსეთს - 3, უკრაინას - 2 და ა.შ. კონკურსანტებს ძალიან მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს. არ იგრძნობა, რომ კონკურენტები ვართ! "გრუზინ", "კრასავჩიკ", სულ ასეთი სიტყვებით მომმართავენ. მოკლედ, ძალიან კარგი სიტუაციაა.

- რა სიმღერებით წარდგებით კონკურსზე?

- 3 ნომერი მაქვს მომზადებული. პირველ დღეს ერთ-ერთი ცნობილი კინოფილმიდან საუნდტრეკის საკუთარ ვერსიას შევთავაზებ მსმენელს, მეორე დღეს - "Она не твоя" ქეთასთან ერთად შევასრულებ, მესამე საკონკურსო დღეს კი კომპოზიტორ მაია კაჭკაჭიშვილის სიმღერას Now I Feel The Love, რომელიც სპეციალურად კონკურსისთვის მარიამ აბდუშელიშვილის სიტყვებზე დაწერა.

- მეორე ქართველ კონკურსანტზე - ალისა დანელიაზე რას გვეტყვით?

- მე და ალისამ ერთმანეთი საკონკურსო შესარჩევ ტურზე გავიცანით. ძალიან ნიჭიერი გოგოა.

- როგორც ვიცი, სოჭში პირველად ხართ.

- ასეა. თავდაპირველად რომ მიმოვიხედე, თავი აჭარაში მეგონა, მაგრამ ბევრი რამ აქ უკეთაა მოვლილი.

- რას ეტყვით მათ, ვინც გულისყურით ადევნებს თვალს თქვენს გამოსვლებს და სულმოუთქმელად ელის, როგორი წარადგენთ ჩვენს ქვეყანას?

- ბევრს ვმუშაობ, თავს არ ვზოგავ. არ ვიცი, გავიმარჯვებ თუ არა, მაგრამ გპირდებით ბოლომდე ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით