ბანდიტმა გული პროფესორს უსახსოვრა - კვირის პალიტრა

ბანდიტმა გული პროფესორს უსახსოვრა

იუსტინე ჯანელიძე ლენინგრადის ინტელიგენციამ, მთავრობამ და ქალაქის მოსახლეობამ ლენინგრადის ვოლკოვის მემორიალურ სასაფლაოზე ფეხით მიაცილა. დაკრძალეს დიდი ქიმიკოსის, დიმიტრი მენდელეევისა და დიდი მომღერლის, ალექსანდრე პიროგოვის საფლავებს შორის

31 წლის სამტრედიელი იუსტინე ჯანელიძე პირველი მსოფლიო ომის დროს გამოჩნდა ბრძოლის ასპარეზზე, ოღონდ საბრძოლო იარაღის ნაცვლად ხელში სამედიცინო იარაღებით... ბოლშევიკური რუსეთის მომძლავრების მიუხედავად, მას აღიარებისთვის კომუნისტის მანტია არ დასჭირვებია. მის გენიალურობაზე წერდნენ საბჭოთა კავშირის ქვეყნები, მალე კი ჯანელიძის სახელი კონტინენტს მიღმაც გახდა ცნობილი.

2000 წელს ტეხასის კარდიოლოგიური ინსტიტუტის ჟურნალში დაიბეჭდა სტატია "ისტორიული პერსპექტივები", სადაც რამდენიმე გვერდი დაეთმო იუსტინე ჯანელიძეს. ამერიკელი საზოგადოება სწორედ ამ პუბლიკაციით იგებს, რომ 1913 წელს 30 წლის ახალგაზრდა ქირურგმა მსოფლიოში უპრეცედენტო მოწყობილობა გამოიგონა, რომლის დახმარებით დაზიანებული აორტის ოპერაციის გაკეთება შესაძლებელი გახადა. მანამდე ასეთი ოპერაციის ჩატარება ყოველთვის ფატალურად მთავრდებოდა. მის სახელს მედიცინაში სხვა არაერთი სიახლეც უკავშირდება...

წლები გავა და ამ მიღწევების გამო მას პეტერბურგის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მენდელეევის გვერდით დაკრძალავენ... პარადოქსია, მაგრამ უამრავი გულის გადამრჩენელი, თვითონ 67 წლისა, ინფარქტით გარდაიცვალა...

ცინუკი ჯანელიძე, იუსტინეს ძმისშვილი: "ხარკოვის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი იუსტინე ჯანელიძე 1905 წლის სტუდენტთა გამოსვლებში აქტიურად მონაწილეობდა და რევოლუციის დამარცხების შემდეგ ხარკოვი დატოვა და შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა...

მისი ევროპული დიპლომი რუსეთმა არ აღიარა და 1911 წელს მან პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში ჩააბარა. იმავე წელს ბრწყინვალედ ჩაატარა გულის ოპერაცია. მისმა კვლევებმა დასაბამი მისცა ანესთეზიის დანერგვას, 1949 წლიდან კი ანესთეზიოლოგია შევიდა საგანმანათლებლო საგანთა აუცილებელ ნუსხაში. მის სახელს უკავშირდება ხელის მტევნის რეაბილიტაციის მეთოდიც.

1964 წელს, ბიძაჩემის გარდაცვალებიდან 14 წლის შემდეგ, ერთ კვირადღეს მის საფლავთან მისულებს მოხუცი ცოლ-ქმარი დაგვხვდა, რომლებიც გულმოდგინედ აპრიალებდნენ მის ბიუსტს. როცა გამოვეცნაურეთ, მამაკაცმა გვიამბო, რომ ლენინგრადის ბლოკადის დასაწყისში მას სამხედრო ჰოსპიტალის პროფესორმა ჯანელიძემ სრულიად აღუდგინა მარჯვენა ხელის მტევანი და ახალგაზრდა კაცი და მისი ოჯახი შიმშილით სიკვდილს გადაარჩინა...

"ხელებშეკრული" დასტაქარი

ამერიკული ქირურგიის ფლაგმანის,"მეიოს ფონდის მოთხოვნით, რკინის ფარდის ჩამოშვებამდე, 1946 წელს, სამი თვით მეიოს კლინიკაში მიავლინეს. ამერიკიდან დაბრუნებულმა ლენინგრადის აეროპორტში ჟურნალისტების კითხვას: "როგორ შეაფასებთ საბჭოთა ქირურგიის მიღწევებს ამერიკულთან შედარებით?" უპასუხა: "უნდა ვაღიარო, რომ ამ დარგში ამერიკის მიღწევებს ჩვენ 100 წლით ჩამოვრჩებით". ამ განცხადების საპასუხოდ საბჭოთა რეჟიმმა მას საქმიანობის გაგრძელების უფლება აღარ მისცა და პროფესორს შინაპატიმრობა მიუსაჯეს. ]] ექვსი თვის შემდეგ დასტაქარს "ხელები გაუხსნეს". მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, აპენდიციტის ოპერაცია დასჭირვებია სტალინის საყვარელ ქალიშვილს - სვეტლანას და ბელადი მხოლოდ თანამემამულე ქირურგს ენდო!...

პაციენტმა გული ექიმს უსახსოვრა...

30-იან წლებში ლენინგრადში ანარქიამ დაისადგურა, დღე არ გავიდოდა, ვიღაც არ მოეკლათ ან გაეძარცვათ. ჩეკისტებმა გულში დაჭრეს ბანდის მეთაური, მაგრამ საჭირო იყო მისი გადარჩენა, რომ ბანდის სხვა წევრები დაესახელებინა. ჩეკისტების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა პროფესორმა გაბედა და მათ უთხრა, რომ ეს კაცი მისთვის იყო პაციენტი და არა - ბანდიტი და იმ პირობით გადაარჩენდა, თუ პაციენტს არ შეაწუხებდა ბადრაგი და გამომძიებელი. ავადმყოფი მოკვდებოდა, თუ არ დათანხმდებოდნენ პროფესორის "თავხედურ" მოთხოვნას. ერთი თვის შემდეგ გამოჯანმრთელებული პაციენტი ლენინგრადის მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან გაიპარა... ხელმეორე დევნის შემდეგ ბანდიტი კვლავ დაჭრეს გულში და ისევ მიიყვანეს ჯანელიძის კლინიკაში, სადაც იმავე პირობით უმკურნალეს და გადასცეს ჩეკისტებს. წასვლის წინ პროფესორი მას გაესაუბრა და ურჩია, თავი დაენებებინა ყაჩაღობისთვის, თორემ ბედისწერას ვეღარ გადაურჩებოდა... ამის შემდეგ ამ კაცის კვალი დაიკარგა, 1942 წელს კი ლენინგრადის შემოგარენში, ტყეში იპოვეს გვამი, რომელსაც ჯიბეში ედო წერილი: "ჩემს გულს ვუძღვნი პროფესორ ჯანელიძეს". პაციენტი-ბანდიტის დასპირტული გული და მისი წერილი დღესაც ინახება სანქტ-პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის მუზეუმში.

დაკრძალეს მენდელეევის გვერდით

ის არასდროს ყოფილა კომუნისტური პარტიის მსახური. მიუხედავად ამისა, იმდროინდელი ლენინგრადის ინტელიგენციამ, მთავრობამ და თითქმის მთელი ქალაქის მოსახლეობის სამგლოვიარო პროცესიამ 1950 წლის 17 იანვარს ლენინგრადის ვოლკოვის მემორიალურ სასაფლაოზე ფეხით მიაცილა. დაკრძალეს დიდი ქიმიკოსის, დიმიტრი მენდელეევისა და დიდი მომღერლის, ალექსანდრე პიროგოვის საფლავებს შორის...

პატარა საქართველოს დიდი ქართველი

საბჭოთა ქირურგის, სსრკ-ის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, სამედიცინო სამსახურის გენერალ-ლეიტენანტის, სოციალისტური შრომის გმირ იუსტინე ჯანელიძის სახელს უკავშირდება ორგანოს გადანერგვის პირველი ოპერაცია, კიდურების შენარჩუნების ოპერაციული და პოსტოპერაციული რეაბილიტაციის ტექნიკა, ორგანოთა ბანკის ჩამოყალიბება და ბოლოს, საავადმყოფოს ბაზაზე შექმნილი მუზეუმი. მისი სახელობისაა სანქტ-პეტერბურგის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.

1947 წელს იუსტინე ჯანელიძე აირჩიეს სრულიად საკავშირო ქირურგთა საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარედ. 1949 წელს დააჯილდოეს სტალინის სახელობის პრემიით, მიღებული ჰქონდა 2 ლენინის ორდენი, წითელი დროშის ორდენი და სხვადასხვა მედალი.

ლენინგრადის პირველ სამედიცინო ინსტიტუტში დაარსებულია ჯანელიძის სახელობის ორი სტიპენდია. მშობლიურ სამტრედიაში მისი სახელობის ორი ქუჩაა.

თორნიკე ყაჯრიშვილი