"ბრძოლის საუკუნე" - ეპოქა, როდესაც ერთიანი საქართველოს ფორმირება ხდება - კვირის პალიტრა

"ბრძოლის საუკუნე" - ეპოქა, როდესაც ერთიანი საქართველოს ფორმირება ხდება

"საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" 24-ტომეულს კიდევ 6 წიგნი დაემატება

"ამ ტომით, "ბრძოლის საუკუნე", დაიწყება დამატებული ტომების გამოცემა, რის შემდეგაც მკითხველს არანაკლებ საინტერესო ტომებს შევთავაზებთ"

ისტორიკოსებისა და მკვლევრების მიერ აღდგენილმა ფაქტებმა, კარტოგრაფიულმა მასალამ, მოვლენების დეტალურად ილუსტრირებულმა რეკონსტრუქციამ ყველა თაობის მკითხველი დააინტერესა. კერძოდ რომელ ეპოქებსა და პერსონებს მოიცავს ახალი გამოცემები, რომელ პერიოდსა და მოვლენებზეა გამახვილებული ყურადღება და როდიდან შეძლებს მკითხველი ახალი ტომების შეძენას, ამის თაობაზე Ambebi.ge ესაუბრა საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" პროექტის ხელმძღვანელს, ჯაბა სამუშიას.

- ბატონო ჯაბა, "საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" გამოცემა 24 ტომად იყო განზრახული. რა გარემოებებმა განაპირობა ახალი ტომების დამატება?

- 24 ტომი ეპოქებად არის დაყოფილი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველა ეპოქა და პიროვნება, რომელიც ჩვენს წარსულს ქმნიდა, სერიაში ვერ მოხვდა. ამიტომ საჭიროდ მივიჩნევთ, ამა თუ იმ ეპოქას დამატებითი ტომები მივუძღვნათ. განსაკუთრებით გამოვყავით XI საუკუნე, ალექსანდრე დიდი და საქართველოს დაშლის პერიოდი, XI-X საუკუნე.

- ექვსიდან პირველი დამატებული ტომი, "ბრძოლის საუკუნე", რომელ ეპოქაზე მოუთხრობს მკითხველს?

- "ბრძოლის საუკუნე" დავარქვით ეპოქას, როდესაც ერთიანი საქართველოს ფორმირება ხდება. ეს არის XI საუკუნე, ბრძოლა ბიზანტიასთან, სელჩუკებთან, ზოგიერთ არაკეთილმოსურნე მეზობელთან. მათთან ბრძოლაში ფაქტობრივად გამოიკვეთა ერთიანი საქართველოს კონტურები, რომელსაც შემდგომ დავით აღმაშენებლის დროინდელი საქართველო დაეფუძნა. ეს არის გამორჩეული ქართველი მეფეების ეპოქა - გიორგი პირველი, ბაგრატ მეოთხე, გიორგი მეორე და ნაწილობრივ, მცირე პერიოდი - დავით აღმაშენებლის ხელისუფლებაში მოსვლა. სწორედ ამ ტომით, "ბრძოლის საუკუნე" დაიწყება დამატებული ტომების გამოცემა, რის შემდეგაც მკითხველს არანაკლებ საინტერესო ტომებს შევთავაზებთ.

- 24 ტომიდან ერთ-ერთია "ქართული კინო და თეატრი", ასევე გამოცემულია "ქართული მხატვრობა", მალე გამოვა "ქართული ხუროთმოძღვრება". რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი თემატური გამოცემები არა მარტო ისტორიით, არამედ, მაგალითად, ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანებისთვის?

- დიახ, გამოცემებს - "ქართული კინო და თეატრი", "ქართული მხატვრობა", დაემატება "ქართული ხუროთმოძღვრება", რადგან ილუსტრირებული ისტორია არ არის მხოლოდ ქრონოლოგიურ რიგზე დალაგებული საქართველოს ისტორია. ეს ასევე არის თემატურად საქართველოს ისტორიის საინტერესო მომენტები.

- ახალი ტომებიდან, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საგულისხმო "საქართველო და რუსეთის იმპერია" გახდება.

- გამოცემების დამატების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი აქცენტი სწორედ XIX საუკუნეზე, საქართველოსა და რუსეთზე იყო. ეს მოვლენები იწყება გეორგიევსკის ტრაქტატიდან, საქართველოს დაპყრობიდან, 1801 წლიდან და გრძელდება 1917 წლამდე. ფაქტობრივად, ეს არის მეფის რუსეთის იმპერიაში საქართველოს ყოფნის პერიოდი.

- "საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" აქამდე გამოცემული ტომები გამორჩეული იყო თვალსაჩინოებებით, საგანგებოდ შექმნილი რუკებითა და ილუსტრაციებით. როგორი იქნება ახალი გამოცემები?

- სტილი არ იცვლება, იგივე იქნება გამოცემის ფორმატიც. ჩვენ გვაქვს უამრავი წყარო და ვეცადეთ, ეს გამოცემა მაქსიმალურად მრავალფეროვანი გაგვეხადა.

- შესაძლოა, რომ სამომავლოდ სერიას კიდევ რამდენიმე ტომი დაემატოს?

- პროექტი, "საქართველოს ილუსტრირებული ისტორია", მხოლოდ 30 ტომს მოიცავს, ჩვენ ვფიქრობთ სხვა პროექტებზეც, ვინაიდან ისტორია აუცილებლად უნდა მივიდეს მკითხველთან.

"საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" ახალი ექვსი ტომის პირველი გამოცემა 12 სექტემბერს გამოვა და თვეში ერთხელ, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდება.

ანა მარშანია