"სითი პარკმა" აიშვა!
05-09-2016
"სითი პარკმა" აიშვა!
"ქალაქს პატრონი აღარ ჰყავს"

საღებავისთვისაც კი ზოგავენ თანხებს და არაამრეკლ საგზაო ნიშნებს აყენებენ, რაც საერთაშორისო სტანდარტით დაუშვებელია, ლაპარაკი ზედმეტია ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სხვა ინვესტიციებზე


"სითი პარკთან" პრეტენზიები ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს ჰქონდათ, თუმცა მის შესაზღუდად ახალმა ხელისუფლებამ, კონკრეტულად თბილისის მერიამ, ვერაფერი იღონა. ამიტომაც საზოგადოების ნაწილი უკმაყოფილოა მისი უმოქმედობით. რას უკავშირდება­ მოქალაქეთა უკმაყოფილება და რატომ ვერ მოხერხდა პრობლემის მოგვარება, რასაც არაერთი ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენელი ითხოვდა? ამის გარკვევა მას შემდეგ ვცადეთ,
რაც ერთ-ერთმა მოქალაქემ, თათია ბუცხრიკიძემ, "კვირის პალიტრას" მოსწერა:

"მოგეხსენებათ, როგორ არის გადათხრილი აღმაშენებლის პროსპექტი. იქ არათუ მანქანის გასაჩერებელ ადგილს ვერ იპოვი, არამედ გული რომ წაგივიდეს, პირდაპირ მიწაყრილზე ან ავტომობილზე დაეცემი. რასაკვირველია, ასეთ სიტუაციაში მანქანა დანიშნულების ადგილიდან საკმაოდ მოშორებით, აღმაშენებლის პროსპექტის მიმდებარე ქუჩაზე გავაჩერე. სხვა მძღოლებსაც
მანქანები იქვე, მწკრივში ეყენათ. უკან დაბრუნებულს ჩემი ავტომობილი აღარ დამხვდა, "სითი პარკს" წაუყვანია და მის უკან დასაბრუნებლად 70 ლარი გავიღე. მიმაჩნია, რომ ამგვარად "სითი პარკი" მოქალაქეებს ძარცვავს. მისი ქმედებები განსაკუთრებით აუტანელი გახდა, ქალაქის მთელ რიგ უბნებში საპარკინგე ადგილი, ფაქტობრივად, არ არსებობს და მძღოლი იძულებულია, მანქანა სადღაც გააჩეროს. იქნებ ამ პრობლემაზე კიდევ ერთხელ გაამახვილოთ ყურადღება".

ამ საკითხზე "კვირის პალიტრას" ექსპერტი საგზაო უსაფრთხოების საკითხებში ვასილ ურუშაძე ესაუბრა:

- თბილისში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც დღის წესრიგში დგას, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკინგია. სწორად განვითარებულ ქალაქში ავტომობილებისთვის განკუთვნილი პარკირების ადგილები არ უნდა აღემატებოდეს ავტომობილების რაოდენობას, თბილისში კი მდგომარეობა კრიზისულია. 2014 წლის მონაცემებით, პარკირებისთვის განკუთვნილ ერთ ადგილზე 12 ავტომობილი მოდის. მას შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა, გაუქმდა პარკირებისთვის განკუთვნილი ადგილები, სადაც აშენდა კომერციული ობიექტები, გაიხსნა სავაჭრო ობიექტები და სხვა.

თბილისში, განსაკუთრებით მის ცენტრში, მიმდინარეობს საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების მრავალსართულიანი შენობების მშენებლობა, რაც უფრო ზრდის ამ ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების რიცხვს და დამატებითი პარკირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის აუცილებლობას აჩენს.

ცხადია, ავტომობილების პარკირების მოგვარება და ყველა სატრანსპორტო სერვისზე პასუხისმგებლობა ქალაქის მერიას ეკისრება. "
"სითი პარკი" არის კერძო კომპანია, რომელსაც თბილისის მერიამ მართვაში პარკირების სერვისი გადასცა. "სითი პარკი" ჯეროვნად ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, არ ცდილობს სერვისის გაუმჯობესებას, არ მუშაობს ახალი პარკირების ადგილების შექმნაზე, ის მხოლოდ საჯარიმო სანქციებზეა ორიენტირებული და ა.შ.

კომპანია, რომელიც არ მუშაობს სერვისის გაუმჯობესებაზე, არ ყიდის ხარისხიანად თავის მომსახურებას და დამოკიდებულია მხოლოდ საჯარიმო შემოსავლებზე, ვერასდროს დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც დღეს თბილისშია. კომპანია "სითი პარკს" აქვს კომერციული ინტერესი, რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯებით მიიღოს მაქსიმალური შემოსავალი. საღებავისთვისაც კი ზოგავენ თანხებს და არაამრეკლ საგზაო ნიშნებს აყენებენ, რაც საერთაშორისო სტანდარტით დაუშვებელია, ლაპარაკი ზედმეტია ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სხვა ინვესტიციებზე. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება თბილისის მერიასა და ქალაქის მერს, ის არის ანგარიშვალდებული თბილისის მოსახლეობასთან, ხარისხიანად უზრუნველყოს ყველა მუნიციპალური სერვისი, იქნება ეს საქალაქო ტრანსპორტი, პარკირება, დასუფთავება თუ სხვა.

- უნდა ვაღიაროთ, რომ ერთხანს "სითი პარკი" არასწორად გაჩერებული ავტომობილების გადაზიდვას ერიდებოდა. ახლა რატომ გააქტიურდა?

- დიახ, "სითი პარკმა" აიშვა! ძალიან გახშირდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების საჯარიმოზე გადაყვანა, მიუხედავად იმისა, დგას თუ არა ავტომობილი ამკრძალავი ნიშნის ქვეშ და რეალურად აფერხებს თუ არა მოძრაობას. საჯარიმოდან ავტომობილის გამოყვანა შეუძლებელია, თუ მოქალაქე არ გადაიხდის ჯარიმას 70 ლარის ოდენობით. მაშინ, როდესაც მაღალი იყო სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივობა ამ საკითხისადმი, კომპანიამ თითქმის შეწყვიტა ავტომობილების საჯარიმოზე გადაყვანა. საკითხმა აქტუალურობა დაკარგა თუ არა, "სითი პარკი" გააქტიურდა! თუმცა მთავარი პრობლემა არა ამ კერძო კომპანიაში, არამედ მერიაშია. დიდი ხანია ქალაქს პატრონი აღარ ჰყავს!

- ხშირად საპარკინგე ადგილების არარსებობის გამო ათეულობით მანქანაა არასწორად გაჩერებული. მათგან რომელიმე ერთის გადაყვანა რა ნიშნით ხდება?

- "სითი პარკის" წარმომადგენელი თვითნებურად წყვეტს, რომელი მანქანა გადაიყვანოს, ტექნიკურად რა უფრო იოლად მოხერხდება, რამდენი მანქანის გადაზიდვის საშუალება აქვს მოცემულ მომენტში და ა.შ.

- "სითი პარკს" რომ იურიდიულად შევედავოთ, შესაძლებელია?

- ეს ნორმალური მმართველობის პირობებში აუცილებელიც არის და შესაძლებელიც. კომპანია ჯეროვნად ვერ ასრულებს თავის ფუნქციასა და ვალდებულებებს, გადასულია მხოლოდ კომერციულ ინტერესებზე, ვერ ყიდის მომსახურებას და შემოსავლის წყაროდ აქვს ჯარიმები და სანქციები. ასეთი კომპანია არ უნდა ოპერირებდეს ისეთ მნიშვნელოვან სფეროში, როგორიც ავტომობილების პარკირებაა. ეს დანაშაულია, რომლის ჩადენასაც მერია ხელს უწყობს. ამ ვითარებიდან ერთ-ერთი გამოსავალი ახალი პარკინგის ინფრასტრუქტურის შექმნაა. ჩვენ კარგად გვახსოვს თბილისის მერის, დავით ნარმანიას წინასაარჩევნო დაპირებები, ერთ-ერთი მათგანი იყო თბილისში პარკირების პრობლემის მოგვარება, ახალი მრავალსართულიანი, ავტომობილების მიწისქვეშა და მიწისზედა პარკირებისთვის განკუთვნილი შენობების აგება. მას შემდეგ ორ წელზე მეტი გავიდა და თბილისში ვერ ნახავთ ერთ ახალ შენობასაც კი, რომელსაც აქვს პარკინგის ფუნქცია და რომელიც ამ ხელისუფლების მმართველობის დროს აშენდა.
ავტომობილების რიცხვი კი ყოველწლიურად იზრდება, შენდება ახალი საცხოვრებელი სახლები, კომერციული ფართები და სიტუაცია ყოველდღიურად უარესდება, ქალაქში გადაადგილება დღითი დღე შეუძლებელი ხდება.

ეკა ასათიანი
დ.ნ.
14 სექტემბერი 2016 09:38
სითი პარკი და მერია შეხმატკბილებულად ძოვენ თბილისელების ფულებს. ძირს მაფიოზური კავშირები!
adamianis uflebebi
14 სექტემბერი 2016 08:41
სადაა ელისაშვილი გულზე რომ მჯიღს ირტყავდა და ამბობდა-----დედას ვუტირებ, მე მოუვლი მაგათო......რა იქნა??
თამაზი57
12 სექტემბერი 2016 18:27
ბეს, ფეხით დავდივარ, მაგრამ სიტი პარკმა მართლაც რომ აიშვა ხომ ფაქტია? როგორ შეიძლება 70 ლარი ჯარიმა ასეთ ღარიბ ქვეყანაში? ვინმეს ინტერესბი ხომ არაა ამ სქემაში?
საარჩევნოდ მაინც გააქტიურდით და ხალხიც მოგყვებათ ამ უნამოსო "ბიზნესმენების" გასაპანღურებლად. ტოჯე მნე სიტი პარკი

რედაქტორის რჩევით