"ქუჩაში მაჩერებდნენ, - შენ "სიკვდილი" არ ხარო?" - ლადო ბურდული წარსულის, დღევანდელობისა და "ადამიანთა სევდის" შესახებ
12-09-2016
"ქუჩაში მაჩერებდნენ, - შენ "სიკვდილი" არ ხარო?" - ლადო ბურდული წარსულის, დღევანდელობისა და "ადამიანთა სევდის" შესახებ
"რუსულ კულტურას ვაფასებ, მაგრამ ეს შოვინისტური, გინდ ჰიპი იყოს და გინდ კომუნისტი, ყველას ერთნაირად აქვს"

"ბეღურების გადაფრენაში" მაგნიტოფონს ვიპარავ. ეს ჩემი მაგნიტოფონი იყო, საზღვარგარეთიდან ჩამომიტანეს, გადაღებისას დასჭირდათ და ვათხოვე. ვიხვეწებოდი, დამიბრუნეთ-მეთქი... მერე გადაწყვიტეს, მოდი, მოვაპარვინოთ თავისი მაგნიტოფონიო. ახლა ძალიან სასაცილოა, მაგრამ მაშინ ამ როლის გამო კომკავშირში არ მიმიღეს, - რა მაგალითი უნდა მისცე ახალგაზრდებსო


კინემატოგრაფში "სიკ­ვდილის" როლის რამდენიმე შემსრულებელი გვინახავს, რომლებმაც ეს პროცესი აბსოლუტურად სხვანაირად დაგვანახვეს. მე პირადად ყველაზე მეტად
მაოცებს და მაფიქრებს ლადო ბურდულის მიერ განსახიერებული სიკვდილი გენიალური გოდერძი ჩოხელის ფილმში "ადამიანთა სევდა". ლადო ბურდული წარსულის, დღევანდელობისა და "ადამიანთა სევდის" შესახებ ისაუბრებს ჩვენს ინტერვიუში.

- ბავშვობიდან მუსიკა მიტაცებდა, ნიჭიერთა ათწლედი, კონსერვატორია... ფილმებში ალბათ, ჩემი მშობლების ხათრითაც მიწვევდნენ, მაგრამ მარტო ახლობლობაც არ ყოფილა, რეჟისორს უამრავი
ახლობელი ეყოლებოდა, ჩემი გარეგნობა და შესაძლებლობებიც თამაშობდა ალბათ გადამწყვეტ როლს. პირველი როლი 9-10 წლისამ ვითამაშე. მამაჩემმა წამიყვანა კიევში გადაღებაზე. უკრაინული ფილმი იყო, "სიძულვილი""ერქვა. ვთამაშობდი ეპიზოდურ როლს, ცხენზე ჯირითი უნდა მცოდნოდა და ამიტომ იპოდრომზე დავდიოდი. გადაღებებისას ბევრ საინტერესო ადამიანს ვხვდებოდი - მხატვრებს, კომპოზიტორს, გრიმიორს, კასკადიორებს...

შემდეგ თემურ ბაბლუანთან ვითამაშე ეპიზოდური როლი "ბეღურების გადაფრენაში". ფილმში მაგნიტოფონს ვიპარავ. ეს ჩემი მაგნიტოფონი იყო, საზღვარგარეთიდან ჩამომიტანეს, გადაღებისას დასჭირდათ და ვათხოვე. ვიხვეწებოდი, დამიბრუნეთ-მეთქი... მერე გადაწყვიტეს, მოდი, მოვაპარვინოთ თავისი მაგნიტოფონიო. ახლა ძალიან სასაცილოა, მაგრამ მაშინ ამ როლის გამო კომკავშირში არ მიმიღეს, - რა მაგალითი უნდა მისცე ახალგაზრდებსო. ამას მოჰყვა ფილმი "მე მოვედი" - მას დღემდე უყურებენ.

- ეს ფილმი ხომ მოზარდების პრობლემებს ეხება...

- როგორიც ვიყავი, ისეთი როლი მათამაშეს. საერთოდ, სინჯებისას არ ვთამაშობ, - როგორიც ვარ, ისეც ვიქცევი. ყველა როლით სხვადასხვა სათქმელს ვამბობ, ამიტომაც ჩემი როლები მე მგვანან, ყოველ მათგანში ცხოვრობს ლადო.

გოდერძი ჩოხელმა მათამაშა "ადამიანთა სევდაში". ძალიან საინტერესო კაცი იყო. ხშირად მახსენდება ჩვენი საუბრები. არაორდინარული პიროვნება რომ იყო ბატონი გოდერძი, იმითაც გამოჩნდა, რომ ასე ლამაზად დაინახა სიკვდილი და სულ სხვანაირად მიაწოდა ადამიანებს. ფილმი 1984 წელს გამოვიდა. დრო გავიდა, ომები დაიწყო, ყველაფერი აირია. ხალხი უფრო შეშინდა. ქუჩაში მაჩერებდნენ, - შენ "სიკვდილი" არ ხარო? ძალიან განვიცდიდი, ამ როლით ადამიანების ფსიქიკაზე ცუდად ხომ არ ვიმოქმედე-მეთქი. იმ პერიოდში აღდგომას ერთ-ერთ მონასტერში შევხვდი. მოძღვარმა მითხრა: - შენ იმედისმომცემი სიკვდილი ხარ, ამ როლით იმედი მიეცი ადამიანებს, რომ ეს ყველაფერი არც ისე საშიშიაო.

მალევე ვითამაშე არსენას როლი ფილმში "არსენას ლექსი" ია ფარულავასთან, ზურაბ ყიფშიძესთან ერთად. მაშინ 19-20 წლის ვიყავი. სულ 9-10 ფილმში ვარ გადაღებული.

ალბათ რეჟისორებს ეიოლებოდათ ჩემთან მუშაობა ჩემი ემოციურობისა და გარეგნობის გამო. ბავშვობიდან დასავლეთში ცხოვრება მინდოდა. პირველი ცოლი რომ მოვიყვანე (მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი) და ბავშვი შეგვეძინა, წასვლა შეუძლებელი გახდა და პროფესიაზე დავიწყე ფიქრი - რა შეიძლება გავაკეთო ამ ქვეყანაში-მეთქი. ვნახე, რა დღეში იყო ყოფილი სოციალისტური ქვეყნების კინო და მივხვდი, ქართული კინოს ეპოქა დასასრულისკენ მიდიოდა... უფრო ახლობელი აღმოჩნდა ჩემთვის როკმუსიკა, ალტერნატიული მუსიკა. მაშინ როკს რომ უკრავდი, წყალწაღებული და ჩარეცხილი იყავი - რატომღაც ეს მუსიკა "გოიმობა" იყო, წარმოუდგენელი იყო მისი გაცოცხლება მსმენელისთვის და ახლებურად მიწოდება. სერიოზული პროცესები წამოვიწყე და თანამედროვე ქართულ მუსიკაში ბევრი რამ შეიცვალა და ეს მომწონს.

1999 წლის შემდეგ სიმღერა აღარ დამიწერია. იმ ბნელ, კრიმინალურ დროში ძალიან ჭირდა იმის ჩაწერა, რასაც ვქმნიდი. 15 ალბომი მაქვს დაწერილი, ახლა მათ ჩაწერას ვანდომებ მთელ ჩემს დარჩენილ ცხოვრებას. 52 წლისა ვარ.

- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, მე დავიწყე საყურით და გრძელი თმით სიარული საქართველოშიო...

- საბჭოთა კავშირში ძალიან რთულად იღებდნენ სიახლეს და განსხვავებულობას. ახლა ბევრი დადის ჩემნაირად, ამას განსხვავებული აღარ ჰქვია­. ქართველს მენტალობა შესაცვლელი არასდროს ჰქონია. გერმანიაში რუსებთან ერთად ვცხოვრობდი და მაშინ მივხვდი, რომ ჩემი ორგანული ნაწილი ევროპა უფრო იყო, ვიდრე რუსეთი.

- როგორ ფიქრობთ, რომელი გზა უნდა აირჩიოს საქართველომ?

- ევროკავშირი ჩემთვის უფრო ახლობელია, გასაგები და მისაღები. რუს ხალხს, რუსულ კულტურას ვაფასებ, მაგრამ ეს შოვინისტური, გინდ ჰიპი იყოს და გინდ კომუნისტი, ყველას ერთნაირად აქვს. თანასწორობა დარღვეულია. მე როცა პანკ-როკს და ალტერნატიულ მუსიკას ვუკრავდი, მაშინვე ვხედავდი, რომ რუსეთში ჯერ "ორერა" და "ივერია" ვერ ჰქონდათ მონელებული - როგორ დაგვასწრეს და მოიარეს მსოფლიოო, არ უხაროდათ ჩვენი პროდასავლური და ნაღდი მუსიკა, რომელსაც იმხანად რუსეთში არავინ უკრავდა, იმიტომ, რომ შოვინისტები არიან. არ ვიცი, თავის დროზე სტალინი იქ როგორ მოხვდა და გაპირველკაცდა.

რუსებს უნდათ, რომ შენ იყო პროვინცია. უცხოელ სტუმარს შენთანაც მოიყვანდა თავმოსაწონებლად - ასეთი "დაჩმორებული" ერები მყავსო და გაკვირვებულს გაუშვებდა. უნდა, რომ მისგან ელაპარაკო დანარჩენ მსოფლიოს. საქართველოს ეს უნდა? რუსეთთან ერთად საქართველოს მომავალი არ აქვს. თუ მასთან ერთად ხარ, მაშინ მან უნდა გადაგიწყვიტოს რა, სად და როდის გააკეთო. მე ეს არ მინდა.

- ძალიან ტრადიციული ოჯახიდან ხართ, თქვენი გარეგნული იმიჯი კი თქვენს არატრადიციულობაზე მეტყველებს.

- მე რომ ტრადიციები მიყვარს, იმიტომ ვარ ასეთი მაგარი. ლამაზი ადათ-წესები გვაქვს. ძალიან მომწონს თამადის კულტურა. როდესაც ადამიანი ლამაზ სადღეგრძელოს ამბობს და გემრიელად წარმართავს მეინახეთა ცნობიერებას, ხასიათს, დააფიქრებს, გააცინებს, ცრემლს მოადენს, მაგას რა სჯობს.
ძალიან მიყვარს ტრადიციები, მაგრამ თუ მას დაემონები, თან თავისუფალი ადამიანი არ ხარ, ნადგურდები.

- ძალიან მიჭირს, თამადად წარმოგიდგინოთ. თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, ნარკოტიკსა და ალკოჰოლს შორის ალკოჰოლს ირჩევთ.

- ეგრეა, ვისკი და ლუდი მეტად მომწონს. მთის შვილი ვარ და ლუდი ჩვენ განსაკუთრებულად გვიყვარს. არაა აუცილებელი, თამადა მაინცდამაინც კოსტიუმში გამოწყობილი წარმოიდგინოთ. მე და ჩემი მეგობრები სულ სადღეგრძელოებს ვამბობთ, მაგრამ ჩვენებურს და ჯიგრიანს, არა სადღაც გაგონილს. მამაჩემმა (მსახიობი გუჯა ბურდული) ერთხელ თქვა, სადღეგრძელო ლოცვასავით არისო. ყველას თავისი ლოცვა აქვს, ლოცვა, რომელიც სულიდან ამოდის.

- რა არის მთავარი ცხოვრებაში?

- სიყვარულია მთავარი. ზიზღი და დაუნდობლობა ქვეყანას ანგრევს; არადა, უერთმანეთოდ ახალ საქართველოს ვერ ავაშენებთ. ურთიერთგაგება რომ აღარ არის და ერთმანეთის გადაწყვეტილებების პატივისცემა, გული მტკივა.

ეკა სალაღაია
MERI
20 სექტემბერი 2016 20:30
ვაჟა 17- სსსს ----ვინ ხარ ??რას წარმოადგენ??რითი ხარ შენ ლადო ბურდულზე უკეთესი??თავხედი ხარ და ძალიან დიდ უფლებას აძლევ შენს თავს!!რას ბოდიალობ შენც არ იცი!!!ჭორიკანა დედაკაცივით!!
misha
20 სექტემბერი 2016 20:28
მე ვიცნობ ლადოს ერთ დროს ღამის კლუბ ბიტლებში მღეროდა და იქ გავიცანი კარგი ურთერთობა გვქონდა არ იარის ცუდი პირივნება და ეხლაც რომ შევხვდე ისევ ისე თბილად და ტკბილად მიგიღებს.
ნიკო
20 სექტემბერი 2016 20:10
გაუმარჯოს შენნაირ ქართველებს!

რედაქტორის რჩევით