"სითი პარკი" მიცვალებულებსაც აჯარიმებს! - კვირის პალიტრა

"სითი პარკი" მიცვალებულებსაც აჯარიმებს!

"ვფიქრობ, არჩევნების წინ მოქალაქეებს მიზანმიმართულად აღიზიანებენ. ნუ დაგვავიწყდება, რომ "სითი პარკი" "ნაციონალების" შექმნილი კომპანიაა, მათ კი არჩევნების წინ სიტუაციის არევა ხელს აძლევს"

მოქალაქეთა დიდი ნაწილის აზრით, ბოლო დროს "სითი პარკის" ქმედებები ზღვარს გასცდა. კომპანიამ მიცვალებულებსაც "შეუტია"! გასულ კვირას ჟურნალისტმა ხათუნა ხატიაშვილმა თითქმის ერთი წლის წინ გარდაცვლილი მამის დაჯარიმების შესახებ შეიტყო და კოლეგებს დახმარება სთხოვა: "კოლეგებო, მეგობრებო და ჩემზე კომპეტენტურებო, გამაგებინეთ რამე, რამეთუ "სითი პარკთან" შეხება არასდროს მქონია. ამ დილას გოგონა მოვიდა და გასული წლის ნოემბერში გარდაცვლილი მამაჩემის სახელზე საჯარიმო ქვითარი მომიტანა. მე კი ავუხსენი ყველაფერი და არც ქვითრის მიღება-ჩაბარების აქტზე მოვუწერე ხელი, მაგრამ ვერ გავიგე, ასეთი მოვლენა ნორმალურია? ფოსტაში ახლა შემოვიდა შეტყობინება და გარდაცვლილის ოჯახმა იქნებ ჩაიბაროთო..."

ხათუნა ხატიაშვილმა "კვირის პალიტრას" განუმარტა, რომ მამის კუთვნილი ავტომობილი სამი თვეა, გაყიდულია, ნომერიც შეცვლილი აქვს და სხვა მოქალაქის სახელზეა გაფორმებული.

მაშ, ასე, რატომ დაიწყო "სითი პარკმა" მიცვალებულების დაჯარიმება, რას ემსახურება "სითი პარკის" ქმედება და რატომ დუმს მერია? ამის შესახებ "კვირის პალიტრას" "სითი პარკის" წინააღმდეგ შემუშავებული კანონპროექტის ავტორი ზვიად ტომარაძე ესაუბრა: - მე და ადვოკატმა როინ მიგრიაულმა "სითი პარკის" აღვირახსნილი ქმედებების საწინააღმდეგოდ შევიმუშავეთ კანონპროექტი, რომელიც ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტში განსახილველად გაიტანა. 29 მაისს პარლამენტმა ეს კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო და ის 15 ივნისს ამოქმედდა. ჩვენი ძალისხმევით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 65-ე მუხლში შევიდა ცვლილება, კერძოდ, მკაფიოდ განისაზღვრა ის სამი შემთხვევა, რა დროსაც "სითი პარკს" ავტომობილის საჯარიმო სადგომზე გადაყვანა შეუძლია. ეს არის შემთხვევა, როცა ავტომობილი საცობს ან საავარიო სიტუაციას ქმნის ან მოძრაობას აფერხებს. მაგრამ ჩვენს უკითხავად ამ პუნქტში გაჩნდა საეჭვო და ბუნდოვანი ჩანაწერი, რომლის მიხედვით, თუ სატრანსპორტო საშუალება გაჩერებულია იქ, სადაც ახალი ამკრძალავი საგზაო ნიშანია, ის საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანას ექვემდებარება. ამ ჩანაწერის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გავიგეთ, რაც კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღეს. საქმე ის გახლავთ, რომ ხელისუფლებაში გამოჩნდა ადამიანთა ჯგუფი, რომელმაც "სითი პარკის" ლობირება მოახერხა.

ზემოთ ხსენებული ჩანაწერით ამ კომპანიას თავგასული ქმედებებისთვის მწვანე შუქი აენთო.

- შესაძლოა, კანონპროექტში ამ ბუნდოვანი ჩანაწერის გარეშეც ვერ შეცვლილიყო სიტუაცია...

- სიტუაცია აუცილებლად შეიცვლებოდა. ამ შემთხვევაში "სითი პარკს" საჯარიმო სადგომზე მხოლოდ შუა გამზირზე გაჩერებული ავტომანქანის გადაყვანის უფლება ექნებოდა.

- არასწორად გაჩერებულმა ავტომობილმა ქვეითთა მოძრაობაც შეიძლება შეაფერხოს...

- არასამთავრობო ორგანიზაციები ალაპარაკდნენ, რომ ეს ცვლილება ფეხით მოსიარულეთა უფლებებს ზღუდავდა. თავდაპირველად ამას შსს-ც არ ეთანხმებოდა, თუმცა ავუხსენით ოპონენტებს, რომ კანონპროექტში მხოლოდ ავტომობილების შეფერხებაზე უნდა ყოფილიყო ყურადღება გამახვილებული, რა დროსაც "სითი პარკს" ავტომობილის გადაყვანის უფლება ექნებოდა. ეს ჩანაწერი ქვეითებთან დაკავშირებით სიტუაციას არ ცვლის. ამ მხრივ ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაა და საპარკინგე ადგილების პრობლემა თუ არ მოგვარდა, ამ საქმეს მაინც არაფერი ეშველება. აქედან გამომდინარე, მხოლოდ "სითი პარკის" მოქმედებების შეზღუდვისთვის იყო საჭირო ეს ცვლილება. ცხადია, "სითი პარკმა" იპოვა გამოსავალი და ავტომობილების საჯარიმო სადგომზე გადაყვანა ფეხით მოსიარულეთა შეფერხებით გაამართლა. კანონპროექტის განხილვისას იურიდიულ კომიტეტში მერიის წარმომადგენლებიც გამოჩნდნენ, რომლებიც "სითი პარკს" თავგამოდებით იცავდნენ. მოკლედ, ეს ჩვენი კანონპროექტი ისე შეიცვალა, რომ "სითი პარკის" თავგასულობა უფრო წაახალისა. ამ ფონზე მერი დავით ნარმანია სრულიად უმოქმედოა, მერიის წარმომადგენლები კი "სითი პარკის" ადვოკატებად გვევლინებიან, იმ კომპანიის, რომელიც უგულავასა და კეზერაშვილთან ასოცირდება. მერიას "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაუქმებაც შეეძლო, თუნდაც იმ მოტივით, რომ კომპანიამ მიწისზედა და მიწისქვეშა სადგომების მოწესრიგება ვერ შეძლო, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. დავით ნარმანიას ამის გამო უნდა ეგრძნო პასუხისმგებლობა.

- "სითი პარკი" თურმე გარდაცვლილი ადამიანების სახელზეც გზავნის ჯარიმებს...

- "სითი პარკისგან" აღარაფერი გვიკვირს. ბოლო დროს "სითი პარკი" ათლარიან ჯარიმებს 180-ლარიან ჯარიმებად აქცევს და მისი გადაუხდელობის შემთხვევაში აღსრულების ბიუროს მიმართავს, რის შემდეგაც ავტომობილის მფლობელებს ანგარიშებს უყადაღებს. ასეთი ფაქტები ძალიან გახშირდა. არადა, თუკი ათლარიანი ჯარიმის შესახებ შეტყობინებას ხელი არ მოაწერა ავტომობილის მესაკუთრემ, "სითი პარკს" ასეთი მოქმედების უფლება არა აქვს. ხელმოწერის შემდეგ იწყება ერთთვიანი ვადის ათვლა, რა დროის განმავლობაშიც მოქალაქემ ჯარიმა უნდა გადაიხადოს. ვფიქრობ, არჩევნების წინ მოქალაქეებს მიზანმიმართულად აღიზიანებენ. ნუ დაგვავიწყდება, რომ "სითი პარკი" "ნაციონალების" შექმნილი კომპანიაა, მათ კი არჩევნების წინ სიტუაციის არევა ხელს აძლევს.

კომენტარისთვის თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, ვასილ აბულაძეს დავუკავშირდით.

- მოგვმართა მოქალაქემ, რომელსაც თითქმის ერთი წლის წინ გარდაცვლილი მამის სახელზე მოუვიდა დაჯარიმების შეტყობინება...

- ასეთ შემთხვევაში მან უნდა მიმართოს "სითი პარკს", დაწეროს განცხადება, რომელიც განსახილველად ჩვენ გადმოგვეცემა, სამი დღის ვადაში მას განვიხილავთ და დაჯარიმების გადაწყვეტილებას გავაუქმებთ.

- ბოლო დროს გახშირდა მოქალაქეთა დაჯარიმების, მათი კუთვნილი ავტომობილების საჯარიმო სადგომებზე გადაყვანის შემთხვევები.

- შესაძლოა, ეს იმითაც იყოს განპირობებული, რომ ვინც ზაფხულში ქალაქგარეთ ისვენებდნენ, დაბრუნდნენ, თბილისში მანქანების რაოდენობა გაიზარდა და "სითი პარკის" წინააღმდეგ მოქალაქეთა საჩივრებმაც იმატა.

- თუმცა მოქალაქეები მერიას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

- თუკი "სითი პარკის" დანაშაულებრივი ქმედებების ნიშნები იკვეთება, ამ კომპანიის ფუნქციონირების შეზღუდვა, ალბათ, სასამართლოს გადაწყვეტილებით არის შესაძლებელი. ეს მერიის კომპეტენცია არ გახლავთ.

- თქვენ როგორ ფიქრობთ, ართმევს თავს "სითი პარკი" მერიასთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს?

- რა ვალდებულებებს გულისხმობთ?

- თუნდაც მიწისქვეშა და მიწისზედა საპარკინგე ადგილების კეთილმოწყობას.

- ასეთი ჩანაწერი ხელშეკრულებაში არ არის.

- მაშინ განგვიმარტეთ, მოქალაქეთა დაჯარიმების გარდა რა ევალება "სითი პარკს"?

- ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ. მე საჯარო მოხელე ვარ და პოლიტიკურ განცხადებას ვერ გავაკეთებ.

როგორ უნდა მოიქცეს უკანონოდ დაჯარიმებული მოქალაქე

როინ მიგრიაული, ადვოკატი: შპს "სითი პარკმა" 10-ლარიანი ჯარიმა, როგორც სანქცია, შეიძლება შეუფარდოს სამართალდამრღვევს შემდეგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის: ამკრძალავი ნიშნის - "გაჩერება აკრძალულია" და "დგომა აკრძალულია" - მოთხოვნების დაუცველობისთვის, დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების საფასურის გადაუხდელობის გარეშე პარკირებისათვის და დგომა-გაჩერების სხვა წესების დარღვევებისთვის. ჯარიმა გადახდილი უნდა იქნეს 30 დღეში, რომელიც აითვლება დაჯარიმების დადგენილების ასლის სამართალდამრღვევისთვის ჩაბარების დღიდან, ხოლო ადგილზე დაჯარიმებისას - საჯარიმო ქვითრის უშუალოდ მისთვის ჩაბარების დღიდან. თუ სამართალდამრღვევი ადგილზე არ იმყოფება, მაშინ საჯარიმო ქვითარი ეგზავნება ავტომანქანის მესაკუთრეს. 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო, თუ 30 დღის ვადაში (საურავის დარიცხვიდან) ჯარიმა არ იქნება გადახდილი, მაშინ სამართალდამრღვევის ან ავტომანქანის მესაკუთრის მიმართ განხორციელდება იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, რაც ნიშნავს, რომ საქმე გადაეცემა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელიც ჯარიმასა და საურავს დაარიცხავს აღსრულების მოსაკრებელს (მთლიანი ამოსაღები თანხის 7%-ის ოდენობით). აღსრულების ბიუროს ასევე შეუძლია ქონების დაყადაღება და მისი აუქციონის წესით რეალიზაცია. აქ საქმე შეიძლება შეეხოს ნებისმიერ ქონებას, რომლის ღირებულებაც უზრუნველყოფს დავალიანებული თანხისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების ანაზღაურებას. თუ სამართალდამრღვევი სადავოდ გახდის საჯარიმო ქვითრის ჩაბარების ან ზოგადად სამართალდარღვევის ჩადენის კანონიერებას, მან ჯერ უნდა მიმართოს "სითი პარკს", ან დადგენილ ვადაში აღძრას საჩივარი თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურში. თუ მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მაშინ მიმართოს სასამართლოს.

ეკა ასათიანი