გილოცავთ - თქვენ ოქროს მონეტის მფლობელი გახდით! - კვირის პალიტრა

გილოცავთ - თქვენ ოქროს მონეტის მფლობელი გახდით!

19 სექტემბრიდან, გაზეთ"კვირის პალიტრის" თითოეულ მკითხველს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა ნამდვილი ოქროს მონეტის მფლობელი გახდეს - გათამაშებაში სულ სამი უნიკალური ნაკეთობაა, რომლებიც საიუველირო სალონმა "დიადემა" მაღალი ოსტატობით შეასრულა. აღსანიშნავია, რომ თითოეული მონეტა 585 სინჯის ოქროს განააჩამოსხმული. იმისათვის, რომ სამ იღბლიან მკითხველს შორის აღმოჩნდეთ და უნიკალური მონეტის მფლობელი გახდეთ, გაზეთ"კვირის პალიტრის" 19-26 სექტემბრის ნომერთან ერთად, გამომცემლობა"პალიტრა L"-ის პროექტის, "ქართული მონეტების ოქროს კოლექცია"-ს ფარგლებში გამოსული მე-4 მონეტა - ალექსანდრე მაკედონელის სტატერი უნდა შეიძინოთ. შეფუთვაში ნამდვილი ოქროს მონეტის ნაცვლად მეტალის ასლი დაგხვდებათ. თუ თქვენ მონეტაზე, გვერდითა მხარეს სპეციალური სამნიშნა კოდი აღმოაჩინეთ, გილოცავთ, თქვენ ოქროს მონეტის მფლობელი გახდით.

გამარჯვებულის იდენტიფიცირება სწორედ ამ კოდის მიხედვით მოხდება. ნამდვილი ოქროს მონეტის მისაღებად კი 26 სექტემბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით, გამომცემლობა "პალიტრა L"-ში უნდა წარმოადგინოთ მომგებიანი მონეტა თავისი შეფუთვით, რის საფუძველზეც ნამდვილი ოქროს 16-გრამიანი მონეტა გადმოგეცემათ. აუცილებელია თან პირადობის მოწმობაც იქონიოთ. შეგახსენებთ, "პალიტრა L"-ისა და ეროვნული მუზეუმის ისტორიული პროექტი "ქართული მონეტების ოქროს კოლექცია", უკვე სამი თვეა მიმდინარეობს. იგი უნიკალურ წიგნ-ალბომსა და ყოველთვიურად გამოსული ქართული ნუმიზმატიკის ისტორიაში არსებული მონეტების ზუსტი ასლების კოლექციას აერთიანებს. აქვე გაეცნობით ქართული ნუმიზმატიკის განვითარების სხვადასხვა ეტაპს ეროვნულ მუზეუმში დაცული არქეოლოგიური მასალისა და ხელოვნების ნიმუშების თანდართული ფოტომასალით.თუ მონეტების კოლექციის შეგროვება გადაწყვიტეთ, უკვე გამოსული მონეტებისა და წიგნი-ალბომის შეძენა "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ.

მონეტაზე საიუველირო სალონ "დიადემაში" დიზაინერთა ჯგუფი მუშაობდა. ბუნებრივია, ალექსანდრე მაკედონელის სტატერის მინაბაძის ზუსტი ანალოგის შექმნა რთულ საიუველირო პროცესთან იყო დაკავშირებული. დეტალებზე "კვირის პალიტრასთან" საიუველირო სალონ "დიადემას" დიზაინერი ტატო

ლაზუაშვილი საუბრობს:

- მონეტის შექმნაზე, დაახლოებით ორი კვირა ვიმუშავე. ეს საკმაოდ რთულ საიუველირო პროცესთანაა დაკავშირებული -თითოეული დეტალი უნდა გამეთვალისწინებინა, რათა საბოლოოდ ალექსანდრე მაკედონელის სტატერის ზუსტი ანალოგი მიმეღო. ყველაზე რთული ეტაპი მონეტის ანალოგის სანთელში გამოკვეთა იყო. მოგეხსენებათ, მონეტის საბოლოო სახის მისაღებად, ჯერ მისი მოდელის შექმნაა აუცილებელი. სანთელში გამოკვეთის შემდეგ, მონეტა

ვერცხლში ჩამოისხა, სადაც თითოეული დეტალი კიდევ ერთხელ მაქსიმალური სიფრთხილით დამუშავდა. მას შემდეგ, რაც ვერცხლის მოდელმა დასრულებული სახე მიიღო, მოდელისგან ოქროს მონეტა ჩამოისხა. რაც მთავარია, ეს არ გახლდათ საბოლოო პროცესი - უკვე 585 სინჯის ოქროში ჩამოსხმული მონეტა კიდევ ერთხელ დამუშავდა. რის შემდეგაც მოხდა მისი მოოქროვება- მაღალი 995 სინჯის ოქროში ამოვლება. აღსანიშნავია, რომ სამივე მონეტა, რომელიც "პალიტრა L"-ის პროექტისთვის დამზადაა, ამ პროცესს ინდივიდუალურად გადის.

- საქართველოში ისტორიული მონეტის ზუსტი ანალოგის შექმნის პრაქტიკა ამ დრომდე თუ არსებობდა?

-"დიადემა" ბაზარზე 1997 წლიდან, ანუ თითქმის 20 წელია წარმატებით ოპერირებს, ჩვენ ძირითად ექსკლუზიური მოდელების შექმნაზე ვართ ორიენტირებული, უამრავი საპრიზო ჯილდოც დაგვიმზადებია, მათ შორის,"მის საქართველოს" გვირგვინი, რომელიც უნიკალური ნაკეთობაა. ასე რომ, საკმაოდ დიდი გამოცდილების მიუხედავად, მონეტების გამოკვეთა ჩვენთვისაც სიახლე იყო, ეს არ გახლავთ სუფთა საიუველირო სამუშაო - "პალიტრა L"-მა შესაძლებლობა მოგვცა ისტორიული მონეტის ზუსტი ანალოგი შეგვექმნა. სწორედ ამიტომ ამ საქმეს საკმაოდ დიდი ენთუზიაზმით მოვეკიდეთ. ვფიქრობ, სამი იღბლიანი მკითხველი, რომელსაც ოქროს მონეტა შეხვდება, ჩვენი ნამუშევრით კმაყოფილი დარჩება.