ქუჩას თავისი უკანონო კანონები აქვს... - ჟურნალისტი იცვლის პროფესიას - ერთი დღე "სტაიანშჩიკად"
12-09-2016
ქუჩას თავისი უკანონო კანონები აქვს... - ჟურნალისტი იცვლის პროფესიას - ერთი დღე "სტაიანშჩიკად"
"სტაიანშჩიკი" რომ გახდე, მხოლოდ 5 ლარია საჭირო - მწვანე ჟილეტი 4 ლარი ღირს, ხის ჯოხის გასაფორმებლად საჭირო ლეიკოპლასტირის ფასი კი 1 ლარია

"აქ ყველას თავის ადგილი აქვს და კონკურენტს არ გააჭაჭანებენ"

მძღოლი მსახიობი ეკა დემეტრაძე აღმოჩნდა, რომელიც ჩემს შეკითხვაზე, - იცით, რომ ცუდ ადგილას გააჩერეთ და შეიძლება პატრულმა დაგაჯარიმოთ-მეთქი, მპასუხობს: -­ "სტაიანშჩიკმა" მითხრა, შეიძლებაო


მეეზოვეებს, გარემოვაჭრეებს, ე.წ. სტაიანშჩიკებს, მოწყალების მაძიებლებს, პრომოაგენტებს... ყველა მათგანს ერთი სამუშაო სივრცე - ქუჩა აერთიანებთ. ქუჩას,
რომელსაც თავისი წესები აქვს, უმეტესად ვერავინ აკონტროლებს. ხშირად დამსაქმებელ-შემსრულებელნიც თვითონ არიან. ამჯერად "კვირის პალიტრის" მკითხველს "სტაიანშჩიკის" ერთ სამუშაო დღეს გავაცნობთ. "სტაიანშჩიკი" რომ გახდე, საჭიროა 5 ლარი. მწვანე ჟილეტი 4 ლარი ღირს, ხის ჯოხის გასაფორმებლად საჭირო ლეიკოპლასტირის ფასი 1 ლარია. თუმცა, ქალაქში უნიფორმის გარეშე დასაქმებულ მეთვალყურეებსაც
შეხვდებით. მე უნიფორმა ვამჯობინე, რადგან მეტი დამაჯერებლობისა და ყურადღების მიქცევის ერთგვარი გარანტია. თანაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა თავის დაცვისა და მიზნის მიღწევისათვის ბრძოლა "სამსახურის" მოსაძიებლად.

პეკინისა და საბურთალოს ქუჩის კვეთასთან შუახნის მამაკაცი მძღოლს ავტომობილის დაყენებაში ეხმარებოდა. საქმე რომ მოილია, მივედი და ვკითხე, როგორ უნდა გავხდე "სტაიანშჩიკი"-მეთქი. 75 წლის ჯუმბერ ლომიძემ რჩევა-დარიგება არ დაიშურა, - ადგილი უნდა ნახო, ფორმა იშოვო და მერე მძღოლებს პარკირებაში დაეხმარო. მუშაობის დასაწყებად არც მერია გჭირდება და არც სხვა რამო.

- თქვენ რა ტერიტორია გეკუთვნით?

- ექვსი-შვიდი მანქანა მყავს ჩაბარებული. ხან ათ თეთრს მაძლევენ, ხან ლარს, ხანაც არაფერს...

- რამდენი საათი მუშაობთ?

- დილის ათი საათიდან საღამოს ათამდე. შეიძლება ათ ლარამდე ვიშოვო...

50 წლის გელა კამალაძე მეუბნება, რომ "გეპეი" დაამთავრა, მაგრამ სამსახური ვერსად იშოვა და "სტაიანშჩიკობა" გადაწყვიტა. სამი შვილის მამა სოციალურად დაუცველია. ყოველდღიურად ნაშოვნი გროშებით ოჯახში საჭმელი მიაქვს...

გზის გაღმა შუახნის მამაკაცი ხის ჩრდილში მცხუნვარე მზეს ემალებოდა. მივედი და გასაუბრება ვცადე. ცოტა ხნის დუმილის შემდეგ მითხრა, - მუშაობისას ბევრი აგრესიული მძღოლია და ამიტომ მოთმინება გმართებს. ბევრმა მართვა არ იცის და პარკირებას შეიძლება ნახევარი საათი მოანდომოს. ამ დროს სურვილი მიჩნდება, საჭესთან მე დავჯდე და ნორმალურად გავუჩეროო. კაცმა მოულოდნელად საუბარი შეწყვიტა და ავტომობილს პარკინგზე დაყენებაში მიეხმარა... პარკინგი"ამ შემთხვევაში პირობითი სიტყვაა, რადგან მძღოლს ავტომობილი იქ გააჩერებინა, სადაც წესით, დაყენება აკრძალულია...

ამასობაში ავტომობილს ვუახლოვდები. მძღოლი მსახიობი ეკა დემეტრაძე აღმოჩნდა.

- იცით, რომ ცუდ ადგილას გააჩერეთ და შეიძლება პატრულმა დაგაჯარიმოთ?

- "სტაიანშჩიკმა" მითხრა, შეიძლებაო. მაშინ აქ არ უნდა იდგეს თვითონ... ვფიქრობ, "სტაიანშჩიკის" ინსტიტუტის არსებობა დიდი შეცდომაა. თუ პარკინგის ზოლი დაცულია, რა საჭიროა "სტაიანშჩიკი"?! ჩვენ ხომ ვიხდით "სითი პარკის" საფასურს, ანუ ქუჩაში ავტოსადგომის თანხა უკვე გადახდილი გვაქვს.

მიუხედავად გაფრთხილებისა, მძღოლმა ავტომობილი მაინც დატოვა. მე კი, ვინაიდან "სტაიანშჩიკობას" ვაპირებდი, მაღაზიაში მწვანე ჟილეტი და წითელი ლეიკოპლასტირი შევიძინე ჯოხის გასაფორმებლად. "მზად ვარ სამუშაოდ!" - გავიმხნევე თავი და "დინამოს" სტადიონისკენ გავწიე.

პირველი იმედგაცრუება და პირველი შემოსავალი


ამ ადგილას ყოველთვის ბევრი ავტომობილი დგას და იქნებ მეც გამიმართლოს... ჯოხს ნერვიულად ვიქნევ და თავს ვუჩიჩინებ, - შენ ამას შეძლებ-მეთქი. ამასობაში შუახნის მამაკაცი მომიახლოვდა - ახალი ხარო? კი-მეთქი. აშკარად ჩემი კოლეგაა, თუმცა, არც ჟილეტი აცვია და არც ზოლიანი ჯოხი უჭირავს...

- ეს თქვენი ტერიტორიაა?
- კი.
- შეიძლება, მეც და­ვ­დგე?
- აბა, რანაირად? აქ ყველას თავისი ადგილი აქვს. ხომ იცი, ყველა საქმეს თავისი კანონი აქვს, ქუჩასაც!.. ქვემოთ ჩადი, შუქნიშანთან, იქაც სხვა დგას ხოლმე, მაგრამ დღეს არ გამოჩენილა...

უსიტყვოდ ვდგები, მითითებული ადგილისკენ მივემართები. ჩემს ტერიტორიაზე ექვსი ავტომობილი ეტევა. დაახლოებით ნახევარი საათი მზეს ხის ჩრდილში ვემალები და მოუთმენლად ველოდები ავტომობილის გამოჩენას...

ამასობაში "ტოიოტას" ფირმის ჯიპი მიახლოვდება და მძღოლი დახმარებას მთხოვს. გამოცდილი "სტაიანშჩიკივით" ხელის ქნევით და "მოდი-მოდის" ძახილით ვაჩერებინებ ავტომობილს. პირველმა მცდელობამ კარგად ჩაიარა. მძღოლი ავტომობილიდან გადადის და ოთხივე საქარე მინას ჩაწეულს ტოვებს. აი, ზუსტად მაშინ ვაცნობიერებ, რამხელა პასუხისმგებლობა მაქვს დაკისრებული. ვინმემ რაიმე რომ არ აწაპნოს, მის შორიახლოს უნდა ვიტრიალო. 15 წუთში მძღოლი ბრუნდება, 50-თეთრიანს მაძლევს და მიდის. პირველმა გასამრჯელომ გუნება გამომიკეთა. ახლა აღარც მცხუნვარე მზე მახსოვს...

გადის ერთი საათი. ჩემს ტერიტორიას არავინ ეკარება. ასეთ ადგილს "მკვდარ" ტერიტორიას ეძახიან... კიდევ ერთსაათიანი იმედგაცრუების შემდეგ იქაურობას ვტოვებ და თუმანიშვილის თეატრის მახლობლად გადავდივარ. ტერიტორიაზე შვიდი ავტომობილია გაჩერებული. მოთმინებით ველოდები მათ მძღოლებს, მაგრამ აქაც არავინ ჩანს. ესეც "მკვდარია"-მეთქი და აღმაშენებლის გამზირზე ვინაცვლებ, 24-ე სკოლის პირდაპირ ვდგები. მახლობლად ჩემი კოლეგა დგას და მსაყვედურობს, - ხომ უნდა იცოდე, სად დგები? მე აქ გუშინ კი არ მოვსულვარ! შევარდნაძის დროიდან ვდგავარ. აქ ყველას ჩვენი ადგილი გვაქვს და ერთმანეთის ტერიტორიებზე არ ვიჭრებითო.

- გასაგებია, მაგრამ მე სად დავდგე?
- წადი სხვაგან და რამეს იპოვი...
- მაგალითად, სად?
- მე რა ვიცი... წადი მარჯანიშვილის მეტროსთან...

"ვინ გითხრა, აქ მოდიო?!"

მარჯანიშვილის მეტროსთან ვდგები. რამდენიმე წუთში "სტაიანშჩიკი" მიახლოვდება და მკაცრად მეუბნება, - ეს ჩემი ტერიტორიაა. შენ ვერ დადგებიო.

- რატომ არ შეიძლება, მეც დავდგე?

- ოთხი წელია, ღამის 12 საათამდე მე ვდგავარ. მერე ჩემი ნაცნობი შემცვლის.

- დიდი ტერიტორიაა და ვფიქრობდი, რომ მოგეხმარებოდით...

- გგონია, მოხმარება მჭირდება? არა, გენაცვალე! სხვა ადგილი მონახე, - გზის მოპირდაპირედ მითითებს.
იქაც ჩემი "კოლეგა" დგას, ყავარჯენს ეყრდნობა. ასაკოვანი პაპაა, ვიცი, ჩემი მისვლით ვერც იმას გავახარებ... მაგრამ მაინც მივდივარ...

დაუპატიჟებელი სტუმარი არ გამოჰპარვია, მაშინვე მომიახლოვდა და აგრესიულად მომმართა:

- აქ რა გინდა?

- უნდა ვიმუშაო! - ცივად ვპასუხობ.

- მე, რა, აქ ბუმბულს ვწეწავ?

- თქვენ რომელ საათამდე მუშაობთ?

- 12 საათამდე აქ ვდგევარ და ვმუშაობ.

- მოგეხმარებით და თანხა გავიყოთ, - ვთავაზობ...

- არავითარ შემთხვევაში!.. აბა, ახლავე მოშორდით აქაურობას!

78 წლის შოთა პაპამ იძულებით დამატოვებინა ადგილი. ასე გავიდა მთელი დღე ადგილის ძებნაში, თავის დამკვიდრებასა და კოლეგებთან ბრძოლაში...

ერთი შეხედვით ეს უწყინარი ადამიანები, მძღოლებს მშვიდობიან მგზავრობას რომ უსურვებენ და ადამიანებს უღიმიან, კონკურენტის გამოჩენისას რადიკალურად იცვლებიან და აგრესიულად ცდილობენ,"საკუთარი"სამუშაო არეალის დაცვას. ქუჩის ჯარისკაცები არავის აძლევენ შევიწროების უფლებას...

მიუხედავად იმისა, რომ მძღოლები "სითი პარკის" ღირებულებას იხდიან, იძულებულები არიან, მანქანების თვითდასაქმებულ მეთვალყურეებს თანხა დამატებით მისცენ - ქუჩას თავის უკანონო კანონები აქვს...

თორნიკე ყაჯრიშვილი

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით