"მეხუთე სეზონში" ზოგი სიყვარულს ხედავს, ზოგი - თავისუფლებას...
19-09-2016
"მეხუთე სეზონში" ზოგი სიყვარულს ხედავს, ზოგი - თავისუფლებას...
"ეს თავიდანვე გიჟური პროექტი იყო, იდეურ ჭიდილს ჰგავდა ჯერ საკუთარ თავთან, შემდეგ - სამყაროსთან"

"ჯუთა ის სოფელია, რომელიც არასოდეს დაცლილა"


"ღამდება, ცივა, ჩრდილოეთის ქრიანქარები,
ჩემი დღეები თავისთავის იქცნენ ჭამადად.
ჭიუხებიდან სხვა სივრცეში შევიპარები,
თუ უშენობამ ამინდიც არ დამიავადა...
როცა არა ხარ, არ შემოდის ის, სხვა სეზონიც,
არავის არ ვთვლი დამნაშავედ, მე რომ ესე ვარ,
ვაგდივარ, როგორც სალოცავნი, უხუცესონი,
და ნისლიც მხოლოდ, დროდადრო თუ შემომესევა..."

ხევში, ჭიუხებსა და ღრუბლებთან ახლოს, თითქოს
ირეალურ და ზღაპრულ სამყაროში ქოხი დგას, აბსტრაქტული სახელით - "მეხუთე სეზონი". მისი დანახვა ლაშქრობის მოყვარულებისა და მთის მოტრფიალეების წარმოსახვას უსაზღვრო გასაქანს აძლევს. მუხლი თუ არ გიჭრის, იქამდე ვერ მიხვალ და ვერ ნახავ ხან ნისლში, ხანაც თოვლის საბურველში გახვეულ, ვეება მთებს მიბარებულ საცხოვრებელს.

სასტუმროს აშენება ევროპაში
ნანახმა­ ქოხებმა შთააგონა; სამშენებლო მასალა საფეხმავლო გზაზე მამასთან ერთად ზიდა, საკუთარი ხელით აშენა, ბოლოს ადგა და თბილისელი ბიჭი ჯუთაში წავიდა საცხოვრებლად. ქვით ნაშენი და შემინული ალპური ქოხის სტუმრები ძირითადად ტურისტები არიან. დღეს სოფლისთვის ტურიზმი შემოსავლის მთავარი წყაროა და როგორც ჩვენი რესპონდენტი, პროფესიით გეოგრაფი, პოეტი გელა არაბული ამბობს, ხევსურებით დასახლებულმა ულამაზესმა მაღალმთიანმა სოფელმა თავი გადაირჩინა.

გელა არაბული:
- ჩვენი ალპური სახლი საქართველოში ყველაზე მაღლა, ზღვის­ დონიდან 2360 მეტრზე დგას. სახელი "მეხუთე სეზონი" ჩემი და ჩემი გარდაცვლილი მეგობრის, ალუდა ქეთელაურის მოფიქრებული იყო (მის ჯგუფს დავარქვით თავდაპირველად). "მეხუთე სეზონი" ოთხივე სეზონისგან განსხვავებულია, არ გულისხმობს რაღაც კონკრეტულს, მასში, ვისაც რა უნდა, იმას ხედავს: ზოგი სიყვარულს, ზოგი - თავისუფლებას...

- შენთვის რა არის მეხუთე სეზონი?

- ყველა ადამიანს რაღაც აკლია ცხოვრებაში და "მეხუთე სეზონი"­ თითქოს დანაკლისების ერთობლი­ობაა, ის, რაც ადამიანს ბედნიერებისთვის სჭირდება. ბედნიერება არის ახლოს და შორსაც, დროდადრო შეიძლება მიუახლოვდე, ხელიც შეახო, მაგრამ მაინც გისხლტება, რადგან ამქვეყნად აბსოლუტური ბედნიერება არ არსებობს. ის ხან არის, ხან არ არის, მაგრამ თუნდაც წამიერად რომ მოჰკიდებ ხელს, ამას რა სჯობს.

- როგორ მოახერხეთ ამ სიმაღლეზე მასალის ატანა? იქ ხომ ავტომანქანაც­ ვერ ადის, თქვენ კი დადგით სახლი, რომელიც­ სიძველისა და სიახლის შერწყმის საოცარი ნიმუშია.

- პოლონეთში ვნახე ალპური სახლები, სადამდეც მარტო ფეხით შეიძლება მიხვიდე. ევროპაში პოპულარულია მთის ქოხები - მოლაშქრეები ყოველთვის იქ ჩერდებიან, სვამენ ჩაის, ყავას, ლუდს, შეგიძლია ღამეც გაათიო. იქ არც სამანქანე გზა მიდის, სამყაროს მოწყვეტილი ადგილია და უსაზღვრო თავისუფლებას გრძნობ. ჩვენს ქოხამდე სამანქანე გზიდან დაახლოებით 1 კმ-ია. დიდი აღმართია, ნახევარი საათი მაინც გინდა, ქოხთან რომ მოხვდე. მამაჩემი, გუჯა არაბული, ჯუთელი იყო. ერთად შევარჩიეთ ადგილი და დავიწყეთ მშენებლობა.
სამშენებლო მასალა ხელით და ცხენით ვზიდეთ. ხელით ვთხრიდით და ვაშენებდით. მასალას ცხენით ვეზიდებოდით, მინებს და სხვა კონსტრუქციებს - ხელით.

ასეთი ქვით ნაშენი სახლი თანამედროვეობაში იშვიათია, ის თან ძალიან ძველია, თან - თანამედროვე. როგორც ჩემმა მეგობარმა მითხრა, ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ ქოხი თან არსებობს, თან - არა. თითქოს ჰაერში ხარ გამოკიდებული. აქ თვალსაჩინოება მნიშვნელოვანია. არ გვინდოდა, სასტუმრო მხოლოდ შემოსავლის წყარო ყოფილიყო. გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ამ მთაში, ამსიმაღლეზე რაღაცის კეთება შეიძლება და თუ მოინდომე, ყველაფერი გამოგივა. მინიმალური მატერიალური დანახარჯით გავაკეთეთ ეს საქმე. ყველაზე დიდი დანახარჯი შრომა და მონდომება იყო.

სასიამოვნოა, როცა შენი შრომის და წვალების შედეგს ხედავ. შრომას გამართლებულად მაშინ ვთვლი, როცა ხალხს გაღიმებულს, ბედნიერს, აღფრთოვანებულს ვხედავ. ჩვენთან ოჯახური გარემოა და სასტუმროში ყველა ისე გრძნობს თავს, როგორც საკუთარ სახლში. ჩვენი მიზანიც ეს იყო. ეს თავიდანვე გიჟური პროექტი იყო, იდეურ ჭიდილს ჰგავდა ჯერ საკუთარ თავთან, შემდეგ - სამყაროსთან. ჩვენი სახლი უამრავ ტურისტს (და არა მარტო) მასპინძლობს სეზონის განმავლობაში, რომელიც მაისიდან-ოქტომბრამდე გრძელდება. ნოემბერში ჩვენში უკვე ყინვები იწყება.

- შენი სტიქია მთაში ხეტიალია. რას განიცდი ამ დროს?

- საქართველოს ყველა მთიანი ადგილი­ ფეხით მაქვს მოვლილი. მთაში სიარული საკუთარი თავის გამოცდაა. როცა ამ ბილიკებზე დგახარ, ისეთი შეგრძნება გაქვს,­ თითქოს მეგობრებთან მიდიხარ სტუმრად. მთა ჩემთვის ცოცხალი არსებაა. მთები ძლიერ, გიგანტურ არსებებს ჰგვანან და თუ მათ მიჰყვები, სულ რაღაცას გიყვებიან. ისინი ჩემი მეგობრები არიან.

- მთაში დარჩენის სურვილი გაქვს?

- ფაქტობრივად, იქ ვცხოვრობ. ნახევარ წელზე მეტს ჯუთაში ვატარებ. თYბილისში რომ ვარ, იმაზე ვფიქრობ, იქ რა გავაკეთო. ჩემი გული, სული და გონება მთაში ტრიალებს. ზამთარში თოვლით იფარება ყველაფერი, შენობის ირგვლივ მეტრამდე თოვლია, გზაც იკეტება და ქოხამდე მისვლა ჭირს, მაგრამ როგორღაც ვახერხებთ.

- როგორ ცხოვრობს ხალხი ჯუთაში? სოფელმა მოახერხა და არ დაიცალა...

- სოფელში ხალხი ცხენებით დადის. მეც მყავს ცხენი ელფუეგო, რაც ესპანურად­ ცეცხლს ნიშნავს (ცეცხლის ფერია და ამიტომ დავარქვი). ჯუთაში სულ ოციოდე კომლი ცხოვრობს და მოსახლეობა, ძირითადად, სოფლის მეურნეობას და მესაქონლეობას მისდევს. მოსახლეობის ნაწილი კი ჩამოვიდა ბარად, მაგრამ სოფელი არასდროს დაცარიელებულა. უგზოობის გამო ბევრი პრობლემა იჩენს თავს, ამიტომ მოსახლეობა ბარში მიდის. ჯუთაში სასაზღვრო პოლიცია მოქმედებს, სადაც ადგილობრივები დასაქმდნენ - ძირითადად, ახალგაზრდობა დაბრუნდა. ამითაც შეინახა სოფელმა­ თავი. თანაც სეზონზე უამრავი ტურისტი ჩამოდის. სოფლის გადარჩენა ერთობლივი შრომის შედეგია, ყველას, ვისაც რა შეეძლო, გააკეთა, რომ ჩვენი სოფელი პოპულარული გამხდარიყო. სასიხარულოა, რომ სოფლად ახალგაზრდობა ბრუნდება. იქ ცხოვრება ერთფეროვანი და მოსაბეზრებელი აღარ არის. ჯუთაში ხევსურები, თანაც მხოლოდ არაბულები ცხოვრობენ. 5 კმ-ში­ საზღვარია და ამიტომ წესები მკაცრად არის დაცული. სოფლის მოსახლეობა წყვეტს, ვის რა უფლებები აქვს, ვინ იცხოვროს და ვინ რა აკეთოს.

- შენ და პოეზია...

- ვწერ ჩემთვის, როცა ხასიათზე ვარ, თუმცა ამით თავი არ მომაქვს. სად გაგონილა ხევსური, ლექსი რომ არ დაეწეროს? პოეტი ვარ-მეთქი, არასდროს მითქვამს. წიგნი გამოვიდა, არაბულების ლექსების კრებული, რომელშიც ჩემი რამდენიმე ლექსიც არის. პოეზია ჩემთვის ცხოვრების სტილია, ვიდრე რითმები. ბევრი რამ მაინტერესებს, მაგრამ ისე აეწყო ცხოვრება, თითქმის ყველაფერი, პოეზიაც კი, "მეხუთე სეზონს" შეეწირა. ლექსის წერის გუნებაზე შეიძლება ისეთ უცნაურ ადგილას დადგე, ვერც კი წარმოიდგინოს ადამიანმა. მაინცდამაინც სანთლის შუქზე ან ბუნების წიაღში­ გაჭრილს არ მომდის მუზა.

- რა გეგმები გაქვს, გელა?

- მამა შარშან გარდამეცვალა და 10 სექტემბერს ჯუთაში მისი სახელობის დოღი მოვაწყვე. ის შესანიშნავი მოჯირითე იყო, ბევრ დოღში გამარჯვებული. მინდა, შეჯიბრება ყოველწლიურად მოეწყოს. ასევე ვფიქრობთ ფესტივალების, საგანმანათლებლო ლექციებისა და შეხვედრების მოწყობას. გვინდა, მთაში მოვიზიდოთ ახალგაზრდები. დღეს ბევრი პროგრამა იქმნება, რომლებიც მთის აღორძინებას ისახავს მიზნად, თუმცა ჯერ რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა. მთა კომპლექსურად უნდა განვითარდეს. მხოლოდ ერთი ადამიანი ან ერთი ჯგუფი ვერ დაარწმუნებს ხალხს, რომ მთაში ცხოვრება არაჩვეულებრივია.

ნანა ფიცხელაური
ლალი
26 სექტემბერი 2016 12:30
შენობის პროექტი ლამაზია, მაგრამ რაღაც არ ჯდება სივრცეში. არ ტოვებს შთამბეჭდავ სანახაობას. იქნებ ცუდი რაკურსით არის გადაღებული სურათი.ამიტომ მეტი სურათებია საჭირო.

რედაქტორის რჩევით