ფობიას სუიციდამდეც მივყავართ - კვირის პალიტრა

ფობიას სუიციდამდეც მივყავართ

სამი ათასამდე ფობია არსებობს, რამაც შეიძლება ადამიანის ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციოს

ამქვეყნად უამრავი უცნაური დაავადება არსებობს, რომლებმაც შეიძლება ადამიანის ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციოს. მათ შორის ყველაზე დიდი ადგილი ფობიებს უკავია... ვინ იცის, რა სახის შიში შეიძლება ჰქონდეს ადამიანს - სიყვარულის შიშით დაწყებული, მზის სხივებისა და ობობების შიშით დამთავრებული.

ექიმი-ფსიქოთერაპევტი მანანა სოლოღაშვილი ამბობს, რომ ამ დაავადებების მიღმა გადატანილი სტრესი და სულიერი ტრავმა იმალება. სულ სამი ათასამდე ფობია არსებობს, მაგრამ მათ შორის ყველაზე საშიშის გამოყოფაც შეიძლება.

გამოფობია დაქორწინების შიში

ქორწინების შიში ფსიქოლოგიური პრობლემაა, რომელიც შეიძლება ფსიქიატრიულ დაავადებაში გადაიზარდოს და სუიციდამდეც კი მიიყვანოს ადამიანი. გამოფობიის მიღმა გადატანილი ფსიქოტრავმა იმალება, სწორედ ამიტომ, დანგრეული ოჯახის შვილებს უჭირთ ოჯახის შექმნა. ხშირი ოჯახური კონფლიქტი და ყოველდღიური ძალადობა ბავშვის ფსიქიკას დაღს ასვამს და საკუთარი ოჯახის შექმნაში ხელს უშლის. დაუქორწინებლობის შიში ადამიანს აიძულებს, პარტნიორები წამდაუწუმ იცვალოს. მათ ხშირად აუტოფობიაც აწუხებთ ანუ მარტო დარჩენის ეშინიათ და ამიტომ 5-6-ჯერ, ან უფრო ხშირადაც ქორწინდებიან.

გინოფობია შიში ქალების მიმართ

თუ ბავშვი მხოლოდ ქალების გარემოცვაში იზრდებოდა, სადაც ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ ძალადობას ხშირად აწყდებოდა, არ არის გასაკვირი, მას ჩამოუყალიბდეს ფობია ქალების მიმართ. ასეთი ადამიანის თვალში ყველა ქალი საშიშია. იგივე შეიძლება ითქვას ანდროფობიაზეც - მამაკაცების მიმართ შიშზე. თუ ქალს მამაკაცებთან მხოლოდ უარყოფითი ემოციები აკავშირებდა, შესაძლოა, სწორედ ასეთი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს. მისთვის ყველა მამაკაცი მოძალადე და აუტანელია. ხშირად ასეთი შიში დაუქორწინებლობით ვლინდება. არსებობს სიყვარულის შიშიც, რომელიც წარსულში გადატანილი იმედგაცრუების შედეგია.

სომნიფობია დაძინების შიში

ასეთმა ფობიამ შეიძლება ადამიანს ცხოვრება გაუმწაროს. სომნიფობია, ძირითადად, ისეთ ადამიანებს ახასიათებთ, რომლებსაც კოშმარები ესიზმრებათ და ცდილობენ, არ დაიძინონ. ეს სერიოზული პრობლემაა და ფსიქოლოგის დახმარება აუცილებელია.

ვენუსტრაფობია ლამაზი ქალის შიში

თურმე ამ სენით ძალიან ბევრი მამაკაცია შეპყრობილი. ვენუსტრაფობიის გამომწვევ რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. მათ შორის უმთავრესი მარცხის შიშია. მამაკაცი ფიქრობს, რომ ლამაზი ქალი მას ყურადღების ღირსადაც არ მიიჩნევს, წინასწარ დარწმუნებულია მარცხში და ამ მარცხს გაურბის. მარცხის შიშს კიდევ ერთი შიში ემატება - ყველას ჰგონია, რომ ლამაზი ქალის შენარჩუნება ძალიან ძნელია, რადგან მას გამუდმებით ვიღაც ეტრფის. თანაც ასეთი ქალები უფრო წარმატებული არიან და იჩენს თავს შეუფერებლობის შიშიც. თუმცა რეალობა ასეთი სულაც არ არის. ეტყობა, მამაკაცებმა არ იციან, რომ ლამაზი ქალების უმრავლესობა სულაც არ მიიჩნევს თავს განსაკუთრებულად. რამდენი მშვენიერი ქალი გინახავთ, რომელიც ცოლად შეუხედავ კაცს გაჰყოლია...

კლეპტომანია

ეს არის მავნე ჩვევა, რომელიც ქურდობისადმი გადაულახავი, ავადმყოფური მიდრეკილებით გამოიხატება. სირცხვილისა და შიშის გამო კლეპტომანები სპეციალისტს არ მიმართავენ, ამიტომ მათი რაოდენობა უცნობია. კლეპტომანი გვიან აცნობიერებს, რომ ცუდად მოიქცა, ძალიან განიცდის, ბოდიშსაც იხდის და მოპარულ ნივთს უკან აბრუნებს, მაგრამ ეს საშინელი ჩვევა მაინც ვერ დაუძლევია.

კლეპტომანები არ იპარავენ ფულს, ისინი იპარავენ ნივთებს, იპარავენ სუპერმარკეტებში, ჰპარავენ მეგობრებს, ნაცნობებს. შეიძლება, კლეპტომანი სუიციდის მცდელობამდეც კი მივიდეს, რადგან თუ ფაქტზე დაიჭერენ, ძAალიან რცხვენია.

კიბერფობია კომპიუტერის შიში

ალბათ, ადვილი წარმოსადგენია, რა მდგომარეობაშია ადამიანი, რომელსაც 21-ე საუკუნეში კომპიუტერისა და თანამედროვე ტექნიკის შიში გაუჩნდება. დიახ, ასეთი ფობიაც არსებობს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ფობიას გააცნობიერებთ, მისი დამარცხება უფრო ადვილია...

ხათუნა ჩიგოგიძე