"მინდა, ნიღბიანი მძღოლები თბილისს შევუსიო" - კვირის პალიტრა

"მინდა, ნიღბიანი მძღოლები თბილისს შევუსიო"

"მეუბნებიან, - ნიღბით იმიტომ ხარ, უეჭველად კაიფში იქნებიო. არადა, სიცოცხლეში ნარკოტიკი არც გამისინჯავს"

რამდენიმე დღის წინ შინ მიმავალს, გვერდით ტაქსი ამომიდგა, რომელსაც მუსიკის ჰანგებზე აცეკვებული ნიღბიანი მძღოლი მართავდა. არ გაჰკვირვებია, გაოცებულმა რომ შევხედე, არც ის, ტელეფონი რომ მოვიმარჯვე მის გადასაღებად, პირიქით, სახელდახელო ფოტოსესიის შემდეგ, რომელიც შუქნიშანზე წითლიდან მწვანე შუქის ანთებამდე გრძელდებოდა, ვარდიც კი გამომიწოდა. მოგეხსენებათ თბილისური საცობების ამბავი და შინ მისვლამდე რამდენჯერმე მოგვიწია გვერდიგვერდ მოძრაობამ და - დავმეგობრდით კიდეც. ბოლოს, შეხვედრაც დავნიშნეთ.

- თორნიკე მქვია. ნაძალადეველი ვარ, 22 წლის. ხან ჯარისკაცი ვიყავი, ხან - მოგზაური, ხან - ვინ. ტაქსის მართვა 6 თვის წინ, მორიგი სამსახურის გამოცვლის შემდეგ დავიწყე. როდესაც მგზავრებთან ამინდზე, მთავრობასა და ორ დიპლომზე საუბრები მოსაწყენი გახდა, გადავწყვიტე, იმპროვიზაცია შემეტანა ჩემს საქმიანობაში. უპირველესად, ჩემი საყვარელი ელექტრონული მუსიკა ჩავწერე, შემდეგ "ვენდეტას" ნიღაბი, რომელსაც მე დეიმონს ვუწოდებ, ავიფარე. ასე ვმოძრაობდი, თან მუსიკას ვრთავდი და ვცეკვავდი; ეს ძალიან მოსწონდათ მგზავრებს. ჩემმა მარკეტინგულმა ხრიკმა გაამართლა. მგზავრიც ბევრი მყავს და თითქმის ყველა სელფის გადაღებას მთხოვს. მინდა, 10-15 ჩემნაირ არაბაბულიკებს, რომლებსაც სიცოცხლე ჩემსავით უხარიათ, ნიღბები მოვარგო და თავიანთი ტაქსებით შევუსიო თბილისს.

- დეიმონების ქსელის გაკეთებას გეგმავთ?

- მიმაჩნია, რომ ამგვარი ტაქსით მგზავრობა ყველაზე მეტად ახალგაზრდებს მოეწონებათ. ხანდახან მეუბნებიან, შენ, ძმაო, ნიღბით იმიტომ ხარ, უეჭველად კაიფში იქნებიო. არადა, სიცოცხლეში ნარკოტიკი არ გამისინჯავს. ერთადერთი - სიგარეტს ვეწევი და ნეტავ, იმასაც არ ვეწეოდე. რამდენჯერმე პატრულმა გამაჩერა, კანფეტებით გავუმასპინძლდი, ისე როგორც ყველა მგზავრს და ტკბილად დავემშვიდობეთ ერთმანეთს. მეგობრები მეუბნებიან - გიჟი ხარ, რას არ მოიგონებო, თუმცა ჩემზე გიჟებიც მინახავს. ამას წინათ ერთი ჩამიჯდა პეკინზე - ძმობას, ჩქარა გამაშორე აქაურობას, რაღაც ცხოველები მოგვდევენო. ჩანს, ნიღაბმაც ვერ დამალა ჩემი გაკვირვება. არ იცი, ყველა ადამიანს დასდევს ცხოველიო - განმიმარტა. მე ახლა ლომი მომდევსო. მე-მეთქი? შენ - ქათამიო. ასეთებიც ხდება ხოლმე...

- ბავშვებს არ ეშინიათ, ნიღბით რომ გხედავენ?

- ჩემი მრავალსამსახურიანი ბიოგრაფიის განმავლობაში, ბავშვებთან მუშაობის გამოცდილებაც მაქვს - გასართობ ცენტრში ანიმატორადაც ვმუშაობდი და მათთან ურთიერთობა მეხერხება. ის კი არა, ბოლოს ისე მიშინაურდებიან, ნიღაბი მათხოვეო, მეხვეწებიან. ფულს ვაგროვებ. ბრაზილიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე მინდა წასვლა. საქმე ისე მიდის, რიოს კარნავალზე ლამაზმანთან ცეკვაც არ ამცდება.

ეკა სალაღაია