"ამ ფოტოდან საქართველოს ტრაგედია გვიმზერს" - კვირის პალიტრა

"ამ ფოტოდან საქართველოს ტრაგედია გვიმზერს"

დანახვისთანავე მივხვდი, რომ ის არ იყო უბრალო ბებო, რომელიც ქუჩაში გამოვიდა საჭმლის საძიებლად. თითქოს გულმა მითხრა, უბედურება ჰქონდა გადატანილი. ერთი შტრიხია თვალში საცემი: მას ქუდი ახურავს, გახეული და უხეიროდ გაკერილი. ისეთი კი არ დაიხურა, როგორიც იპოვა - თავისებურად მოაწესრიგა... საბოლოოდ, ერთ კადრში ბევრმა გარემოებამ და ემოციამ მოიყარა თავი

სოციალურ ქსელში ფოტო გამოჩნდა. ბუნკერში სარჩოს მაძებარი მოხუცი გულგრილს ვერავის ტოვებს. ფოტოს ავტორი, ლაშა შალამბერიძე სიამოვნებით დაგვთანხმდა ინტერვიუზე.

- ბავშვობიდან მომწონდა თვალის დევნება, როგორ იღებდა მამაჩემი "ზენიტით" სურათებს და მერე ამჟღავნებდა. მერე მეგობარმა ფოტოაპარატი მაჩუქა და იმ დღიდან გამიტაცა ფოტოგრაფიამ.

- რა პროფესიის ბრძანდებით?

- პროფესიით იურისტი ვარ, ამჟამად ერთ-ერთ კომპანიაში ლოჯისტიკას ვუძღვები, ფოტოგრაფია ჩემი ჰობიც არის და დამატებითი შემოსავლის წყაროც.

- ამ ფოტოს გადაღებას გაიხსენებთ?

- ჩემი ერთი მეგობარი ტურისტული კომპანიის გიდია. გერმანელ ფოტოგრაფებს არქიტექტურული ძეგლების გადასაღებად ახლდა მარჯანიშვილის ქუჩაზე, მეც გავყევი. ანაზდად დავინახე ნაგვის ურნასთან მდგარი ქალი და გადავიღე. ფოტოზე ბებო თითქოს გაპრანჭულია - სამკაულები უკეთია, ყვავილები უჭირავს და თან ნაგავში იქექება - ის სულ სხვა რეალობაშია. დანახვისთანავე მივხვდი, რომ არ იყო უბრალო ბებო, რომელიც ქუჩაში გამოვიდა საჭმლის საძიებლად. თითქოს გულმა მითხრა, უბედურება ჰქონდა გადატანილი. ერთი შტრიხია თვალში საცემი: მას ქუდი ახურავს, გახეული და უხეიროდ გაკერილი. ისეთი კი არ დაიხურა, როგორიც იპოვა - თავისებურად მოაწესრიგა... საბოლოოდ, ერთ კადრში ბევრმა გარემოებამ და ემოციამ მოიყარა თავი.

...ყოველ დილით, ჩემს გვერდზე, სოციალურ ქსელში, მეგობრებს სასიამოვნო დღეს ვუსურვებდი ხოლმე და თან რომელიმე ფოტოს დავურთავდი. ამ ფოტოს დადება არ მინდოდა, მაგრამ მერე მაინც გამოვაქვეყნე და მაშინვე მოიწონეს. სამ დღეში 7000 მოწონება და 600 გაზიარება აქვს.

ფოტოზე გამოსახული ბებოც ბევრმა ამოიცნო. თურმე ძირითადად, მარჯანიშვილის მეტროს მახლობლად ტრიალებს. ხანდახან აგრესიულია და ასეთ დროს ზოგს ბოთლს ესვრის, ზოგს ჯოხს ურტყამს, ზოგს - აფურთხებსო. ზოგი წერს, - ამ ქალის მეშინიაო... ამ 3 დღეში მისი ფოტო იმდენად პოპულარული გახდა და იმდენი თბილი ემოცია გააჩინა, რომ ამიერიდან ყველა ღიმილით შეხედავს.

სოციალურ ქსელში უამრავი კომენტარი გავრცელდა, გთავაზობთ რამდენიმეს:

"ეს ქალბატონი მიყვარს და მტკივა. ხან ძალიან მშვიდია, ხან - უკიდურესად აგრესიული. ომის დროს აფხაზებმა თვალწინ მოუკლეს ორსული ქალიშვილი...".

"პირველად ვნახე ეს ქალბატონი ასეთი მშვიდი და მოღიმარი. ყოჩაღ, ამ კადრის გადაღებისთვის და ყოჩაღ მას, ვინც ეს ყვავილები აჩუქა".

"დევნილია აფხაზეთიდან. ომმა წაართვა ყველაფერი და ყველაზე ძვირფასი - ორსული ქალიშვილი თვალწინ მოუკლეს აფხაზებმა. მისმა ფსიქიკამ ვერ გაუძლო ამხელა დარტყმას. ახლა თბილისში ცხოვრობს, მოწყალებას ითხოვს და ასე გააქვს თავი. ხშირად მხვდება მარჯანიშვილის ქუჩაზე. წლებია, ვიცნობ. ვერასდროს ვუსწორებ თვალს. მისი ღიმილი უხმო, სულისშემძვრელი კივილია. ამ ფოტოდან საქართველოს ტრაგედია გვიმზერს".

"ეს ქალი ჩემს ქუჩაზე სულ ასე გამოპრანჭული დადის, ხან ვიღაცას უბრაზდება, ხან მღერის".

ეკა სალაღაია