ქართული სამოსის განსაცვიფრებელი ჰარმონია
19-09-2016
ქართული სამოსის განსაცვიფრებელი ჰარმონია
"ქართველთა ისტორიულ სამოსელში უამრავი უმშვენიერესი დეტალი და ფერთა შეხამებაა. გვინდა, ჩვენს ეპოქაში გადმოვიტანოთ და წარმოებაში ჩავუშვათ ქართული ისტორიული ორნამენტებით მოჩითული ქსოვილები, რათა დღევანდელმა ქართველობამ ჩაიცვას და გააცოცხლოს. ჩვენი ორნამენტების თანამედროვე მოდაში გამოყენებაზე უცხოელი დიზაინერები უკვე დაგვთანხმდნენ. ან ამაზე
ვინ იტყვის უარს!"

"თამარის კაბა ჰაეროვანი არ არის, ის კეთილშობილი ქვებით იმდენად დამძიმებულია, რომ თამარი ალბათ, მხოლოდ საზეიმო დღეებში ჩაიცვამდაო. მაგრამ როცა ჩაიცვამდა, ცხადია, რომ ქართული სამეფოს სიმდიდრესა და ფუფუნებას წარმოაჩენდა, რაც
მნახველს მისი სამეფოსადმი მოწიწებით განმსჭვალავდა"


გიორგი კალანდიამ ერთ მშვენიერ დღეს მოიფიქრა, გაეცოცხლებინა ქართულ­ ფრესკებზე ასახული სამოსი. ამისთვის ყველა­ ქართული ეკლესიის შემოვლა
და 2 წელიწადი დასჭირდა. დღეს კი უკვე ხელთ საოცრება გვაქვს - ქართული ისტორიული სამოსი შეგვიძლია იმ ხელოვნების ძეგლად ჩავთვალოთ, რომლის ფასი იშვიათად აქვს მსოფლიოს. და კიდევ: ამ სამოსიდან საუკუნეები შემოგვცქერის, მეფეთა და დიდებულთა ადამიანური ვნებებით სავსე საუკუნეები. რა ფერებს ირჩევდნენ ქართველი მეფეები? გამოხატავდა თუ არა ეს ფერები მათ ხასიათს? როგორი იყო მათი ფიქრები - სისხლისფერივით შმაგი, თუ ლურჯ ცასავით სუფთა? აი, ამ ფიქრებით ვეწვიე ხელოვნების სასახლეში პროექტის ავტორს, გიორგი კალანდიას. Mმან კი ის ჯადოსნური ყუთი გამიხსნა,­ სადაც ფრესკების მიხედვით აღდგენილი ქსოვილები ეწყო. გული დამწყდა, რომ ჯერჯერობით ქართველ მეფეთა სამოსის ორნამენტების დემონსტრირების საშუალება არ მომეცა, თუმცა რამდენიმე დეტალის გამომზეურებაზე გიორგიმ უარი არ მითხრა.

გიორგი კალანდია: -
ამ ყუთში, ჩვენი ისტორია აწყვია თითქმის IX საუკუნიდან დღემდე. შემოვიარეთ თითქმის ყველა ქართული ეკლესია, სადაც კი ფრესკებია შემორჩენილი და შესამოსლების ორნამენტები და ფერები "გადმოვწერეთ", რომლებიც მერე ეკატერინე გეგუჩაძემ ქსოვილზე გადაიტანა. საოცრება შეძლო - არ დაუკარგავს არც ერთი ტონი და ნიუანსი. ასე მივიღეთ ქართული ეროვნული ქსოვილის განსაცვიფრებელი ჰარმონია. ჰარმონია, რომელიც განიცდიდა მსოფლიო პოლიტიკისა და კულტურის გავლენას, მაგრამ საბოლოოდ, ეროვნულად ჩამოყალიბდა.

- ქართული სამოსელი რომ პოლიტიკურ გავლენას განიცდიდა, ეს თამარ დედოფლის კაბაზეც აისახა - მას ბიზანტიის იმპერატორთა­ სამოსლის დეტალები ამშვენებს.

- როცა თამარმა აჯანყებული დიდებულები დააშოშმინა, შიდაპოლიტიკა დაალაგა, შამქორი და ბასიანი მოიგო, სომხეთის ნაწილი შემოიერთა, ტრაპიზონი დაიქვემდებარა, კონტინენტზე დასავლური ცივილიზაციის მატარებლად და ბიზანტიის იმპერატორთა კონკურენტად იქცა. ცხადია, მის კაბაზეც იმპერატორთა ჩაცმულობის სიმბოლოები გაჩნდებოდა. არა მხოლოდ მეფეთა, ჩვენი, რიგითი მოკვდავების ტანსაცმელზეც ჩანს ეპოქის პოლიტიკური გავლენა, რასაც ყურადღებას არ ვაქცევთ, შემდეგ ის ისტორიად იქცევა. ასე აისახებოდა ქართველ დიდებულთა სამოსზეც ეპოქა, მაგრამ საბოლოოდ ის მაინც ქართული იყო და ეროვნულ ხასიათს გამოხატავდა. ჩვენი ეროვნული სამოსის ზოგიერთი ორნამენტი, შესაძლოა, უცხოეთიდან შემოტანილ ქსოვილებს შემოჰყვა, მაგრამ მათი უმეტესობა კონკრეტული მეფისა­ და დიდებულისთვის საქართველოშივე იქმნებოდა და მერე ქსოვილზე გადაჰქონდათ. ზოგიერთი სამეფო ორნამენტი ისე მნუსხავს, რომ გულგრილად ვერ ვუყურებ. მაგალითად, გიორგი მესამის, თამარისა და ლაშა-გიორგის სამოსის ორნამენტები განსაცვიფრებლად ასახავს ეპოქას და ამ სამი თაობის მეფეთა განსხვავებულ ხასიათს - გიორგი მეფის ტანსაცმლის ორნამენტი კოსმოსური დისკოა, რომელიც ყველაფერს გადალახავს, თამარის - შემწყნარებელი და ამავე დროს ამბიციური, ლაშა-გიორგისა კი - სიმამაცის ამსახველი და ლაღი. ისტორიულადაც ქართველი მეფეების ამ დიდ სამ თაობას მსგავსი ხასიათი ჰქონდა.

ქართველთა ისტორიულ სამოსელში უამრავი უმშვენიერესი დეტალი და ფერთა შეხამებაა. გვინდა, ჩვენს ეპოქაში გადმოვიტანოთ და წარმოებაში ჩავუშვათ ქართული ისტორიული ორნამენტებით მოჩითული ქსოვილები, რათა დღევანდელმა ქართველობამ ჩაიცვას და გააცოცხლოს. ჩვენი ორნამენტების თანამედროვე მოდაში გამოყენებაზე უცხოელი დიზაინერები უკვე დაგვთანხმდნენ. ან ამაზე ვინ იტყვის უარს!

- ხელოვნების სასახლეში მეორე პროექტიც ხორციელდება, - რესტავრაცია უტარდება ხუთ უნიკალურ სამეფო კოსტიუმს, მათ შორის არის მხატვარ სოლიკო ვირსალაძის შეკერილი თამარის კაბა, რომელიც ბეთანიის ფრესკის ზუსტი განმეორებაა.

- სოლიკო ვირსალაძემ ამ კაბაში ქართული ეროვნული სული ჩააქსოვა - თამარის ფრესკების მიხედვით კაბის ზუსტი ასლი აჭრა და შეკერა; უნდოდა, ისეთივე ძვირფასი ქვებითაც შეემკო, რომელიც კაბაზეა, მაგრამ მაშინ ამ იდეას განხორციელება არ ეწერა. წერდა, - მინდოდა, კაბაზე ნამდვილი თვლები გადამეტანა, მაგრამ მთავრობამ ფული არ მომცა. იმედია, დადგება დრო, როცა ეს კაბა ისეთივე ძვირფასი თვლებით შეიმოსება, როგორსაც თამარი ატარებდაო. ჩვენდა საბედნიეროდ, დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდს ბევრი არ უფიქრია, ისე გამოყო თანხა ქართული სამეფო კოსტიუმების თვალ-მარგალიტით შესამკობად. ასე რომ, დღეს თამარის კაბას ამშვენებს 4000-ზე მეტი მცირე ზომის მარგალიტი, მაღალი სინჯის ვერცხლის 155 ბალთა, ამავე სინჯის მოოქრული ბალთები, რომელზეც 400-ზე მეტი დიდი, უძვირფასესი ანდალუსიური მარგალიტია დამაგრებული. როცა ვიხსენებ, როგორ უნდოდა ეს იმ ადამიანს, რომელმაც თამარის კაბა საქართველოსთვის თავიდან შეკერა, გული მიჩუყდება...

- რესტავრატორები ამბობენ, როდესაც გიორგი კალანდიამ თქვა, თამარის კაბას ძვირფასი თვლები დაუბრუნდებაო, ზღაპრად მოგვეჩვენაო.

- საბედნიეროდ, არ გამოდგა ზღაპარი... დანარჩენი კოსტიუმები ტრაგიკული ისტორიის მატარებელია - როცა 1921 წელს წითელმა რუსულმა იმპერიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გააუქმა, ქართველ თავადებს კოსტიუმებიც ჩამოართვა, რომელიც მოგვიანებით ქართულ კინოწარმოებას გადაეცა და ფილმებში იყენებდნენ, მათ შორის ფილმ "გიორგი სააკაძეში". ეს კინოსურათი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ფილმია­ არა მხოლოდ ქართულ კინოში. აქ, ლუარსაბ მეფის, გიორგი სააკაძის და თეკლა დედოფლის როლების შემსრულებლებს ნამდვილი სამეფო კოსტიუმები აცვიათ, თუმცა უკვე ძვირფასი თვლები აღარ ამშვენებთ - გაძარცულია. ჩვენ კი მათ აღვადგენთ და ძვირფასი თვლებითაც კვლავ შევამკობთ.

- თამარის კაბაზე იმდენი ძვირფასი თვალია დატანილი, რომ კაბის ორიგინალი ალბათ 15 კგ-ს იწონიდა. ქართული სამეფო კარის კოსტიუმებიც ძვირფასი თვლებით ისეა დახუნძლული, რომ ერთი შეხედვითაც ეტყობა,­ ძალიან მძიმეა. მათი ტარება ადვილი არ იქნებოდა.

- ქართველი დიდებულები სამოსის სილამაზესთან ერთად სიმდიდრეს წარმოაჩენდნენ, რაც სამეფოს პრესტიჟულობას უსვამდა ხაზს. მხოლოდ კაბები კი არა, სამეფო სამხრეულიც ისეთი მძიმეა, რომ ხელში დაჭერაც ჭირს. სოლიკო ვირსალაძე წერდა, - თამარის კაბა ჰაეროვანი არ არის, ის კეთილშობილი ქვებით იმდენად დამძიმებულია, რომ თამარი ალბათ, მხო­ლოდ საზეიმო დღეებში ჩაიცვამდაო. მაგრამ როცა ჩაიცვამდა, ცხადია, რომ ქართული სამეფოს სიმდიდრესა და ფუფუნებას წარმოაჩენდა, რაც მნახველს მისი სამეფოსადმი მოწიწებით განმსჭვალავდა.

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით