ჯვრის ტაძარი აღარ დაინგრევა
19-09-2016
ჯვრის ტაძარი აღარ დაინგრევა
"ძველ, გაფხვიერებულ, დაშლილ-დამტვრეულ ქვებს­ ვამრთელებთ და ტაძარს ზუსტად ისე აღვადგენთ, როგორიც VI საუკუნეში­ იყო"

მცხეთის თავზე აღმართული უნიკალური ტაძრის დაშლის საშიშროება დიდი ხნის წინ გაჩნდა. დრომ, ქარმა, ყინვამ, თოვლ-წვიმამ და ბაქტერიებმა ქვები გამოფიტა და კედლების ჩამონგრევის საფრთხე შეიქმნა. თუმცა­ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში გვაიმედებენ, რომ ჯვრის ტაძარი აღარ დაინგრევა. 2016 წლის მაისში­ რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო.­ დადგინდა, რომ მთავარი ტაძრიდან ჩრდილოეთით მდებარე ჯვრის მცირე ეკლესია ყველაზე მეტადაა დაზიანებული. მორღვეულია ფასადი. კონსერვაციაზე
მომუშავე ჯგუფი ამბობს, რომ ჩატარებული სამუშაოების წყალობით, ჯვარი საუკუნეზე­ მეტხანს უთუოდ გაძლებს.

ნანა ყურაშვილი, კონსერვაციის პროექტის ხელმძღვანელი: -
მცირე ტაძ­რის დაზიანებას ხელი შეუწყო მოუვ­ლ­ელობამაც. დიდი ხნის განმავლობაში­ სახურავი არ ჰქონდა, 5-6 წლის წინ გაკეთდა.

- XX საუკუნეში, რომ არ ჩამოქცეულიყო, კედლებს ახალი ქვები­ შეამ­ატეს. ამჯე
რად რა კეთდება?

- არც ერთი ქვა არ იცვლება. ძველ, გაფხვიერებულ, დაშლილ-დამტვრეულ ქვებს­ ვამრთელებთ და ტაძარს ზუსტად ისე აღვადგენთ, როგორიც VI საუკუნეში­ იყო. ამის საშუალებას გვაძლევს დღევანდელი ტექნოლოგიები. ამასთან, ჩვენი­ კონსულტანტია ცნობილი იტალიელი რესტავრატორი სტეფანო ვოლტო, რომელთანაც წლებია, ვთანამშრომლობთ. ერთად ვაკეთებთ ატენის სიონს, გელათის მთავარ ტაძარს, თბილისის მეტეხს, ამჯერად - ჯვარს. 7-10 წლის წინ ასევე იტალიელმა საიმუნ ვარაკმა გაამაგრა დიდი ჯვრის რელიეფები, რომლებიც სიძველის გამო იშლ­ებოდა. ამჯერად ვოლტოს კონსულტაციით და საქართველოში ერთადერთი ქვის რესტავრატორის, ალექსანდრე ურუმაშვილის ხელმძღვანელობით, მუშაობს რესტავრატ­ორთა ჯგუფი. მთავარია, ტაძარი აღარ დაინგ­რევა. ამასთან, ამ საქმეს აქვს საგანმანათლებლო დანიშნულება - კონსერვაციაზე მუშაობენ არა მუშები, რომელთა ამ ტიპის სამუშაოებზე დასაქმება ჩვეული ამბავია ჩვენთან, არამედ თბილისის­ სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის სპეც­იალობის და ახალციხის უნივერსიტეტის სტუდენტები... თამამად ვიტყვი, რომ ჯვარი საუკუნეზე მეტს გაძლებს. თუმცა, 10 წლის შემდეგ ცოტა ხელის შევლება დასჭირდება.

- ახალი ტექნოლოგიებით გამაგრებული ქვები ისეთივე მდგრადია, როგორიც ბუნებრივი?

- დიახ. ქვები იმიტომ დაიფშვნა, რომ შემადგენლობიდან მნიშვნელოვანი კომპონენტი დაკარგა და გამოიფიტა. ჩვენ სწორედ­ ის კომპონენტი შეგვყავს. ბიოლო­გიური საფარი, ბაქტერიები, სოკოები აფუჭებს მათ, ამიტომაც კედლებს­ დროდადრო ხელის შევლება სჭირდება. რაც მთავარია, არ გამოვიყენებთ არანაირ ცემენტს (რადგან ის დიდი რაოდენობით მარილს გამოყოფს, რაც ყველაფერს შლის), მეტიც, წინა რესტავრაციების დროინდელსაც ვაშორებთ. ვიყენებთ მხოლოდ საკონსერვაციო მასალებს და კირს - როგორც წინათ..­.

- ბრძანეთ, ჯვარი აღარ დაიშლებაო. ეს საფრთხე მთლიანად ტაძარს ემუქრებოდა?

- ამ შემთხვევაში მცირე ტაძარს, მაგრამ იგივე პრობლემა ჰქონდა ჯვრის დიდი ტაძრის რელიეფებს, რომლებიც 2007 და 2009 წელს გაკეთდა. თვითონ ჯვარიც მძიმე მდგომარეობაშია, ქვებს ყველგან პრობ­ლემა აქვს. კარგი იქნება, თუ უძველეს ნაგებობებს დაბერებაში უმოქმედობით ან ისეთი მასალების გამოყენებით არ შევუწყობთ­ ხელს, რომელიც სპობს ტაძარს!

უხუცესი ტაძარი


იქ, სადაც ახლა უძველესი ჯვრის ტაძარი დგას, IV საუკუნის 30-იან წლებში, ქრისტიანობის მიღებიდან მალევე, მეფე მირიან III-მ ხის ჯვარი აღამართვინა. 545-586 წლებში ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის ჩრდილოეთით პატარა ეკლესია ააშენა, ხოლო მისმა ძემ, ერისმთავარმა სტეფანოზ I-მა ძმების - დემეტრესა და ადარნასეს და ერისმთავართა სახლის სხვა წევრების მონაწილეობით, მცირე ტაძრის გვერდით ააგო დიდი საყდარი, რომელიც ზედ გადაეხურა ხის ჯვარს. ძველი ჯვრის კვარცხლბეკი ეკლესიაში დღესაც არის.
თქმულების მიხედვით, მცხეთის პირდაპირ, არაგვის გაღმა, მაღალ, კლდოვან მთაზე, უცნაური, სურნელოვანი ხე მდგარა, რომელსაც სასწაულმოქმედს ეძახდნენ, რადგან დაჭრილი ნადირი ან ფრინველი მის ფოთოლს თუ შეჭამდა, მაშინვე განიკურნებოდა. მირიან მეფის ვაჟს, რევის, ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევითა­ და ერის თანხლებით, სასწაულმოქმედი ხე მოუჭრია და მცხეთაში სვეტიცხოვლის ხის სამხრეთით აღუმართავთ. მერე ამ ხისგან სამი ჯვარი გამოუთლიათ და ერთი - მცხეთის ჯვრის ტერიტორიაზე, სწორედ იქ, სადაც ახლა ქვის კვარცხლბეკი დგას, მეორე - თხოთის მთაზე და მესამე - უჯარმაში გაუგზავნიათ. 1994 წელს ჯვრის ტაძარი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს.

ეკა ლომიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით