"აღარავის ახსოვს, რომ აგარებში ჯერ კიდევ ცხოვრობენ ადამიანები..." - ორად გახლეჩილი სოფელი - კვირის პალიტრა

"აღარავის ახსოვს, რომ აგარებში ჯერ კიდევ ცხოვრობენ ადამიანები..." - ორად გახლეჩილი სოფელი

მოსახლეობას მიწის დასამუშავებლად, მოსავლის ასაღებად და საფლავზე გასასვლელად შემოვლითი გზის, დაახლოებით შვიდი კილომეტრის გავლა უწევს...

სოფლის შესასვლელში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნაწილი, საიდანაც ჯერ მოსავალი არ აუღიათ, ცოტა ხნის წინ დაყრილმა ხრეშმა დაფარა

ქვეყანაში წინასაარჩევნო პიარკამპანიაა გაჩაღებული. პოლიტიკოსები ამომრჩევლებს გეგმებს აცნობენ და უკეთეს მომავალს ჰპირდებიან. მოსახლეობა რომელი პოლიტიკური პარტიის მაჟორიტარს მიანიჭებს უპირატესობას, ამას არჩევნების შედეგები აჩვენებს. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარების მცხოვრებთ კი გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ - ხმას არავის მისცემენ და საამისოდ ბევრი მიზეზიც აქვთ.

"25 წელზე მეტია, დაჩაგრულები ვართ..."

სოფელ გომიდან აგარებამდე მიხვალთ და გზაც მთავრდება, მერე კი მიწაყრილი იწყება, რომელიც სოფელს ორად ყოფს.

აგარები მაშინ გაიხლიჩა, როდესაც საერთაშორისო მაგისტრალის მშენებლობა დაიწყო და აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ძველი ასფალტის გზა ავტობანმა შეცვალა. აგარების მოსახლეობას გაღმა-გამოღმა სასიარულოდ, ბოლო რამდენიმე თვეა, რამდენიმემეტრიან მიწაყრილზე უწევთ გადასვლა...

მიხეილ ხარებაშვილი, აგარების მკვიდრი: - "აგარები ძალიან ლამაზი სოფელი იყო. ოსებთან პირველ კონფლიქტს მოჰყვა სოფლის დაცლა. რამდენიმე წელიწადში ზოგი დაბრუნდა, ზოგის სახლიც გაიყიდა.

90-იანი წლების დასაწყისში შემოვიდა ორი კომპანია, ერთს უნდა ეწარმოებინა ბუნებრივი აირი, მეორეს - თხევადი. ჯამში ამ კომპანიებმა მოსპეს და მოხრეშეს 15-20 ჰექტარი ტყე, ტბა და ჭაობი. შეგვიმცირდა საძოვარი. მოგვიანებით, დაუკითხავად გაასხვისეს რამდენიმე შენობა და მიწა. მათ შორის კლუბი და მაღაზია. კლუბში და დანარჩენ გაყიდულ მიწებზე ააშენეს თურქული სასადილოები, ე.წ. ლოკანტა, უფრო ზუსტად - ბორდელები. ბევრი ვებრძოლეთ, მაგრამ უშედეგოდ. მერე სარწყავი არხი მოშალეს და სოფელიც უნაყოფო გახდა. გლეხობა მესაქონლეობითღა ირჩენდა თავს. სოფლის სტადიონი, საძოვრები და რეკრეაციული ზონა მაგისტრალმა შეიწირა. პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა ერთი უბნის მეორესთან დაკავშირება."

გაყოფილი სოფლის დამაკავშირებელი გვირაბი

შუაზე გაყოფილ სოფელს მალე რამდენიმე ასეული მეტრის სიგრძის გვირაბი დააკავშირებს. გვირაბის ერთი მონაკვეთის მშენებლობა უკვე დასრულებულია. პროექტის თანახმად, გვირაბის ნაწილით მოსახლეობა ისარგებლებს, ხოლო მეორე მხარეს არხმა უნდა გაიაროს. საფეხმავლო გზა და წყლის სადინარი ერთმანეთისგან დაახლოებით ერთი მეტრი სიმაღლის ცემენტის კედლით არის გამოყოფილი. შესაძლოა, უხვი ნალექისას წყალი ადიდდეს და გვირაბი გაივსოს.

ყაზბეგ თათაშვილის სახლს მაგისტრალი, მშენებარე ხიდი და მესამე მხრიდან - მიწაყრილი ესაზღვრება: - მეოთხე წელია, რაც ამ ტერიტორიაზე მშენებლობა მიმდინარეობს. სამკუთხედ გალავანში მომაქციეს. მალე ვეღარც ავტომობილს შევიყვან ეზოში და ვერც გამოვიყვან. სოფელია, ან შეშის მოტანა მინდა, ან მოსავლის. ამაზე ფიქრობს ვინმე?"

"სახლის კედლები დაიბზარა..."

მშენებლობის გამო თვეზე მეტია, რაიონთან დამაკავშირებელი ძველი გზა ჩაკეტილია, უფრო სწორად, აღარ არსებობს. არაერთი წერილი გაგზავნეს რაიონის გამგეობაში, პრემიერსაც მისწერეს, მაგრამ არავინ შეხმიანებიათ... სოფლის შესასვლელში საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნაწილი, საიდანაც ჯერ მოსავალი არ აუღიათ, ცოტა ხნის წინ დაყრილმა ქვიშამ დაფარა. გულნაზ მჭედლიშვილი ამბობს, როცა მისი სახლის წინ დაყრილ მიწას ტექნიკა ტკეპნის, საძირკველი ირყევა...

გულნაზ მჭედლიშვილი: - "მტკვრის კალაპოტიდან მოტანილ ბალასტს ჩემი სახლის წინ ყრიან და ტკეპნიან.

ისეთი ვიბრაციაა, რომ სახლი ზანზარებს. საშინელი მტვერი დგას, ეზოშიც ვეღარ გავდივართ. ეს ხმაური ჯანმრთელ ადამიანსაც კი შეურყევს ფსიქიკას. ახალი მაგისტრალი ჩემს ბოსტანზე გაჰყავთ. განადგურდა ხეხილი და ნარგავები...

არ გვეკუთვნის კომპენსაცია? მაშინ ალტერნატიული ფართები გამოგვიყონ და გადაგვასახლონ. თუ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდა, შიმშილს დავიწყებთ და მაგისტრალს გადავკეტავთ. სოფლის მოსახლეობის სახელით საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს არაერთი წერილი გავუგზავნეთ, მაგრამ პასუხი არ უღირსებიათ. "

ერთი ქალბატონი ეზოში გამხმარ ნაძვებს გვაჩვენებს - ეს სამშენებლო სამუშაოების დაწყების ბრალიაო.

იზოლაციაში მოქცეულ სოფელს ერთი მხრიდან მიწაყრილი, ხოლო მეორე მხრიდან რკინიგზა ესაზღვრება. სწორედ ლიანდაგებს იქით არის სოფლის სავარგულები და სასაფლაო. არ არსებობს ხიდი, რითაც ადგილობრივები ისარგებლებენ. რკინიგზის ერთ მონაკვეთზე მაგისტრალთან დამაკავშირებელი ახალი ხიდი აშენდება. აგარების მოსახლეობას მიწის დასამუშავებლად, მოსავლის ასაღებად და საფლავზე გასასვლელად შემოვლითი გზის, დაახლოებით შვიდი კილომეტრის გავლა უწევს...

"ყველამ მიგვატოვა"

აგარებში არ არის საბავშვო ბაღი, ამბულატორია, რაიმე გასართობი ადგილი. ათი წლის წინ აქ დაწყებითი სკოლა იყო, ახლა მცირეწლოვნებსა და მოსწავლეებს სხვა სოფლებში უწევთ ყოველდღე რამდენიმე კილომეტრის გავლა. ცერებრალური დამბლით დაავადებულმა 21 წლის თამუნა მეზურნიშვილმა განათლება ვერ მიიღო, რადგან არც ხაშურში აღმოჩნდა მისთვის ადაპტირებული გარემო.

ასმათ მეზურნიშვილი, თამუნას დედა: "- ოთხი წლის წინ მაჟორიტარობის კანდიდატი გელაშვილი ათას რამეს დაგვპირდა, სოფელში გზასაც შემოვიყვანთო, მაგრამ... გაზის ბალონების დასატენად ხაშურში დავდივართ. სოფლის ბოლოს სახნავ-სათეს მიწებთან მისასვლელად ლიანდაგები უნდა გავიაროთ, შემოვლითი გზა რამდენიმე კილომეტრია. ძალიან გვიჭირს მიწების დამუშავება და მერე მოსავლის აღება-დაბინავება.

აღარავის ახსოვს, რომ აგარებში ჯერ კიდევ ცხოვრობენ ადამიანები..."

"სოფელი იზოლაციაში მოექცა, მაგრამ ეს დროებითია"

ხაშურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, რევაზ კაპანაძემ გვითხრა, რომ აგარებში უახლოეს პერიოდში დაიწყება სოფლის გაზიფიკაცია.

- აგარებში დაწყებითი სკოლა წლების წინ მოსწავლეთა რაოდენობის უკმარისობის გამო დაიხურა. მოსწავლეები სხვა სოფლების სკოლებში სახელმწიფოს მიერ დანიშნული ტრანსპორტით უფასოდ დადიან. მოსახლეობამ გადაწყვიტა სოფელში ბავშვების გასართობი პატარა სკვერის მოწყობა. პროექტი სამჯერ გავიდა ტენდერზე და სამივეჯერ ჩავარდა, რადგან მცირებიუჯეტიანი იყო. ახლა მითხრეს, რომ ეს პროექტი კიდევ გავიდა ტენდერზე და სოფლის პროგრამის ფარგლებში ალბათ ამ თვეში გაკეთდება.

- სოფლის ბიუჯეტი რამდენია?

- სოფლის ბიუჯეტი არ არსებობს, არსებობს პროგრამა... ხუთი ათას ლარამდეა.

- სოფელში არ უნდა იყოს ამბულატორია ან ბიბლიოთეკა?

- სოფელში თუ ერთი ადამიანი მაინც ცხოვრობს, იქ ყველაფერი უნდა იყოს, მაგრამ ეს ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამ სოფლის მოსახლეობა გომის ამბულატორიით სარგებლობს. წლების წინ ბიბლიოთეკები გაუქმდა და წიგნები სკოლებში გადაიტანეს. რადგან აგარებში სკოლა აღარ არის, აღარც ბიბლიოთეკაა.

- სოფელში არ არის მაღაზია, ადგილობრივებს რაიონთან დამაკავშირებელი გზა ჩაკეტილი აქვთ და იქ მოსახვედრად შემოვლითი გზის, რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ. "სასწრაფოს" გამოძახებაც პრობლემებთან არის დაკავშირებული...

- გეთანხმებით, სოფელი იზოლაციაში მოექცა, მაგრამ ეს დროებითია, მაქსიმუმ ორ თვეში დასრულდება სამშენებლო სამუშაოები.

საგზაო დეპარტამენტს მივწერეთ, - იქნებ შეცვალოთ გზის დაგეგმარება ან ალტერნატიული გზა მაინც გააკეთეთო. გვითხრეს, სადაც ხრეში იყრება, მის ქვემოთ, სახლების წინ, დაიგება ასფალტის საფარი და გზას შეუერთდებაო. მართალია, სოფელი სოფელს აღარ ჰგავს, ხეები მოიჭრა, მაგრამ საქმეს სჭირდებოდა... ახლა ორის მაგივრად ოთხს დავრგავთ...

მეტი რა უნდა გავაკეთოთ, არ ვიცი, ბოლოს და ბოლოს, მსოფლიო მნიშვნელობის გზა კეთდება. შეძლებისამებრ გვერდით ვუდგავარ აგარების მოსახლეობას. თუკი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მოსახლეობას აქ აღარ ეცხოვრება, სხვაგან აუშენონ საცხოვრებლები.

არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები. ადგილობრივები ან მშობლიურ მხარეს დაემშვიდობებიან, ან მიწაყრილის გაღმა-გამოღმა მოუწევთ ცხოვრება...

თორნიკე ყაჯრიშვილი

სიუჟეტი იხილეთ

"პალიტრანიუსზე"