თამაზ ჭილაძე: "როგორ სწყდებოდა გული, "დავით აღმაშენებელს" ადგილი რომ შეუცვალეს" - კვირის პალიტრა

თამაზ ჭილაძე: "როგორ სწყდებოდა გული, "დავით აღმაშენებელს" ადგილი რომ შეუცვალეს"

"მერაბ ბერძენიშვილმა მართლაც ბევრი ინერვიულა, მას და მის "დავით აღმაშენებელს" ასე რომ მოექცნენ, დიდების მემორიალი რომ ააფეთქეს, დიდგორის მემორიალი რომ გაძარცვეს..."

"ეს ჩემი პირველი ქანდაკება იყო... ჩემი ხუთი წლის წვალების შემდეგ მე გავიმარჯვე, მხატვრობა მოვახვიე თავს იმასაც კი, ვისაც არ სურს გაიგოს, თუ რა არის ის. ეს დღე ბედნიერი დღე იყო ჩემთვის"...

"ქართველმა ხალხმა დაკარგა დიდი ხელოვანი, რომლის ყოველი ქმნილებაც შთაგონებული იყო საქართველოს უკვდავების რწმენით. გულის ტკივილით ვეთხოვები ძვირფას მერაბს. დე, მარად საამაყო იყოს მისი სახელი!" - იმავე საღამოს, როგორც კი სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალების ამბავი გავრცელდა, ერთ-ერთმა პირველმა, კლასიკოსმა მწერალმა თამაზ ჭილაძემ მიუსამძიმრა საქართველოს.

ამას წინათ, როცა ბატონ თამაზს შინ ვეწვიე, მერაბ ბერძენიშვილთან ურთიერთობაზეც ვკითხე. მიამბო: "მართალია, მეგობრები არ ვყოფილვართ, ჩვენზე უფროსი იყო, მაგრამ ოთარიც და მეც ძალიან ვუყვარდით. კარგი ბიჭი იყო, ძალიან ვაჟკაცი, ჯერ კიდევ ვერის უბნიდან მახსოვს, ჩექმებით რომ დადიოდა... იცი, რა კარგი ჯგუფი იყო ვერელების, ის, თენგიზ კეკელიძე და კიდევ რამდენიმე - "ძველი ბიჭები", "კარგი დამრტყმელები"? ვერ წარმოიდგენ, ისეთ წესრიგს ამყარებდნენ უბანში. უსამართლოდ ვერავინ მოგექცეოდა, უბატონოდ ვერავინ ვერაფერს გეტყოდა, მით უფრო - გოგოსთან ერთად თუ იყავი".

მერე კედელზე თვალსაჩინოდ დაკიდებულ დავით გურამიშვილის ავტოპორტრეტს ახედა და... - ხომ ავტორისეულია ეს პორტრეტი, მაგრამ მე მერაბის "დავით გურამიშვილი" მირჩევნია, საერთოდაც, მის ნამუშევრებში გამორჩეულად "დავით გურამიშვილი" და "მუზა" მომწონსო... მერე ისიც გაიხსენა, აღმაშენებლის ძეგლის გადატანასთან დაკავშირებით, როგორ სწყდებოდა გული, ადგილი რომ შეუცვალეს, თანაც, მის უკითხავად. იმ ძეგლის თავის ადგილას დაბრუნება და მიმდებარე ადგილის გაშენება მერაბის ბოლო სურვილი იყოო.

ეს ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ მერაბ ბერძენიშვილის ოჯახმა და ქართველი საზოგადოების ნაწილმაც გააცხადეს და მისი აღსრულებაც სთხოვეს ხელისუფლებას.

ბატონმა მერაბმა კი მართლაც ბევრი ინერვიულა, მას და მის "დავით აღმაშენებელს" ასე რომ მოექცნენ; დიდების მემორიალი რომ ააფეთქეს, დიდგორის მემორიალი რომ გაძარცვეს...

პირველი ქანდაკება

გასული საუკუნის 60-იან წლებში კულტურის სამინისტროს მერაბ ბერძენიშვილისთვის დავით გურამიშვილის ძეგლი დაუკვეთია. მასაც დავალება შეუსრულებია. ნამუშევარი მოუწონეს და უკვე თბილისში დასადგმელად დაუკვეთეს. ესკიზიც დამტკიცდა, მაგრამ მუშაობის დაწყებამდე შეატყობინეს, მოქანდაკეები წერილებს წერენ ზემდგომ ორგანოებში, კონკურსი უნდა ჩატარდესო. თავად მონაწილეობა არ მიუღია, დანარჩენი ნამუშევრებიდან კი ვერაფერი შეურჩევიათ და კვლავ მისთვის მიუკითხავთ. ბატონი მერაბი იხსენებდა:

"სახელდახელოდ გაკეთებულ სახელოსნოში ვიყავი დილიდან საღამომდე. ზოგჯერ ღამითაც იქ ვრჩებოდი. ძეგლი კომისიამ მიიღო და გაგზავნა ლენინგრადში ბრინჯაოში ჩამოსასხმელად. ეს იყო სწორედ მაშინ, როდესაც აიკრძალა ბრინჯაოში ქანდაკების ჩამოსხმა. საშინელ დღეში ვიყავი. ლენინგრადში კვლავ კომისიას უნდა ენახა, რომ გამოეყოთ ბრინჯაო. კომისიის თავმჯდომარეს ჩემი ნამუშევარი არ მოეწონა და ბრინჯაოზე უარი თქვა. სად გინახავთ ასეთი ქართველი? - მკითხა მან. მე ქართულ ქანდაკებებს ვაკეთებ და არა იმ ქართველებს, რომლებსაც თქვენ იცნობთ მოსკოვში, ცხვირიღა რომ შერჩენია ქართული. იგი ადგა, უეცრად პალტო მიართვეს და ყველას დაემშვიდობა. იქ დარჩენილებმა იმსჯელეს და თუჯი გამომიყვეს ჩამოსასხმელად. ჩამოსხმული ქანდაკება ჩამოვიტანე თბილისში და იგი სპილენძით დავაფარინე.

ქანდაკება 1960 წლიდან 1965 წლამდე დიდუბეში ("იუჟნი პარკი") პერონზე ეგდო. დღესაც იქ იქნებოდა, მე რომ არ მემოქმედა. ძალიან დიდ რისკზე მივდიოდი. უტილიტარულ ქანდაკებებს მიჩვეულთ, ვუდგამდი მხატვრულ ქანდაკებებს. დიდი წინააღმდეგობები მეღობებოდა. დილის 8 საათიდან საღამოს 6 საათამდე მუშებთან ერთად ვცოდვილობდი. ხან რა სჭირდებოდათ, ხან–- რა. ვინ იყო მშველელი, ვის აინტერესებდა გურამიშვილის ქანდაკება... მოახლოვდა ქანდაკების გახსნის დღე. მე გულზე გასაკეთებელი სამახსოვრო ნიშნები - გურამიშვილის თავი გავაკეთებინე. დავურიგე იმათ, ვისაც გულწრფელად მოსწონდა ძეგლი. მოსაწვევი ბარათებიც მზად იყო, მას გურამიშვილის ლექსი ამშვენებდა. ეს ჩემი პირველი ქანდაკება იყო... ჩემი ხუთი წლის წვალების შემდეგ მე გავიმარჯვე, მხატვრობა მოვახვიე თავს იმასაც კი, ვისაც არ სურს გაიგოს, თუ რა არის ის. ეს დღე ბედნიერი დღე იყო ჩემთვის"...

("საბჭოთა საქართველო", 1979 წელი.)

"ქართველი მიქელანჯელო"

ფილოსოფოსი და კულტუროლოგი მოისეი კაგანი მერაბ ბერძენიშვილს "ქართველ მიქელანჯელოს" უწოდებდა და ამბობდა: "ის ქართველია თავისი ტემპერამენტით, ქალთან რაინდული დამოკიდებულებით, მამაკაცთა ვაჟკაცობისთვის ხოტბის შესხმით, ადამიანის ყოფაში ბუნების როლის გააზრებით, რაც გამოვლენილია მის ყველა მემორიალურ კომპოზიციაში... ქართველი კაცი მოქანდაკის ქმნილებაში მომეტებული სიმძაფრით გრძნობს რაღაც თავისას, თანახმიერს, მშობლიურს, თუმცა საქართველოში ჩამოსული უცხოელიც აღიქვამს და იგებს ამ ქმნილებებს არა როგორც ეგზოტიკურ-ეთნოგრაფიულ პერსონაჟებს და მოვლენებს, არამედ როგორც მისდამი მიმართვას, მასთან გამართულ დიალოგს, როგორც მისი სულის ამამაღლებელ ძალას, რომელ ერსაც არ უნდა ეკუთვნოდეს თვითონ..."

უკანასკნელი "ნამუშევარი"

მერაბ ბერძენიშვილმა საუცხოო შემოქმედებასთან ერთად საუცხოო კულტურის საერთაშორისო ცენტრი შექმნა, რომელსაც მისი ულამაზესი ქმნილების სახელი - "მუზა" უწოდა... აქვეა მოქანდაკის, ფერმწერისა და გრაფიკოსის, საქართველოს დამსახურებული მხატვრისა და რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის მერაბ ბერძენიშვილის სახლ-მუზეუმიც და უკვე - მისი სამუდამო განსასვენებელიც.

მერაბ ბერძენიშვილი 17 სექტემბერს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა და 22 სექტემბერს მისივე სურვილით საკუთარი სახლ-მუზეუმის ეზოში დაკრძალეს.

ირმა ხარშილაძე