"ზებრასთან მაქვს სურათი გადაღებული" - კვირის პალიტრა

"ზებრასთან მაქვს სურათი გადაღებული"

"ასეთი ხუმრობა შვილის გასამხიარულებლად დამჭირდა. მოგეხსენებათ, უმძიმესი წლები გამოვიარეთ, პოლიტპატიმარიც ვიყავი, ეს კი ჩემი შვილისთვის სტრესი იყო, რამაც მის ჯანმრთელობას პრობლემები შეუქმნა"

"ერთმა მითხრა, ზოოპარკში ცოცხალ ლომებთან მაინც გადაიღე სურათიო"

ბოლო ორი კვირის განმავლობაში "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი მაჟორიტარობის კანდიდატის, მამუკა ტუსკაძის ფოტო სოციალურ ქსელში ყველაზე პოპულარული გახდა. გლდანის 21-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ფოტოზე ჩოხა-ახალუხით არის გამოსახული, სათამაშო ლომთან ერთად. როგორ მოხვდა ეს ფოტო სოციალურ ქსელში და რატომ ეგონათ ადამიანებს, რომ ის ამომრჩეველზე ზემოქმედებას ისახავდა მიზნად?! ხალხის გამოხმაურებით შეწუხებული მამუკა ტუსკაძე "კვირის პალიტრას" დაუკავშირდა.

- ეს ფოტო სულაც არ არის საარჩევნო ბანერისთვის განკუთვნილი და არც წინასაარჩევნო პერიოდშია გადაღებული. 6 თვის წინ ჩემმა შვილმა ეს ფოტო ოჯახში გადამიღო. ასეთი ხუმრობა მის გასამხიარულებლად დამჭირდა. მოგეხსენებათ, უმძიმესი წლები გამოვიარეთ, პოლიტპატიმარიც ვიყავი, ეს კი ჩემი შვილისთვის სტრესი იყო, რამაც მის ჯანმრთელობას პრობლემები შეუქმნა. ბავშვმა ეს ფოტო სოციალურ ქსელში თავის გვერდზე გამოაქვეყნა. მას შემდეგ, რაც მე გლდანის 21-ე ოლქის კანდიდატი გავხდი, ვიღაცებმა გაავრცელეს. ის ათეულობით ათასმა ადამიანმა ნახა. არ ვიცი, ასეთი რა ნახეს...

ვინც თავდაპირველად გაავრცელა, მიანიშნა, რომ ფოტო საარჩევნო პერიოდში იყო გადაღებული, ბევრმა კი კომენტარით და პოსტებით სცადა იმის დამტკიცება, რომ საარჩევნო ბანერისთვის იყო განკუთვნილი, რაზეც მეც კი მეცინება. ზოგი ჩემზე წერდა, საცოდავიაო, ზოგიც დებილს მიწოდებდა. ასეთმა პოსტებმა ძალიან იმოქმედა. ვერ მივხვდი, ამდენი ადამიანი ჩემს წინააღმდეგ რატომ გაერთიანდა. არადა, კენჭი მაჟორიტარად რომ არ მეყარა, ეს ფოტო არავის გაახსენდებოდა.

- თქვენს გვერდზე არის არა მხოლოდ ეს ფოტო, არამედ სხვა მსგავსიც, რომლებიც არა 6 თვის წინ, არამედ 11 ივნისს არის ატვირთული.

- რომელ ფოტოებს გულისხმობთ, ვერ ვხვდები...

- იმ ფოტოებზეც ჩოხა-ახალუხში ხართ გამოწყობილი, ლომი თქვენს ფერხთით აღარ არის, მაგრამ ზურგს უკნიდან იმზირება...

- შესაძლოა, ეს ფოტოებიც ჩემს გვერდზე ბავშვმა გააზიარა. 11 ივნისს მე "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატი არ ვიყავი. წინასაარჩევნო აგიტაციის პერიოდი 8 აგვისტოდან დაიწყო.

- ესე იგი, ლომთან ფოტო ამომრჩეველზე შთაბეჭდილების მოსახდენად არ გადაგიღიათ?

- არა, რა თქმა უნდა. სხვათა შორის, ერთმა მითხრა, ზოოპარკში ცოცხალ ლომებთან მაინც გადაიღე სურათიო.

- ნუთუ ცოცხალ ლომთანაც შეგიძლიათ სურათის გადაღება?

- არა, ცოცხალ ლომთან ფოტოს გადაღებას არ ვაპირებ. სხვათა შორის, "ფეისბუკში", ჩემს გვერდზე ზებრასთან გადაღებული სურათიც დევს და ის რატომ არავინ გაავრცელა?!

პოლიტიკა რომ ბინძური საქმეა, ამაში დავრწმუნდი...

- თქვენს გვერდზე რატომ არ გააკეთეთ ახსნა-განმარტება, რომ ეს ფოტო არჩევნებთან არ იყო დაკავშირებული?

- რა ვიცი... 100 ათას ადამიანს როგორ გავაგებინებდი ჩემს სიმართლეს?! ყველა მაინც ვერ ნახავდა ამ ახსნა-განმარტებას და წარმოუდგენელი იყო, თითოეული პოსტისთვის მეპასუხა.

- ფოტომ პოპულარული კი გაგხადათ...

- პოპულარული შალვა ნათელაშვილიც არის, მაგრამ ჩემთვის მისი ეს პოპულარობა არასერიოზულია.

გთხოვთ, დაწეროთ, რომ მამუკა ტუსკაძე ათასობით ადამიანს უთვლის მადლობას ამ ფოტოს გაზიარებისთვის, თუმცა შეურაცხმყოფელი და დამცინავი კომენტარების ავტორებს ვსაყვედურობ.

- ამ ფოტოს თუ არ ჩავთვლით, კიდევ რითი გიცნობთ ამომრჩეველი?

- 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მივიღე მონაწილეობა და გლდანში, ფაქტობრივად, გავიმარჯვე, თუმცა მაშინ შედეგები გააყალბეს. მე ვარ ყოფილი პოლიტპატიმარი. "ჰეროკრატიაში" ერთი ეპიზოდი ჩემს პატიმრობას ეხება და მალე გავა ეთერში. როგორც ადვოკატი, იურისტი და უფლებადამცველი ხალხს უანგაროდ ვეხმარები, ამიტომ დარწმუნებული ვარ, ის სათამაშო ლომი გლდანელებს ვერ შეაშინებს!

ეკა ასათიანი