"მიშამ მომწამლა"
04-10-2016
"მიშამ მომწამლა"
"ცხოვრებაში პირველად გამიხარდა, რომ შემაგინეს"

"ამ ადამიანის ცხოვრება უკვე "მამაო ჩვენოსავით" ვიცი. ექსპრეზიდენტს ბევრი მანერული თვისება აქვს, მათ შორის მხოლოდ მისი თითების კომბინაციის 4 ფურცელი მაქვს ჩამოწერილი და ათვისებული"


ფილმმა "ჰეროკრატია", რომელმაც ჯერ კიდევ დღის სინათლის ხილვამდე­ ვნებათაღელვა გამოიწვია, ქართულ ტელეეკ­რანებზე სტარტი აიღო. მასში ბევრ საინტერესო სახეს შეხვდებით. თუმცა მაყურებელი განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობით ერთ პერსონაჟთან შეხვედრას ელოდა. ეს იყო ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროტოტიპი, რომელსაც ფილმში ჰერო ჰქვია. მას 29 წლის
ნოდარ სიმსივე ასახიერებს. მართალია, ფილმის ყურებისას ჰეროსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ბევრი საერთო აღმოვაჩინე და ამ როლის შემსრულებელთან შეხვედრისას არ უნდა დავბნეულიყავი, მაგრამ ინტერვიუს ჩაწერამდე დრო მაინც დამჭირდა, რომ გონებაში ადგილები მიმეჩინა "პრეზიდენტისა" და მსახიობისათვის.

- ჰერო ძალიან საინტერესო როლია, რადგან პიროვნება, ვის პროტოტიპსაც ვასახიერებ,
ნიჭიერი და კარგი არტისტია, ლოგიკურად ვერ განჭვრეტ, რის შემდეგ რა შეიძლება­ გააკეთოს, არაადეკ­ვატურია. ამ ადამიანის ცხოვრება უკვე "მამაო ჩვენოსავით" ვიცი. როლზე მუშაობისას მისი ფსიქოლოგიური პორტრეტიც შევისწავლე, რაშიც დიდი დახმარება გამიწია ფსიქოლოგმა­ თეა გოგოტიშვილმა. ამიხსნა, თუ რა დროს შედის ეს ადამიანი ჩიხში, რა დროს გადადის შეტევაზე, რა დროს იწყებს მიმიკებზე მუშაობას. ექსპრეზიდენტს ძალიან ბევრი მანერული თვისება აქვს, მათ შორის მხოლოდ მისი თითების კომბინაციის 4 ფურცელი მაქვს ჩამოწერილი და ათვისებული. სააკაშვილი უდავოდ ნიჭიერი პიროვნებაა, მაგრამ არა ნიჭიერი პოლიტიკოსი.

როლზე მუშაობა გასული წლის აგვისტ­ოში დავიწყე. ვიჯექი­ და მის ვიდეოებს­ ვუყურებდი. თავიდან ძალ­იან გამიჭირდა. შემდეგ როლზე მოსარგები­ გასაღების მაგივრობა ერთმა ვიდეომ გამიწია.

- რომელ ვიდეოს გულისხმობთ?
- "ნულოვანი ტოლერანტობა!", "ყველანი ციხეში!" - ცნობილი ფრაზაა, რომელსაც პარლამენტის ტრიბუნიდან ამბობს.

- კარგად გაქვთ გათავისებული ექსპრეზიდენტის მიმიკა და პლასტიკაც.
- პლასტიკის, მიმიკისა და მოძრაობის გათავისებაში ხელი შემიწყო წონის მომატებამ. როდესაც როლზე დამამტკიცეს 80 კილოგრამი ვიყავი, როლის მოსარგებად კი წონის მომატება დამჭირდა და 108 კილოგრამი გავხდი.


- ალბათ, სპეციალური მენიუ შეგიდგინეს?
- არა, ქართულ ტრადიციულ კვებაზე გადავედი. წონასთან ერთად პლასტიკაც შემეცვალა, მერე მსახიობის ოსტატობაც მოვიშველიე. რაც შეეხება ვარცხნილობას, ფილმამდე გრძელ თმას ვატარებდი, ახლა შემჭრეს, ბაკებიც ამ პერსონაჟის გამო მოვიზარდე.
როლზე მუშაობა დავიწყე თუ არა, დავასკვენი, რომ პიროვნება, რომელიც უნდა განვასახიერო, არის უშრეტი ენერგიის, თავისი მანერულობით ნუსხავს, იპყრობს საზოგადოებას, გენიალური ორატორია. ზუსტად აწვდის საზოგადოებას მისთვის სასურველ ინფორმაციას, მიუხედავად პირის აპარატისა, რომელიც ცნობილია, რომ არა აქვს გამართული და არც მეტყველება უვარგა.

- ბევრი წინასწარმეტყველებს, რომ ეს როლი გარდამტეხი იქნება თქვენს კარიერაში.
- იმედია, ღირსეულად გავართმევ თავს. კმაყოფილია შემოქმედებითი ჯგუფიც და საზოგადოებისგანაც ვიგრძენი სითბო.
უკვე ტრილერის ეთერში გაშვების დღიდანვე მივიღე შემოთავაზებები, მაგრამ უარი ვთქვი ამ პროექტის დასრულებამდე, რადგან ახლა იმდენს ვფიქრობ მიშაზე, რომ გლეხს მათამაშებთ თუ მწყემსს,­ მიშას ანალოგი ვიქნები-მეთქი.

- ამ როლამდე როგორი იყო თქვენი ცხოვრება?­
- დავიბადე და გავიზარდე თბილისში.­ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი პირვე­ლი მცდელობისთანავე გავხდი. დათო ანდღულაძის ჯგუფში ვსწავლობდი. მერე ბუდაპეშტის პირველ ნომერში რკინის თეატრი გავაკეთეთ და იქ ვმუშაობდი.­ გარდა სამსახიობო ცხოვრებისა, თბილისის­ ლოკომოტივის პრესსამსახურშიც ვმუშაობ. ვარ ფეხბურთის კომენტატორიც. დაოჯახებული არა ვარ. ვცხოვ­რ­ობ დედასა და დასთან ერთად, მამა 10 წელია ესპანეთში ცხოვრობს.

- გვარის წარმოშობაზეც მიამბეთ, უცნაური გვარი გაქვთ, ვისთვის სიმსივე ხართ და ვისთვის რამდენიმე სერიაში სიმსივნედ იქეცით...
- ჩემი გვარი იმერეთიდანაა. ჩემი წინაპრები XII საუკუნეში ჩამოსულან აქ ესპანეთიდან. მათი გვარი ყოფილა - სიმსიმი, საუკუნეების განმავლობაში ასიმილაცია­ განიცადა და ზოგი სიმსივე გახდა, ზოგი სივსივაძე, წივწივაძე და ასე შემდეგ.

- სინჯებზე როგორ მოხვდით?
- რომ გავიგე, მსახიობები სჭირდებოდათ, დავადე თავი და მივედი. კასტინგზე პიჯაკი მომარგეს და ხმამაღლა მსჯელობდნენ, ალბათ, ადვოკატის როლზე გამოდგებაო. მერე არ შემხმიანებიან. გარკვეული ხნის შემდეგ სპექტაკლში "სულ სხვა ოპერა" მნახა ბატონი გოგა ხაინდრავას მეუღლემ - ქალბატონმა­ მარიკა ჭიჭინაძემ. მასში ქალ პერსონაჟს ვასახიერებ. ამ როლმა დიდი წარმატება მომიტანა - საუკეთესო მამაკაცი მსახიობის პრიზი მომანიჭეს.
სპექტაკლის შემდეგ ქალბატონმა მარიკამ კომპლიმენტებით ამავსო. მერე კი მესმოდა, ვიღაცას ეუბნებოდა: "კი, ეგ არის, ნამდვილად ეგ არის!" ერთი კვირის თავზე დამირეკეს - გოგა ხაინდრავას უნდა თქვენი ნახვაო. რას წარმოვიდგენდი, თუ ექსპრეზიდენტის როლს შემომთავაზებდა. სიხარულისგან ენა ჩამივარდა.

- მანამდე თუ მიუმგვანებიხართ ვინმეს?
- არა. კისერწვრილი, მუცელშეგდებული მიშას ვერ ემგვანები. რაც ამ როლზე ვმუშაობ, ნოდარი აღარ ვარ. ჩაცმის სტილიც კი შევიცვალე. სპეციალურად ვყიდულობ ისეთ სამოსს, რომ სულ მიშას ტყავში ვიგრძნო თავი. ხშირად ვუსმენ ჩვენი შოუბიზნესის ისეთ მომღერლებს, ვინც მას უყვარდა. ეს ყველაფერი­ მეხმარება ჩემი გმირის ძერწვისას. გარდა ამისა, გვყავს არაჩვეულებრივი გრიმიორები, მხატვრები - ისეთი კოსტიუმები მოაქვთ, ვხუმრობ ხოლმე, სააკაშვილი რომ წავიდა, ეს სამოსი დაგვიტოვა, ნოდარმა მოირგოსო.
ისე აქვთ კაბინეტი მოწყობილი, იქ რომ შევდივარ, მართლა პრეზიდენტად ვგრძნობ თავს.

- ექსპრეზიდენტის ფავორიტ ქალებთან ურთიერთობაზე ათასგვარი მითქმა-მოთქმა იყო. ეს კინოში თუ იგრძნობა?
- მსგავსი ეპიზოდები ფილმში რეჟისორის მიერ ესთეტიკურად არის გადაწყვეტილი და არა - უხამსად.

- შევიტყვე, რომ მანანა შევარდნაძეს­ ეკრანულ მშობლებთან სამახსოვრო ფოტო გადაუღია და მათ მიმართ სითბო გამოუხატავს. თქვენ არავინ შეგაფასათ ექსპრეზიდენტის გარემოცვიდან?

- ჯერჯერობით, არავინ. ძალიან მინდა­ შევხვდე ჩემს რეალურ პროტოტიპს. ამ ადამიანმა მომწამლა - არაფერს ვკითხავდი, მივესალმებოდი, დავჯდებოდი და დავაკვირდებოდი. მაინტერესებს, რას იტყოდა, როდესაც ჩემს თამაშს ნახავდა. დარწმუნებული ვარ, არ მოიწონებდა, რომც მოსწონებოდა, არაფერს იტყოდა, მაგრამ მე იმდენად კარგად ვიცნობ ექსპრეზიდენტის მანერებს, მიმიკებს, დარწმუნებული ვარ, მის აზრებს ამოვიკითხავდი, ყოველგვარი სტატუსებისა და კომენტარების მიღმა.

მაინტერესებს კრიტიკაც, ოღონდ ჯანსაღი. მახსოვს, ავლაბრის მეტროში ვიღებდით ერთ სცენას, მაშინ ფილმი არც იყო გასული ეთერში.
ამოვდივარ მეტროდან და ვჯდები მანქანაში. უცებ ბავშვებმა მომაძახეს: "მიშა, რამხელა მუცელი გაქვს". ეს პირველი "ოსკარი" იყო ჩემ­თვის. ვფიქრობდი, დუბლი დასრულდება თუ არა, ამ ბავშვებს სათითაოდ ჩავეხუტები­-მეთქი.
ამ გადაღებისას კიდევ ერთი კურიოზი მოხდა.

გადამღები ჯგუფის წევრებმა მითხრეს, მანქანაში რომ ჯდებოდი, შეგაგინესო. რატომ-მეთქი, გამიკვირდა. არა, ბიჭო, შენ კი არა, ექსპრეზიდენტს შეაგინეს, ისევ დაბრუნდა ამის ასე და ისეო... ცხოვრებაში პირველად გამიხარდა, რომ შემაგინეს!

- რომელიმე პარტიის წევრი თუ ხართ?

- არა და არასოდეს ვიქნები. ამას ყველგან ვამბობ! ახლა, პრეზიდენტს რომ ვასახიერებ და კარგად გავიცანი პოლიტიკური კულუარები - როგორ დაძვრებიან აქეთ-იქით, რომ სკამი შეინარჩუნონ, არასდროს გამიჩნდება პოლიტიკოსობის სურვილი. აქტივისტიც კი არ ვიქნები არც ერთი პარტიის.

- არჩევნებში მიიღებთ მონაწილეობას?
- რა თქმა უნდა, ეს ხომ მოქალაქეობრივი ვალია?

- ამდენი ცნობილი სახე რომ მოდის პოლიტიკაში, მოგწონთ?

- ზოგჯერ მგონია, თითქოს პოპულარობას პარლამენტში მოსახვედრად იყენებენ. როცა ცნობილი სახე ხარ და პოპულარობას ბოროტად იყენებ, მაგრამ რეალურად საქმე არ კეთდება, ასეთი ფეხბურთელი, მსახიობი, მომღერალი, თუ ვინც იქნება, პოლიტიკაში ტრაგიკომედიაა. შედეგად, ქვეყანა "ცისფერი მთების" სიუჟეტს ემსგავსება.

პოლიტიკოსად არავინ დაბადებულა, მაგრამ როდესაც სიტყვას სიტყვაზე ვერ აბამ, საერთოდ კომენტარი არ გაგიკეთებია და თუ რაიმე კონფლიქტი მოხდა პარლამენტში, მხოლოდ მაშინ ჩნდები, პირველ რიგში ანტიპიარს უკეთებ იმ ქვეყანას, რომლის პარლამენტის წევრიც ხარ.

ეკა სალაღაია
ss
07 ოქტომბერი 2016 10:47
აქ რამოდენიმე მიშოიდმა უნიჭო კომენტარი გააკეთა, ეტყობა ჯიგარში მოხვდათ. ჰერო ბევრად კაი ტიპია, ვიდრე ნაცხროვის სულიერი მოძღვარი, ყურების დროს მაინც ხვდები, რომ მსახიობია. ოდესელი სატანის როლის მორგება არც ისე ადვილია.
სიმონი
06 ოქტომბერი 2016 20:38
უაზრო ფილმი
გიგა
06 ოქტომბერი 2016 17:33
გულისამრევი "რეჟისორის" მდარე ხარისხის შემოქმედება უნიჭო მსახიობების შესრულებით!

რედაქტორის რჩევით