"არასოდეს შემხვედრია ქართველი, რომელიც საქართველოში დაბრუნებაზე არ ფიქრობს" - კვირის პალიტრა

"არასოდეს შემხვედრია ქართველი, რომელიც საქართველოში დაბრუნებაზე არ ფიქრობს"

"ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველები ხშირად დღის განმავლობაში ანაზღაურებული სამუშაოდან მიღებულ ერთ დოლარს, ცენტებსაც სწირავენ, რომ ჩვენს ქვეყანას მცირედით დაეხმარონ. არადა, თავადაც ოჯახებს არჩენენ. ემიგრანტებმა საკუთარი ჯანმრთელობის ფასად შიმშილით დაღუპვის ზღვარზე მისული ოჯახები გადაარჩინეს"

"თითქოს სამშობლოდან გამორბიან, მაგრამ მერე წამებს ითვლიან, როდის დაბრუნდებიან უკან", - ასე დაიწყო ნიუ-იორკში ქართული ეკლესიის წინამძღვარმა მამა ალექსანდრე თანდილაშვილმა ოკეანის გაღმა მყოფი ემიგრანტების საოცარ ისტორიებზე საუბარი. მამა ალექსანდრე წელიწადში ერთხელ საქართველოში ჩამოდის და "მსოფლიოს დედაქალაქში" მცხოვრები ქართველების შეგროვებული ფინანსებით უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს ეხმარება:

- ნიუ-იორკში პირველად 90-იანი წლების დასაწყისში ჩავედი - მაშინ ამერიკაში არც ისე ბევრი ქართველი ცხოვრობდა, თუმცა საერთო ძალებით ერთ კერძო შენობაში პატარა ოთახის დაქირავება და სამლოცველოს მოწყობა მაინც მოვახერხეთ. გუშინდელ დღესავით მახსოვს ჩვენი პირველი წირვის დღე - მრევლში სულ ხუთი კაცი იყო, თუმცა ისეთ ერთობასა და სიძლიერეს ვგრძნობდით, პირადი ტრაგედიები დროებით ყველას გადაავიწყდა. არადა, თითოეულის ყოფა საოცრად მძიმე იყო... ზოგი მოხუცს უვლიდა, ზოგიც მშენებლობაზე მუშაობდა... თანდათან ყველა აცნობიერებდა, რომ ნიუ-იორკში ცხოვრება ისე იოლი სულაც არ იყო, როგორც ეს საქართველოდან ჩანდა.

ჩვენი სამლოცველო თითოეულს ძალას მატებდა უზარმაზარ ქვეყანაში ეულად ყოფნის მძიმე განცდებთან გამკლავებაში - შაბათ-კვირას ერთმანეთს ვამხნევებდით, საერთო ტკივილს ვუზიარებდით და სამშობლოში დაბრუნებაზე დაუსრულებლად ვსაუბრობდით. მრევლის რაოდენობა განსაკუთრებით 1998 წლის შემდეგ გაიზარდა. ერთ დღესაც მრევლში მატერიალურად ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფმა ქართველმა გვითხრა, მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვიჭირს, აქ ლუკმაპურს მაინც ვიშოვით, საქართველოში კი ბავშვები, მოხუცები შიმშილობენ, თანხა შევკრიბოთ და გავგზავნოთო. თავად ერთი დოლარი მოგვაწოდა - ახლა მეტი არა მაქვს, დღეს მთელი კვირის ხელფასი საქართველოში გავგზავნე, მაგრამ მომავალ კვირას ბევრს ვიმუშავებ და მეტს მოგაწვდითო. მისმა სულგრძელობამ ყველა აგვაღელვა. მრევლმა ბოლო ცენტები ამოიღო და საქართველოში გამოსაგზავნად ეკლესიას შეწირა. 1.600 დოლარი შეგროვდა, რაც საპატრიარქოში სოციალურად დაუცველთა დასახმარებლად გამოვგზავნეთ.

- მას შემდეგ ყოველ წელს საქართველოში ქველმოქმედებას ეწევით.

- იმ დღის შემდეგ ეს ტრადიციად იქცა. ვაგროვებთ თანხას და საქართველოში ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებს ვეხმარებით, ამასთან, ამერიკაში მცხოვრებ ქართველებსაც.

სანამ ემიგრანტები სამსახურს მოძებნიან, ვცდილობთ საზღვარგარეთ ყოფნის პირველი დღეები შევუმსუბუქოთ. ღვთის წყალობით, ჩვენი ეკლესიის მრევლი არაერთ ადამიანს დაეხმარა, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე დაღუპვას გადავარჩინეთ...

ყოველ წელს საქართველოში ბავშვთა თავშესაფრებში მივდივართ, ამასთან, არაერთ მშენებარე ეკლესიას დავეხმარეთ შესაწირით... 13 ივნისს დაზარალებულებს საოჯახო ტექნიკა შევუძინეთ. საოცარი მთელ ამ ისტორიებში მაინც ის არის, რომ ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველები ხშირად დღის განმავლობაში ანაზღაურებული სამუშაოდან მიღებულ ერთ დოლარს, ცენტებსაც სწირავენ, რომ ჩვენს ქვეყანას მცირედით დაეხმარონ. არადა, თავადაც ოჯახებს არჩენენ. ემიგრანტები მართლაც გმირები არიან, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად შიმშილით დაღუპვის ზღვარზე მისული ოჯახები გადაარჩინეს, თუმცა ქველმოქმედება მაინც არ ავიწყდებათ. ჩვენი ერთსულოვნება არც ამერიკელებს გამოჰპარვიათ. პატივს სცემენ ჩვენს ეკლესიას და უყვართ ჩვენი მრევლი, განსაკუთრებით, მგალობელთა გუნდი. ეზოში სხდებიან და ჩვენს გალობას ისმენენ.

- ემიგრანტთა ახალ თაობაშიც იგივე სულისკვეთება იგრძნობა?

- ემიგრანტების აშშ-ში დაბადებულ შვილებს საქართველო თვალითაც არ უნახავთ, თუმცა მის შესახებ ყველაფერი იციან. მგალობელთა გუნდშიც სწორედ ეს ახალგაზრდები გალობენ.

არასოდეს შემხვედრია ქართველი, რომელიც საქართველოში დაბრუნებაზე არ ფიქრობს. უბრალოდ, ყველა ელოდება, როდის გაიმართება ქვეყანა წელში, რომ ოჯახის რჩენის პრობლემა არ ჰქონდეთ. ქართული ცეკვისა და სიმღერის შემსწავლელი ჯგუფის ჩამოყალიბებასაც ვგეგმავთ. ეს მომავალი თაობისთვის მეტი სტიმული იქნება, რომ ერთ დღეს სამშობლოს დაუბრუნდნენ.

რუსუდან შელია