აქ, ძველ უბანში, ძველ კოშკზე ყველაზე ციცქნა საათი რეკავს...
26-09-2016
აქ, ძველ უბანში, ძველ კოშკზე ყველაზე ციცქნა საათი რეკავს...
ამ მძიმე დედამიწაზე ბედნიერება მუდამ არის და იგი ყოველთვის სილამაზის ხილვას და განცდას მოაქვს, მათ შორის ისეთ სილამაზესაც, მარიონეტების თეატრის უკან, ძველ კოშკზე რომ გაჩნდა საინტერესო კაცის წყალობით

გეცოდინებათ, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდი საათი ინდოეთის­ ქალაქ­ ჯიაპურშია, მისი ისრის­ სიგრძე­ 340 მეტრია; მაგრამ მსოფ­ლ­იოში ქალაქის ყველაზე პატარა­ საათის შესახებ იცით რამე? ალბათ,­ არა, რადგან მას არც საუკუნეების ისტორია აქვს და, ჯერჯერ­ობით, არც ფოტოებზეა ასახული. არადა, ის ჩვენთან სულ ახლოს, ძველი
თბილისის უბანში, ძველ კოშკ­ზეა მოთავსებული და როგორც ყველა საათს, დრო შეუსვენებლად გაჰყავს...

ეს საათი ძველი და ძვირფასი რელიკვიებისგან ძალიან საინტერესო კაცმა,­ რეზო გაბრიაძემ შექმნა და ძველი თბილისის ძველ კოშკზე მიამაგრა. საათის გარშემო კი ციცქნა სახლი, ციცქნა აივ­ნებზე გადმოკიდებული ციცქნა ფარდები, მზის დისკო და ოქროსფერფრთებიანი ლომი
მოათავსა. იქვე, ოქროსფერ ფირფიტაზე დედამიწის წონაც ამოკაწრა და ულამაზესი კომპოზიციაც შექმნა!


მე კი ეს საათი ახლახან აღმოვაჩინე.
გავცდი კონკას, ჩავიარე მარიონეტების თეატრთან და თავად ბატონი რეზო არ დავინახე?! თეატრიდან გამოსულ მაყურებელს ათვალიერებდა. ბატონ რეზოს უთხარი და თავად მოგიყვება თავის საათზეო, - მითხრა იქვე მდგარმა თეატრის ერთმა მსახიობმა და რეჟისორისკენ მიმითითა. მის თითს თვალი გავაყოლე და გულში გავივლე: - შეიძლება არც არაფერი მითხრას, რადგან ამბობენ­, თუ გუნებაზე ვერაა, ლაპარაკი არ უყვარსო და სიტყვების ძებნას შევუ­დექი. მან კი - საათიო? წამო, გაჩვენებო! და მარიონეტების თეატრის უკან, ძველი კოშკისაკენ გამიძღვა. იქ ტურისტები ირეოდნენ, კოშკის კედელთან კი თითისწვერებზე შემდგარი ბიჭი რაღაცას მისჩერებოდა. ჩვენ რომ მივედით, წავიდა; მე კი სუნთქვა შემეკრა - კოშკის კედელში ჩასმულმა კომპოზიციამ ის სიზმრები წამომიტივტივა, ყველა ჩვენგანს რომ უნახავს­ ბავშვობაში - თითქოს ფერად ქალაქში დადიხარ, სადაც პაწაწინა ფერადი ქუჩები და სახლებია, შენ კი იმ სახლებში ფერადი ფანჯრებიდან იჭყიტები.

უეცრად ეს ყველაფერი ისე გაცოცხლდა,­ რომ საათის ავტორსაც კი ვკითხე, - ეს საათი, ალბათ, თქვენი ბავშვობიდან არის-მეთქი. მან კი: - ფილოსოფია არ გვინდა, ეს მსოფლიოში ქალაქის ყველაზე პატარა საათია, საკმაოდ დიდი ხანი ვაკეთებდი, მერე მოვიტანე და აი, აქ ჩავსვიო და წასვლა დააპირა. რა მასალისაგან აკეთებდით, რატომ აკეთებდით, საათის კომპოზიციაში, ოქროს ფირფიტაზე, დედამიწის წონა რამ ამოგაკაწვრინათ-მეთქი. მიყურა, მიყურა და მომიჭრა: - ამ კომპოზიციაში საათის გარდა, ყველაფერი თუჯისა და სპილენძ­ისააო და წავიდა!

მე კი გაოცებული ფეხს ვერ ვიცვლიდი. დროდადრო იქვე, კაფეებში­ გაფანტული ტურისტებიც მოდიოდნენ და როცა კედელზე საათს შეამჩნევდნენ, აღტაცებული აქნევდნენ თავს - ტურისტები ხომ მსოფლიოს არც ერთ ცნობილ საათს არ ტოვებენ უნახავს და თბილისური ციცქნა საათი მათ შორის იქნებ ყველაზე საყვარელიც კი გახდეს. აბა, რა! სად იპოვი ასეთ ფარდებაკეცილ ციცქნა აივნებს, ოქროსფერ ფირფიტაზე ამოკაწრულ დედამიწის წონას და იქვე წარწერას: "ახტი და გაიგე, რა წონის იყო დედამიწა თქვენს დაბადებამდე"!

მე პირადად ამ საათის სანახავად და დედამიწის წონის გასაგებად კოშკზე ახტომა აღარ დამჭირვებია - უკვე დიდი ვარ. მაგრამ პატარა ბიჭებს უსათუოდ დასჭირდებათ - დაე, იცოდნენ, რომ დედამიწის წონა მართლაც განუზომლად დიდია, დროც შეუჩერებლად და გამუდმებით მიწიკწიკებს, მაგრამ ამ მძიმე დედამიწაზე ბედნიერება მუდამ არის და იგი ყოველთვის სილამაზის ხილვას და განცდას მოაქვს; მათ შორის ისეთ სილამაზესაც, მარიონეტების თეატრის უკან, ძველ კოშკზე რომ გაჩნდა საინტერესო კაცის წყალობით. ამიტომაც ძალიან მინდა, ამ საათის სანახავად დედებმა აქ პატარა ბიჭები და გოგოები მოიყვანონ და აახტუნონ, რადგან ბავშვობის მზიანი დღეები მთელი სიცოცხლე გრძელდება.

დაბოლოს, თუ იკითხავთ, მზიანი დღეები კიდევ რომელიაო, გიპასუხებთ,­ - ნებისმიერი, რომელიც შვილებს დიდობაში ბედნიერად გაგახსენდებათ. თავად რეზო გაბრიაძე როგორც წერს, მაგალითად, ეს არის "ქარის ან ნიავის მხოლოდ ორი-სამი დაკვრა, რომლებიც მთელი სიცოცხლე გამახსოვრდება. ერთი ქარი თბილია, თითქოს შენობიდან გიბერავთ, როცა გაზაფხული მოღონიერდება, არის სუნები, რომლებიც გეწევიან, რაღაცას გახსენებენ; ცხოვრების ისეთი ნამდვილი სუნები, როგორიცაა ბალახის, თივის, პურის. ახალშეღებილი მერხის, ოლიფის, აცეტონის სუნი... კიტრისაც... ის მე ტალღის სუნს მაგონებს. ჩემს ბავშვობაში კიტრი ზაფხულსა და ზღვას ემთხვეოდა. ყველაზე მშვენიერი მაინც ქარია. ყველა მდგომარეობა მიყვარს: უნაზესი მსუბუქი ქროლიდან დაწყებული გრიგალით, ქარიშხლით დამთავრებული. ნუთუ შეიძლება იყოს უფრო მშვენიერი ხმა, ვიდრე თუნუქისა, რომელიც ქარისგან გრიალებს? ან როცა მილშია".
აი, ასე!

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით