მახსოვს პირველად სასწავლებელში... - კვირის პალიტრა

მახსოვს პირველად სასწავლებელში...

სკოლის კარი წელს ცნობილი ადამიანების შვილებმა და შვილიშვილებმაც შეაღეს

ახალი სასწავლო წლის დაწყება ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე ნათელ მოგონებად მიჰყვება, ამიტომაც, როგორც წესი, პირველკლასელის სკოლაში წასვლის სამზადისში მთელი ოჯახი ერთვება. სხვებთან ერთად სკოლის კარი წლევანდელ სასწავლო წელს ცნობილი ადამიანების შვილებმა და შვილიშვილებმაც შეაღეს, რომელთა მშობლები და ახლობლები ბავშვებთან ერთად პირველკლასელებივით ღელავდნენ.

"მინდა, ედუჩიმ ფრანგული განათლება მიიღოს"

წელს პირველად წავიდა სკოლაში ედუარდ შევარდნაძის შვილთაშვილი და დიდი ბაბუის სეხნია, ედუარდ შევარდნაძე. სკოლა პატარა ედუარდის მამამ, ლაშა შევარდნაძემ შეარჩია:

- ედუჩიმ სამწლიანი მოსამზადებელი პერიოდი ამ სკოლაში გაიარა. სამი წლის განმავლობაში 9 საათიდან 4 საათამდე სწავლობდა და სკოლაშიც ამავე გრაფიკით ივლის. რატომ ავირჩიე ეს სკოლა? იმიტომ, რომ მოწესრიგებული სკოლაა. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ მინდა ჩემმა შვილმა ფრანგული განათლება მიიღოს, რომელიც, თავის დროზე, მე მივიღე.

"ვნახოთ, ნინი როგორი კარატისტი დადგება"

პირველკლასელია მუსიკოს თამუნა ლეკვეიშვილის შვილი ნინი ოქროპირიძეც.

თამუნა ლეკვეიშვილი: - ნინის იმდენად მოსწონს სკოლა, რომ დილით თავად იღვიძებს და სიხარულით მიდის. ერთ მშვენიერ დღეს გამოგვიცხადა, რომ დრამწრეზე, ხატვაზე და, რაც უნდა გასაკვირი იყოს, კარატეზე სიარული უნდა. ვნახოთ, როგორი კარატისტი დადგება.

"მაშო ყველაფერს აკეთებს, რომ ფორმა არ დაეჭმუჭნოს"

პირველ კლასში შეაბიჯა მოდელ ნინი ორდენიძის ქალიშვილმა მაშო გვაზავამაც.

ნინი ორდენიძე: - მაშოს უფროსი და მეოთხე კლასის მოსწავლეა და მაშო განუწყვეტლივ გაიძახოდა, მე როდის მივალ სკოლაშიო? ჰოდა, მივიდა და უბედნიერესია. ჩემდა განსაცვიფრებლად, ისეთი მოწესრიგებული აღმოჩნდა, რომ თავის თავსა და ფორმას იწესრიგებს, ყველაფერს აკეთებს, რომ ფორმა არ დაეჭმუჭნოს და არ დაესვაროს. სკოლის ფორმამ მეც ამომასუნთქა - არ მიწევს ყოველდღე იმაზე ფიქრი, რა ჩავაცვა. რაც შეეხება წრეებზე სიარულს, მაშომ პირველი ცეკვა აირჩია - ცეკვის საოცარი ნიჭი აღმოაჩნდა. ბავშვებს შინ წიგნებს არ ატანენ, იქვე, სკოლაში ამეცადინებენ, მაგრამ უნდა, რომ შინ საღამოსაც იმეცადინოს, რაც მახარებს. გაკვეთილების ცხრილს დღეში ასჯერ მაინც მამოწმებინებს, რომ არაფერი გამორჩეს.

"...ასეთი ტკივილის შემდეგ ნიკამ პირველ კლასში შეაბიჯა"

შვილიშვილის პირველ კლასში შესვლით გახარებულია პოლიტიკოსი ქალბატონი ხათუნა ხოფერია.

ხათუნა ხოფერია: - ნიკა ჩემთვის განსაკუთრებულია და ამის მიზეზი მაქვს, - ის უფალმა გვაჩუქა. ბავშვი რეზუსკონფლიქტით დაიბადა, ბილირუბინი კატასტროფულად ჰქონდა აწეული და სმენა დაუქვეითა. წელიწად-ნახევრის იყო, როცა ყურის ოპერაცია გავუკეთეთ. ასეთი ტკივილისა და მღელვარების შემდეგ მან უკვე პირველ კლასში შეაბიჯა და სწავლას იწყებს. ეს როგორ არ მიხაროდეს?!

"მარიამმა წინსაფარი მოხატა და თავისი სახელიც დააწერა"

ტელეწამყვანმა ანი გიუნტერმა შვილისთვის კაბა თავისი ბავშვობის სკოლის ფორმის დეტალებით შეკერა. მარიამმა კი კაბის წინსაფარი მოხატა და თავისი სახელიც არეულად დააწერა, - აინტერესებდა, მიხვდებოდნენ თუ არა თანაკლასელები მის წინსაფარზე რა ეწერა.

ანი გიუნტერი: - ძალიან ვღელავდი, მაგრამ გამიმართლა, ჩემი შვილის სკოლა ნოვატორული მიდგომების აღმოჩნდა. მაშო იქ სიხარულით მიდის, ცოტა დაფასთან დგომის გამო ღელავდა და ესეც კი მოუხსნა მასწავლებელმა. ერთადერთი, ადრე ადგომის რეჟიმს არ იყო შეჩვეული, ჰოდა, დედიკომაც შეიცვალა დღის რეჟიმი, ბავშვებთან ერთად ადრე ვწვები, მერე კი დილით ადრე ვდგები.

ეთერ ერაძე