"ჩვენ არ გვაცალეს, ვიყოთ ის, რაც ვართ" - კვირის პალიტრა

"ჩვენ არ გვაცალეს, ვიყოთ ის, რაც ვართ"

"მგლების წრეში ვდგავართ, მაგრამ მგლებიც კი მოხიბლული გვყავს"

"ყველაზე უფრო კრეტინი ვინც იყო, იმაზე უფრო კრეტინად ვჩანდი"

ძალა ერთობაშიაო, - უთქვამს ქართველ კაცს, მაგრამ უმეტესწილად საპირისპიროდ ვიქცეოდით. როდესაც ძალის მოკრება გვჭირდებოდა, სწორედ მაშინ ვთითოკაცდებოდით, მტრად ვეკიდებოდით ერთმანეთს და მეტად ვუძლურდებოდით, მაგრამ ჩანს, გამოფხიზლების დრო დადგა. ამას წინათ საზოგადოების ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა, წარმომადგენლობითი სახალხო კრება მოვიწვიოთ და საქართველოს ბედის გადაწყვეტა ერს მივანდოთო.

ჯგუფის ერთ-ერთი წევრი კინორეჟისორი რეზო ესაძეა, რომელთან საუბრის დასაწყისში სკეპტიციზმი ვერ დავმალე:

- ბატონო რეზო, არათუ პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებაც დაყოფილია. რატომ გახდა გადაულახავი დილემა ერთიანობა, გამუდმებით რატომ ვმტრობთ და ვასუსტებთ ერთმანეთს?

- ვიქნებით თუ არ ვიქნებით? - საუკუნეებია ეს კითხვა მოჩვენებასავით სულ ახლოს გვიდგას და მიუხედავად ამისა, ჩვენ ვართ. 5 ათას წელზე მეტია, გარშემო მგლები გვახვევია, სადმე ტურაც არ არის, რომ იქით მივბრუნდეთ და გაქცევა შევძლოთ. მგლების წრეში ვდგავართ. არც ერთი ნათესავი არა გვყავს გარშემო, მაგრამ თითქოს ჩვენი სისუსტეები გვშველის, რომლებითაც მგლებიც კი მოხიბლული გვყავს.

ქართული ეზოტერიკა უმოკლესი წინადადებითაა გამოხატული: მე შენთან ვარ, იმიტომ, რომ უშენოდ არ შემიძლია. ამ პრინციპით, ამ ყაიდაზე ცხოვრობდა მსოფლიო ერთ დროს, როდესაც ქართველობა მოდებული იყო ხმელთაშუა ზღვასა და შუამდინარეთს, ფინიკიას, ეთიოპიასა და ეგვიპტეს. მოგეხსენებათ, რომულის დაარსებულია რომი. რომულის დედა კირკე კი კოლხეთის მმართველის, აიეტის დაა, იმ აიეტის, რომელსაც ჰელიოსის (მზის) ძეს უწოდებდნენ.

ამას იმ პათოსით არ გეუბნებით, ყანწში მიწას რომ ჩაყრიდნენ და საქართველოს სადღეგრძელოს სვამდნენ, თუმც ამასაც თავისი გამართლება აქვს, ამასაც ერთ-ერთი ღვაწლი მიუძღვის იმაში, რომ ცოცხალი ხართ.

მათ მხოლოდ კოლხებს არ ეძახდნენ, ცნობილნი იყვნენ როგორც მზის შთამომავალნი, მზის შვილები. ეს ისტორიულ წყაროებში წერია, მე კი არ ვიგონებ.

გაგიგიათ, ალბათ, ჩაძირულ ატლანტიდასა და მის კულტურაზე. არსებობს აზრი, რომ კრეტა-მინოსის კულტურა ჩაუძირავი ატლანტიდის კულტურის ნარჩენია.

ამ კულტურის დამაარსებლის, მინოსის ცოლი პასიფაე გახლდათ, მედეას და. ინდოევროპული ტომების შემოსევის შემდეგ გადაილეკა ეს ყველაფერი და ბერძენი მოვიდა. ბერძენმა შეისრუტა ეს კულტურა, გაითავისა და საბერძნეთი შუა საუკუნეების რენესანსული კულტურის აკვანი გახდა.

იტალიაში თუ ჩახვალთ, რომში, ეტრუსკული კულტურის გამოფენა დაათვალიერეთ და ნივთიერად ნახავთ იმას, რასაც გეუბნებით. თითქოს აბაშის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში აღმოჩნდებით. შეხედეთ ნებისმიერ ექსპონატს, თუნდაც დოქს და ყველაფერს მიხვდებით.

ქართველს (ნამდვილ ქართველს, ისეთს კი არა, ქართველი რომ ჰქვია) ათას კაცში გამოვარჩევ, ზურგიდან ვცნობ.

მოგეხსენებათ, ბაბილონის გოდოლის აგებამდე ადამიანები ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ. იმდროინდელია ქართული ენაც, უფრო სწორად, რაც კაცთა მოდგმის იმ საერთო ენიდან დარჩა, ისაა ქართული. ვერც ერთი ენა ვერ გამოხატავს ისე სრულყოფილად სამყაროს, როგორც ქართული, რადგან ის ნარჩენია ძველი ენისა.

უმდიდრესი ენა გვაქვს. მარტო მეგრულში 7 მილიონი სიტყვა ყოფილა. სვანური და მეგრული ერთად კი, მოგეხსენებათ, ჩვენი საწყისია.

- რატომ გადაუხვიეს ქართველებმა იმ პრინციპს (მე შენთან ვარ, იმიტომ, რომ უშენოდ არ შემიძლია), რომლითაც ცხოვრობდნენ?

- ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ინდოევროპულმა ერებმა წალეკეს ამ სლოგანზე დაყრდნობილი კეთილშობილებით სავსე სივრცეები, რომლის საუკეთესო გამოხატულებაა ლექსი "ვეფხვისა და მოყმისა", სადაც მოყმის დედა ამბობს, "იქნება ვეფხვის დედაი ჩემზე მწარედა სტირისა, წავიდე, მეც იქ მივიდე, სამძიმარ ვუთხრა ჭირისა".

ეს იმდროინდელი ცნებაა. ამაზე იყო აგებული ცხოვრება. "მე შენთან ვარ, იმიტომ, რომ უშენოდ არ შემიძლია", - ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა ქართველს ცხოველთან, მცენარესთან, მთელ სამყაროსთან. ამის მაგივრად ინდოევროპელებმა მოიტანეს სლოგანი "მე შენთან ვარ იმიტომ, რომ რაღაც მინდა შენგან", ამირანი კი პრომეთეთი შეცვალეს.

ბაბუაჩემი მახსენდება. ჩემსავით მოკლე კი არ იყო, დიდი ბაბუა მყავდა, დიდი ტორებითა და ნაცრისფერი თვალებით, ნამდვილი კოლხი. საათში ერთ სიტყვას იტყოდა და მისგან კაცი რომ მიდიოდა, ხელებს შლიდა, ღმერთო, ეს რა მოსაუბრე კაციაო. მის ყანას არავინ აურევდა სხვა ყანაში. თვითონ ფანჯარასთან იწვა და იქიდან უყურებდა თავის ეზოსა და ყანებს.

ავადმყოფი ფანჯრიდან რომ დაინახავდა, მისი სიმინდი გასათოხნი იყო, საწოლში ბორგავდა.. ერთხელ ისე აბორგდა, ბიძაჩემი შეწუხდა და მიუხედავად იმისა, თოხი არ სჭერია ხელში, თქვა, ბოლოს და ბოლოს, გავთოხნიო. ბაბუამ კი, არ გაბედო, გიუცხოებს სიმინდიო.

მსოფლიო დღეს ისე ცხოვრობს, რაც ჩვენი ძირი ბუნებისთვის უცხოა, მაგრამ რადგან ასე ცხოვრობს, იძულებული ვართ, ვიცხოვროთ პრინციპით: "მე შენთან ვარ იმიტომ, რომ რაღაც მინდა შენგან". მაგრამ იმის გამო, რომ შენ ცხოვრობ არა შენი პარამეტრით, არა შენი სტანდარტით, კრეტინივით გამოიყურები.

რამდენჯერ ვყოფილვარ ისეთ საზოგადოებაში, რომელიც უცხო იყო ჩემთვის და მიცდია, მოვრგებოდი მათ სტანდარტს, მაგრამ ამ მცდელობისას მათ შორის ყველაზე უფრო კრეტინი ვინც იყო, იმაზე უფრო კრეტინად ვჩანდი. სადაც უნდა ვმჯდარიყავი, იქ ვიდექი, სადაც უნდა ვმდგარიყავი, ვიჯექი. სადაც უნდა მელაპარაკა, იქ არ ვლაპარაკობდი და სადაც არ უნდა მელაპარაკა, იქ ვლაპარაკობდი.

საქართველო და ქართველი 5 ათასი წელია უცხო სტანდარტით ცხოვრობს და ამიტომაცაა, რომ იგლიჯება, ეშინია, რამე არ დაკარგოს, წერტილი არ დაესვას მის ყოფნას. ასე მოაღწია დღემდე.

ჩვენს თაობას მოუტანა და ჩააბარა მშვენიერი, სასწაულებით სავსე ლარნაკი და ეუბნება, მოუარე ამასო, მაგრამ როგორ? ჩვენც ხომ იგივე გვაქვს სისხლი, რაც მათ. როგორ მოვუაროთ ამ გარემოცვაში, რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ? არც ერთი არ არის დამნაშავე იმაში, ერთმანეთს რომ ვერ ურიგდებიან.

ქართველებს სისხლი გვაქვს ასეთი. ჩვენ სხვა პარამეტრების, სხვა ბუნების, სხვა სივრცის ხალხი ვართ. ყველა ერი გენიალურია, მაგრამ რა ვქნა, რომ გენის ბუნება არსებობს და ჩემი ერის გენი განსაკუთრებულია. განა თელა მუხაზე რამეთი ნაკლებია, მაგრამ თელა თელაა და მუხა - მუხა.

- საკუთარ ძირებთან დაბრუნება ჩანს გამოსავლად, მაგრამ ეს როგორღა უნდა მოხერხდეს?

- კაცობრიობა პრაგმატულ გზას დაადგა და შუბლით შეეხეთქა თავისივე ნამოქმედარს. ბევრი ქვეყანაა, რომელმაც მიაღწია მატერიალურ კეთილდღეობას, მაგრამ მაინც შეშლილია, შფოთავს, აღარ იცის, რა ქნას, ხან ნარკოტიკს ეტანება, ხან მრუშობს.

ამ აბორგებულ, ძლევამოსილ მსოფლიოში არის ძველი კულტურის ნარჩენი, რომელიც ვერ აღმოიფხვრა, რადგან ერთდროულად სისაძაგლე და მიმზიდველობა იმდენად ეჯიბრება მასში ერთმანეთს, რომ მსოფლიომ ის ვერ წაშალა, არ წაშალა და არც წაშლის. გაღიმებული ბალღი რომ შემოდის ოთახში, მზად ვარ, მის წინაშე დავიჩოქო. ეს ურთიერთობა არსებობს მსოფლიოს, სამყაროსა და ქართულ სივრცეს შორის.

ეს არის ჩემი ყველაზე დიდი იმედი. ხანდახან, რომ გავბრაზდები, ვიტყვი ხოლმე, დღევანდელი მსოფლიო ღირსი არ არის, ასეთი ერი ჰყავდეს-მეთქი. საქართველოში ყოველთვის ხალხი წყვეტდა ყველაფერს. შევიკრიბოთ და ვთქვათ, რომ ქართველმა ქართული პარამეტრებით იცხოვროს.

ეს ხელს არ შეუშლის არავის, პირიქით, ყველას გაუადვილებს ცხოვრებას. უპირველესად კი ჩვენს მეზობლებს. რუსი ერი დიდებული პუშკინის, ტოლსტოის, ჩეხოვისა და ჩაადაევის ერია, როგორ შეიძლება მასთან ურთიერთობის დაკარგვა? თუმც ეს ის ერიცაა, რომელზეც სალტიკოვ-შჩედრინი წერს, ბუზის საძებრად წავიდნენ და 8 კილომეტრის გავლის მერე აღმოაჩინეს, რომ ბუზი ცხვირზე ეჯდათო.

ივანუშკა დურაჩოკიც მაგათი მოგონილია. რუსს რომ ჭკუა ჰქონოდა, ერეკლემ რომ ხელი მოაწერა ტრაქტატს, საქართველო ოქროს ფირფიტაში უნდა გაეხვიათ და მთელი მსოფლიო დაიჩოქებდა მათ წინაშე. ჭკუა არ ეყოთ და ამის ნაცვლად გორში ტანკები შემომიყვანეს, მაგრამ მაინც არ მძულს რუსი.

ჩვენ არ გვაცალეს ვიყოთ ის, რაც ვართ. უნდათ ვიცხოვროთ იმ სტანდარტით, რითაც რუსი ან გერმანელი, მაგრამ როგორ ვიყო მე - ქართველი, რუსის და გერმანელის სტანდარტით? ჰიტლერმა ოსვენციმში ტყვე ქალების თმისა და ტყვეების ყბებიდან ამოღებული ოქროს კბილების მთები დადგა.

ამას გავაკეთებ მე, ქართველი კაცი? არ გავაკეთებ, მაგრამ მისი სტანდარტით რომ ვცხოვრობ? მე შეუსაბამო ვარ ამ გადახრის და ის, რაც სხვისთვის ჩვეულებრივი და ნორმალურია, მე კუზად მაქვს ზურგზე... როგორ ვიცხოვრო მასავით? არადა გერმანია გოეთეს ქვეყანაა...

როდესაც რუსთაველი პირველ მიჯნურობაზე ლაპარაკობს, განა ქალისა და კაცის ტრფობას გულისხმობს. ის გარე სამყაროს სიყვარულზე გველაპარაკება და გვაფრთხილებს, "იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა, ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა"; ანუ ვინც ასე არ მოიქცა, შუბლით შეეხეთქა კედელს და ბევრი წყენა მიიღოო. რუსთაველი ასევე ამბობს, "მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან" - ქართველს ვერ იგებს "ჭკვიანი" გარემო, ქართველს რომ მიხვდე, ღმერთი უნდა იგრძნო.

აი, ეს არის პირველი პოლიტიკური კარი ქართულ ბუნებაში შესვლისა. ჩვენი ხალხი უბრძენესია თავისი ქვეცნობიერებით და არა შიშველი ჭკუით. მაინც გადავრჩებით. მსოფლიოს 14 ათასი ომი აქვს გადატანილი. დააქცია ომებმა კაცობრიობა, სულიერად გარყვნა, გააუხეშა.

ეს ტალღა საქართველოზე დამანგრევლად მოქმედებს, მაგრამ ვერ გაანადგურებს, რადგან მტერი ჩვენს მომხიბვლელობასაც ხედავს, ის კი, რაც მომხიბვლელია, შენდა უნებურად გიყვარს.

სანამ დედამიწაზე ერთი ქართველი მაინც იქნება, არ გადავშენდებით. თბილისის "დინამოსა" და "ლივერპულის" მატჩი მახსენდება. სტადიონის მეორე იარუსზე ვიჯექი. ჩემს ირგვლივ, 6 მ რადიუსით ვინც იჯდა, არც ერთს ის ფეხბურთი არ უნახავს. ჩემი ლაპარაკით იყვნენ მოხიბლული და დამუხტული.

ყველას ვაიძულე, ეყურებინათ პატარა ბიჭისთვის, რომელიც მეკარე გაბელიას კარს უკან იდგა და ბურთებს აწოდებდა. იცით, რა ბიჭი იყო? - ყელმაღალი, შემართული. შეხედავდი და ეტყობოდა, უკვე კაცია, მამაძაღლი.

ბურთს გადააწოდებდა და დგებოდა დოინჯშემოდებული. აი, ის იყო ისეთი ქართველი, რომლის ქართველობასაც ვერ წაშლი, ნაჯახითაც ვერ ამოძირკვავ. ის მარტოც რომ დარჩეს, საქართველო არ მოკვდება. ქართველი რომ გქვია, იმას არ ნიშნავს, რომ ნამდვილი ქართველი ხარ.

რუსთაველმა გვითხრა: "მას უშმაგო ვით მიენდოს, ვინ მოყვარე გაამჩივნოს?" და ამით გაგვაფრთხილა, ადამიანი რომ "მოყვარეს გაამჩივნებს", ამაზე უარესი რა უნდა უქნას საკუთარ თავსო.

- ყველაზე ხშირად ხელისუფლებას ხომ არ ავიწყდება ეს შეგონება?

- იმიტომ, რომ ხელისუფლებას ქართველი ჰქვია და არ არის ქართველი, ნარევია. სისხლია მთავარი.

ვინმე თუ მაინტერესებს, არ მოვეშვები, საუბარში გამოვიწვევ ხოლმე. თუ ნამდვილი ქართველია, აუცილებლად აგყვება, გუდას პირს მოხსნის. ამას წინათ ნონა გაფრინდაშვილს არ მოვეშვი და დაიწყო მოგონებები, შევედით ოკეანეში... ბოლოს ვუთხარი, როდესაც ჰყვებოდით, გალაკტიონი გამახსენეთ-მეთქი.

გაოცებული მომაჩერდა. ბიჭებმა, ვინც მისმენდა, ეჭვით შემომხედეს. ვუთხარი, ვის არ დაუწერია ორი ადამიანის ერთად ყოფნასა და დაშორებაზე, მაგრამ მოუსმინეთ გალაკტიონს: "სარკმელი საღამომ და ფარდამ დაბურა, სანთელი მბჟუტავი მთლად გაუდაბურდა, მას შემდეგ, რაც შენი სახება საღამოს სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა". ცრემლებს ვერ ვიკავებდი მაშინაც და ხომ ხედავთ, ახლაც. ნონას ენა ჩაუვარდა, გაგიჟდა, ქართველია და იმიტომ.

გალაკტიონს რომ ვკითხულობ, ასეთი აღვირახსნილი, თავშეუკავებელი სიახლოვე არა მაქვს ვინმესთან. ხომ ხედავთ, 76 წლის კაცი ვარ. თქვენ წინ ვზივარ, გელაპარაკებით და ვაზს რომ წაჭრი, ისე ვღვრი ცრემლს. აი, ესაა ქართული ცხოვრება. მთელი ცხოვრება ასე ვლაპარაკობდი.

ვცდილობ, არ ვიცხოვრო სხვისი სტანდარტებით და ვიცხოვრო ისე, როგორც ბუნება მკარნახობს. გზაზე  ქართველი რომ შემხვდება, მიხარია. ქართველთან, ყველაზე მახინჯიც რომ იყოს, ვჩერდები როგორც დიდ ტრაგედიასთან და ტკივილთან. მე თუ ვამაყობ, ვამაყობ იმით, რომ შენი სისხლი დადის ჩემს სხეულში. შენც ისეთი ხარ, როგორიც მე. ჩვენ ქართველები ვართ.