დიმა ჯაიანი: "მიშა გადამალული ჰყავთ და მალე გამოაჩენენ" - კვირის პალიტრა

დიმა ჯაიანი: "მიშა გადამალული ჰყავთ და მალე გამოაჩენენ"

თითქმის ერთი კვირა გავიდა, რაც სოხუმის დრამატული თეატრის  მსახიობი მიხეილ ქვაჭრელიშვილი აღდგომა დღეს გაუჩინარდა.

სამართალდამცავები ქვაჭრელიშვილის გაუჩინარების საქმეს იძიებენ. მსახიობი არ იყო ლოთი, ნარკომანი, კონფლიქტური ან აგრესიული, არ  ჰქონია ვალი და ა.შ.  ერთ-ერთი ვერსიით, ქვაჭრელიშვილის დაკარგვა სოხუმის თეატრში არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება.

სოხუმის თეატრის ყოფილი მმართველის, დიმა ჯაიანის მოხსნასა და დროებით ხელმძღვანელად მერაბ ბრეკაშვილის დანიშვნას თავის დროზე დიდი ალიაქოთი მოჰყვა. ქვაჭრელიშვილი ჯაიანის მოწინააღმდეგეთა მხარეს აღმოჩნდა. როგორც მსახიობის ოჯახის წევრები ამბობენ, გაუჩინარებამდე მსახიობს მობილურ ტელეფონზე ურეკავდნენ და ემუქრებოდნენ.

უკანასკნელი სკანდალის საფუძველი გახდა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის სიუჟეტი, სადაც ჯაიანი ამბობს, უბედნიერესი კაცი ვიქნებოდი, ქვაჭრელიშვილს თავი რომ ჰქონდეს მოკლულიო. მოგვიანებით ბატონმა დიმამ ამას "ხუმრობა" უწოდა(?!).

KvirisPalitra.Ge- ეს ხუმრობა იყო, ვიხუმრე! კაცი, ალბათ,  ქალებშია წასული. ეს ამბავი  ისე სულელურად დააკავშირეს ჩემთან, რომ არც კი ვიცი, რა ვთქვა. ჯერ ერთი, მე ალიბი მაქვს. 2-დან 6 აპრილის ჩათვლით სენაკში ვიყავი.

- ხუმრობა, ცოტა არ იყოს, მძიმე გამოგივიდათ, ბატონო დიმა.

- აბსურდია, ჩემო კარგო. როგორც ჩანს, ვიღაცას სკანდალი სჭირდებოდა და კიდეც ააგორა. ეჭვი არ მეპარება, რომ მიშა ცოცხალია, სადღაც ჰყავთ გადამალული და მალე გამოაჩენენ. ის ხომ ერთი უწყინარი კაცი იყო, პრეტენზია არავისთან ჰქონდა მეც ვუვლიდი, რაც შემეძლო, ვპატრონობდი. ახლა გამოდის აფხაზეთის კულტურის მინისტრი და აცხადებს, ქვაჭრელიშვილი სოხუმის თეატრის წამყვანი მსახიობი იყოო.

წამყვანი მსახიობი კი არა, "ეპიზოდჩიკი" იყო. ჩემს ხელში გაიზარდა და იმიტომ მეწყინა, რომ დამიპირისპირდა. სხვა რომ ყოფილიყო, არ გავნაწყენდებოდი ასე. 31 მარტს შევხვდი მიშას და პირადად ვუთხარი ეს.

მან პატიება მთხოვა. სპექტაკლი "მე ბებია, ბაბუა და ჭინკები", ახლა რომ  ამათ პრემიერა გამართეს, თავის დროზე გოგა თავაძეს თავად შევთავაზე, პიესა დავაწერინე, დავადგმევინე  და როცა თეატრში განხეთქილება მოხდა, აღარ უნდოდათ პრემიერის გამართვა. იმ დღეს კი გამოაცხადეს, არ ვიცით, მიშა ცოცხალია თუ მკვდარიო, მაგრამ პრემიერა  მაინც გამართეს. ეტყობა, თვითონ ჰყავთ მსახიობი გადამალული და პრემიერაც ამიტომ  ითამაშეს.

- როგორ ფიქრობთ, რატომ გადამალავდნენ?

- აჟიოტაჟი რომ გამოეწვიათ, მაგრამ ერთი რამ ვერ განსაზღვრეს, ის, რომ მე დიმა ვარ, ჯაიანი, და ალიბიც არ მჭირდება! დიდ იდიოტიზმთან გვაქვს საქმე.

პოლიტიკური პარტიებიც მირეკავენ და ამას მეუბნებიან, უხერხულია ამ თემაზე შენი მხარდასაჭერი განცხადების გაკეთება, იმდენად დიდ აბსურდთან გვაქვს საქმეო.

- სამართალდამცავებს ხომ არ მოუკითხავთ?

- როგორ არა, მე და პაატა ვახტანგიშვილმა პოლიციას ახსნა-განმარტებები მივეცით. მე არსად გავრბივარ. ქვაჭრელიშვილის მობილურზე ყველა სატელეფონო ზარის ჩანაწერებიც შეამოწმეს და მე არსად ვფიგურირებ.

თეონა ქვაჭრელიშვილი, გაუჩინარებული მსახიობის და: - არც კი ვიცი, რა ვიფიქრო. ერთი მხრივ, ველი, რომ სასწაული მოხდება და ჩემი ძმა დაბრუნდება. მეორე მხრივ, ის სატელეფონო მუქარა მაშინებს. ჯაიანი თუ არა, პაატა ვახტანგიშვილი ხომ ემუქრებოდა ჩემს ძმას ტელეფონით? ერთხელ სხვა მსახიობმა გამოსტაცა მიშას ყურმილი და ვახტანგიშვილს უთხრა, ამ ბიჭს რას ერჩი, რატომ ემუქრებიო. თავადაც შევესწარი, ჩემს ძმას ვიღაცამ რომ დაურეკა და უთხრა, შემხვდი, თორემ თავად დაგიპადიეზდებო. ბოლო დროს ძალიან სევდიანი იყო მიშა.

გაუჩინარებამდე  ორი დღით ადრე მითხრა, ხმა გავრცელდა, რომ ისეთ სიურპრიზს მოგვიწყობენ, "მე ბებია, ბაბუა და ჭინკების" პრემიერა ვერ შედგესო. ეს იყო სულ. რა თქმა უნდა, ხელს ვერავის დავადებ. მიშას დიმა ჯაიანი ძალიან უყვარდა და მეც პატივს ვცემდი, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ჩემს ძმას თეატრში მიუვარდა და მიშა რომ არ დახვდა, დაცვის თანამშრომლებს დაუბარა,  ქვაჭრელიშვილს გადაეცით, ამ ქალაქს გაეცალოსო,…მერე კი თურმე თაბუკაშვილის ქუჩაზე დახვდა მიშას. ჩემს ძმას არ უნდოდა მასთან კონფლიქტი და მოუბოდიშა.

- უკანასკნელად ვინ ნახა თქვენი ძმა?

- ნაცნობმა მოაკითხა. დედამისი ავადმყოფობდა და მიშა მის სანახავად წავიდა, სააღდგომო ტკბილეული მიუტანა. ორი საათი იქ დაყო და ხუთიოდე ჭიქა ღვინო დაულევია. ცოტა შინაც ჰქონდა გადაკრული. როგორც მითხრეს, მიშას იმ დღეს მთვრალი არ ეთქმოდა. იმ სახლიდან მცირე მანძილზე გამოუცილებიათ.

ეს იყო ბალნეოლოგიური საავადმყოფოს ახლოს, თან იქვე მცხოვრები სხვა მსახიობიც შემთხვევით შეხვედრია და გასაუბრებია. ისინი ერთმანეთს დასცილდნენ და მერე ჩემი ძმის ასავალ-დასავალი აღარავინ იცის.

მერაბ  ბრეკაშვილი, სოხუმის დრამატული თეატრის დროებითი ხელმძღვანელი: - ჯერჯერობით ახალი არაფერია. არა მგონია, ეს ამბავი დიმა ჯაიანთან ან თეატრში არსებულ განხეთქილებასთან იყოს  დაკავშირებული.