"ქართველები მეკითხებიან ხოლმე, აქ სასტუმრო და კაფე რამ გაგაკეთებინაო" - უდაბნოს ვაშლები
03-10-2016
"ქართველები მეკითხებიან ხოლმე, აქ სასტუმრო და კაფე რამ გაგაკეთებინაო" - უდაბნოს ვაშლები
"ნახეთ, რამდენი ხალხია. მონასტრებში უამრავი ტურისტი დადის და მათ სასტუმროც სჭირდებათ, ჰოსტელიც და კაფეც"

საქართველოში ორი უდაბნოა - ვაშლოვნისა და გარეჯის. გარეჯის უდაბნოს, თავის მხრივ, რამ­დენიმე ოაზისი აქვს უზარმაზარ ტერიტორიაზე გაბნეული მონასტრებისა და სოფელ უდაბნოს სახით, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტ­ე­ბი, ძირითადად, სვანები ცხოვრობენ. სოფელს რამდენიმე დღის წინ ვესტუმრე.

მოსეს მოლოდინში

სოფელი უდაბნო გარეჯის ზეგანზე მდებარეობს, სამონასტრო კომპლექს დავითგარეჯიდან ხელის გაწვდენაზე. ეკომიგრანტები აქ გასული საუკუნის 80-იან წლებში დაასახლეს. 90-იანი
წლების დასაწყისამდე წყალ­იც ჰქონდათ და ბედსაც არ უჩიოდნენ.­ მერე ცხოვრება იმდენად გაძნელდა, რომ ხუმრობდნენ, ალბათ, 40 წლის მერე მოსე მოვა და აღთქმულ ქვეყანაში გაგვიყვანს, ან წყალს მოგვიყვანს და უდაბნო წალკოტად­ გადაიქცევაო.

ორ ათეულ წელზე მეტია, ხალხი სასმელ­ და ტექნიკურ წყალს ცისტერნებით საგარეჯოში ყიდულობდა და წვეთ-წვეთად
იზოგ­ავდა. ვისაც წყლის შესაძენი ფული არ ჰქონდა, ზამთარში თოვლს ადნობდა, რაც ხშირად კუჭ-ნაწლავის ინფექციისა და სხვა დაავადებების მიზეზი ხდებოდა.

ხალხი, რომელსაც მეცხოველეობით გაჰქონდა თავი, გაიტანჯა, ბევრმა ვერ გაუძლო, სახლები ჩალის ფასად­ გაყიდა და უდაბნოდან გაიქცა.
ორი თვეა, სოფელში წყალი აჩუხჩუხდა. ახლა მოსეს აღარ ელიან და არც სოფლიდან გარბის ვინმე. მეტიც, ვინც ისე გაიქცა, რომ სახლი არ გაყიდა, დაბრუნდა, მიწაც დაირეგისტრირა, სახლ-კარიც.

"ახლა უდაბნოზე თვალი უცხოელებსაც უჭირავთ"


უდაბნოში ვაშლის ხეებს ტოტები ნაყოფის სიმძიმით ატყდებათ. კიტრი და პამიდორი ჯერაც მწიფობს, ბაღში, ხილის სხვა ნერგებთან ერთად, კივიც ხარობს. ჯემალ იოსელიანი კარგა ხანია 80 წელს გადასცილდა. ხელჯოხით დადის, მაგრამ მაინც ეზოში ყოფნა სურს. ნახეთ, უდაბნოში რამხელა ვაშლები ასხია ამ პაწია ხესო, ჯაფით დაკოჟრილ ხელებში იქცევს უზარმაზარ ნაყოფს.

ჯემალ იოსელიანი, კარგა ხანია 80 წელს გადასცილდა. ხელჯოხით დადის, მაგრამ მაინც ეზოში ყოფნა სურს. ნახეთ, უდაბნოში რამხელა ვაშლები ასხია ამ პაწია ხესო, ჯაფით დაკოჟრილ ხელებში იქცევს უზარმაზარ ნაყოფს

ალექსანდრე იოსელიანი:
"7 თვის წინ ინფრასტრუქტურის მინისტრი და წყლის კომპანიის ხელმძღვანელი დაგვპირდნენ, წყალი­ გექნებათო. მერე მუშაობაც გაჩაღდა. ერთ დღესაც, წყალი რომ მოვიდა, სიხარულისგან დავმუნჯდით. უწყლოობისგან ისე გვიჭირდა, ხალ­ხმა სახლები და მიწა 350-500 დოლ­არად გაყიდა. ზოგმა ძროხაშიც კი გაცვალა. ადრე 350 დოლარად რომ იყიდდით, ისეთ სახლს ახლა 3.500-დაც ვერ იპოვით. აქაურობით განა მხოლოდ ქართველები დაინტერესდნენ? წყალს არაბები მოჰყვა, ერთი გლეხი მანქანაში ჩაისვეს, უდაბნოს ათვალიერებდნენ და ეკითხებოდნენ, აქ მიწა რა ღირს, რამდენად ვიყიდითო? რამდენჯერ წავასწარით, ნიადაგს ხელით სინჯავდნენ.

აქვე ბეთანიის მონასტრის მრევლმა შეიძინა მიწა, ბუსტუღი დარგეს, 5000 ძირი. სანამ წყალი გამოჩნდებოდა, ერთმა პოლონელმა კაცმა სოფელში ტურისტული ბიზნესი წამოიწყო და ადგილობრივებიც ჩართო საქმეში. ისეთი კაცია, თითქოს აქაური იყოს".

უდაბნოელებმა გადმოცემით იციან, რომ აქ ოდესღაც ხშირი ტყე იყო და მტერს ცეც­ხლი რომ მოუკიდებია, ორი წელი მძვინვარებდა ხანძარი. მაშინ გაუდაბნოებულა აქაურობა. სარწყავი წყლის საკითხსაც თუ მოგვიგვარებენ და ქარსაცავი ზოლების გაკეთებაც შევძელით, უდაბნოში სოფლის მეურნეობის განვითარების სამაგალითო მოდელს შევქმნითო, ამბობენ უდაბნოელები.

მათ მსგავსად იმედიანად არის და ბიზნესის გაფართოებას გეგმავს პოლონელი ქსავერე დუში. სოფელ უდაბნოში, სადაც ქართველთა უმრავლესობა გავლითაც კი არ არის ნამყოფი, რადგან ღმერთისგან დავიწყებულ ადგილად მიაჩნიათ, სამი წლის წინ პოლონელს კაფე, კლუბი, სასტუმრო და ჰოსტელი გაუხსნია და ყველაფრისთვის ერთად "ოაზისი" დაურქმევია. შვეიცარიის განვითარების ფონდის დახმარებით კულტურის ცენტრის გახსნასაც გეგმავს და ზაფხულობით ხშირად აწყობს საერთაშორისო ფესტივალებს. ვის არ ნახავთ ამ კაფე-კლუბში, აქაურობას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან სტუმრობენ. უცხოელი ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა უდაბნოს კაფე-კლუბი, რომლის მეპატრონემ ყველაფერი ორი მიტოვებული სახლის შესყიდვით დაიწყო.

ქსავერე დუში:
- საქართველოში ბევრჯერ ვყოფილვარ, ძალიან შემიყვარდა აქაურობა და მინდოდა, აქ მეცხოვრა. ჩემი შვილი თბილისში სწავლობს. მე და ჩემს მეუღლეს ბიზნესი გვაქვს. პოლონეთიდან ჩემი ძმაც მეხმარება და როგორც ინვესტ­ორი დაინტერესებულია აქ ბიზნესის გაფა­რთოებით. ახლა, როცა წყალი მოვიდა, სასტუმროსა და კაფეს გაფართოების გარდა, მიწის ყიდვა და სხვა ტიპის საქმიანობის დაწყებაც გვინდა. მეტიც, ვფიქრობ, რამდენიმე აქაური პოლონეთში წავიყვანო და სხვადასხვა ტიპის ყველის მომზადება ვასწავლო, რის შემდეგაც აქ ბიზნესს ააწყობენ. ქართველები მეკითხებიან ხოლმე, აქ სასტ­უმრო და კაფე რამ გაგაკეთებინაო. ნახეთ, რამდენი ხალხია. მონასტრებში უამრავი ტურისტი დადის და მათ სასტუმროც სჭირდებათ, ჰოსტელიც და კაფეც. ამ ყველაფ­ერზე 6 ადგილობრივი ქალი მყავს დასაქმებული. ჩემთან მუშაობენ მოხალისეებიც, ის ხალხი, ვისაც მოგზაურობა უყვარს, მაგრამ ფული არა აქვს და კვებისა და ღამის­ გასათევის ნაცვლად საქმეში მეხმარება.

P.S. უდაბნოდან გვიან წამოვედი. შორიდან აციმციმებული ქალაქები ჩანდა და ქსა­ვერეს სიტყვები გამახსენდა: უდაბნო საოცარი ადგილია. აქ ტყუილად არ მოვიდოდა ასურელი მამა დავით გარეჯელი, ის გრძნობდა ამ მიწის ძალასა და მნიშვნელობას. აქვეა საგარეჯო, ღამით კი თბილისსა და რუსთავს გავყურებთ. სოფელს, რომელიც ასე ახლოს არის ქალაქებთან, ნაყოფიერი მიწა და წყალი აქვს, დიდი მომავალი ელისო.

ეკა ლომიძე
ინგა
15 ოქტომბერი 2016 11:11
გიჟუა, მეგობრულად გეუბნები, დიდი ხანია ვიცი მაგ პოლონელის შესახებ. ცოტა ხანში მანდვე ერთი ფრანგი ბიჭი აამუშავებს საცხენოსნო ტურისტულ ბიზნესს.იაფად იყიდა ადგილობრივი ცხენები მთებში და როგორ უვლის უნდა ნახოთ. ჰო! გვასწავლის ეგ პოლონელიც ყველის კეთებას, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდა არც ტექნოლოგიის განვითარება და არც რაიმე სიახლე დავინახოთ. როდესაც მთელი მსოფლიო წინ მიდის, ჩვენ მხოლოდ წარსულით ვამაყობთ, უკან ვიყურებით სულ და ამასობაში წინ ცხვირპირს ვიმტვრევთ. მერე გვწყინს, ჩვენს მიწაზე ბუცხოელი ფულს აკეთებს, ჭკუას გვარიგებსო... მე მინდა, ასე რომ არის? არ მინდა. მირჩევნია ჩვენ ვხედავდეთ ამ ყველაფერს, მაგრამ, ასე ხომ არაა! არც ახლაა გვიან თუ თვალს კარგად გავახელთ. გიჟუა, ვინც არ უნდა იყო, არ გეკამათები. შენ მირჩევნიხარ იმ ფრანგს და პოლონელს, მაგრამ...არ გვინდა რა ასე, ძალიან გთხოვ
გიჟუა
14 ოქტომბერი 2016 09:30
მთელი ქვეყანა ყირამალა დგას.
პოლონელმა ქართველებს ყველის გაკეთება უნდა ასწავლოს.
:DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

თუ ეგეთი კაი ბიჭია, მაგას შეუძლია ასწავლოს ღორის დაკვლა, ძეხვეულის გაკეთება, ღორის სისხლისგანაც კაი დელიკატესებს აკეთებენ. მთლიან ღორს დაამუშავებს და ჩააწყობს თავისივე ნაწლავებში.

რედაქტორის რჩევით