"ქართველები მეკითხებიან ხოლმე, აქ სასტუმრო და კაფე რამ გაგაკეთებინაო" - უდაბნოს ვაშლები - კვირის პალიტრა

"ქართველები მეკითხებიან ხოლმე, აქ სასტუმრო და კაფე რამ გაგაკეთებინაო" - უდაბნოს ვაშლები

"ნახეთ, რამდენი ხალხია. მონასტრებში უამრავი ტურისტი დადის და მათ სასტუმროც სჭირდებათ, ჰოსტელიც და კაფეც"

საქართველოში ორი უდაბნოა - ვაშლოვნისა და გარეჯის. გარეჯის უდაბნოს, თავის მხრივ, რამდენიმე ოაზისი აქვს უზარმაზარ ტერიტორიაზე გაბნეული მონასტრებისა და სოფელ უდაბნოს სახით, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები, ძირითადად, სვანები ცხოვრობენ. სოფელს რამდენიმე დღის წინ ვესტუმრე.

მოსეს მოლოდინში

სოფელი უდაბნო გარეჯის ზეგანზე მდებარეობს, სამონასტრო კომპლექს დავითგარეჯიდან ხელის გაწვდენაზე. ეკომიგრანტები აქ გასული საუკუნის 80-იან წლებში დაასახლეს. 90-იანი წლების დასაწყისამდე წყალიც ჰქონდათ და ბედსაც არ უჩიოდნენ. მერე ცხოვრება იმდენად გაძნელდა, რომ ხუმრობდნენ, ალბათ, 40 წლის მერე მოსე მოვა და აღთქმულ ქვეყანაში გაგვიყვანს, ან წყალს მოგვიყვანს და უდაბნო წალკოტად გადაიქცევაო.

ორ ათეულ წელზე მეტია, ხალხი სასმელ და ტექნიკურ წყალს ცისტერნებით საგარეჯოში ყიდულობდა და წვეთ-წვეთად იზოგავდა. ვისაც წყლის შესაძენი ფული არ ჰქონდა, ზამთარში თოვლს ადნობდა, რაც ხშირად კუჭ-ნაწლავის ინფექციისა და სხვა დაავადებების მიზეზი ხდებოდა.

ხალხი, რომელსაც მეცხოველეობით გაჰქონდა თავი, გაიტანჯა, ბევრმა ვერ გაუძლო, სახლები ჩალის ფასად გაყიდა და უდაბნოდან გაიქცა.

ორი თვეა, სოფელში წყალი აჩუხჩუხდა. ახლა მოსეს აღარ ელიან და არც სოფლიდან გარბის ვინმე. მეტიც, ვინც ისე გაიქცა, რომ სახლი არ გაყიდა, დაბრუნდა, მიწაც დაირეგისტრირა, სახლ-კარიც.

"ახლა უდაბნოზე თვალი უცხოელებსაც უჭირავთ"

უდაბნოში ვაშლის ხეებს ტოტები ნაყოფის სიმძიმით ატყდებათ. კიტრი და პამიდორი ჯერაც მწიფობს, ბაღში, ხილის სხვა ნერგებთან ერთად, კივიც ხარობს. ჯემალ იოსელიანი კარგა ხანია 80 წელს გადასცილდა. ხელჯოხით დადის, მაგრამ მაინც ეზოში ყოფნა სურს. ნახეთ, უდაბნოში რამხელა ვაშლები ასხია ამ პაწია ხესო, ჯაფით დაკოჟრილ ხელებში იქცევს უზარმაზარ ნაყოფს.

ჯემალ იოსელიანი, კარგა ხანია 80 წელს გადასცილდა. ხელჯოხით დადის, მაგრამ მაინც ეზოში ყოფნა სურს. ნახეთ, უდაბნოში რამხელა ვაშლები ასხია ამ პაწია ხესო, ჯაფით დაკოჟრილ ხელებში იქცევს უზარმაზარ ნაყოფს

ალექსანდრე იოსელიანი: "7 თვის წინ ინფრასტრუქტურის მინისტრი და წყლის კომპანიის ხელმძღვანელი დაგვპირდნენ, წყალი გექნებათო. მერე მუშაობაც გაჩაღდა. ერთ დღესაც, წყალი რომ მოვიდა, სიხარულისგან დავმუნჯდით. უწყლოობისგან ისე გვიჭირდა, ხალხმა სახლები და მიწა 350-500 დოლარად გაყიდა. ზოგმა ძროხაშიც კი გაცვალა. ადრე 350 დოლარად რომ იყიდდით, ისეთ სახლს ახლა 3.500-დაც ვერ იპოვით. აქაურობით განა მხოლოდ ქართველები დაინტერესდნენ? წყალს არაბები მოჰყვა, ერთი გლეხი მანქანაში ჩაისვეს, უდაბნოს ათვალიერებდნენ და ეკითხებოდნენ, აქ მიწა რა ღირს, რამდენად ვიყიდითო? რამდენჯერ წავასწარით, ნიადაგს ხელით სინჯავდნენ.

აქვე ბეთანიის მონასტრის მრევლმა შეიძინა მიწა, ბუსტუღი დარგეს, 5000 ძირი. სანამ წყალი გამოჩნდებოდა, ერთმა პოლონელმა კაცმა სოფელში ტურისტული ბიზნესი წამოიწყო და ადგილობრივებიც ჩართო საქმეში. ისეთი კაცია, თითქოს აქაური იყოს".

უდაბნოელებმა გადმოცემით იციან, რომ აქ ოდესღაც ხშირი ტყე იყო და მტერს ცეცხლი რომ მოუკიდებია, ორი წელი მძვინვარებდა ხანძარი. მაშინ გაუდაბნოებულა აქაურობა. სარწყავი წყლის საკითხსაც თუ მოგვიგვარებენ და ქარსაცავი ზოლების გაკეთებაც შევძელით, უდაბნოში სოფლის მეურნეობის განვითარების სამაგალითო მოდელს შევქმნითო, ამბობენ უდაბნოელები.

მათ მსგავსად იმედიანად არის და ბიზნესის გაფართოებას გეგმავს პოლონელი ქსავერე დუში. სოფელ უდაბნოში, სადაც ქართველთა უმრავლესობა გავლითაც კი არ არის ნამყოფი, რადგან ღმერთისგან დავიწყებულ ადგილად მიაჩნიათ, სამი წლის წინ პოლონელს კაფე, კლუბი, სასტუმრო და ჰოსტელი გაუხსნია და ყველაფრისთვის ერთად "ოაზისი" დაურქმევია. შვეიცარიის განვითარების ფონდის დახმარებით კულტურის ცენტრის გახსნასაც გეგმავს და ზაფხულობით ხშირად აწყობს საერთაშორისო ფესტივალებს. ვის არ ნახავთ ამ კაფე-კლუბში, აქაურობას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან სტუმრობენ. უცხოელი ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა უდაბნოს კაფე-კლუბი, რომლის მეპატრონემ ყველაფერი ორი მიტოვებული სახლის შესყიდვით დაიწყო.

ქსავერე დუში: - საქართველოში ბევრჯერ ვყოფილვარ, ძალიან შემიყვარდა აქაურობა და მინდოდა, აქ მეცხოვრა. ჩემი შვილი თბილისში სწავლობს. მე და ჩემს მეუღლეს ბიზნესი გვაქვს. პოლონეთიდან ჩემი ძმაც მეხმარება და როგორც ინვესტორი დაინტერესებულია აქ ბიზნესის გაფართოებით. ახლა, როცა წყალი მოვიდა, სასტუმროსა და კაფეს გაფართოების გარდა, მიწის ყიდვა და სხვა ტიპის საქმიანობის დაწყებაც გვინდა. მეტიც, ვფიქრობ, რამდენიმე აქაური პოლონეთში წავიყვანო და სხვადასხვა ტიპის ყველის მომზადება ვასწავლო, რის შემდეგაც აქ ბიზნესს ააწყობენ. ქართველები მეკითხებიან ხოლმე, აქ სასტუმრო და კაფე რამ გაგაკეთებინაო. ნახეთ, რამდენი ხალხია. მონასტრებში უამრავი ტურისტი დადის და მათ სასტუმროც სჭირდებათ, ჰოსტელიც და კაფეც. ამ ყველაფერზე 6 ადგილობრივი ქალი მყავს დასაქმებული. ჩემთან მუშაობენ მოხალისეებიც, ის ხალხი, ვისაც მოგზაურობა უყვარს, მაგრამ ფული არა აქვს და კვებისა და ღამის გასათევის ნაცვლად საქმეში მეხმარება.

P.S. უდაბნოდან გვიან წამოვედი. შორიდან აციმციმებული ქალაქები ჩანდა და ქსავერეს სიტყვები გამახსენდა: უდაბნო საოცარი ადგილია. აქ ტყუილად არ მოვიდოდა ასურელი მამა დავით გარეჯელი, ის გრძნობდა ამ მიწის ძალასა და მნიშვნელობას. აქვეა საგარეჯო, ღამით კი თბილისსა და რუსთავს გავყურებთ. სოფელს, რომელიც ასე ახლოს არის ქალაქებთან, ნაყოფიერი მიწა და წყალი აქვს, დიდი მომავალი ელისო.

ეკა ლომიძე