"კიდევ ჩვენ ვართ ფაშისტები?!" - კვირის პალიტრა

"კიდევ ჩვენ ვართ ფაშისტები?!"

ზოგიერთი ფაშისტებს გვიწოდებს, საოცარი ეპითეტებით გვამკობენ, რითაც ჩვენი დისკრედიტაცია უნდათ. ქვეყანა თავზე რომ გვენგრევა, ამას ვაპროტესტებთ. ნაციონალისტური კულტურა მომავალში ფართომასშტაბიან მოძრაობად ჩამოყალიბდება და ქვეყნის გადარჩენას ითავებს

27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ქართველმა ნაციონალისტებმა გმირთა მოედანზე გამართეს აქცია, რომელიც აღმაშენებლის პროსპექტზე შეხლა-შემოხლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, შენიღბული და შავფორმიანი ახალგაზრდები აგრესიულობით გამოირჩეოდნენ, ხსნიდნენ და ძირს ყრიდნენ ბანერებს და თურქულ კაფეებსა და მაღაზიებში ანთებულ მაშხალებს ისროდნენ. სამართალდამცავებმა ნაციონალისტური დაჯგუფების 12 წევრი დააკავეს, რომელთაგან 7 არასრულწლოვანია. დაკავებულთა შორისაა ჯგუფ "ქართული ძალის" ლიდერი ნიკოლოზ ბურნაძე. ჯგუფური ხულიგნობის გარდა, პროკურატურა ახალგაზრდებს რასობრივ დისკრიმინაციას ედავება. სასამართლომ 7 არასრულწლოვანი გამოძიების დასრულებამდე და განაჩენის გამოტანამდე მშობლების ზედამხედველობით გაათავისუფლა, ხოლო ხუთ სრულწლოვანს 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ანა მიქაუტაძე, თვითმხილველი: "აქციას შემთხვევით შევესწარი. ახალგაზრდები სკანდირებდნენ, დოლების ცემით, დროშებითა და მაშხალებით ისე მწყობრად მიდიოდნენ, სამხედრო დაჯგუფება მეგონა. მთელი ქუჩა გაბოლილი იყო. პოლიციაც იქვე იდგა და მათ მსვლელობას მშვიდად აკონტროლებდა. "საქართველო, საქართველოს" ძახილითა და სიმღერით აღმაშენებლის პროსპექტისკენ წავიდნენ. აქა-იქ გინება გავიგონე, შენიშვნა მივეცი და შეწყვიტეს. არ დამინახავს, რომ კაფეებსა და მაღაზიებში მაშხალები შეეყაროთ. პოლიცია კოლონას გვერდით მიჰყვებოდა და დავიჯერო არ აღკვეთდა ექსცესებს? ჩამოგდებული ბანერი დავინახე, რომელსაც კოლონამ გადაუარა. მერე მეგაფონიანმა ბიჭმა გამოაცხადა, ახლა წავედით რუსთაველზეო, ამის თქმა და პოლიციის შესევა ერთი იყო. ატყდა ჩოჩქოლი და ბიჭების მანქანებში ჩატენა დაიწყეს.

ამასობაში ტელევიზიებიც მოვიდნენ და კაფე "ნასიმის" მეპატრონემ განაცხადა, რომ ჩაუმსხვრიეს მინები, ჩამოუგდეს ბანერი, მაშხალები შეუგდეს და ა.შ. იქვე იდგნენ ახალგაზრდები და შეეპასუხნენ, რას გვაბრალებო და ერთ პატარა ბიჭს კაფეს მეპატრონემ არაკაცი უძახა. მე და ჩემმა მეგობარმა მაშხალა მოვიკითხეთ და მომსახურე პერსონალმა გვითხრა, უკვე გადავაგდეთო. შეიძლება ნივთმტკიცების გადაგდება?".

ინტერვიუზე დავითანხმეთ ერთ-ერთი ნაციონალისტი, რომელმაც გვთხოვა, მისი ვინაობა არ გაგვემხილა.

პეტრე, 28 წლის: - მისტიკური და გასაოცარი არაფერია იმაში, რომ ეს აქცია სოხუმის დაცემის დღეს ჩატარდა. მეტრო "რუსთაველთან" 150 კაცამდე შევგროვდით და ვარაზისხევით გავემართეთ გმირთა მოედნისკენ, სადაც სიტყვა წარმოვთქვით და თამარის ხიდის გავლით აღმაშენებლისკენ მწყობრი ნაბიჯით წავედით. ღია აქცია იყო, ფეისბუკგვერდისა და ჯგუფის მიერ ორგანიზებული. მოსვლა ყველა მსურველს შეეძლო. ამიტომაც ზოგიერთ მონაწილეს არც კი ვიცნობდით. არც იმას გამოვრიცხავთ, რომ პროვოკატორებიც გამოგვერივნენ.

- რის შემდეგ დააკავა პოლიციამ აქციის მონაწილეები?

- პოლიცია შეკრების მომენტიდან თვალს გვადევნებდა, მაგრამ რეაქცია არაფერზე ჰქონია, არც ვაშავებდით რამეს და ბუნებრივია. როდესაც მარჯანიშვილის მოედნიდან რუსთაველისკენ უნდა გაგვეგრძელებინა გზა, პოლიცია გარს შემოგვეხვია. მანამდე თუ იყო კანონდარღვევა, რატომ მაშინ არ მოუხდენიათ რეაგირება, ან რა ნიშნით დაიწყეს შერჩევითად დაკავება?

დაკავებულთა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც იქ შემთხვევით აღმოჩნდნენ. გვაქვს ინფორმაცია, რომ აქციის ერთ-ერთი მონაწილე სასტიკად ნაცემია.

- თქვენზე ამბობენ, გერმანული ნაციზმის კოპირებას, ფაშიზმის პროპაგანდას ეწევიანო.

- ზოგიერთი ფაშისტებს გვიწოდებს, საოცარი ეპითეტებით გვამკობენ, რითაც ჩვენი დისკრედიტაცია უნდათ. ქვეყანა თავზე რომ გვენგრევა, ამას ვაპროტესტებთ. ნაციონალისტური კულტურა მომავალში ფართომასშტაბიან მოძრაობად ჩამოყალიბდება და ქვეყნის გადარჩენას ითავებს. სიმართლე ჩვენთანაა, ჩვენ ქვეყნისთვის სიკეთე გვინდა.

- არ გეჩვენებათ, რომ ნაციონალისტებს გამოხატვის ფორმები ცოტა აგრესიული გაქვთ?

- აქციებისთვის მიზერულ თანხებს ვკრებთ. როცა თურქეთის სახელმწიფო თურქულ სკოლებს გვიხსნის ბათუმში, ეს ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის შეფურთხება გამოდის. ჩვენ რა, სახელმწიფო არა ვართ? თუ თურქეთის პროვინციად გადავიქეცით? როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური ძალები ერთმანეთს ებრძვიან, ასეთ სიტუაციაში ნებისმიერი ტიპის სამოქალაქო ქმედება ავტომატურად ვიღაცის მიერ ინსპირირებულ თუ დაფინანსებულ კამპანიად აღიქმება.

ჩვენ ვერ შეგვაჩერებენ და არც უნდა გავჩერდეთ იმის შიშით, რომ ვიღაც პარანოიკმა რაღაც არ მოგვაწეროს.

- ეშინოდეთ ჩვენი ანტიეროვნულ ძალებსო, ამბობთ და ვის აღიქვამთ ანტიეროვნულ ძალებად?

- ანტიეროვნულია ყველა, ვინც ძირს უთხრის ქართულ სახელმწიფოებრიობას და ვისაც ქართველი ერის დამცირებულ ყოფაში აქვს წვლილი შეტანილი. გამოხატვის ფორმებს რატომ გვიწუნებენ? როდესაც საქართველოში ქართველი ერი დაჩაგრული, დამცირებული, ღირსებაშელახულია და გაუსაძლის პირობებში უწევს ცხოვრება, ჯერ ის ვეძებოთ, რა არის ამის გამომწვევი მიზეზი. რამდენი უსამართლობა ხდება ამ ქვეყანაში და პირველი მსხვერპლი და ღირსებააყრილი უპირველესად ქართველი ერია. კიდევ ჩვენ ვართ ფაშისტები?! შეაფასონ ქვეყანაში ვითარება და მიხვდებიან, რატომ არის ახალგაზრდობა რადიკალური, ციდან ხომ არ გაჩნდა ამხელა ემოციები?

ეს არის ჯანსაღი ადამიანების ჯანსაღი პასუხი ზნედაცემულობასა და ერის მონურ მდგომარეობაზე. ვიბრძვით იმისთვის, ვალი მოვიხადოთ ჩვენი ერისა და ქვეყნის წინაშე.

"არ შეიძლება მათი გათანაბრება ისეთ ისტორიულ ფენომენთან, როგორიც იყო ნაციონალ-სოციალიზმი გერმანიაში"

რევაზ ქოიავა, "კავკასიური სახლის" მკვლევარი: "ესენი არიან ფაშისტური იდეოლოგიის გამომხატველი ჯგუფები, მაგრამ არ შეიძლება მათი გათანაბრება ისეთ ისტორიულ ფენომენთან, როგორიც იყო ნაციონალ-სოციალიზმი გერმანიაში, არც ნეონაცისტური ორგანიზაციების წარმომადგენლებად ჩავთვლიდი მათ. უბრალოდ, ეს არის კლასიკური მაგალითი პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული ახალგაზრდული კონტრკულტურული მოძრაობისა, რომელსაც ახასიათებს როგორც საბჭოთა, ასევე დასავლური განვითარების მოდელის უარყოფა, ანტიდამოკიდებულება სხვადასხვა ეთნოსის მიმართ, მაგალითად, ჩვენთან ამან ანტითურქული სახე მიიღო.

ეს არის ანტიპოლიტიკური მოძრაობა და ქმნის გარკვეულ სივრცეს ახალგაზრდების მოსაზიდად. მისი მიმდევრები არიან ჩვეულებრივი ახალგაზრდული ნონკონფორმისტული წრის წარმომადგენლები. ნაციონალისტები უფრო ეკლექტიკური წარმონაქმნია, რომლის ლოზუნგია "საქართველო ქართველებისთვის", თუმცა შეცვალეს და დაამატეს "ქართველები საქართველოსთვის", რაც ერთი მხრივ, საქართველოს დამოუკიდებლობის დროს არსებული ნაციონალიზმია (შეიძლება მასთან კავშირების პოვნა), მაგრამ, მეორე მხრივ, ის იყენებს ისეთ სიმბოლიკას და ისეთ გარეგნულ ფორმებს, რომლებიც ქართული ნაციონალიზმისთვის არ იყო დამახასიათებელი - სვასტიკა, შავი ფორმა, რომაული მისალმება და სხვა. არც ერთი მათგანი აშკარად არ არის ქართულ ნაციონალისტურ ტრადიციაში არსებული სიმბოლოები.

ეს მოძრაობა შეიძლება ორი გზით განვითარდეს: სხვა პოსტსაბჭოთა კონტრკულტურული მოძრაობების მსგავსად, დაიშალოს ან შეერწყას რომელიმე პოლიტიკურ ძალას. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთ შემთხვევაში მათი იდეოლოგია ისეთი აღარ იქნება, როგორიც ახლაა. ნაციონალისტების პოლიტიკურ პარტიად ტრანსფორმირებას არ ვვარაუდობ".

"ხორცს რატო არ ჭამ, ბიჭო!"

2016 წლის 29 მაისს თბილისის ცენტრში ვეგეტარიანულ "Kiwi კაფეს", რომლის მფლობელიც ირანის მოქალაქე სორუშ ნეგაჰდარია, ქართველი ნაციონალისტები დაესხნენ თავს. თავდასხმა საღამოს მოხდა, როცა კაფეს მუდმივი კლიენტურა ამერიკული ანიმაციური შავი კომედიის - "რიკი და მორტის" ჩვენებაზე იყო შეკრებილი.ვეგეტარიანულ კაფეში, რომელიც თბილისის ერთ-ერთ უძველეს, ვერცხლის ქუჩაზე მდებარეობს, თხუთმეტამდე უცნობი პირი შეიჭრა შეძახილებით: "ხორცს რატო არ ჭამ, ბიჭო!" და იქ სოსისები და მწვადის ნაჭრები შეყარა. თავდამსხმელებმა ჯერ მზარეულს სცემეს, მერე კი მიმტან გოგონას, აგინეს ახალგაზრდებს და დაამტვრიეს ინვენტარი. ჩხუბში მოგვიანებით ვერცხლის ქუჩის მცხოვრებლებიც ჩაერივნენ, რომელთა ნაწილს მათ ქუჩაზე "Kiwi კაფეს" ფუნქციონირება აღიზიანებს.

თვითმხილველის თქმით, რომელმაც ანგარიშსწორების შიშით არ ისურვა ვინაობის გამხელა, "Kiwi კაფე" ნაციონალისტებმა სწორედ იმიტომ შეარჩიეს, რომ ის ირანის მოქალაქის საკუთრებაა.

კაფეს კლიენტურამ თავდამსხმელებში ნაციონალისტური ორგანიზაცია "ქართული ძალისა" და ნეონაცისტური დაჯგუფება "ბერგმანის" წევრები ამოიცნო. რადიკალურ ფან-დაჯგუფება "ბერგმანის" წევრებმა 2015 წლის სექტემბერში რუსთაველის გამზირზე, ნიგერიის მოქალაქეებს სცემეს და კადრები ინტერნეტით გაავრცელეს. ამის შემდეგ, პოლიციამ "ბერგმანის" სამი წევრი დააკავა.

"დაზიანებულია ბანერი, მაგრამ არა ვიტრინები"

გელა ნიკოლაიშვილი, ნიკოლოზ ბურნაძის ადვოკატი: - ნიკოლოზ ბურნაძე არის 25 წლის, აშშ-ის მოქალაქე, რომელიც სოხუმის დაცემის დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა საქართველოში. აქციის დროს მათ ჰქონდათ პლაკატი "აფხაზეთი საქართველოა", იყო ხმაურიც, დოლზე ბრახუნიც, უწმაწური სიტყვებიც, მაგრამ ვფიქრობ, ეს სრულად ჯდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებში და ასეთი მძიმე ბრალის (ჯგუფური ხულიგნობა და რასობრივი დისკრიმინაცია) წაყენება უსაფუძვლოა. ვფიქრობ, სასამართლო თუ გაგრძელდა და არ მოხდა განრიდება, ან საპროცესო შეთანხმების გაფორმება, დაცვის მხარე დაადასტურებს, რომ ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული ამ ბავშვებს არ ჩაუდენიათ. საქმეში არის პოლიციის და კაფეს თურქი მეპატრონეების ჩვენებები, რომლებიც წერენ, რომ აქციის მონაწილეებს ხელში დუბინკები ჰქონდათ, მინებს ამსხვრევდნენ და ობიექტებში მაშხალები შეყარეს, არადა, დადგინდა, ორმა თურქმა იქით სცემა აქციის მონაწილეს. ჩამსხვრეულია მინა, რომლის ღირებულებაც 20 ლარამდეა და ისიც გაურკვეველია, ვინ ჩაამსხვრია და რა დროს. მართალია, ბანერია დაზიანებული, მაგრამ ვიტრინები - არა. მაგრამ ამ 12 კაციდან კონკრეტულად ვინ დააზიანა, უცნობია და ამისთვის კოლექტიურად ხომ არ უნდა დაისაჯონ ადამიანები? "ქართული ძალა", როგორც მისი წევრები ამბობენ, არის პატრიოტული ორგანიზაცია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს რუსებთან, ამერიკელებთან, არც რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან.

ნანა ფიცხელაური