"გამოჭედილი შარვლები რომ აცვიათ გასუქებულ ქალ პოლიტიკოსებს, არ არის კარგი შესახედი" - კვირის პალიტრა

"გამოჭედილი შარვლები რომ აცვიათ გასუქებულ ქალ პოლიტიკოსებს, არ არის კარგი შესახედი"

"შავი და ხვეული თმის გამო ქართველს არასდროს მამსგავსებდნენ. შავგვრემანი ვიყავი, გარუჯული კი აფროამერიკელს ვგავდი"

"ჰიუსტონმა მხოლოდ სახელი მკითხა, ვინ ვიყავი და საიდან. დინჯი ხმა ჰქონდა, ცოტა ჩახლეჩილი. უფრო მუქი მეჩვენა, ვიდრე ეკრანიდან მახსოვდა. თვალში მომხვდა მისი გრძელი, საოცრად ლამაზი თითები. ჰიუსტონის წარმომადგენელი გვიღებდა, მოგვიანებით გამომიგზავნეს ეს ფოტო"

მოდისა და ესთეტიკის მოყვარულთათვის ნუკა კაციტაძის სახელი უცხო ნამდვილად არ არის. იგი პირველი "მის თბილისის" ტიტულის მფლობელია და დღესაც გამოირჩევა თავისი გარეგნობითა და დახვეწილი გემოვნებით... ერთ დროს მას უიტნი ჰიუსტონს ამსგავსებდნენ. ინტერვიუზე ოჯახში მისულს, თვალში მომხვდა მათი ფოტო. ქალბატონ ნუკასთან საუბარი სწორედ ამ ფოტოს ისტორიით დავიწყეთ.

- შავი და ძალიან ხვეული თმის გამო ქართველს არასდროს მამსგავსებდნენ. შავგვრემანი ვიყავი, გარუჯული ხომ აფროამერიკელს ვგავდი. ერთ დღესაც მსოფლიომ, და მათ შორის საბჭოთა საქართველომაც, უიტნი ჰიუსტონი გაიცნო და იმ დღიდან მეგობრები აღნიშნავდნენ, რომ ჩვენს გარეგნობებში ბევრი საერთო იყო. ამის მოსმენა მსიამოვნებდა. ტოლები ვიყავით, უიტნი ჰიუსტონი 1963 წლის აგვისტოში იყო დაბადებული, მე - ოქტომბერში. ყოველთვის თვალყურს ვადევნებდი უიტნის ცხოვრებასა და შემოქმედებას. საბჭოთა პერიოდში ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მის კონცერტზე მოვხვდებოდი. 2004 წელს კი მოულოდნელად მოსკოვიდან მეგობრებმა დამირეკეს, კრემლის საკონცერტო დარბაზში ჰიუსტონის კონცერტი იმართებაო, გამომიგზავნეს ბილეთებიც და გახარებული გავემგზავრე.

- როგორ ჩაიარა ნანატრმა კონცერტმა?

- კონცერტი საშინლად ჩატარდა. იმ დღეს ნარკოტიკით გაბრუებული იყო, ამასთან, გაცივებულიც და ვერ იმღერა ისე, როგორც ახასიათებდა. მერე მამაზე დაიწყო ლაპარაკი, იმაზე, თუ როგორ გარდაიცვალა, ტირილი აუტყდა და დარბაზიდან გაიყვანეს, მის მაგივრად კი მისმა ბიძაშვილმა იმღერა. მოკლედ, კონცერტი კი არა, საცოდაობა იყო. ვუყურებდით ამ ლეგენდას და გული გვიკვდებოდა.

მეორე დღეს კიდევ მოვახერხე კონცერტზე მოხვედრა. ახლა გაცილებით უკეთესად გამოიყურებოდა. კონცერტის შემდგომ, ქართულ დელეგაციასთან ერთად, უიტნი ჰიუსტონთან შეხვედრისა და ფოტოს გადაღების საშუალება მომეცა. მახსოვს, კულისებში იდგა ძეგლივით. ჩვენ თითო-თითოდ მივდიოდით მასთან და ჰიუსტონის წარმომადგენელი ფოტოს გვიღებდა. მცირე დიალოგი გვქონდა მხოლოდ, სახელი მკითხა, ვინ ვიყავი და საიდან. დინჯი ხმა ჰქონდა, ცოტა ჩახლეჩილი. უფრო მუქი მეჩვენა, ვიდრე ეკრანიდან მახსოვდა. თვალში მომხვდა, მისი გრძელი, საოცრად ლამაზი თითები.

- თქვენ გიცნობენ როგორც პირველ ქართველ "მისის" ტიტულის მფლობელს. რომელ წელს ჩატარდა ეს კონკურსი?

- 1985 წელს. მაშინ 22 წლის ვიყავი. კონკურსზე ყველა უმაღლეს სასწავლებელს თავისი დედოფალი გაჰყავდა. რესპუბლიკის მოედანზე ტარდებოდა ეს სანახაობა. მე თეატრალურს წარმოვადგენდი და ინგლისელ დედოფალს ვასახიერებდი. გამიხარდა "მის თბილისის" ტიტულის მოპოვება, მაგრამ რაჭველი ვარ და ეს სიხარული ცოტა გვიან გავაცნობიერე. მალე უფრო პოპულარული გავხდი, უამრავი თაყვანისმცემელი გამიჩნდა.

- დღეს კი უკვე ბებია ხართ...

- ამით უზომოდ ბედნიერი ვარ. ყოველ დილით, 7 საათზე, ჩემს პატარა შოთიკოს შემომიყვანენ ხოლმე ოთახში, მერე 9 საათამდე ვსეირნობთ.

- მას შემდეგ ბევრი კონკურსი ჩატარდა და ბევრი "მისიც" აირჩიეს, მაგრამ, ალბათ, ხუთი მათგანის ვინაობასაც კი ვერავინ გაიხსენებს.

- ამდენი ფეშენვიკისა და სილამაზის კონკურსის ყურება წარმოუდგენელია, შეფასებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ამ ყველაფერმა ფასი დაკარგა. წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარდეს და კომპეტენტური პირი უნდა უწევდეს ორგანიზებას. ხომ არ შეიძლება ყოველ მოსახვევში მსგავსი კონკურსები ტარდებოდეს.

ჩემს დროს სილამაზის კონკურსი საინტერესოდ ტარდებოდა. ყველა ჩვენგანს თავისი განსხვავებული სილამაზე ჰქონდა. ახლა ყველა გოგო ერთმანეთს ჰგავს - გასწორებული თმა, დასივებული ტუჩები, ერთ თარგზე გამოჭრილი ცხვირი და ხაზივით წარბები აქვთ. ინდივიდუალურობა დაკარგეს.

ეს ჩვენი ახალგაზრდების ჩაცმულობაშიც იგრძნობა. ყველას შავი სამოსი აცვია, ზამთარ-ზაფხულ დიდი, მძიმე ბათინკებით.

- პოლიტიკოსების ჩაცმულობაზე რას გვეტყვით?

- წინასაარჩევნოდ ფოტოებს იღებენ ფლაერებისა და ბილბორდებისთვის. ეს საქმე ჩვენში კარგად განვითარდა, სტუდიაში პროფესიონალები მუშაობენ და პოლიტიკოსები კარგად გამოიყურებიან სტენდებსა თუ ბანერებზე. აი, ჩაცმის სტილის რა მოგახსენოთ. მამაკაცები იოლად გადიან - კოსტიუმი, ჰალსტუხი, პერანგი, ძირითადად, ფერთა ცვლა უწევთ, ქალები არიან რთულ მდგომარეობაში. ალბათ, იმიტომ, რომ სხვას არ ეკითხებიან, ან არ უჯერებენ. ჩვენთან ხომ ასეა მიღებული - მე ყველაფერი ვიცი! არსებობენ იმიჯმეიკერები, დაიხმარონ. მიაქციონ ჩაცმის სტილს ყურადღება, გამოჭედილი შარვლები რომ აცვიათ გასუქებულ ქალ პოლიტიკოსებს, არ არის კარგი შესახედი. მძიმე მაკიაჟის გაკეთებაც მიუღებელია.

ჩემი აზრით, როცა ქალი პოლიტიკაში მიდის, სავალდებულო უნდა იყოს იმიჯმეიკერის აყვანა, რათა კონსულტაცია მიიღოს ჩაცმის სტილში, მეტყველებაში, მაკიაჟის გაკეთებაში, რათა ყველგან, სამშობლოში თუ საერთაშორისო არენაზე, მოწოდების სიმაღლეზე იდგეს.

ეკა სალაღაია