მიკრობებით შექმნილი სილამაზე - კვირის პალიტრა

მიკრობებით შექმნილი სილამაზე

21-ე საუკუნეში ხელოვნებისა და მეცნიერების განვითარებამ ახალ თაობას ახალი ინტერესები შესთავაზა. "კვირის პალიტრა" აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტთან, ანა ციციშვილთან ერთად, ხელოვნების ახალ მიმართულებას გაგაცნობთ:

- გაზაფხულზე სტუდენტები ვმუშაობდით პროექტზე, რომლის ერთი ნაწილი ჰაერის მიკრობების ანალიზი იყო. ნიმუშების აღების შემდეგ ამოითესა რამდენიმე ულამაზესი ფერის სოკო. ვიფიქრე, ხომ შეიძლება, ამ მიკრობებით, რამე დავხატო-მეთქი. ინტერნეტსივრცეში მოძიებული ინფორმაციით აღმოჩნდა, რომ ამერიკასა და ევროპაში ეს მიმართულება ახალი არ არის და მას Microbal Art-ი ეწოდება.

გადავწყვიტე, პროფესორ გიორგი მელაშვილთან ერთად ისეთი მიკრობები გამემრავლებინა, რომელთაც პიგმენტის წარმოქმნის უნარი აქვთ. მთელი ზაფხული ლაბორატორიაში ვმუშაობდი. ვაგროვებდით და ვამრავლებდით სხვადასხვა ფერის, არაპათოგენურ - ადამიანისთვის სრულიად უსაფრთხო მიკრობებს. როდესაც შევაგროვე საკმარისი რაოდენობის ფერები, დავიწყე ხატვა.

- რა პროცედურებია საჭირო ხატვის დასაწყებად?

- ბაქტერიები და სოკოები ცოცხალი ორგანიზმებია, ამიტომ მათ სჭირდებათ საკვები არე, სადაც გაიზრდებიან. თხევადი, გასტერილებული საკვები არე ისხმება ასევე სტერილურ პეტრის ფინჯანზე, შემდეგ ცივდება და შედარებით მყარდება. სხვადასხვა მიკრობი სხვადასხვა საკვებ არეზე იზრდება. მათი შემადგენლობა განსხვავებულია და ამიტომაც განსხვავებული შეფერილობისაა. არსებობს შედარებით უნივერსალური ნიადაგებიც. მაგალითად, ჩემი ნახატები შესრულებულია Brain-Heart agar-ზე. ამის შემდეგ ფუნჯით ან სპეციალური მარყუჟით მიკრობების სუფთა კულტურები წინასწარ მარკერით დატანილი მონახაზის მიხედვით პეტრის ფინჯანზე გადამყავს.

- ნახატს თვალი მაშინვე აღიქვამს?

- თავიდან ნახატზე არც ფერები ჩანს და ვიზუალურადაც ცოტა რთულია გარჩევა, სად დატოვა კვალი ფუნჯმა. პეტრის ფინჯანზე მიკრობების გადაყვანის შემდეგ, მიკრობებს ვადროვებ, კოლონიებად გაიზარდოს. კოლონიები ვითარდება და 2-3 დღეში წარმოიქმნება პიგმენტი - შეფერილობა და ნახატიც მზადაა.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მიკრობი შედარებით სწრაფად იზრდება, მაგალითად, თეთრი Staphylococcus  epidermidis-ი, რომელიც ადამიანის კანზე ბინადრობს, ხოლო წითელი Rhodotorula mucilaginosa ნელა იზრდება. ამ შემთხვევაში ჯერ ნახატის წითელ ნაწილზე ვმუშაობ, ვადროვებ 1 დღეს, რათა გაიზარდოს, ხოლო შემდეგ მიჯნად სტაფილოკოკს დავსვამ, რომ ფერები არ შეერიოს ერთმანეთს.

მზა ნახატს მაცივარში ვინახავ, სადაც მიკრობები ძალიან ნელა იზრდებიან, 1 ნახატი 1-3 თვე ცოცხლობს, მანამ, სანამ საკვები არე არ გამოშრება, შემდეგ კი ავტოკლავირებით ვასტერილებთ და მიკრობებს ვხოცავთ.

- როგორც ვიცი, რუსთაველის მეტროსთან გავრცელებული მიკრობებიც დახატე.

- ქუჩაში გავრცელებული მიკრობებით ნახატის გასაკეთებლად საჭიროა პეტრის ფინჯანი თავახდილი 15 წუთი გეჭიროს, შემდეგ ფინჯანზე მოხვედრილი მიკრობები კოლონიებად იზრდება და ხატვაც შესაძლებელია.

ეკა გადახაბაძე