"ყველამ თავის მამიდას მოუაროს... რა მეპოლიტიკოსება, პენსიაზე კი არ გავსულვარ"
03-10-2016
"ყველამ თავის მამიდას მოუაროს... რა მეპოლიტიკოსება, პენსიაზე კი არ გავსულვარ"
"ყველამ თავის მამიდას მოუაროს... მე პოლიტიკაში ცხვირის ჩაყოფა არ მინდა"

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობ გივი ბერიკაშვილს ყველა იცნობს და ლამის ზეპირად იციან მისი პერსონაჟების ციტატები. მსახიობმა 40-ზე მეტ ფილმში ითამაშა. ამბობს, რომ კვლავ აქტიური ცხოვრების სტილით ცხოვრობს და მიუხედავად იმისა, რომ უკვე 83 წლისაა, ჯერ არ აპირებს პენსიაში გასვლას.

- მსახიობის პროფესია შემთხვევით არ ამირჩევია. დედაჩემი მუშაობდა მარჯანიშვილის თეატრში (ბუღალტერიაში) და ხშირად ვაკითხავდი. სულ პატარას, მოკლე შარვალში მაქვს ფოტო
გადაღებული სესილია თაყაიშვილთან და ვერიკო ანჯაფარიძესთან ერთად. ვაკვირდებოდი მათ მუშაობას, როგორ ირგებდნენ გრიმს... იმთავითვე ვიცოდი, რა გზასაც ავირჩევდი სამომავლოდ. მართლაც, სკოლის დამთავრების შემდეგ, თეატრალურში ჩავაბარე. მქონდა ბედნიერება აკაკი ხორავას შეგირდობისა. ჩემი ჯგუფელები იყვნენ: ზინა კვერენჩხილაძე, ბორია წიფურია, თენგიზ არჩვაძე...

- პირველი კინოროლი გახსოვთ?

- მერაბ
კოკოჩაშვილმა გადაიღო "მიხა", პატარა როლი მქონდა. მერე­ დამიძახეს "ლონდრეში". ლონდრე როგორ გავხდი,­ ეს ცალკე ისტორიაა. სცენარის ავტორი ოთარ ჭილაძე გახლდათ. ჩვენ ვახლობლო­ბდით, ერთ უბანში ვცხოვრობდით. თამაზ­ მელიავასთან რომ მიუტანია სცენარი, უთქვამს, გაბრიელის როლი გივი­სთვის დავწერეო. გაბრიელი კი გვყავდა, მაგრამ ლონდრეს დიდხანს ვერ ვპოულობდით. ძველი კინოსტუდიის წინ ჩოგბურთის კორტები­ იყო, სადაც ბიჭები ხშირად გადავდიოდით­ ფეხბურთის სათამაშოდ. ერთ დღესაც გახვითქული და წელს ზევით ტიტველი თამაზ მელიავას დავუნახ­ავვარ. მოვიდა, მიყურა,­ მიყურა და მერე მეუბნება: ბიჭო, წამო, აბა, ერთი სინჯები­ გადავიღოთო. მე წინააღმდეგი ვიყავი, ვეუბნებოდი, ლონდრეს როლს არ მომცემენ­ და იმდენს იზამ, გაბრიელის როლსაც დამაკარგვინებ-მეთქი. ყურიც არ მათხოვა. მეორე დღეს მაუწყეს - ლონდრე გიპოვეთ­ და ახლა გაბრიელის პოვნა გაცილებით ადვილიაო. ჯარისკაცის ფორმა მომარგეს და გადამიღეს. მაშინ 27 წლის ვიყავი. მიხარია, რომ ეს ფილმი დღემდე უყვართ.
მას შემდეგ კიდევ ბევრი ფილმი იყო, "ღვინის ქურდები", "მზე შემოდგომისა", "სიყვარული ყველას უნდა", რომელი ერთი ჩამოვთვალო... ბოლოს გოდერძი ჩოხელი­ ჩემ გარეშე ფილმს აღარ იღებდა...

- დღეს თუ ხართ დაკავე­ბული...

- ამ წუთში არჩევნებისთვის ვემზადები. როლებზე დღესაც მეძახიან, მაგრამ ცოტა არ იყოს, ხელს მიშლის ჯანმრთელობა.

- პოლიტიკაში მოსვლა არასდროს შემო­უთავაზებიათ?

- რა მეპოლიტიკოსება, ქვეყნის სამუშაო მაქვს, პენსიაზე კი არ გავსულვარ. 83 წლის კაცი ვარ და დღემდე ვმუშაობ.

- გამართლებულია, პოლიტიკაში­ ამდენი­ ხელოვანი და სპორტსმენი რომ მოდის?

- ყველამ თავის მამიდას მოუაროს... მე პოლიტიკაში ცხვირის ჩაყოფა არ მინდა. ჩემმა პროფესიამ ბევრი მეგობარი მაპოვნინა, ერთ-ერთი განუყრელი კახი კავსაძეა. ერთმანეთი თეატრალურ ინსტიტუტში გავიცანით და მას მერე ერთად მოვდივართ. ახლაც გადაბმულები ვართ... გამანადგურა ზურა ქაფიანიძის დაკარგვამ.

- ინტერვიუსთვის რომ ვემზადებოდი, ძველ პრესას გავეცანი. თვალში მომხვდა­ თქვენი­ კომენტარი მარიხუანას ლეგალიზა­ც­იასთან დაკავშირებით. ამბობთ, რა დროს მარიხუანაა, როდესაც­ ამისთანა ღვინო გვაქვსო.

- ჩვენ სხვა თაობა ვართ. ახლანდელი­ თაობის რაღაცები არ მომწონს და ამას ხმამაღლა ვამბობ. მე თბილისში დაბა­დებულ-გაზრდილი კაცი ვარ. ჩვენს ახალგაზრ­დობაში მოსისხლე მტერიც რომ შეგხვედრ­ოდა ქუჩაში, გოგოსთან ერთად თუ იყავი, ხმას არ გაგცემდა. ახლა გოგოების უფრო უნდა გეშინოდეს...

- ბევრისმნახველი ბრძანდებით... როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი ცხოვრებაში?

- მთავარი ადამიანობაა. უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, შენი ჯიშ-ჯილაგი, ოჯახი, მეგობარი, დიდი, პატარა. სიყვარულია მთავარი. მტრობაში კარგი არაფერია. ზოგიერთები რომ გამოდიან და ბოღმა ჩამოსდით, ეგრე არაა. თუ რამე არ მოგვწონს, უნდა მივიდეთ და ვუთხრათ: ბიჭო, ეს ასე არაა... სიყვარული და ერთად დგომა გადაგვარჩენს. შვილიშვილი და შვილთაშვილიც მყავს უკვე. ჩემს პატარებს პაპა უყვართ. ვასწავლი, რომ მთავარი სიყვარულია. ახლავე ვუნერგავ ოჯახისა და სამშობლოს სიყვარულს.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით