"მამამთილი მოკლეს, დედამთილს კი სიმსივნე აღმოაჩნდა და სამკურნალოდ გავყიდეთ ბინა" - 7-შვილიანი ოჯახი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს! - კვირის პალიტრა

"მამამთილი მოკლეს, დედამთილს კი სიმსივნე აღმოაჩნდა და სამკურნალოდ გავყიდეთ ბინა" - 7-შვილიანი ოჯახი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს!

ტატიანა ჭოლოკავა: "მე ძვლის ტუბერკულოზი დამიდგინდა, მეუღლე მშენებლობაზე მუშაობის დროს მე-6 სართულიდან გადმოვარდა და დაინვალიდდა. ჩვენი შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარებაა"

ია მასპინძელაშვილი: "შიმშილი და გაჭირვება ჩვენი თანმდევია. თუ შევძელი და საკმარისი პური მოვიტანე მარგარინთან ერთად, შედარებით მშვიდად ვარ..."

თბილისი, საბურთალოს ქუჩა. საცხოვრებელი კორპუსები, კაფე-ბარები, რესტორნები, სავაჭრო ცენტრები... იქ, სადაც ქუჩის ერთ მხარეს სიცოცხლე ჩქეფს, მეორე მხარეს ადამიანები არსებობისთვის იბრძვიან - რკინის პატარა და ვიწრო ვაგონებში ცხოვრობენ.

"შვილო, გილოცავ დაბადების დღეს! ჯანმრთელად მყავდე!" - ასე დაიწყო 26 სექტემბრის დილა მასპინძელაშვილების ოჯახში. ელენე 13 წლის გახდა. მთელი დღე სახლის წინ, მეზობლის თანატოლ ბიჭთან ერთად ბურთს თამაშობდა. არც სტუმრის მოლოდინი ჰქონდა... რატომ? მიზეზი ბევრია. პატარა ელენე თბილისის ცენტრში, საბურთალოზე, ცინცაძის ქუჩაზე, ოჯახის ექვს წევრთან ერთად 17 კვადრატულმეტრიან პატარა ვაგონში ცხოვრობს.

იუბილარის ოჯახში დედა, ორ შვილსა და შვილიშვილთან ერთად დამხვდა. ტატიანა ჭოლოკავა მეორე ჯგუფის ინვალიდ მეუღლესთან, სამ შვილთან, სიძესა და შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. თავადაც ჯანმრთელობა შერყეული აქვს, სახსრები აწუხებს და სიარული უჭირს.... ეს პატარა ვაგონი წლებია მათ საცხოვრებლად იქცა.

ტატიანა ჭოლოკავა: - 39 წლის გახლავართ, მეუღლე 41 წლისაა, 15 წლის ვიყავი, ცოლად რომ გავყევი. ვარკეთილში ვცხოვრობდით. მამამთილი მოკლეს, დედამთილს კი სიმსივნე აღმოაჩნდა და მის სამკურნალოდ გავყიდეთ ბინა, მაინც ვერაფერი ვუშველეთ... მეუღლის დეიდამ მოგვცა ეს ვაგონი.

მე ძვლის ტუბერკულოზი დამიდგინდა, მეუღლე მშენებლობაზე მუშაობის დროს მე-6 სართულიდან გადმოვარდა და დაინვალიდდა.

ზაფხულში გახურებულ რკინაში ვცხოვრობთ, ზამთარში კი ვაგონი უცებ იყინება... ჩვენი შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარებაა. საკვები უფასო სასადილოდან მოგვაქვს. ამჟამად გაზი აღარ გვაქვს, რადგან დავალიანება ვერ დავფარე. ბავშვი ავად გაგვიხდა და მთელი თანხა მის მკურნალობას მოხმარდა. მეუღლეს თვეში წამლისთვის 500 ლარი სჭირდება. ვოცნებობ, ჩემს შვილებსაც ჰქონდეთ სახლი. მინდა, აღარ მკითხოს შვილმა, როდემდე უნდა ვიცხოვროთ ვაგონშიო...

- დასაქმება გიცდიათ?

- სანამ ავად გავხდებოდი, დასუფთავების სამსახურში ვმუშაობდი. ახლა ისევ შევიტანე მერიაში განაცხადი, მაგრამ ადგილები არა გვაქვსო... ფეხზე დიდხანს დგომა არ შემიძლია, ერთი საათის შემდეგ საშინელი ტკივილი მეწყება, მაგრამ არა უშავს, თუ სამსახური გამოჩნდება, გავიკეთებ გამაყუჩებელს და ვიმუშავებ.

პატარა ელენე თბილისის ცენტრში, ოჯახის ექვს წევრთან ერთად 17 კვადრატულ- მეტრიან პატარა ვაგონში ცხოვრობს

- დღეს ელენეს დაბადების დღე აქვს...

- ჩვენთან საჩუქრები და სადღესასწაულო კერძები არასოდეს ყოფილა. ელენე ველოსიპედზე ოცნებობს... დილას რომ ადგა, ჩავეხუტე და ეს იყო მთელი აღნიშვნა.

- თუ მიმართეთ ხელისუფლების წარმომადგენლებს დახმარებისთვის...

- არაერთხელ... მათი დახმარება ზამთარში ორი კუბური მეტრი შეშაა.... ეს ვაგონი არც თბება და არც ნიავდება... სულ დახვრეტილია რკინა... ჩემი სიძე საქართველოს ჩემპიონია ბოდიბილდინგში, ორჯერ მეორე ადგილი აიღო, წელს კი ვერ იასპარეზა მატერიალური პრობლემების გამო. ცდილობს, ივარჯიშოს, არადა, კვებით ხელს ვერ ვუწყობთ. თუ გამოჩნდება მსურველი, მანქანების "პალიროვკაზე" მუშაობს... თუმცა, ესეც იშვიათია. იმედს მაინც არ ვკარგავ, იქნებ ერთი ოთახი მაინც მოვიპოვოთ, რომ აღარ დაგვცინონ... დაგვეხმარეთ, აქაც ადამიანები ვცხოვრობთ... სულ რაღაც ათ მეტრში კიდევ ერთი ვაგონი დგას, აქ ელენეს ბიძა მეუღლესა და შვიდ შვილთან ერთად ცხოვრობს. ოჯახის ყველაზე პატარა წევრი ხუთი თვის ბექაა. ეს ვაგონი შედარებით დიდია, 27 კვადრატული მეტრი.

ია მასპინძელაშვილი, 41 წლის: - 24 წლის ქეთევანის, 22 წლის გიორგის, 20 წლის ბესიკის, 18 წლის ლუიზას, 14 წლის ლაშას, 8 წლის მამუკასა და პატარა, 5 თვის ნამცეცას დედა ვარ. ჩემი მეუღლე 47 წლისაა, 18 წლის წინ მძიმე ავტოკატასტროფაში მოყვა და დაინვალიდდა. მისი გადატვირთული მუშაობა ჯერაც არ შეიძლება, მაგრამ თავს არ ზოგავს, თუკი გამოჩნდება ხოლმე სამუშაო. ხან მტვირთავად, ხანაც მუშად მუშაობს... საუბედუროდ, ჩვენს მეორე შვილს, გიორგის, გულის მანკი აღმოაჩნდა, ბესიკს კი ძვლებზე წანაზარდები აქვს და ორივეს ოპერაცია სჭირდება. მიუხედავად ამისა, უფროსებმა კოლეჯი დაამთავრეს, მაგრამ ოთხივე უმუშევარია, ორი სკოლის მოსწავლეა და კარგადაც სწავლობენ, მინდა, ხელი მაქსიმალურად შევუწყო განათლების მიღებაში...

ერთმანეთის გამონაცვალ ტანსაცმელში იზრდებიან. ბევრი რამ უნდათ, მაგრამ იციან, რომ არა გვაქვს და ამას გაგებით ეკიდებიან...

- როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე?

- ჩვენი დღე 6 საათზე იწყება. ადგომისთანავე ვასუფთავებ ვაგონს და ვამზადებ ბავშვებს სკოლისთვის. შიმშილი და გაჭირვება ჩვენი თანმდევია. თუ შევძელი და საკმარისი პური მოვიტანე მარგარინთან ერთად, შედარებით მშვიდად ვარ...

ძირითადად, უფასო სასადილოდან მოტანილი კერძებით ვსაზრდოობთ. რაოდენობრივად ძალიან ცოტაა, ხარისხიც დაბალია. ორი დღის წინ ჰერკულესის ფაფა იყო და სახლში მოტანისას თეფშებზე მატლები ვიპოვეთ. ცხადია, არ ვაჭამე და მშივრები დარჩნენ. წვნიანები კი წვენივითაა, და ისიც 8 სულზე 2 ლიტრამდე. ძალიან ცოტაა, მაგრამ რა ვქნა...

- რა არის თქვენი ოჯახის შემოსავალი?

- მხოლოდ სოციალური დახმარება. გასულ წელს გამგეობა შემპირდა ქირით გაყვანას, 300 ლარით შეუძლებელია ბინის ქირის გადახდა, პატარა ფართობს გამქირავებელი არ გვაძლევს, რადგან მრავალსულიანი ოჯახი გვყავს, დიდი ფართობისთვის კი გადასახადიც დიდია. ფონდ "იავნანასაც" მივმართე, მაგრამ ამაოდ. პატარას, 5 თვის ბექას, არ ჰყოფნის კვების ვაუჩერი, რომელსაც სოციალური სააგენტო გვაძლევს, ის თანხა მხოლოდ 1 კვირის სამყოფია.

მინდა მთავრობას ვთხოვო, დაეხმარეთ მრავალშვილიან, უნარშეზღუდულ ადამიანებს, პენსიონერებს, ჩვენც დაგიდგებით გვერდში.

როცა ცივა და წვიმს, ვაგონშიც ორპირი ქარი და წვიმაა, ყველა ვსველდებით ისე, როგორც ქუჩაში დავსველდებოდით.

შვილებს მეგობრების მოყვანა რცხვენიათ ვაგონში. სანამ პატარები იყვნენ, ხშირად უსაყვედურიათ მძიმე ყოფის გამო, მაგრამ რაც წამოიზარდნენ, არაფერს მეუბნებიან... იციან, რომ გული ძალიან მტკივა.... ნუთუ ბევრი ქართველი აჩენს 7 შვილს?!

არავინ იცის, თბილისის ცენტრში ვაგონებში როდემდე გაძლებენ ეს ადამიანები...

თორნიკე ყაჯრიშვილი