ერთი დღე მიმტანის ამპლუაში - ჟურნალისტი იცვლის პროფესიას
03-10-2016
ერთი დღე მიმტანის ამპლუაში - ჟურნალისტი იცვლის პროფესიას
"თუ ოდესმე უმუშევარი დარჩი, ბარში სიამოვნებით მიგიღებთ"

როცა სტუმრები შემოდიან, მენიუ და საფერფლე უნდა მიართვა და რა თქმა უნდა, ღიმილით ჰკითხო, - რას ინებებთ?


რამდენიმე წელია, ერთ მყუდრო, მშვენიერ ფრანგულ კაფეს თითქმის ყოველდღე ვსტუმრობ. აქ რომ "ცეზარს" აკეთებენ, სხვაგან ვერსად გასინჯავთ... ერთხელ მენეჯერი ბარის დაარსების ისტორიას ისეთი სიყვარულით ჰყვებოდა, მეც მომინდა, მეგობრებთან ერთად ასეთი პატარა, მყუდრო დაწესებულების გახსნა... ეს - მერე, მანამ კი მენეჯერს შევთავაზე, ერთი დღე თქვენთან მიმტანად ვიმუშავებ-მეთქი...
უარი არ უთქვამს. 28 სექტემბერი. საღამოს 18 საათი. ჯინსის ქსოვილის წინსაფარი ავიფარე. ცოტა ვღელავ... ათამდე მაგიდა, მენიუს მიტანა, შეკვეთა, კერძებისა თუ სასმელების მირთმევა, ყოველ ჩამწვარ სიგარეტზე საფერფლის გამოცვლა....

მენეჯერისგან ვიგებ, რომ დარბაზის ერთ ნაწილში მდგარი მაგიდები დანომრილი არ არის, თუმცა როცა "ჩეკი" იხსნება, სხვადასხვა ფერის
ავეჯის მიხედვით მიანიშნებენ, მაგალითად: ვარდისფერსავარძლიანი, ყვითელსავარძლიანი, ზოლიანი და ა.შ. მეორე, მცირე დარბაზში, სადაც შავი ტყავის სავარძლები და მაგიდებია, ყველა ადგილი დანომრილია... ბართან, პატარა კარადაში, საფერფლე, ხელსახოცები, მარილი და პილპილია. როცა სტუმრები შემოდიან, მენიუ და საფერფლე უნდა მიართვა, რა თქმა უნდა, ღიმილით ჰკითხო, - რას ინებებთ?

პირველი "ჩეკი" გავხსენი

ვარდისფერსავარძლიანი მაგიდიდან საფერფლე გამოვცვალე... მენეჯერი მეუბნება, - ყველა დასვრილი ჭურჭელი და საფერფლე სამზარეულოში შეიტანეო... ასეც ვიქცევი. იქ კი ის სამი ოქროსხელებიანი ქალბატონი მხვდება, რომელთა მომზადებული კერძების დასაგემოვნებლად ქალაქის თითქმის ყველა უბნიდან მოდიან... ისევ დარბაზში გამოვდივარ. ახალგაზრდა ქალი და პატარა გოგონა შემოდიან და ყვითელსავარძლიან მაგიდასთან სხდებიან. ღიმილით ვუახლოვდები, მენიუს ვთავაზობ და ბართან ვბრუნდები. გაფაციცებული ველოდები ფრაზას - "უკაცრავად!" ეს ნიშნავს, რომ მათი არჩევანი უნდა ჩაინიშნო. პატარა ფურცელსა და კალამს ვიმარჯვებ და ვუახლოვდები... რას მიირთმევთ? "ერთი ფრი, ფორთოხლის წვენი ყინულის გარეშე, პიცა და თურქული ყავა"... მონდომებით ვინიშნავ შეკვეთას. პირველი ჩეკი"გავხსენი. მერე სამზარეულოში შევდივარ და მზარეულს კერძებს ვუკვეთავ. ბართან გამოსულს ფორთოხლის წვენი და ყავა მზად მხვდება და მაგიდასთან ღიმილით მიმაქვს... პიცის გამოცხობასა და კარტოფილის შეწვას დრო უნდა. ამასობაში ბარში შემოსული გოგონების მაგიდასთან მენიუ და საფერფლე მიმაქვს. დაახლოებით 5 წუთში თურქულ ყავას მიირთმევენ. ბარისკენ მიმავალს ყვითელსავარძლიანი მაგიდიდან პატარა გოგონა მომმართავს: "კარტოშკა "ფრი" მალე იქნება"? კი-მეთქი, - ვუღიმი და სამზარეულოში შეკვეთილი კერძების გამოსატანად შევდივარ... ისევ ბართან ვდგები და მოთმინებით ველოდები მორიგ სტუმარს. ასე გადის ნახევარი საათი...

"შენ ყავა მოიტანე და რამდენიც მინდა, იმდენ შაქარს ჩავყრი..."


არ მინდა რომელიმე სტუმარი უყურადღებოდ დავტოვო... ამასობაში, ერთ-ერთი მაგიდიდან ახალგაზრდა წყვილი ანგარიშის მიტანას მთხოვს. მენეჯერი პატარა ხის ყუთით ჩეკს მატანს... შორიდან ვაკვირდები, როგორ ათავსებს მამაკაცი ხის ყუთში ფულს და ისევ მათ მაგიდასთან მივდივარ. "შეიძლება წავიღო?" თანხმობის ნიშნად თავს მიკრავს. თანხა მენეჯერთან მიმაქვს. ამასობაში კიდევ ერთი წყვილი შემოდის. "ერთი კაპუჩინო და წყალი", - მეუბნება მკაცრი ტონით გოგონა... "შაქარი რამდენი?" "შენ ყავა მოიტანე და, რამდენიც მინდა, იმდენს ჩავყრი!" - მპასუხობს და ვგრძნობ, რომ აღელვებულია, ვხვდე­ბი, რომ თანმხლებ მამაკაცთან დაძაბული საუბარი აქვს...

"შენ აქ რა გინდა?"


მორიგი შეკვეთით სამზარეულოდან გამოსულმა ზოლიანი სავარძლის მაგიდასთან ახალი სტუმრები შევნიშნე. "შენ აქ რა გინდა?" - ნაცნობმა ხმამ უკან მიმახედა - სტუმრები ჩემი მეგობრები აღმოჩნდნენ. გაოცებულები ხან ერთმანეთს შეჰყურებდნენ და ხანაც - მე. მოკლედ, პატარა ქალაქში ხომ ვერავის დაემალები...

რაც დრო გადის, უფრო ვიძაბები. ეს თითქოს უბრალო პროფესია დიდ ყურადღებას, ენერგიას და დროს მოითხოვს. მენეჯერი მამხნევებს - პირველი დღისთვის ძალიან კარგიაო. შესვენებისას საგანგებოდ საფირმო კოქტეილს მიმზადებენ, მცირე ალკოჰოლით, დაძაბულობის მოსახსნელად. ამ ფერადმა, ლამაზად გაფორმებულმა კოქტეილმა მართლაც დამამშვიდა.

დაახლოებით ორი საათის შემდეგ კაფე კლიენტებით გაივსო, მატულობს შეკვეთებიც. ვიღაც მიდის, ვიღაც შემოდის... გადავწყვიტე, ერთ-ერთი მაგიდიდან, სადაც ოთხმა ახალგაზრდამ ივახშმა, საქმე გამეიოლებინა და მთელი ჭურჭელი ერთმანეთზე დამელაგებინა და ისე გამეტანა. ასეც მოვიქეცი, მაგრამ სამზარეულოსკენ მიმავალს არყის ჭიქები კინაღამ დამიცვივდა... ამის შემდეგ იყო კიდევ უამრავი შეკვეთა... გადავწყვიტე, ერთ-ერთ ჩემს გახსნილ ჩეკზე, სადაც შეკვეთილი კერძებისა და სასმელების სია მეწერა, საფასური თავად დამეანგარიშებინა და ისე მიმეტანა. ალბათ დაძაბულობის ბრალია, რომ დაანგარიშების დროს შეცდომა მომივიდა და სტუმრებს ნაკლები თანხა გადავახდევინე... ეს მენეჯერმა სტუმრების წასვლის შემდეგ აღმოაჩინა. დანაკლისს მე გადავიხდი-მეთქი, მაგრამ იუარა... კიდევ ერთი საათი გავიდა შეკვეთების მიღებასა და სუფრის გაშლა-ალაგებაში. დავიღალე!

სამუშაო დღის დასრულების შემდეგ მომსახურების აღებაზე უარი ვთქვი, მხოლოდ ე.წ. ფეხის ქირა დავიტოვე, სულ რაღაც 2 ლარი და 35 თეთრი. როგორც მენეჯერმა მითხრა, მიმტანების ანაზღაურება დღის ბოლოს, "ფეხის ქირის" გარდა, საერთო მოგების 5%-ია.
ანა, მენეჯერი: - თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს შენი პირველი სამუშაო დღე იყო, ათბალიანი შეფასებიდან რვას დაგიწერდი. ორ ქულას მხოლოდ იმიტომ გაკლებ, რომ კერძების შემადგენლობა არ იცოდი. თუ ოდესმე უმუშევარი დარჩი, სიამოვნებით მიგიღებთ.

- ანა, თუ გახსენდება ყველაზე პრეტენზიული "კლიენტი" და რითი ვერ მოხიბლულან?

- ყოველდღიურად უამრავი ადამიანი შემოდის, მაგრამ პრეტენზია იშვიათად აქვთ. ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა წყვილი შემოვიდა. მენიუ მივუტანე. მამაკაცმა მოულოდნელად დაიწყო აქაურობის ლანძღვა, - ეს რა საშინელი გარემოა, ვინ მოიფიქრა, იმის ტვინში ჩამახედაო და ა.შ. ღიმილით ვუპასუხე, - თქვენ პირველი ხართ, ვინც აქაურობა ინტერიერის გამო დაიწუნა-მეთქი. ამან უფრო გააღიზიანა, ხმას კიდევ უფრო აუწია და ლამის ყვირილით განაგრძო ავეჯისა და დეკორაციების დიზაინის ძაგება. კაფეში ბევრი სტუმარი იყო. რომ აღარ გაჩერდა, ვთხოვე აქაურობის დატოვება. ამაზე უფრო აიფოფრა. საბოლოოდ, მშვიდობიანად დამთავრდა ყველაფერი.
ასე დასრულდა ჩემი ერთი სამუშაო დღე შეცვლილი პროფესიით.

გულახდილად უნდა ვთქვა, ე.წ. სტაიანშჩიკობა და გარემოვაჭრეობა უფრო ადვილი აღმოჩნდა, ვიდრე მიმტანობა - ეს ერთი შეხედვით მარტივი პროფესია ძალიან საპასუხისმგებლო და დამქანცველი აღმოჩნდა. როცა ასეთ დაწესებულებაში შეხვალთ და მიმტანის დაღლილ სახეს შეხედავთ, ნუ მოსთხოვთ ყალბ ღიმილს, ნურც გააქილიკებთ.­ არ არის იოლი ათობით ან ასობით მომხმარებლის მომსახურებით დაქანცული მიმტანების სამუშაო დღე...

თორნიკე ყაჯრიშვილი


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები