"ფილმში რომ მნახა, დედაჩემმა თქვა, - ეს ჩემი შვილი არ არისო"! - რას ყვებიან "სისხლიანი ძმების" როლების შემსრულებლები ფილმიდან "ჰეროკრატია"? - კვირის პალიტრა

"ფილმში რომ მნახა, დედაჩემმა თქვა, - ეს ჩემი შვილი არ არისო"! - რას ყვებიან "სისხლიანი ძმების" როლების შემსრულებლები ფილმიდან "ჰეროკრატია"?

"მინდა, ჩემი როლით ვთქვა: არა ძალადობას"!

"უცნაური გრძნობა დამეუფლა, ნუთუ ჩემში დაინახეს ასეთი პიროვნება?!"

რაც ტელეეკრანებზე მრავალსერიანი სატელევიზიო ფილმი "ჰეროკრატია" გამოჩნდა, ჩვენში მის შესახებ სჯა-ბაასი არ წყდება. მოგეხსენებათ, ფილმი სააკაშვილის მმართველობის 9-წლიან პერიოდზეა. მაყურებლის ნაწილი მიიჩნევს, რომ ის გადატვირთულია სისასტიკის შემცველი ეპიზოდებით, სხვანი მიიჩნევენ, რომ რეალობა გაცილებით მძიმე იყო. ფილმის მთავარი პერსონაჟები არიან ძმები ახალაძეები, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან. მაყურებელმა მათში ადვილად ამოიცნო წინა ხელისუფლების მაღალაჩინოსნები ძმები დათა და ბაჩო ახალაიები. მათი პროტოტიპების როლებს ფილმში ასრულებენ ბექა ჯუმუტია და გია საგინაშვილი, თუმცა მათი თქმით, სცადეს ამ პერსონაჟების განსახიერებით უფრო ზოგადი სახეები შეექმნათ და არა კონკრეტული ყოფილი ჩინოსნების როლი მოერგოთ. გთავაზობთ ინტერვიუს მსახიობებთან.

- გვიამბეთ თქვენ შესახებ...

გია საგინაშვილი გია საგინაშვილი:

- დავამთავრე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი, დრამის ფაკულტეტი. ამჟამად ვმუშაობ ქუთაისის თეატრში, ასევე დაკავებული ვარ თავისუფალ თეატრში ერთ-ერთ სპექტაკლში. კინოში ბედი პირველად ვცადე და ასეთ მნიშვნელოვან როლზეც პირველად მომიწია მუშაობა.

ბექა ჯუმუტია:

- პროფესიით მეც მსახიობი ვარ, თანაც უკვე საკმაოდ დიდი ხნის სტაჟი დავაგროვე. 2003 წლიდან ვარ თუმანიშვილის თეატრში, რაც შეეხება კინოს, არ მქონია შემოთავაზებები, შეიძლება ითქვას, რომ სერიალი "ჰეროკრატია" ჩემთვის პირველი სერიოზული ნამუშევარია.

- როგორ მოხვდით ამ სერიალში?

გია:

- ქასთინგის შესახებ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებისგან გავიგე. მეც წავედი, გადამიღეს ფოტოები და დავტოვე ჩემი მონაცემები. რომ გითხრათ, დიდი იმედი მქონდა, რომ ასეთ როლზე დამიძახებდნენ, მოგატყუებთ, ქასთინგებში არასდროს მიმართლებდა... თუმცა მოულოდნელად ყველაფერი კარგად დასრულდა. როცა დამირეკეს და ასეთი როლი შემომთავაზეს, ცოტა კი დავფიქრდი, რადგან კამერასთან მუშაობის გამოცდილება არ მქონდა ისეთი, როგორიც საჭირო იყო. ცოტა ვინერვიულე კიდეც, მაგრამ ასეთ შემოთავაზებაზე უარს ვერ ვიტყოდი. როცა რეჟისორი პროფესიონალია და იცის რა უნდა, ეს ეხმარება მსახიობს საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინოს.

ბექა ჯუმუტია ბექა:

- მეც ქასთინგით მოვხვდი, მოგეხსენებათ,  მსახიობების მასშტაბური შერჩევა ჩატარდა, მგონი, ფაქტობრივად, არ დარჩენილა მსახიობი საქართველოში, ვინც მასში არ იმონაწილევა. სიმართლე გითხრათ, არც მე ველოდი თუ ამიყვანდნენ. ბატონი გოგა შეგვხვდა მსახიობებს და გვიამბო სერიალის არსზე, ვიფიქრე, რომელიმე პატიმრის როლს მომცემენ -მეთქი... ზუსტად ერთ თვეში ბატონმა გოგამ მოისურვა ჩემთან შეხვედრა, მითხრეს, რომ ეს ერთ-ერთ მთავარ როლს შეეხებოდა. როდესაც გავიგე, თუ ვინ უნდა განმესახიერებინა, თავიდან ცოტა შევშინდი, ეს როლი საკმაოდ რთული შესასრულებელია, მაგრამ სწორედ ეს არის მსახიობისთვის საინტერესო, ანუ მოირგო ის როლი, რომელიც არასდროს გითამაშია.

- მაყურებელმა ადვილად ამოიცნო, რომ ძმებ ახალაიებს ასახიერებთ, ვინ რომელი ძმა ხართ?

გია:

- რომ ვთქვა, რომელიმე ძმის პროტოტიპი ვარ-მეთქი, ჩემგან არ იქნება სწორი. პირადად მე, არ მინდოდა რომელიმე კონკრეტული ადამიანის როლი შემესრულებინა. მსურდა ეს ყოფილიყო კრებითი სახის, ერთ როლში მოქცეული სხვადასხვა ბუნებისა და განცდის ადამიანები, შესაბამისად, ბევრმა შესაძლოა საკუთარი თავი, ახლო მყოფი თუ კონკრეტული თანამდებობის პირი დაინახოს. თითოეული ჟესტიც კი ჩემი მოგონილია და არავისგანაა აღებული.

ბექა:

- მაყურებელი ალბათ ავლებს გარკვეულ პარალელებს, მაგრამ ის, რომ ჩემი პერსონაჟი კონკრეტულად რომელიმე ძმის პროტოტიპია, ვერ გეტყვით. უბრალოდ, ეს არის ერთ-ერთი ამ სისტემის მონაწილე.

- სერიალი მძიმე საყურებელია, საზოგადოების ნაწილისგან კრიტიკაც მოჰყვა, თავად როგორ შეაფასებდით მას?

გია:

- სჯობს, საზოგადოებამ თავიდან ბოლომდე უყუროს სერიალს და შემდეგ განსაზღვროს რამდენად მძიმე, მსუბუქი თუ აუცილებელად საყურებელია. რამდენიმე სერია შეიძლება მძიმეა, მაგრამ, ნუ დაგვავიწყდება, რომ ამას რეალური ამბები უდევს საფუძვლად, შესაბამისად, რეალობა გაცილებით უფრო მძიმე იყო. სერიალში არის იუმორნარევი სერიებიც. მინდა, ჩემი როლით ვთქვა: არა ძალადობას! ჩემი პერსონაჟი უარყოფითია, მაგრამ არიან იქ სხვა პერსონაჟები, რომლებიც ღიმილს ჰგვრიან მაყურებელს.

კადრი ფილმიდან

ბექა:

- მძიმე საყურებელია, მაგრამ ეს სიმძიმე იმ ხალხმა, ვინც თავის თავზე გადაიტანა, უკეთ იციან.

- აქადე თუ გქონიათ უარყოფითი როლის შესრულების შესაძლებლობა?

გია:

- კინოში პირველი როლია, თუმცა არ არსებობს კეთილი და ბოროტი ადამიანები. ვიღაცისთვის კეთილი შეიძლება ბოროტი იყოს, ან - პირიქით. ამ პერსონაჟსაც აქვს თავისი დადებითი მხარეები, აქვს თავისი გამამართლებელი ლოგიკა. როგორც მსახიობი ვცდილობ ლოგიკურად გავმართო ამ პერსონაჟის ქმედება.

ბექა:

- თეატრში შემისრულებია, მაგრამ ასეთი ტიპაჟი არასოდეს. სწორედ ესაა ჩემი პროფესია მოვირგო ის ხასიათი, რაც ჩემში არ არის. მსახიობი თავის პერსონაჟს ყოველთვის დადებითად ხვდება, მიუხედავად იმისა როგორი უარყოფითი როლი შეიძლება შეხვდეს მას.

- არის რაიმე მსგავსება თქვენსა და თქვენს პერსონაჟს შორის?

გია:

- ჩემსა და ჩემს პერსონაჟს შორის საერთოდ არ არის მსგავსება. თავიდან ამიტომ გამიკვირდა ამ როლის შემოთავაზება. უცნაური გრძნობა დამეუფლა, ვფიქრობდი, ნუთუ ჩემში დაინახეს ასეთი პიროვნება -მეთქი?! მსგავსებას ვერ ვხედავ, თუმცა ვცდილობდი მეპოვა, იმისათვის, რომ უფრო საინტერესო გამოსულიყო ნამუშევარი.

ბექა:

- ვერ გეტყვით, რომ ჩემი პერსონაჟი მგავს, ჩვენ რადიკალურად განვსხვავდებით ერთმანეთისგან. ზოგადად დაუნდობლობა და უარყოფოთი თვისება ყველა ადამიანშია, გააჩნია ვინ როგორ გააღვიძებს მას საკუთარ თავში და ვინ რის უფლებას მისცემს თავს.

- რა რეაქცია ჰქონდათ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, როცა ფილმი ნახეს?

გია:

- კარგად მახსოვს დედაჩემის სიტყვები, - ეს ჩემი შვილი არ არისო! რომ გაიგო სერიალში ვთამაშობდი, ალბათ სიყვარულითა და ყვავილებით მოფენილ სერიალს ელოდა.

ბექა:

- რეაქცია ნორმალური ჰქონდათ, თუმცა, მახსოვს შემთხვევა, მეგობარმა გოგომ დამირეკა და მითხრა, ძალიან შემაშინე, შენში ნამდვილად ხომ არ არის ასეთი ხასიათიო? ამაზე მერე კი გვეცინებოდა ორივეს. რაც შეეხება დედაჩემს, ის ძალიან ემოციური ადამიანია და ვერ შეძლო სერიალის ბოლომდე ყურება. რამდენიმე კადრი ნახა, ისიც ჩემი ხათრით.

მარიამ კაპანაძე (სპეციალურად საიტისთვის)