"ბაბუასთან ჩუმად მოჰყავდათ ბავშვები მოსანათლად" - კვირის პალიტრა

"ბაბუასთან ჩუმად მოჰყავდათ ბავშვები მოსანათლად"

"მარტო მადლს აქვს ნაყოფი, - დამიჯერეთ"

ადამიანებს სიახლეები გვჭირდება. ამიტომ, სანამ ვარსებობთ, ვცდილობთ, რაიმე ახალი შევქმნათ. თუმცა ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდება, რომ თურმე მაინც ის არის ჩვენი საყრდენი, რაც უკან დაგვრჩა - წარსული.

მართალია, იქ ისიც შეიძლება დარჩეს, რაც არ მოგვწონდა, მაგრამ წარსულში რჩება ის მადლი და სიკეთეც, რაც ჩვენს წინაპარს უქმნია. ამიტომაც აქვთ სიძველეებს სხვანაირი ძალა, - ჩაუვლი და თითქოს გეუბნებიან, რომ შენც რაიმეში აუცილებლად დარჩები. გიგრძნიათ ეს ძახილი თუნდაც ძველი, წაფერდებული სახლებიდან?

დოლიძის ქუჩაზეც არის ერთი ასეთი სახლი - რაღაცნაირად წარსულში ჩაკარგული, უცნაურად სქელი კედლებით. მსგავს სახლებს თბილისში თითქმის ვეღარ შეხვდები. ვიკითხე, ვისია-მეთქი და ზუსტად ის მითხრეს, რასაც ველოდი, - მასშიც ყოფილა წარსული, რომელიც გეძახის, - აქ საბურთალოს პირველი ეკლესიის მოძღვარს, გიორგი ჩიქოვანს უცხოვრია, თურმე შინ ბავშვებს ჩუმად ნათლავდა.

KvirisPalitra.Geთქვენ რომ ამ სახლთან ჩაგევლოთ, რას იზამდით? მეც ავდექი და ვიწრო კარი შევაღე. 80 წლის ელისო ჩიქოვანი შემეგება -  იმ სულგანათლებული მოძღვრის შვილიშვილი; იმ ოთახის ფანჯარასთან დაჯდა, სადაც ბაბუას ნათლობაში საიდუმლოდ ეხმარებოდა და ყველაფერი მიამბო.

- ბაბუას ეკლესია საბურთალოს ბაზართან, ანაგის ქუჩაზე იდგა, ახლანდელი 62-ე სკოლის ადგილზე. მაშინ საბურთალო ტრიალი მინდორი იყო, მაგრამ ანაგის ქუჩაზე მდიდარმა თბილისელმა ვაჭარმა,  ქაიხოსრო აბულაძემ შეარჩია საეკლესიო ადგილი, - შვილი ჰყავდა ავად და მის სახელზე წმინდა გიორგის ტაძარი რომ ააშენა, ბაბუამ იქ დაიწყო მსახურება. სახლიც ამ ეკლესიის  გალავანში ედგა.

- მერე თქვენს ბაბუას ეკლესიაც დაუნგრიეს ბოლშევიკებმა, სახლიც და ყველაფერი ჩამოართვეს...

- რაღა თქმა უნდა... უსახლკაროდ რომ დარჩა, მაშინ იყიდა ეს პატარა სახლი მაჩაბლებისგან. მეც აქ დავიბადე, მისი ფრთის ქვეშ ვიზრდებოდი და  ერთხელ არ მახსოვს, ბაბუას თუნდაც მცირე საყვედური დასცდენოდეს ვინმეზე. უფალს კი ამ სახლშიც ემსახურებოდა. სიკვდილამდე ეცვა ანაფორა, შეიკეტებოდა ოთახში და ლოცულობდა.

მაშინ ყველას ეტყობოდა დროის შიში. ჩემი მშობლებიც შეშინებულები იყვნენ,  არაფრით გვნათლავდნენ. მაგრამ ერთხელ, ბაბუამ ჩემი მშობლები სხვაგან რომ გაიგულა, მეზობლის მოხუც ქალს სთხოვა - სწრაფად წამოდი, ბავშვები უნდა მოვნათლოო. სამივეს ნათლია ის მოხუცი ქალი იყო.

- სხვებსაც ასე უჩუმრად ნათლავდა, არა?

- აბა, რა. ჩუმად მოჰყავდათ ბავშვები მოსანათლად და მე გახლდით მისი მთავარი დამხმარე.

- რაში ეხმარებოდით?

- წყალი უნდა გამეთბო და ემბაზში ჩამესხა, სანთელი დამეჭირა, მის გვერდით უნდა ვყოფილიყავი, რომ რამე დასჭირვებოდა...

- ალბათ, კვერცხებსაც ჩუმად ღებავდა...

- ამის არ ეშინოდა, რადგან საკუთარი თავის გარდა საფრთხეში არავის აგდებდა... ჩვენ კი ამაზე დიდი სიხარული სხვა განა ბევრი გვქონდა. დავიჭერდით წითელ კვერცხებს, დავრბოდით ამ სქელკედლებიან სახლში და ერთმანეთს ვუჭახუნებდით თვალებგაბრწყინებულები. დღესაც კი მახსოვს, როგორი მუქი წითელი ფერი ჰქონდა იმ კვერცხებს, - ნამდვილი ენდროთი იყო ნაღები, მათზე ლამაზი და საყვარელი არაფერი იყო. ახლა ის განსაჯეთ, რა სიხარული იყო, როცა "ქრისტე აღდგას!" ვამბობდით და პასუხად ვაგებებდით "ჭეშმარიტადო!". აბა, კარგად მოისმინეთ -  თითქოს დიდ მადლთან ერთად დიდი მუსიკაც არის ამ ნათქვამში. აბა, ყური დაუგდეთ: "ქრისტე აღდგა!".

- ჭეშმარიტად! როგორ უყვარდათ ალბათ ბაბუათქვენი და ეს სახლი ძველ საბურთალოელებს...

- ავად რომ გახდა, სულ თავთან ესხდნენ. სულმშვიდად წავიდა იმ ქვეყნად - პირჯვარი გადაიწერა, გვერდზე გადაბრუნდა და მორჩა... იმ ძველი ტაძრიდან კი მაცხოვრის ხატი და შანდალი შემოგვრჩა. განძი, რასაკვირველია, მისი დანგრევისას გააქრეს. მათ შორის ეკლესიის უძვირფასესი ვერცხლის მაკეტიც - ესეც ტაძრის ამგებს, ქაიხოსრო აბულაძეს უჩუქებია ეკლესიისთვის.

- ამ სახლს ეტყობა, რომ საუკუნის წინ როგორც იდგა, მას შემდეგ აღარაფერი მიუმატებიათ...

- მხოლოდ ლოჯი ამოვაშენეთ. ყველაფერი წარმავალია, სიკეთისა და მადლის გარდა. ახლახან გავიგე, რომ 62-ე სკოლასთან, სადაც ეკლესია იდგა, ტაძარს აშენებენ, - მადლზე მადლი აიგო, მარტო მადლს აქვს ნაყოფი, - დამიჯერეთ.