"სომხებისთვის რომ მეთქვა, "არარატს" რომ მოვუგეთ, მაშინ დავწერე "დინამო, დინამოო", ალბათ მე-7 სართულიდან გადმომაგდებდნენ"
10-10-2016
"სომხებისთვის რომ მეთქვა, "არარატს" რომ მოვუგეთ, მაშინ დავწერე "დინამო, დინამოო", ალბათ მე-7 სართულიდან გადმომაგდებდნენ"
"მეგობრები დამცინოდნენ "სკრიპაჩ-ტრიპაჩო"

"რევაზ ლაღიძე იტყოდა ხოლმე: ოთახში­ დაწერილ მუსიკას რა ვუთხარი... გადით ბუნებაში, წყალი გად­აისხით, ხან ეკალი შეგერჭობათ, ხან - რაღაცო... მე ნაწილობრივ გურიაში გავიზარდე,­ სულ ბუნებაში ვიყავი, ეკალიც შემრჭობია, ღორჯოც დამიჭერია და ფეხშიშველს ტუნგოთი ფეხბურთიც მითამაშია-მეთქი, რომ ვეუბნებოდი, სიცილით მპასუხობდა, - იმიტ­ომაც წერ კარგ მუსიკასო", - მიყვება კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი.

"კარგი მუსიკის ავტორი"­ დღეს საქარ­თველოს სახალხო არტისტი, რუსთაველისა და სხვა მრავალი პრემიის ლაურეატია. ამბობს, რომ ყველაზე დიდი აღიარება
ხალხის სიყვარულია. ვაჟა აზარაშვილი წელს 80 წლის გახდა.

ხუთიანი შოსტაკოვიჩისგან

7 წლის ვიყავი, როდესაც მეზობელმა მითხრა,­ რადგან პიანინო არ გაქვთ, ვიოლინოს მე გათხოვებ და მუსიკაზე იარეო. მეგობრები დამცინოდნენ - "სკრიპაჩ-ტრიპაჩო", მაგრამ ყურს არ ვათხოვებდი. თავიდან დიდი ენთუზიაზმით არ ვმეცადინეობდი. მე-4 კლასში რომ გადავედი, თბილისის სამუსიკო­
სკოლების გაერთიანებულ ორკესტრში ვუკრ­ავდი. ისე მომეწონა, გულში ვამბობდი, - რა კარგია, ამას თავს როგორ დავანებებ-მეთქი... ხუთიანებზე ვსწავლობდი. მერე მე-4 მუსიკალურ სასწავ­ლებელში, შემდეგ კი კონსერვატორიაში, საკომპოზიციო ფაკულტეტზე ჩავაბარე. მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც კომპოზიტორთა კავშირში გამოცხადდა კონკურსი რომანსებზე. გაიცა ხუთი პრემია, ამ ხუთიდან სამი მე მივიღე... დიპლომის დაცვას კონსერვატორიაში კომპოზიტორი დიმიტრი შოსტაკოვიჩი დაესწრო და ხუთიანი დამიწერა.

"კაცის სახელი ყოველგვარ პრემიაზე მაღლა დგას"


როდესაც დადგა ბორჯომის კომპოზიტორთა სახლის ჩამორთმევის საკითხი, სწორედ მაშინ რუსთაველის პრემიაზე ვიყავი წარდგენილი, მაგრამ პირში მთქმელი კაცი ვარ და რასაც ვეუბნებოდი სააკაშვილის მთავრობას, გახსოვთ ალბათ. ამის შემდეგ სამსახურიდან გამათავისუფლეს და რუსთაველის პრემიაც არ მომცეს. თუმცა კაცის სახელი ჩემთვის ყველანაირ პრემიაზე მაღლა დგას. დღეს შინ ვზივარ და ვმუშაობ. კიდევ კარგი, რომ ბატონი ბიძინა არსებობს და 10 წელია, გვეხმარება.

საყვარელი შემსრულებელი
მე და ნანი ბრეგვაძე ერთ კურსზე ვსწავლობდით. ის რომ "ორერაში" მოხვდა, იმ პერიოდში დავიწყე სიმღერების წერა. ბევრი­ სიმღერა დავწერე ნანისთვის: "ისევ წვიმს", "დღეები მიდიან", "არ ვარ ობოლი"...
მე და ჩემი მეგობარი ნოდარ პიპინაშვილი (მსახიობ გოგა პიპინაშვილის მამა) ერთხელ მანქანით გავემგზავრეთ ბიძამისთან უკრაინაში. ჩავედით, მოვილხინეთ. ნოდარის­ ბიძა სულ ძველთბილისურ სიმღერებს მღეროდა. გაჩნდა ქოლერა და გამოვიქეცით. ნოდარის ბიძის ნამღერმა­ არ მომასვენა და მგზავრობისას, იქვე, მანქანაში,­ მელოდია დავწერე. ჩამ­ოსვლისთანავე ნანისთან შევიკრიბეთ მე, პეტრე გრუზინსკი და რობერტ­ ბარძიმაშვილი. რომ დავუკარი, პეტრემ შემოგვთავაზა, ეს მელოდია ცოტა აღმოსავლურია, ნანი იყოს აზერბაიჯანელი გოგონა, "ორერას" ბიჭები - ქართველები­ და კაფიობა გაიმართოს მათ შორისო. ასე შეიქმნა "სიმღერაა მთელი ჩემი ქონება".

"დინამო", "დინამო"


ფეხბურთი ჩემი ჰობია. დღემდე უამრავ­ სპორტულ ჟურნალ-გაზეთს ვინახავ. მახსოვს, 1946 წელს როგორ წააგო ფინალური მატჩი თბილისის "დინამომ" მოსკოვის "სპარტაკთან". ბავშვებმა გულიანად ვიტირეთ.

მხოლოდ მეექვსე ცდაზე, 1976 წლის 3 სექტემბერს, მოვუგეთ ერევნის "არარატს" ანგარიშით 3:0 და პირველად მოვიპოვეთ საბჭოთა კავშირის თასი. ამ მატჩს მეზობ­ელთან ვუყურე, რადგან მას ფერადი ტელევიზორი ჰქონდა. ისეთი გახარებული ვიყავი,­ იმ ღამეს რა დამაძინებდა?! ჰოდა, გამთენიისას სამზარეულოში შევიკეტე და დავწერე მელოდია. დილას მორის ფოცხიშვილმა სიტყვები დაწერა ამ მელოდიაზე. ასე დაიბადა "დინამო", "დინამო". მიხარია, რომ ამ სიმღე­რამ ქართულ ფეხბურთს გზა დაულოცა. ამის შემდეგ "დინამოელები" საბჭოთა კავშირის ჩემპიონებიც გახდნენ და თასიც მეორედ მოიპოვეს. პიკი 1981 წლის 13 მაისი იყო, როცა "დინამომ" დიუსელდორფში ევროპის თასი მოიგო. მეც დიუსელფორფის სტადიონზე ვადევნებდი ამ გამარჯვებას თვალს.

- როგორ მოახერხეთ გამგზავრება, მაშინ არ იყო ეს ადვილი საქმე.

- კახი ასათიანის დამსახურებით. მან დელეგაციაში 4 კაცი ჩაასმევინა. მათ შორის მეც - კაცმა "დინამო", "დინამო" დაგვიწერა­ და თამაშის სანახავადაც არ წავიყვანოთო?! 64 კაცი ვიყავით სულ. თამაშზე დასა­სწრებად ქართველი ებრაელებიც ჩამოვიდნენ­ ისრაელიდან. თამაშის შემდეგ ნოდარ ახალკაცი რომ ვნახე და მივულოცე, გათიშული იყო, ჯერ ვერ აცნობიერებდა, ან ვერ გამოხატავდა სიხარულს. თავბრუდახვეულებმა იმ ღამეს სასტუმროში ვიქეიფეთ. მახსოვს, გურამ ფანჯიკიძემ იქ შეიტყო,­ რომ რუსთაველის პრემია მიენიჭა და თამადობაც მან გაგვიწია. ზურაბ რცხილაძემ წამოიწყო "მრავალჟამიერი". მე პირველი ხმა მივეცი. ასე კარგად არასდროს მიმღერია...
გავიდა დრო... მოგეხსენებათ, კომპოზიტორი არამ ხაჩატრიანი თბილისელი იყო. მის 100 წლისთავზე დაგვპატიჟეს ერევანში.­ დიდებულად შეგვხვდნენ. ბოლოს წაგვიყვანეს, "რაზდანის" სტადიონის მოპირდაპირედ, რესტორანში, რომელიც მე-7 სართუ­ლზე იყო. ფანჯრები სტადიონს გაჰყურებდა­. სუფრაზე დაიწყეს, ამ სტადიონზე პირველი თამაში თბილისის "დინამოსთან" შედგა­, რომელზეც გოლი მანუჩარ მაჩაიძემ გაგვი­ტანაო. ვუთხარი, ის ჩემი მეგობარია-მეთქი. მასპინძელი უხერხულად შეიშმუშნა და განაგრძო - ჩვენ გვახსოვს 5 ბურთი, რომე­ლიც დათუნაშვილმა გაგვიტანაო. დავუკ­ონკრეტე - ერთ ტაიმში-მეთქი და დავძინე, დათუნაშვილიც ჩემი მეგობარია-მეთქი. ისიც რომ მეთქვა, "დინამომ" რომ "არარატს" მოუგო, მაშინ დავწერე "დინამო, დინამო"-მეთქი, შეიძლება მეშვიდე სართულიდან გადმოვეგდე...
ბაქოში ვარ მუსიკალურ ყრილობაზე. ის პერიოდია, გახურებული კონფლიქტია აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის. ჩემი რთული ფილოსოფიური ნაწარმოებების­ შემდეგ "დინამო", "დინამო" მოვასმენინე... ვუთხარი, ეს მაშინ დავწერე, როცა "დინამომ" 3:0 მოუგო "არარატს"-მეთქი... იმ ვიზიტის დროს პირველი კაცი ვიყავი მთელ ბაქოში. ეს - ხუმრობით, თორემ მე სომხებიც ძალიან მიყვარს და აზერბაიჯანელებიც.

"უმადური არ ვარ..."

- რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ხომ არ უთხოვია თქვენთვის ჰიმნის დაწერა?

- არა და რომც ეთხოვა, არ დავუწერდი.­ არ მინდა პოლიტიკაში გათქვეფა. სახლთან ბაღი გვაქვს, ტრენაჟორებია დამონტაჟებული, დილაობით ჩავდივარ, ვვარჯიშობ. მერე იქვე ვიკრიბებით ნაცნობები და ნარდს ვთამაშობთ. ზოგიერთის პოლიტიკური შეხედულება ჩემსას არ ემთხვევა...

- ვისკენ იხრება თქვენი სიმპათიები?

- მე უმადური კაცი არ ვარ და მუდამ ვიქნები ბატონი ბიძინას მომხრე. კაცი ასეთ საქმეს აკეთებს საქართველოსთვის და როგორ არ უნდა დავინახო?! პარტიის წევრი კი არ ვიქნები და არც არასდროს ვყოფილვარ, კომუნისტების პერიოდშიც კი.

"ქართველო, ხომ უნდა იფიქრო..."

ასტროლოგმა მიწინასწარმეტყველა, ამ ქალაქიდან არსად არ ხარ წამსვლელიო. ასეცაა. მაგრამ ძალიან გულგატეხილი ვარ. აგერ, ჩემს სახლთან დაანგრიეს სისხლის გადასხმის ინსტიტუტი და 42-სართულიან შენობას აშენებენ. ამას ნორმალური კაცი გააკეთებს?! სპორტის სასახლის ტერიტორიაზე ჰაერი აღარ არის. იპოდრომი იმიტომ გააუქმეს, რომ კორპუსები წამოეჭიმათ. წინათ იყო ქალაქის გენერალური გეგმა, ახლა - რა გეგმა, რის გეგმა! ფული გაქვს? გათავდა, მოინიშნავ სასურველ ტერიტორიას. გული მტკივა, თბილისმა დაკარგა იერსახე. ამას ემეტება ხეების ჩეხა, უამრავი მანქანა... ქართველო კაცო, ხომ უნდა იფიქრო, თუ გიყვარს საქართველო?!

"ტყუილად არ მიღვაწია"

უკვე 80 წლისა ვარ. მიმაჩნია, რომ ადამიანი მთელი არსებით უნდა ემსახურებოდეს თავის ერსა და ქვეყანას. უნდა იყოს პატიოსანი, შრომისმოყვარე, კაცთმოყვარე.­ მთელი სიცოცხლე ვცდილობდი, ამ პრინციპით მეცხოვრა. ხალხთან შეხვედრისას ვგრძნობ მათ კეთილგანწყობასა და სიყვარულს, რაც უფლებას მაძლევს, ვიფიქრო, რომ ტყუილად არ მიღვაწია. ამიტომაც, სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია ჩემი ხალხისა და ჩემი ქვეყნის გარეშე.

ეკა სალაღაია
melomani
24 ოქტომბერი 2016 17:42
"აგერ, ჩემს სახლთან დაანგრიეს სისხლის გადასხმის ინსტიტუტი და 42-სართულიან შენობას აშენებენ. ამას ნორმალური კაცი გააკეთებს?! სპორტის სასახლის ტერიტორიაზე ჰაერი აღარ არის. იპოდრომი იმიტომ გააუქმეს, რომ კორპუსები წამოეჭიმათ." - ხომ გეხმარებათ ბატ. ბიძინა ფინანსურად ყოველთვიურად? სწორედ იმიტომ, რომ მსგავს რაღაცებზე თვალი დახუჭოთ, ბატონო ვაჟა, მაგრამ თქვენ, ხელოვანები, ხომ მიამიტები ხართ და მხოლოდ იმას იჯერებთ ხოლმე, რაც გაწყობთ? თქვენ იყავით კარგად და წყალსაც წაუღია ეს ქვეყანა! ისე, პოლიტიკა ჯანდაბას და, მართლა კარგი კომპოზიტორი ხართ და ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ. მეც კი დაგეხმარებოდით სრულიად უანგაროდ, პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, რომ შემეძლოს.
luxo
24 ოქტომბერი 2016 15:11
გთხოვთ მაპატიოთ, თუ ჩემ ჯიშის მხარეს ვიხრები,
ჩემი გუთნისთვის მირჩევნია გაჩნდეს სახარე,
კაცის კი არა, ქართულ ღვინის, ქართულ სიმღერის,
ქართულ ქოფაკის გამარჯვებაც, ძლიერ მახარებს.
temuri
24 ოქტომბერი 2016 01:50
Eris siamaye

რედაქტორის რჩევით