"არლეკინის პატრონს თოჯინასთვის ენა მოუჭრია"
10-10-2016
"არლეკინის პატრონს თოჯინასთვის ენა მოუჭრია"
არსებობენ უსულო კინოსახეები, რომელთაც სულიერებზე არანაკლებ საინტერესო ცხოვრება­ და ისტორია აქვთ. გიორგი დანელიას ფილმ "არ იდარდოში" გადაღებული თოჯინა არლეკინის ბიოგრაფიის გასარკვევად მუზეუმების გაერთიანება - თოჯინების მუზეუმს ვესტუმრე. მუზეუმების გაერთიანება - თოჯინების მუზეუმის დირექტორმა ნანა ოქრუაშვილმა არაერთი საინტერესო­ ისტორია გვიამბო:

მომავალ წელს თოჯინების მუზეუმს 80 წელი უსრულდება. 79 წლის წინ საბჭოთა საქართველოში საკავშირო მასშტაბის ბრძა­ნება გამოვიდა, რომლის თანახმადაც, ყველა რესპუბლიკაში უნდა დაარსებულიყო თოჯინების მუზეუმი, თუმცა ამ წამოწყებას მხოლოდ საქართველოში გაართვეს თავი.
საბავშვო მწერლისა და პედაგოგის, თინათინ თუმანიშვილის თაოსნობით ყოფილი ათარბეგოვის, ახლანდელი ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე, #1 საბავშვო ბაღის შენობაში დაარსდა თოჯინების მუზეუმი. ქალბატონი თინათინის მეგობრები იყვნენ ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი და მეცნიერი მუშაკები თუ ინჟინერ-მექანიკოსები. მან მთელი ეს წრე შემოიკრიბა, რისი ნათელი მაგალითიცაა მუზეუმში დაცული ელენე ახვლედიანის
მიერ მოხატული, ბავშვებისთვის განკუთვნილი შემეცნებით-გასართობი ბანქო, სამწუხაროდ, არასრული შემადგენლობით, აგრეთვე არაერთი თოჯინა. მუზეუმების გაერთიანება - თოჯინების მუზეუმში დღემდე დაცულია ბევრი მექანიკური, მოძრავი სათამაშო. ისინი ქალბატონი თინათინის იდეით იქმნებოდა. ცდღეს თოჯინების მუზეუმში დაცულია დაახლოებით 3 ათასი თოჯინა, საქართველოს გარდა, ისინი 40 სხვადასხვა ქვეყნიდან არიან.

არლეკინი


- "არ იდარდოს" იმ ეპიზოდს, სადაც ბენჟამენ ღლონტი გენერალ ვამეხ ვახვარს ეწვევა, პიონერთა სასახლეში იღებდნენ. ამავე შენობაში იყო განთავსებული თოჯინების მუზეუმიც. ინტერიერის ძებნაში დანელიას მუზეუმში­ შეუვლია, მაშინვე დაუდგამს არლეკინისთვის თვალი. გარდა ამისა, ფილმში მოხვდა მუზეუმში დაცული სადაფით ინკრუსტირებული ბული, - საბუთების შესანახი პატარა კარადა. ფილმი "არ იდარდო" მსოფლიო კინემატოგრაფიის 100 წლისთავზე "ოქროს ფონდში" შევიდა. შედეგად, არლეკინი მთელმა მსოფლიომ გაიცნო.

არლეკინი 30-იანი წლების მეორე ნახევარში შეიძინეს მუზეუმისთვის, სწორედ მაშინ, როცა ყველაზე მეტად უჭირდა არისტოკრატიას. ამგვარი ნივთი ბურჟუაზიულ გადმონაშთად ითვლებოდა, ამიტომ პატრონები თავიანთ ვინაობას არ ამხელდნენ. ბული როცა იყიდეს, ერთი შავი კარადა იყო. პატრონს, ეს ფუფუნება რომ დაემალა, შავად გადაუღებავს. წლების შემდეგ შემთხვევით ატკეცილა ბულის კუთხე და გამოჩნდა ოქროსფერი ლაქები, მხოლოდ რესტავრაციის შემდეგ მიიღო პირვანდელი სახე. არ ვიცით, ვინ იყო წარსულში არლეკინის, ისევე როგორც მრავალი სხვა ექსპონატის, პატრონი. თუმცა გავიდა ხანი და მუზეუმის დამთვალიერებელთა ერთ-ერთი ჯგუფის წევრს რომ დაუნახავს თოჯინა, შეუცხადებია, ეს ბებიაჩემის ნივთიაო. არლეკინი, გარდა იმისა, რომ მოძრაობდა და უკრავდა, ენასაც ყოფდა. იგი მე-18 საუკუნის მიწურულსა და მე-19 საუკუნის დამდეგს საფრანგეთში, ცნობილი მუსიკალურ-მექანიკური სათამაშოების მწარმოებლის, ლეოპოლდ ლამბერის საწარმოშია დამზადებული. ჩანს, დამთვალიერებლის ბებიას ეს ძალიან აღიზიანებდა და მისთვის ენა მოუჭრია.
1996 წელს თოჯინების მუზეუმი გაქურდეს, არლეკინთან ერთად" 5 უნიკალური მექანიკური სათამაშო მოიპარეს. მათი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.

ციცქნა თოჯინები


მუზეუმის სახე

მუზეუმის სახეა მექანიკური თოჯინა­ "მარინე", რომელიც საპნის ბუშტებს­ უშვებს. ის რამდენიმე წლის განმავლობაში იქმნებოდა და 1952 წელს დასრულდა.­

კულულებიანი გოგონა

- ეს­ თოჯინა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის თანამშრომელმა, თამარ კობახიძემ გადმოგვცა.­ ბაბუამისს სამაიას ბაღში ფრანგული სანა­ყინე ჰქონია გახსნილი. ერთ-ერთი მოგზაურობისას ქალიშვილისთვის, ანუ თამარის მამიდი­სთვის, გერმანიიდან ჩამოუტანია თოჯინა გამოსაცვლელი სამოსით. მამიდამ შემდეგ საყვარელი თოჯინა ძმისშვილს, ქალბატონ თამარს აჩუქა. მამიდა გაუთხოვარი დარჩენილა, ქალბატონ თამარსაც არ შეუქმნია ოჯახი. იხუმრა, ცუდად მენიშნება, ჩემს გასათხოვარ ძმისშვილებს რომ გადავცეო და ჩვენ გვისახსოვრა.

შირლი

- მუზეუმში დაცულია ყველაზე ახალ­გაზრდა "ოსკაროსანი" ბავშვის, შირლი ტემპლის თოჯინა, რომელიც 30-იან წლებში შეიქმნა. შირლის 3 წლიდან იღებდნენ კინოში. მომავალში შირლიმ დიპლომატიური სამსახური აირჩია. იგი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც დაამარცხა მკერდის კიბო, რითიც სტიმული მისცა უამრავ ქალს ამ დაავადებასთან საბრძოლველად. შირლი 2 წლის წინ გარდაიცვალა. 2012 წლის 23 მარტს 84 წელი შეუს­რულდა, ჩვენ კი ამერიკის საელჩოს დახმარებით ჩვენს შირლის მხიარული დაბადების დღე გადავუხადეთ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით