წყალსაც წაუღია... ნაგავი(?!)
10-10-2016
წყალსაც წაუღია... ნაგავი(?!)
ალბათ, სახლების გარემონტება რომ დაასრულეს, ნარჩენები აქვე, საკუთარი თვალისგან მოფარებულ ადგილას დაყარეს, ან სულაც ვიღაც დაიქირავეს ნაგვის გასატანად, იმან კი ტვირთის მოშორების მოკლე გზა ნახა. რატომ აქ? ალბათ, იმიტომ, რომ წვიმა მოვა და მდინარეში ჩაიტანს, ისიც ადიდდება და ნარჩენებს ქალაქის ტერიტორიაზე, გავაკებულზე ჩაიტანს, სადაც, თუ დაბინძურებულ კალაპოტს არ გაწმენდ, შემდგომ ადიდებაზე დიდ ზარალს მიიღებ

მდინარე ვერეს ხეობის გასწვრივ, ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე, ნაგვის გროვები იმავე მასშტაბით იზრდება, როგორც დასახ­ლებები უნივერსიტეტის ქუჩის
დაფერდებაზე. ხევის პირას დაყრილი ნაგავი განსაკუთრებით თვალში საცემია პოლიტკოვსკაიას ქუჩის ზედა მხრიდან, საიდანაც ხელისგულზე გაშლილივით ჩანს ხეობაში გველივით დაკლაკნილი მდინარე.

მდინარე ვერეს ხეობის გასწვრივ, ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე, ნაგვის გროვები ყოველდღიურად მატულობს

ძნელი საცნობი არ არის ნაგვის წარმომავ­ლობა, ძირითადად, სამშენებლო და მათ შორის, საყოფაცხოვრებო ნაგავიც იმაზე
მიუთითებს, რომ შორიდან არ მოუტანიათ. ალბათ, ახალმოსახლეებმა სახლების გარემონტება რომ დაასრულეს, ნარჩენები აქვე, საკუთარი თვალისგან მოფარებულ ადგილას დაყარეს, ან სულაც ვიღაც დაიქირავეს ნაგვის გასატანად, იმან კი ტვირთის მოშორების მოკლე გზა ნახა (შორ გზაზე საწვავი­ რომ არ დაეხარჯა და ოფიციალურ ნაგავსაყრელზე გადასახადი არ გადაეხადა).

რატომ აქ? ალბათ, იმიტომ, რომ წვიმა მოვა და მდინარეში ჩაიტანს, ისიც ადიდდება და ნარჩენებს ქალაქის ტერიტორიაზე, გავაკებულზე ჩაიტანს, სადაც, თუ დაბინძურებულ კალაპოტს არ გაწმენდ, შემდგომ ადიდებაზე დიდ ზარალს მიიღებ. სტიქიის პრევენციისთვის და ვიღაცის ნაგვის გასატანად გამოიყოფა საბიუჯეტო სახსრები და უნივერსიტეტის ან მეზობელ ქუჩებზე მიმდინარე მშენებლობების პატრონებს უმტკივნეულოდ შერჩებათ გარემოს დაბინძურება.

თუ შესაბამისი ორგანიზაციები დაინტერესდებიან, ალბათ,­ სათვალთვალო კამერებით შესაძლებელი გახდება ყველა თუ არა, რამდენიმე ნაგვით დატვირთული სატვირთო მანქანის დაფიქსირება და ისიც, რომ დამნაშავემ პასუხი აგოს.

ეკა ლომიძე
მადონა
14 ოქტომბერი 2016 16:41
ასეთი კარგი, გამართული და სრულყოფილი სტატია დაბინძურებაზე ჯერ არ წამიკითხავს. მადლობა ავტორს, სწორად აქვს დანახული პრობლემა, არამხოლოდ ვიზუალური თვალსაზრისით, არამედ გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე მიყენებული ზიანის კუთხითაც. იქნებ თქვენ ჟყრნალისტებს გაგიწიონ ანგარიში შესაბამისმა სტრუქტურებმა

რედაქტორის რჩევით