რას "ჩივა" ხალხი - კვირის პალიტრა

რას "ჩივა" ხალხი

ანუ რას ელიან არჩევნების შემდეგ რეგიონებში მცხოვრებნი

არჩევნებმაც ჩაიარა. ახლა ყველაზე საინტერესო მომავალი ხელისუფლების მიმართ მოლოდინია, რომელიც, როგორც წესი, სწრაფად მიგვენავლება ხოლმე. ამიტომ, სანამ ჯერ კიდევ მოლოდინი დუღს, ჩემს ნაცნობ სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებს დავუკავშირდი იმის გასარკვევად, რას ელიან ხელისუფლებისაგან.

ზემოიმერელი მერიკო ბებოსთვის არჩევნები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო უბანში წასასვლელი ფეხსაცმელები წინასწარ იყიდა, იმ ერთადერთ ადგილზე გამოსაჩენად, სადაც მის ხმას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჰოდა, როცა მერიკო ბებომ ფეხსაცმელები უახლოესი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საგულდაგულოდ შეინახა, ჩემთან სალაპარაკოდაც მოიცალა და აქეთ მკითხა: რავა იტყვი, დედა, ეს მთავრობა მაინც იქნება იმისთანა, რომ ჩემი გაჭირვება გავაგებინოო?! ეგ შენ უნდა მითხრა, თუ ამის იმედი არ გქონდა, რა მიგარბენინებდა არჩევნებზე, კალთაზე ვინ გექაჩებოდა-მეთქი. ვინ მექაჩებოდა და ჩემი ნამუსი, ამ პარტიებმა ჩვენს ოღროჩოღრო გზაზე იმდენი იარეს, კაი გვარიანად მისწორ-მოსწორდა და ამისთვის ეკუთვნით მაგათ ჩემი ხმა; მერე კიდევ - ცოტას შევუძახებთ და პატარაზე მაინც გამოვაღებინებთ ხელს, სულ ასე არ ვუჯიკებდით ყველა მთავრობას? შეძახებით ხე გახმება და რავა დევიჯერო, ხალხის შეძახილის არ შეეშინდეთო, - მითხრა და იმედიანად მომაძახა, - ძროხა უნდა მოვიყვანო საძოვრიდანო...

მხნედ დამხვდა ჩოხატაურელი ერმილე ჩავლეიშვილიც. რომ დავურეკე, ადესის დასაკრეფად ხეზე იყო ასული და ცოლმა ტელეფონი გიდელით ააწოდა. იქიდან კი, ტოტზე შემოსკუპულმა შემომძახა: - მშვიდობა, ბიძიკო, რავა ხარ, რა ამბავია, რას ჩივა ხალხი ახალ ხელისუფლებაზეო. ჯერ არაფერს. ელოდებიან, რას გააკეთებს-მეთქი. ლოდინი ისე არ გამოვიდეს, გულზე ხელები დევიკრიფოთ, პირი გავაღოთ და ხელისუფლებამ კიდო კოვზით ჩაგვიდვას ფაფა პირში. ჩვენ უნდა გავინძრეთ ჩვენი თავიზა. ან რად მინდა მაგენის პატრონობა მე?! ქვეყანას მიხედონ, ქორი რომ წიწილებს წეიღებს, ისე რომ დეიტაცა რუსეთმა. ახლა მე მაგენიზა არ მცალია, ყურძენი მაქ საკრეფი! ცოტა ხანში დავწურავ და მაი ყველა დეპუტატი რომ მომიყვანო ოჯახში და კიდო იგი ორ-ორი კაციც რომ მომიყოლო, ერთი დეპუტატის სკამიზა რომ ომობენ, ყველას დაგითრობ! ერმილე ბიძია აღარ გავაცდინე და სამეგრელოში როზა დეიდას შევეხმიანე, მისი ჩაზელილი ელარჯის გემო დღემდე მახსოვს!

- ვაი, მოისპოს მაგენის სკამი და თანამდებობა, გადარიეს ხალხი, დამიბნიეს ჭკუა და ახლა რა გითხრა, მაგენი რისი გამკეთებელი არიან! გააკეთონ ნეტა, რომელი ჭკუათმყოფელი იქნება დამშლელი?! - მისი ასეთი გაურკვეველი პასუხის შემდეგ რაჭაში შოთა ბაბუ შევაწუხე.

- რას ველი? ეგ ამბავი ახლა რანაირად გითხრა, ჩემო ბატონო, გევიდეს 4 წელიწადი და მოგახსენებ, - მითხრა დინჯად და გაჩუმდა, ამიტომაც მასაც თავი დავანებე. სამაგიეროდ, კახეთიდან ვანო პაპა გამომეხმაურა ომახიანად:

- მომავალი ხელისუფლებისგან კახური ღვინის გაყიდვას ველი! რო გაიძახოდნენ, ჩინელებსა კახური ღვინო ძალიან მაეწონათ და იქ უნდა გავიტანოთო, სად არის ეს გატანა? რომ გაეტანათ, ეგ ჩინელები ჭიანჭველებივით არიან და პიპეტკით თითო წვეთი რომ ისხან პირში, გრამიც აღარ დაგვრჩებოდა გაუყიდავი! ჰოდა, გაიტანონ, თუ გააქვთ, სახედარივით ერთ ადგილას ნუ იქნებიან დარჭობილები, თორემა... წიწაკა განა დაილია ქვეყანაზედ! ერთი წიწაკა ერთ ალაგასა და მორჩა, სადაც სხვა, იქაც ეგენიცა!

ბოლოს სვანეთში დავრეკე და იმდენ ხანს ველოდი პასუხს, ცხადად წარმოვიდგინე, როგორ ეჭირა ტელეფონი ხელში მჭმუნვარე სახით ჩემს მთასავით რესპონდენტს. მერე კი:

- აბა, რა ვთქვა. მთავრობა საჭიროა!

- ეგ მეც ვიცი.

- თუ იცი, იყოს!

...ჰოდა, აი, ასე. იყოს!

ეთერ ერაძე