ლხინი ჟამიანობისას... - კვირის პალიტრა

ლხინი ჟამიანობისას...

გოგი ხარაბაძის წიგნიდან "თამადა"

ვახუშტი კოტეტიშვილს ვეთხოვებოდით იმ დღეს...

”რა უხარიათ, რას ზეიმობენ? რას აღნიშნავენ ასე მონდომებით?

პოეტს, სიტყვის ოსტატს, რომანტიკოსს, რომელმაც იცოდა მამულის, სიყვარულის ფასი...

მასთან ერთად ვეთხოვებოდი რაღაც ძალიან ძვირფასს და ახლობელს ჩემთვის - ძველი თბილისის გულისცემას და სურნელს.

ქაშუეთის ეკლესიაში იყო დასვენებული ვახუშტის ცხედარი. ტაძრის ეზო სავსე იყო მისი დამფასებლებით, მისი იდეალების გამზიარებელი დარდიანი ქართველებით, რომელთაც არაფერი ჰქონდათ საერთო იქვე ქუჩის გადაღმა, მთავრობის სასახლის წინ შეკრებილ ზღვა ხალხთან. ხელისუფლებას მოეხმო ისინი, რათა ეთქვა მთელი მსოფლიოსათვის, ნახეთ, რა ხალხი ვართ, თბილისიდან 30 კილომეტრში ცეცხლია გახსნილი, ხალხია დაღუპული, ჩვენ კი იხტიბარს არ ვიტეხთ, ვმღერით და ვტაშფანდურობთო...

ტაძრიდან ისე გამოასვენეს სასახლე, საპირისპირო მხარეს, ცეკვა-თამაში და სკანდირება არ შეწყვეტილა.

დაკრძალვის შემდეგ ვთქვით, თითო ჭიქა წავუქციოთ-თქო ვახუშტის და მართლა ასე მოხდა: მხოლოდ ჭიქები ავწიეთ. არც საუბარი გამოვიდა და ვერც ერთად ყოფნამ გაგვიყუჩა ტკივილი. ასეთ დროს თამადა კისრულობს ხოლმე სუფრის წარმართვის სირთულეს და ჩვენმა თავკაცმაც, ქართული ტრადიციისამებრ, ღირსეულად გაგვაცილებინა მეგობარი უკანასკნელ გზაზე.

ისე, თავკაცი მხოლოდ სუფრას არ ამშვენებს, ქვეყანას ამშვენებს, ქვეყანას ადგამს გვირგვინს პირველ რიგში.

ჭკვიან მეთაურზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, გამოცდილება უნდა ჰქონდეს, ნიჭი, მოხერხება და გამჭრიახობა, რომ სუფრა, ქვეყანა უფსკრულში არ გადაჩეხონ ღვინოს სისხლს დახარბებულმა თანამოსუფრე თანამმართველებმა.

როგორ სჭირდება საქართველოს და რუსეთს ბრძენი წინამძღოლი - თამადა, რომელიც აჭრილ-ატორტმანებულ, გამომთვრალ ხალხს ჭკუაზე მოიყვანს.

დავიშალეთ... სახლებში დავბრუნდით. მთავრობის სასახლის წინ კი ისევ გრძელდებოდა ქართული და უკრაინული დროშების ფრიალი, სკანდირება: "საქართველოს გაუმარჯოს", "შეაჩერეთ რუსეთი", "სარკოზ! სარკოზ! სარკოზ!", ისევ სჭექდა რეპროდუქტორებში საქართველოს ჰიმნი...

KvirisPalitra.Geჰიმნს, რამდენადაც ვიცი, გამარჯვებული ან ომში მიმავალი მღერის. აქ რა ხდება? საქართველოს ნაწილი ოკუპირებულია, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დაკარგულია, ღმერთმა უწყის, რამდენი ხნით... ცხინვალში დაღუპულთა ცხედრები ჯერ მიწისთვის არ მიგვიბარებია... ესენი რას ზეიმობენ, რა ემღერებათ? რას აღნიშნავენ ასე მონდომებით?

საგანგებოდ აღმართულ ტრიბუნაზე ერთმანეთს ცვლიან უკრაინის, პოლონეთის, ესტონეთის, ლიტვის, ლატვიის პრეზიდენტები... თავიანთი გასაჭირი აქვთ... შიშობენ, ეტყობა, მათი ჯერი რომ არ დადგეს... მათკენ რომ არ გადაბრუნდეს ქართული სისხლით გამძღარი თეთრი დათვი და ქვეშ არ მოიყოლოს რიგრიგობით...

1992-ში, ცხონებულმა თემურ ფიფიამ დამირეკა, - სოხუმი დაეცა, გამოვდივართო. ცა ჩამომექცა თავზე.

ათი დღე ლოგინიდან ვერ ავდექი. მერე, პირადი ტრაგედია დამეწია. დამამსხვრია. იმ სიმწარეს ვერაფერს შეადარებს კაცი... დღევანდელმა ღამემ გააცოცხლა ის იარები... მაშინდელივით განადგურებული, დათრგუნვილი, დამცირებული, საკუთარ უმწეობასთან მარტო დარჩენილი, ვფიქრობდი: თუ ეს "ჯოს, ჯოს" - მოღრიალე, ბრბო ჩემი ხალხია, მაშინ მე უარს ვამბობ მათზე!

შემოდგომის დღე

ქარს გაახელებს სურვილი მიწის

და ნდობის ჟინი გაავერაგებს,

ნოემბრის ხენი ჰკარგავენ სირცხვილს

და ქარს ატანენ ყვითელ პერანგებს.

მეზობლის ცოლი დარდობს ადრევე

და წვიმის შიშით ვეღარ ისვენებს;

თან ეზარება ქოლგის წათრევა,

თან კატასავით უფრთხის სისველეს.

ქუჩებში უკვე არ ჩანს არავინ,

ციდანაც წვიმის წვეთები ცვივა;

ქალაქს ღრუბლები რუხად ფარავენ

და თმების ვარცხნით ერთობა წვიმა.

ჟურნალი ”ათიანში”