სოფელი, რომელსაც რუკაზე ვერ იპოვით
17-10-2016
სოფელი, რომელსაც რუკაზე ვერ იპოვით
ეს "ტელეჟკა" ზუსტად იმდროინდელია, როცა ამ ულამაზეს ხეობაში სოფელმა სიცოცხლე დაიწყო

"ხშირად შუაღამისასაც მოვსულვარ შინ. უკუნეთ სიბნელეში ტროსზე დაკ­იდებულს ფეხქვეშ ადიდებული წყალი მიღრიალებდა. ამიტომაც ბევ­რი წავიდა აქედან, მაგრამ მე ვერ მივატოვე - აქ არის ჩემი ფუძე"


მტკვრის ხეობაში ერთი მიკარგული­ სოფელია ძველი რკინიგზის სადგურით, ზედ - გახუნებული სტალინის სურათითა და ერთადერთი ბავშვით, რომელიც დედას ტრასაზე ჩავლილი სოფლის მიკროავ­ტობუსით დაჰყავს ბორჯომის სკოლაში. სოფელი ადრე მხოლოდ თბილისი-ვალეს პატარა სარკინიგზო სადგურის გამო იყო
ცნობილი, მისი გაუქმების შემდეგ კი გაქრა სარკინიგზო რუკიდან. საქართველოს რუკაზეც რომ ეძიოთ, ვერ იპოვით. დღეს ამ სოფელს გარემ­ომცველ სამყაროსთან ერთადერთი მოქ­ანავე ხიდი აკავშირებს, ყოველი არჩევნების წინ მის დამპალ ფიცრებს ახლით რომ ცვლიან და ღებავენ. ესეც რომ არ გაკეთდეს, მასზე ის მსუბუქი მანქანებიც ვეღარ გაივლიდნენ, რომლის
საშუალებით სოფელი პროდუქტს გაუქმებული რკინიგზის ლიანდაგებამდე ეზიდება, იქიდან კი წინა საუკუნის სარკინიგზო "ტელეჟკით" - შინ. ეს "ტელეჟკა" ზუსტად იმდროინდელია, როცა ამ ულამაზეს ხეობაში სოფელმა სიცოცხლე დაიწყო.

1946 წელს, აქ პირველი სამტრედიელი­ ილია ვაშაკიძე თავის ციმბირელ მეუღლ­ესთან ერთად ჩამოვიდა. ომგამოვლილ მებრძოლს რკინიგზის პატარა სადგურის უფროსობა შესთავაზეს. იმხანად ეს გასა­იდუმლოებული თანამდ­ებობა იყო - თბილისი-ვალეს მგზავრებს სწორედ ამ სადგურში უმოწმებდნენ საბუთებს, რომ ახალციხე-ახალქალაქის სასაზღვრო ზონაში დივერსანტები არ შეპ­არულიყვნენ. სტალინის ბრძანებით, სასაზღვრო სადგურის მოწყობამდე ე.წ. საეჭვო მოსახლეობა არა მხოლოდ მესხეთიდან გაასახლეს, არამედ ბორჯომის სოფლებიდანაც, სადაც დუხობორები ცხოვრობდნენ. "სადგურის სოფლის" უხუცესი მკვიდრი, დუხობორი­ ლიუბა კოვალკი მხოლოდ იმიტომ გადაურჩა გადასახლებას, რომ მისი ოჯახი იმხანად სოფელში არ იყო. ილია ვაშაკიძის ახალშექმნილი ოჯახი პირველად ვაგონში შეასა­ხლეს, მოგვიანებით კი ახალაშენებულ სადგურში გადაიყვანეს. რკინიგზის დანარჩენი პერსონალი კი, რომლის მემკვიდრეები დღევა­ნდელი სოფლის მცხოვრებნი არიან, აქ მოგვიანებით გამოჩნდნენ და გამრავლ­დნენ. სადგურის უფროსად ყოფილი უფროსის ვაჟი, ბორის ვაშაკიძე თბილისი-ვალეს რეისის­ გაუქმებამდე მუშაობდა. ამ დროს კი დასახლებისთვის საკუთარი სახელის გამოძ­ებნა გახდა საჭირო. აქაურებს ბევრი არ უფიქრიათ - ­დასახლებას მეზობელი­ სოფლის, ლარების სახელი შეარქვეს და... კიდეც­ "აირია მონასტერი", რადგან სოფელ ლარებს­ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გამოყოფილი თანხები კი ხმარდება, მაგრამ ახალ ლარებში მესაკუთრეობის უფლებაც კი არ მოქმედებს, ინტერნეტზე ან სატრანსპორტო საშუალებებზე საუბარი ხომ ზედმეტია.

ბორის ვაშაკიძე, ამჟამად ბორჯომ-ბაკ­ურიანის "გუგულის" მემანქანე, წუხს: აქ­აუ­რობა იმ დაჟანგულ ვაგონს ჰგავს, რომელიც გაუქმებულ ლიანდაგზე ჩარჩა და აღარავის სჭირდებაო.

- 60-იან წლებში ადიდებულმა მტკვ­არმა ლიანდაგებამდე მოგლიჯა მიწა და ცასა და დედამიწას შორის გამოკიდული დაგვტოვა. ისღა დაგვრჩენოდა, მახლობელ მთაზე ავბარგებულიყავით. მაშინ მამაჩემმა თქვა, - ჯერ სახლ-კარს ნუ დავტოვებთ, რელსებს შორის ცეცხლი დავანთოთ, თუკი წყალი ლიანდაგებსაც წაიღებს, მერეღა ავიდეთ მთაზეო. მაშინ გადავრჩით, ლიანდაგები წყალმა აღარ წაიღო. თუმცა, ლიანდაგების დაზიანების გამო, მატარებლის მიმოსვლა დროებით შეწყდა, ცენტრალური გზატკეცილიდან სადგურამდე მტკვარზე ტროსი გააბეს, რომ კაცები მაინც გავსულიყავით დასახლებიდან. ხშირად შუაღამისასაც მოვსულვარ შინ. უკუნეთ სიბნელეში ტროსზე დაკ­იდებულს ფეხქვეშ ადიდებული წყალი მიღრიალებდა. ამიტომაც ბევ­რი წავიდა აქედან, მაგრამ მე ვერ მივატოვე - აქ არის ჩემი ფუძე.
ჩემი ძმა დედაქალაქში ცხოვრობდა და როცა ცუდად გახდა, აქ დაბრუნდა და მშობლებისეულ ბინაში გარდაიცვალა.

- სტალინის ფოტო ვინ ჩამოკიდა სადგურზე?

- ეს სურათი სადგურში ეგდო, დამ­ტ­ვერილი და ჩარჩოდამტვრეული. ჩემმა ძმამ გაწმინდა და დაკიდა... აღარც მე ჩამო­ვხსენი - იყოს, ეკიდოს, არც სოფლის ახალგაზრდობაა წინააღმდეგი. თან ძველი­ რომ გადააგდო, ახალი ხომ უკეთესი უნდა იყოს. ჩვენ კი ეს უკეთესი ვერ დავინახეთ. გვეუბნებიან, - იმიტომ ვერ გეხმარებით,­ რომ დასახლება არ არის დარეგისტრირ­ებულიო. რატომ გაჭირდა ეს დარეგისტ­რირება, ვერ გვპასუხობენ. საკრებულოსაც ვაწუხებთ და მერიასაც, მაგრამ ბევრი არაფერი გამოგვდის. ერთადერთი, რასაც მივაღწიეთ, ის არის, რომ ახლახან­ ელექტროდენი გამოგვიყვანეს. მაგრამ ესეც ბორჯომში დატრიალებული სტიქიის "წყალობით" მოხდა - სტიქიის სალიკვიდაციო თანხებს ჩვენი დენიც მიაბეს...

ჩვენს სასმელ წყალს კი წურბლები და თავკომბალები მოჰყვება, ამიტომაც დასალევად დასაკარგავიდან ვეზიდებით. ასე გვგონია, სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება, რადგან ამდენი ბრძოლით დავიღალეთ და არაფრის იმედი არ გვაქვს. ყველაზე დიდი სირთულე აქ საკუთრების დაკანონებაა - მთაში სახნავი მიწა ცოტაა­ და რაც არის, აუცილებლად უნდა დაკანონდეს ერთმანეთში დავისა და ჩხუბის თავიდან ასაცილებლად. ჩვენ კი ამის უფლება არა გაქვს. გვეუბნებიან, - სოფელი არ არსებობს და არარსებულ სოფელში მიწა როგორ დავაკანონოთო!

- რამდენი კომლი ხართ?

- დაახლოებით 30. ჩვენზე ნაკლებმოსახლიანი სოფლებიც არის და მათთვის არსებობის უფლება არავის წაურთმევია. ჩვენ რა დავაშავეთ, ვერ გაგვიგია; მატარებლის რეისის გაუქმებამ ჩვენ რატომ უნდა გადაგვიყოლოს?

- ანუ ახლა თქვენს სოფელში გამავალი ლიანდაგი უფუნქციოდ დარჩა?

- ეს ლიანდაგი ახლა ორფოლოს ქართულ სამხედრო ნაწილს ემსახურება. ესეც რომ არ იყოს, სოფელს ეს ლიანდაგი ყოველთვის დასჭირდება, ჩვენი ხიდი მხოლოდ მსუბუქი ტრანსპორტისთვის არის განკუთვნილი და სოფელიც ამ ტრანსპორტით ლიანდაგამდე მოზიდული სამშენებლო მასალით აშენდა. მერე ეს მასალა "ტელეჟკაზე" გადაგვაქვს და ლიანდაგებით სახლებამდე მიგვაქვს.
ამასობაში აქაური სატვირთო ტრანსპორტი, "ტელეჟკაც" გამოჩნდა, რომელზეც­ შემოსკუპებულ გოგონას ბიჭი მოაგორებდა. გამეღიმა, - სხვა თუ არაფერი, იმით ტრაბახი მაინც შეიძლება, რომ აქ სამუზეუმო ექსპონატით სეირნობენ-მეთქი.
ალბათ იკითხავთ, - აქ თუ არაფერი ჭაჭანებს, არც მესაკუთრეობის უფლება აქვთ, რა დარჩენიათო? მე კი ვიტყვი, რომ აქ ენით აუწერელი სილამაზე და ის სიყვარულია, რომლის კანონითაც "ჩიტი სადაც დაიბადება, მისი ბაღდადი იქ არის".

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები