"დედაჩემს ეკითხებოდნენ, ამას როგორ უძლებთო" - კვირის პალიტრა

"დედაჩემს ეკითხებოდნენ, ამას როგორ უძლებთო"

ნანული სარაჯიშვილი ფილმში "ტელი და ტოლი" ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დააჯილდოეს

"ფილმის "ტელი და ტოლი" სცენარი დიდი ხნის წინ დაწერილა, ბატონი კახიც იმ დროიდან იყო დამტკიცებული როლზე, ჩემი როლი კი სოფიკო ჭიაურელს უნდა განესახიერებინა. ამიტომაც ჰქვია ჩემს გმირს სოფიკო"

ცნობილი ქართველი მსახიობი ნანული სარაჯიშვილი რუსული კინოს ურალის პირველ კინოფესტივალზე რეჟისორ ალექსანდრ ამიროვის ფილმში "ტელი და ტოლი" ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დააჯილდოეს. ამავე ფილმში ნათამაშები როლის გამო, კიდევ ერთი ქართველი მსახიობი, კახი კავსაძე, კინოსა და თეატრის XIV ღია რუსულ ფესტივალზე "ამურული შემოდგომა" მამაკაცის საუკეთესო როლისთვის "ოქროს წეროთი" დაჯილდოვდა. ფილმი "ტელი და ტოლი" ოსური სოფლის, ტოლისა და ქართულის, ტელის ცხოვრებაზე გვიამბობს. ფილმში ნანული სარაჯიშვილი კახი კავსაძის მეუღლეს, სოფიკოს ასახიერებს.

- კახი კავსაძემ თეატრში მოიყვანა რეჟისორის ასისტენტი, რომელიც სოფიკოს როლის შემსრულებელს ეძებდა. რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ როდესაც გაიგო, როგორ ტიპაჟს ეძებდნენ, ურჩია, ჩემი მონაწილეობით ენახათ სპექტაკლი. გადამიღეს ფოტოები, შემდეგ სკაიპით დამაკავშირეს ფილმის მთავარ რეჟისორთან, რომელმაც მთხოვა, კამერის წინ რამდენიმე ამოცანა შემესრულებინა. გარკვეული ხნის შემდეგ მითხრეს, რომ არჩევანი ჩემზე შეაჩერეს. ფილმის სცენარი დიდი ხნის წინ დაწერილა, ბატონი კახიც იმ დროიდან იყო დამტკიცებული როლზე, ჩემი როლი კი სოფიკო ჭიაურელს უნდა განესახიერებინა. ამიტომაც ჰქვია ჩემს გმირს სოფიკო.

დიდი ხანია, რუსულად არ მისაუბრია და ვნერვიულობდი - როგორ გავახმოვანებდი როლს, მაგრამ რეჟისორმა - ტყუილად წუხხარ, ჩემს გმირს შენნაირი აქცენტი უხდებაო. გადაღებები ორჯონიკიძის ახლოს მიმდინარეობდა. ორჯონიკიძეში ჩვენი ჩასვლის ამბავი რომ შეუტყვიათ (ისინი უწინ საქართველოში ცხოვრობდნენ), პურმარილით მოგვადგნენ, მოგვეფერნენ და საქართველოს სიყვარულში გამოგვიტყდნენ.

- თქვენ ჯერ კიდევ ბავშვობაში მოხვედით კინოში.

- ჩემი უფროსი დისგან განსხვავებით სილამაზით არასდროს გამოვირჩეოდი. მან თავისი გარეგნობითა და მონაცემებით ადრევე მიიქცია ყურადღება და "საბუდარელ ჭაბუკში" იმედო კახიანის დის როლი განასახიერა. გავიდა ხანი და მე გადამიღეს "მანანაში" - მაშინ 11 წლის ვიყავი. ერთ დღეს ჩვენი ოჯახი სტუმრად იყო. სწორედ იქ შემამჩნია რეზო ჩხეიძემ. მოგვიანებით ფილმის რეჟისორისთვის, შალვა მარტაშვილისთვის უთქვამს, გასინჯეთ, ვფიქრობ, მოგეწონებათო. როდესაც კინოსტუდიიდან დარეკეს, მშობლებმა ჩემი და გამოპრანჭეს და სინჯებზე წაიყვანეს. გარკვეული ხნის შემდეგ კვლავ დარეკეს ჩვენთან, მაგრამ ჩემი ნახვა რომ მოისურვეს, დედაჩემმა ეს არასერიოზულად მიიღო და ნათლიამ წამიყვანა კინოსტუდიაში. სინჯებზე მისულს ისეთი ლამაზი თანატოლები დამხვდნენ, დავითრგუნე და არაფერი გამიკეთებია, რაც მთხოვეს. ფოტოები გადამიღეს და დამემშვიდობნენ. მეორე შეხვედრაზე კი, რითი ვარ ამ ლამაზ გოგონებზე ნაკლები-მეთქი და კიდეც ვიმღერე, კიდეც ვიცეკვე და მანანას როლზეც დამამტკიცეს. ისე, მშვიდი და დამჯერი ბავშვი ვიყავი, თუმცა ფილმის გავლენით ისეთი რეპუტაცია შემექმნა, დედაჩემს ეკითხებოდნენ, ამას სახლში როგორ უძლებთო.

- ალბათ, პოპულარობამ მოგხიბლათ და ბავშვობიდანვე მოინდომეთ მსახიობობა.

- პედაგოგიურზე ვაპირებდი ჩაბარებას და, ალბათ, ასეც მოვიქცეოდი, ერთ დღეს სესო (მსახიობი სესილია თაყაიშვილი) რომ არ შემხვედროდა. მან კატეგორიულად მითხრა, აუცილებლად უნდა ჩააბარო თეატრალურ ინსტიტუტშიო. ამ სიტყვებმა გადაწყვეტილება შემაცვლევინა.

- თქვენი კინოროლების გახსენებისას, პირველ რიგში უზარმაზარ პლატფორმებზე შემდგარი მარო მახსენდება ფილმიდან "გარიგება".

- ფილმის სიუჟეტი რეალური ცხოვრებიდანაა აღებული. ზაზას დედა თელავის რაიონული გაზეთის რედაქტორი იყო და ეს ამბავიც მისი რედაქტორობით დაბეჭდილა. ზაზამ მიამბო ამ ფილმის გადაღების იდეაზე და თან დასძინა, რომ მაროს როლისთვის კახეთის მკვიდრს ეძებდა, მაგრამ ერთ დღესაც დამირეკა, ჩემოდანი ჩაალაგე, თელავში მივდივართ, მაროს როლი შენ უნდა გათამაშოო. კახეთში ჩავედით თუ არა, პირველი სამი დღე ბაზარში დავდიოდი, გამყიდველების მიმიკებსა და ჩვევებს ვიმახსოვრებდი, დიალოგებს თუ კილოს ვბაძავდი და ცოტა ხანში მეც კახელივით ავმეტყველდი.

რაც შეეხება მაროს ქოშებს, ის ერთ-ერთმა მეზობელმა სათუთად ჩალაგებული გვათხოვა, მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც შეიტყო, მანანას რომ თამაშობს, იმ ქალს უნდა ჩავაცვათ კინოში გადასაღებადო.

- დღეს როგორ ცხოვრობთ?

- თეატრში ვარ. დის გარდაცვალების შემდეგ დისშვილის გაზრდა ვიტვირთე, რომელიც უკვე დაოჯახდა და დღეს მისი პატარა დემეტრე ჩემი ცხოვრების აზრია.

ეკა სალაღაია