"ეს პირველი შემთხვევაა საქართველოს არჩევნების ისტორიაში" - კვირის პალიტრა

"ეს პირველი შემთხვევაა საქართველოს არჩევნების ისტორიაში"

"მეუღლეს ჩემთან ერთად არ მიუცია ხმა - არ იყო იმ უბნის ამომრჩეველი..."

8 ოქტომბრის არჩევნების ცხელ დღეს ინტერნეტსივრცე საარჩევნო უბანზე მისული ნეფე-პატარძლის ფოტოებმა დაიპყრო. პატარძალმა მოქალაქეობრივი ვალი პირნათლად მოიხადა. ამ უპრეცედენტო მოვლენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა: "მოქალაქეობრივი ვალის მოხდით დაწყებული ახალი ცხოვრება"; "აი, მესმის სამოქალაქო აზროვნება" და სხვა. ანი წოწკოლაური და ხვიჩა კობაიძე 22 წლისანი არიან. ქორწილის მეორე დღეს, თაფლობის თვის გასატარებლად, ეგვიპტეში, ქალაქ ხურგადაში გაემგზავრნენ.

ანი წოწკოლაური: - მე და ხვიჩამ ერთმანეთი საერთო მეგობრების წყალობით გავიცანით. ამჟამად თბილისში ვცხოვრობთ (ხვიჩა თბილისელია). მე რუსთავის საკრებულოს აპარატში ვმუშაობ საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილების წამყვან სპეციალისტად, ხვიჩა კი საოჯახო ბიზნესშია ჩართული. ჩვენი ქორწილის თარიღი არჩევნების დღეს დაემთხვა, თუმცა სადაც უნდა ვყოფილიყავი, არჩევნებზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას მაინც ვაპირებდი. რა თქმა უნდა, გააზრებული მქონდა, რომ ეს ცოტა უცნაური საქციელი იქნებოდა და უბანზე ჩვენი გამოჩენით ცოტა კი დავაბნიეთ მნახველი, მაგრამ საზოგადოებისგან ამხელა ყურადღებას არ ველოდი. ყველა გვილოცავდა, გვლოცავდა და ძლიერ ქვეყანაში ცხოვრებას გვისურვებდა.

ქორწილის შემდეგ კურორტ ხურგადაში გავემგზავრეთ. მეუღლეს ჩემთან ერთად არ მიუცია ხმა - არ იყო იმ უბნის ამომრჩეველი...

მინდა ვიცხოვროთ ძლიერ და მშვიდ ქვეყანაში, ყველანი ლაღები და ბედნიერები ვიყოთ. დიდი მადლობა ყველას კეთილი სურვილებისთვის.

ამ ამბავს რუსთავის საკრებულოს აპარატის თანამშრომელი და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი გვანცა ბირთველიშვილი შეესწრო, რომელმაც წყვილის ფოტოები ინტერნეტით გაავრცელა: - ანი წოწკოლაურს მანამდეც ვიცნობდი - ერთად ვმუშაობთ საკრებულოს აპარატში. უბნების კონტროლზე დავდიოდი და უცებ ანი შემოვიდა სადედოფლო კაბაში გამოწყობილი. ამომრჩევლები და კომისიის წევრები ცოტა დაიბნენ, ვერ მიხვდნენ, რა ხდებოდა. ეს პირველი შემთხვევაა საქართველოს არჩევნების ისტორიაში და ზოგი გაოცებული, ზოგიც, ოვაციებით შეხვდა წყვილს. კომისიის წევრებმა აღარ იცოდნენ, რა გაეკეთებინათ, თუმცა მალევე მიხვდნენ, რომ ანი ჩვეულებრივი მოქალაქე და ამომრჩეველი იყო, უბრალოდ, საქორწინო კაბა ეცვა და გააგრძელეს პროცედურა. წყვილს მეჯვარეები ახლდნენ, რომლებიც დერეფანში ელოდნენ. დრო ვიხელთე და გადავიღე ფოტოები, რომლებიც მაშინვე ავტვირთე სოციალურ ქსელში, რასაც დიდი გამოხმაურება და აჟიოტაჟი მოჰყვა.

ნანა ფიცხელაური