"თითქმის გაყინულ ცოლ-ქმარს სულზე მივუსწარით" - 25 წლის ბიჭის ფათერაკიანი ცხოვრება და არაერთი გადარჩენილი სიცოცხლე - კვირის პალიტრა

"თითქმის გაყინულ ცოლ-ქმარს სულზე მივუსწარით" - 25 წლის ბიჭის ფათერაკიანი ცხოვრება და არაერთი გადარჩენილი სიცოცხლე

"საქართველოს ტურისტული რეგიონებიდან ყველაზე მეტი შემთხვევა სვანეთსა და ყაზბეგში ხდება, რაც ტურისტების სიმრავლითაა განპირობებული, ასეთ ადგილებში ფათერაკიც, რა თქმა უნდა, ბევრია"

მისი პროფესიის ადამიანისთვის არ არსებობს ცუდი ამინდი, სახიფათო ადგილები და ვითარება. კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ შეუძლებელი უნდა შეძლოს და საჭიროების შემთხვევაში, თავზე მეტად, განსაცდელში მყოფის ფიზიკურ თუ ემოციურ დახმარებაზე იზრუნოს. 25 წლის კახა წიკლაურმა სამაშველო საქმიანობა 4 წლის წინ დაიწყო და მას შემდეგ ადამიანების სიცოცხლის სადარაჯოზე დგას. ეამაყება პროფესია და ზედმიწევნით პასუხისმგებლობით ართმევს თავს ხიფათითა და რისკით სავსე მართლაც ვაჟკაცურ მოვალეობას და ბედნიერია, რომ ბავშვობის ოცნება აუსრულდა. განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველმა, უკვე პოლიციის ლეიტენანტმა არა ერთხელ, მათ შორის, ერთი თვის წინ მყინვარ თეთნულდზე დაკარგული უცხოელი ტურისტების გადარჩენის წარმატებულ ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა.

კახა წიკლაური:

- 26 აგვისტოს, ჩვენს დეპარტამენტში შემოვიდა ოპერატიული შეტყობინება, რომ მესტიაში ტურისტები დაიკარგნენ. მათ საძებნად სვანეთის განყოფილება იყო გასული, მაგრამ უამინდობის გამო დაკარგულების პოვნა გაჭირდა. დაახლოებით ვიცოდით სად იმყოფებოდნენ უცხოელები, რომლებიც სამი დღის მშივრები იყვნენ. თან საკვებიც წავიღეთ და მყინვარ თეთნულდისკენ გავეშურეთ.

ჩავფრინდით მესტიაში, უამინდობის გამო, თავდაპირველად გაჭირდა მათი მოძებნა, ვერტმფრენი ვეღარ ახერხებდა აფრენას და ამინდის გამოსვლას დაველოდეთ. სააგენტოს სვანეთის განყოფილების მაშველები ფეხით გადაადგილდებოდნენ და ეძებდნენ დაკარგულ ტურისტებს. არ დაგავიწყდეთ, ეს ხდებოდა ზღვის დონიდან სადღაც 4660 მეტრის სიმაღლეზე. ამინდი გამოვიდა თუ არა, ვერტმფრენმა სადღაც მოახერხა დაჯდომა, ფეხით მივედით დაზარალებულებამდე, რომლებიც ჩვენს დანახვაზე სიხარულით ცას ეწივნენ.

ვერტმფრენით ჩამოვიყვანეთ მესტიაში. როგორც გაირკვა, გერმანიის და ისრაელის მოქალაქეები იყვნენ - მეგობრები, რომლებიც ხშირად დადიოდნენ სალაშქროდ. შეტყობინებაც მათ გამოგზავნეს განყოფილებაში, რუკა კი ჰქონდათ, მაგრამ უამინდობის გამო ვერ გამოაგნეს. ამბობდნენ, 2 მეტრში საერთოდ ვერაფერს ვხედავდით, გზას ვეღარ ვაგრძელებდით, არ ვიცოდით, საით წავსულიყავითო. მშივრები და ფსიქოლოგიურად გატეხილები დაგვხვდნენ, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.

რამდენიმე თვის წინ, სვანეთშივე მოხდა ანალოგიური შემთხვევა, როდესაც ამერიკელი ცოლ-ქმარი დაიკარგა. მათ შემთხვევაში უფრო რთული მდგომარეობა იყო, თითქმის გაყინულებს სულზე მივუსწარით, ერთი საათიც რომ დაგვეგვიანა, ცოცხლები აღარ დაგვხვდებოდნენ.

გათოშილები ერთ საძილე ტომარაში იწვნენ. ტურისტ წყვილს რამდენიმე პროგრამა ჰქონდა შედგენილი და მთებში აებნა გზა. დიდი თოვლის გამო საძიებო არეალი იყო ძალიან ცუდი. როცა შეტყობინება მოვიდა, ვერტმფრენით ჩავფრინდით სვანეთში, 10 კაცამდე ვიყავით და სხვადასხვა მიმართულებით გავნაწილდით. სანამ ჩვენ ჩავიდოდით, ადგილობრივი მოსახლეობა და სვანეთის განყოფილება ცალ-ცალკე ეძებდა დაკარგულებს. მივაგენით გაყინულებს, მაშინვე ცეცხლი დავანთეთ და სააქაოს ძლივს მოვაბრუნეთ.

ბახმაროში იყო შემთხვევა, როდესაც ზვავი ჩამოწვა და სალაშქროდ წასული მეგობრები უკან ვეღარ ბრუნდებოდნენ. იქაც ჯერ ვერტმფრენით, შემდეგ ფეხით მოგვიწია გადაადგილება, ძალიან დიდი თოვლი და ცუდი ხილვადობა იყო. როგორც იქნა, მივაგენით ბიჭებს, რომლებიც მონადირეების ქოხს იყვნენ შეფარებულები. თბილისში, 13 ივნისის სტიქიის დროს ჩემმა თანამშრომელმა მეგობარმა მითხრა, ბახმაროდან რომ ბიჭები ჩამოვიყვანეთ, იმათ შევხვდი, ჩვენთან ერთად სამაშველო ოპერაციებში იღებდნენ მონაწილეობასო. მათ სანახავად გავეშურე, მაგრამ იმდენ ხალხში ბიჭებს ვეღარ მივაგენი და გული დამწყდა.

საქართველოს ტურისტული რეგიონებიდან ყველაზე მეტი შემთხვევა სვანეთსა და ყაზბეგში ხდება, რაც ტურისტების სიმრავლითაა განპირობებული, ასეთ ადგილებში ფათერაკიც, რა თქმა უნდა, ბევრია.

ვთვლი, რომ ძალზე საპატიო, რისკიანი და საამაყო პროფესია მაქვს. მინდოდა, ისეთი საქმე მეკეთებინა, ადამიანებს დავხმარებოდი, ეს იყო ჩემთვის მთავარი მოტივაცია. ოცნება ამისრულდა, ხალხს ვემსახურები და ჩემთვის იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როცა ადამიანს სიცოცხლეს უნარჩუნებ და ხიფათისაგან იხსნი. ჩემი ოჯახის წევრები - მამაც და ძმაც ძალოვნები არიან, თუმცა საახლობლოში მაშველი არავინ გვყოლია. 21 წლისამ მივაშურე სამაშველო სამსახურს და მას შემდეგ ვმონაწილეობ სამაშველო ოპერაციებში, წყალსა თუ ხმელეთზე. ვფიქრობ, ჩემი თავი აქ ვიპოვე.

ნანა ფიცხელაური