"დამსმენებს ხალხი დღესაც კარგ მწერლებად იცნობს..." - კვირის პალიტრა

"დამსმენებს ხალხი დღესაც კარგ მწერლებად იცნობს..."

"ილია არ მოუკლავთ სოციალ-დემოკრატებს. მისი მკვლელობა უკავშირდება 1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ იატაკქვეშ მოქმედ წითელ პარტიზანებს"

რას ჰყვება მელიტონ ჭეიშვილი, რომელსაც სპეცარქივებში გასაიდუმლოებულ მასალებზე მიუწვდებოდა ხელი

"პაპაჩემი, მელიტონ ჭეიშვილი, 85 წლისაა. ის გახლავთ დიმიტრი უზნაძის ცოცხლად დარჩენილი ერთადერთი მოწაფე... გალაკტიონ ტაბიძესთან ახლობლობდა. 12 წელი ჰქონდა სპეცარქივებში შესვლის უფლება, სადაც შეისწავლა საქართველოს ისტორიის გასაიდუმლოებული და უმნიშვნელოვანესი ინფორმაციები, რომლის შესახებაც დღემდე არაფერი ვიცით", - წერს სოციალურ ქსელში მელიტონის შვილიშვილი ლუკა ქვარცხავა. როცა ლუკას პაპის ადგილსამყოფელი ვკითხე, მითხრა, - ბოლო ათი წელია, მეუღლესთან ერთად სოფელ ჯორჯიაშვილში ცხოვრობს და თავისი შრომით რამდენიმე ოჯახს გვარჩენსო.

მეორე მსოფლიო ომი და რეპრესირებული ოჯახი...

ბატონი მელიტონი სიხარულით შეგვეგება. ბუხართან მოვკალათდით და რამდენიმე საათით წარსულში ვიმოგზაურეთ.

მელიტონ ჭეიშვილი:"- ბავშვობა ასკანაში გავატარე. 9 დედმამიშვილი ვიყავით. მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო, პური აღარ იშოვებოდა. სოფელში მსხალს ხარშავდნენ, ხორცსაკეპ მანქანაში ჭყინტ სიმინდს ატარებდნენ და მჭადებს აცხობდნენ... ასე გადავიარეთ ომი...

1937 წელს მამა დააპატიმრეს. დედა მეცხრე შვილზე იყო ორსულად. მამამ ნიკოლოზის ოქროს მონეტები დაუტოვა ოჯახის სარჩენად. ერთ დღეს, მეზობელმა, უშიშროების თანამშრომელმა, მოსე დოლიძემ გაგვაფრთხილა, ერთ საათში მოვლენ სუკ-იდან, თუ რამე გაქვთ, დამალეთო. ღმერთმა აცხონოს ამ კეთილი საქმისთვის... მამა ყარაღანდაში გადაასახლეს. იქვე გარდაიცვალა. მისი საფლავი სტუდენტობისას ვნახე... "

"დიმიტრი უზნაძის ოჯახი ძალიან ხელვიწროდ ცხოვრობდა..."

1945 წელს ჩავირიცხე ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ფაკულტეტზე, ფსიქოლოგიის განხრით. რექტორი იყო ნიკო კეცხოველი, ლექციებს გვიკითხავდნენ: კორნელი კეკელიძე, კოტე ბაქრაძე, სავლე წერეთელი, დიმიტრი უზნაძე. ეს მსოფლიო დონის ფსიქოლოგი ძალიან ხელვიწროდ ცხოვრობდა. მან სახლი ფსიქოლოგიის ლაბორატორიას დაუთმო. უზნაძეს ლექციებზე სტუდენტები კითხვებს რომ ვუსვამდით, გვიპასუხებდა ხოლმე, - სერიოზული შეკითხვაა, უნდა მოვიფიქროო... განა მაშინვე ვერ უპასუხებდა, მაგრამ ამ მოკრძალებული ქცევით სტუდენტების ავტორიტეტსა და თვითშეფასებას ამაღლებდა... წარჩინებით ვსწავლობდი, ამიტომ დამენიშნა სახელობითი სტიპენდია - 700 მანეთი. ამ ფულით მივიღე განათლება, მოვინახულე მამის საფლავი ყაზახეთში, დავამთავრე ასპირანტურა.

ამ პერიოდში ხდება 9 მარტის მოვლენები. 5 მარტიდან თბილისში სტალინის მხარდამჭერთა დემონსტრაციები დაიწყო. ცხადია, მეც ვმონაწილეობდი და 15 მომიტინგესთან ერთად დამაპატიმრეს. ძერჟინსკის ქუჩაზე სუკ-ის ციხეში 2 კვირა გავატარე. მოგვიანებით ხრუშჩოვის ბრძანებით გაგვათავისუფლეს. უთქვამს, - გმირები გახდებიან და ხალხი დაგვიპირისპირდებაო..."

"გალაკტიონი ყოველთვის ასე მომმართავდა - "ყმაწვილო"...

ბიძაჩემი კონსტანტინე ჭეიშვილი, მწერალ ალექსანდრე ჭეიშვილის უმცროსი ძმა, გალაკტიონთან მეგობრობდა. სტუდენტი რომ გავხდი, სოფლიდან მასთან მოკითხვის ბარათი გამომატანა. მივუტანე. შინ შემიპატიჟა და ბარათი გახსნა. ძალიან გაუხარდა მეგობრის წერილი. დაწვრილებით გამომკითხა, სოფელში როგორ ცხოვრობს კონსტანტინეო. დამშვიდობებისას მითხრა, -"ყმაწვილო, მოდი ხოლმე და ვიმასლაათოთო."თვეში ორჯერ ვაკითხავდი. ხშირად მიკითხავდა მისი და მისი მეუღლის მიმოწერას, მოგეხსენებათ, ოლია ოკუჯავა გადასახლებული იყო... ლეჩკომბინატის საავადმყოფოშიც ხშირად ვნახულობდი, კორიდორში იწვა "ლეჟანკაზე". დამინახავდა თუ არა, მკითხავდა, კიდევ როდის მოხვალო... არაფერი მინდა, არ შეწუხდეო, სულ ამას მეუბნებოდა. გარდაცვალების შემდეგ მისი ბინის აღწერას ვესწრებოდი. სიგარეტ "რეკორდის", კოლოფებზე ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი შედევრები ეწერა. არც კი ვიცი, გამოაქვეყნეს თუ არა...

წინასწარ ჰქონდა დაწერილი დაკრძალვის სცენარი. ეწერა, მთელი საქართველო დაესწრება ჩემს დაკრძალვასო, მაშინ შემოქმედებს მწერალთა კავშირიდან ასაფლავებდნენ. სურდა საყდრიდან გამოსვენება, წერდა, რომ მთაწმინდაზე დამასაფლავებენო...

მასალები - გრიფით "საიდუმლო"

ძერჟინსკის ქუჩაზე იყო სუკ-ის ცენტრალური არქივი, ე.წ. მე-6 განყოფილება. არქივში მხოლოდ საშვით უშვებდნენ. მე ნიკო კეცხოველის რეკომენდაციით მოვხვდი საიდუმლო მასალებთან. ის ფედერალისტი იყო. სჭირდებოდა სანდო სტუდენტები და ერთ-ერთი მე ვიყავი. გავეცანი დახვრეტილებისა და რეპრესირებულების საქმეებს. აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ დასმენა იყო მიზეზი დიდი ქართველების დახვრეტისა. მათ უამრავი კარგი ქართველი ჰყავთ გაწირული. ამ დამსმენებს ხალხი დღესაც კარგ მწერლებად იცნობს...

მიხეილ ჯავახიშვილი ქიაჩელის ქუჩაზე ცხოვრობდა, ბერია - ელბაქიძეზე. მასალებში მითითებულია მხოლოდ ის, რომ მიხეილ ჯავახიშვილი დურბინდით უყურებდა ბერიას სახლს. წერდნენ, რომ ჯავახიშვილმა შექმნა ჯგუფი, რომელიც თითქოს სასმელი წყლის მოწამვლას აპირებდა. დამსმენად მითითებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ძალიან ცნობილი მწერლები.

რაც შეეხება ილიას მკვლელობას: ილია არ მოუკლავთ სოციალ-დემოკრატებს. მისი მკვლელობა უკავშირდება 1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ იატაკქვეშ მოქმედ წითელ პარტიზანებს. ეს გააჟღერა მწერალმა ნოდარ გრიგალაშვილმა და ატყდა ამბავი. მან კი სიმართლე თქვა... სათქმელს რა გამოლევს, მაგრამ ყველაფრის თქმა საჭირო არ არის...

"60 წელია, ერთად ვართ..."

ასპირანტურის დასრულების შემდეგ გამგზავნეს მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტში. მაშინ გავიცანი გალინა გავილოვნა, ორჯონიკიძის სახელობის ქარხანაში ბუღალტრად მუშაობდა. რამდენიმე თვეში დავქორწინდით. მე იმ დროს 24 წლის ვიყავი, ის - 19-ის. საქართველოში ჩამოვედით. შეგვეძინა 5 შვილი - ოთხი გოგონა და ერთი ვაჟი. დედაჩემსა და მეუღლეს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. გალინას ნათესავები ჩამოდიოდნენ თბილისში და ჩვენც ხშირად ვსტუმრობდით.

მერე მუშაობა დავიწყე თბილისის კვების მრეწველობის სამინისტროს თამბაქოს განყოფილებაში. ძალიან მძიმე იყო ფსიქოლოგისთვის თამბაქოს განყოფილებაში მუშაობა. 40 წელი აქ გავატარე. 90-იან წლებში დაიხურა და გავედი პენსიაში. 8 შვილიშვილი, 6 შვილთაშვილი და 1 შვილთაშვილის შვილი გვყავს. ჩვენი სიმდიდრე და ბედნიერება დიდი ოჯახია. "

"ჩემი წამალი შრომა და ადამიანებთან ურთიერთობაა"

10 წელია, მე და ჩემი მეუღლე სოფელში ვცხოვრობთ. დიდი შრომის ფასად მოგვყავს მოსავალი. ჩემი დილა ზაფხულში 5 საათზე იწყება. არ ვიცი, რა არის წამალი. ჩემი წამალი შრომა და ადამიანებთან ურთიერთობაა, ხანდახან - ზომიერი მოლხენა. მოხუცები ცალკე უნდა ცხოვრობდნენ და ახალგაზრდებს მისცენ დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობა. ამიტომ დავტოვეთ ქალაქი..."

თორნიკე ყაჯრიშვილი