"დღეს "ფოთოლა" კი არა, სპორტის სასახლეც ჩაიკარგა" - როგორ იცვალა თბილისმა ნირი... - კვირის პალიტრა

"დღეს "ფოთოლა" კი არა, სპორტის სასახლეც ჩაიკარგა" - როგორ იცვალა თბილისმა ნირი...

"კვირის პალიტრა" არქივი, 2016 წელი

"ყოველდღიურობის ნაწილი იყო ლაღიძის წყლები და აჭარული ხაჭაპური. თეთრწინსაფრიანები გვემსახურებოდნენ ღიმილით. თბილისელების ნოსტალგიას იწვევს ეს შენობა. მაშინდელი ლაღიძის წყლები ჩვენთვის არა მხოლოდ დაპურების საშუალება იყო, იქ შესვლა ერთგვარი რიტუალი გახლდათ"

თბილისი... საკმარისია, ერთხელ მაინც მოხვდეთ ამ ქალაქში, რომ სამუდამოდ დაგამახსოვროთ თავი... ის მუდმივად აირეკლება თქვენს ცხოვრებაში, ფიქრებსა და მოგონებებში... ჩაგიხუტებთ და შეგიყვარებთ... ასე იყო და ასეა დღესაც, თუმცა კი ამბობენ, თბილისმა ნირი იცვალაო... რა გითხრათ, საინტერესოა, რას ფიქრობენ ამის შესახებ ძველი თბილისელები... როგორი იყო თქვენი თბილისი? - ამ კითხვით რამდენიმე თბილისელს მივმართეთ:

"ბირჟაზე ყველას ჩვენ-ჩვენი ადგილი გვქონდა"

ბუბა კიკაბიძე: - ჩვენს თბილისში ბავშვები ქუჩაში ვიზრდებოდით. მამები ჯარში იყვნენ, დედები დილიდან საღამომდე მუშაობდნენ, რომ ლუკმაპური ეშოვათ. შინიდან რომ გავდიოდი, გასაღებს ფეხის საწმენდის ქვეშ ვტოვებდი. ქუჩაში ვისწავლე გამარჯობის თქმა, უფროს-უმცროსობა. ბირჟაზე ყველას ჩვენ-ჩვენი ადგილი გვქონდა. ბესიკის ქუჩის ბოლოს, ოპტიკის მაღაზიასთან, იყო ჩვენი ადგილი.

უნდა გაგვევლო ლენინის მოედნიდან ზემელამდე, მერე უკან და ყველას მივსალმებოდით. კისერი გვეღლებოდა. ახლა რომ გაიარო, ნაცნობს ვერ ნახავ... ამ სიარულს აზრი ჰქონდა - ყველა უბნის ამბებს ვიგებდით. სადაც ახლა გრიბოედოვის თეატრია, მანდ ჯიგრის ღვეზელები ცხვებოდა. აყროლებულზე აყროლებული სუნი ჰქონდა. 4 კაპიკი ღირდა. ფულს მოვაგროვებდით და მივდიოდით საყიდლად, მაგრამ იმის ჭამა არ შეიძლებოდა. გადმოვბერტყავდით ხოლმე შიგთავსს და მარტო ცომს შევექცეოდით.

ზამთარში მაშინ თოვლი იცოდა. გვქონდა ძველი, მისადგამი ხის კიბე, რომელიც მთაწმინდის პანთეონთან აგვქონდა, ტრასაზე დავდებით, ზედ დავსხდებოდით 8-10 ბიჭი და სრიალ-სრიალით ჩამოვდიოდით ოფიცერთა სახლამდე. სხვა უბნიდან მოდიოდნენ ბიჭები, რომ ამ კიბით "ეკატავათ".

"თანამედროვე თბილისმა განწყობა დაკარგა"

დათო ევგენიძე: - დავიბადე და გავიზარდე რუსთაველზე, 44 ნომერში, ეს იყო ბოლო სახლი რუსთაველის პროსპექტზე, მერე ზემელი იწყებოდა. პირველ სკოლაში ვსწავლობდი და მთელი რუსთაველის გავლა-გამოვლა მიწევდა ყოველდღიურად.

ყოველდღიურობის ნაწილი იყო ლაღიძის წყლები და აჭარული ხაჭაპური. თეთრწინსაფრიანები გვემსახურებოდნენ ღიმილით. თბილისელების ნოსტალგიას იწვევს ეს შენობა.

მაშინდელი ლაღიძის წყლები ჩვენთვის არა მხოლოდ დაპურების საშუალება იყო, იქ შესვლა ერთგვარი რიტუალი გახლდათ.

ცოტა რომ წამოვიზარდეთ, მე, ირაკლი ჩარკვიანი, გეგა კობახიძე, მერე ლევან აბაშიძეც, შატალოებზე "მუზასთან" ვხვდებოდით და იქიდან იწყებოდა ვოიაჟი თბილისში. ჩემი სარკმლის წინ უზარმაზარი ხე იდგა და მოჭრეს, მორებად რომ დაანაწევრეს და სატვირთო მანქანაზე დადეს, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემ თვალწინ ასაფლავებდნენ. კომუნისტების ხანა იყო და თურმე ეს ხე აღლუმს უშლიდა ხელს.

მსვლელობა იწყებოდა ზემელიდან, მთავრობის სასახლეს ჩაივლიდა და სრულდებოდა ლენინის ძეგლთან, თავისუფლების მოედანზე. საოცრებაა, სადაც ახლა წმინდა გიორგის ძეგლი დგას, იქ ადრე ლენინის ძეგლი იდგა. მერე მარშრუტი შეიცვალა და აღლუმის მონაწილენი ე. წ. ანდროპოვის ყურებთან უქნევდნენ ხელს მთავრობის მესვეურთ. ასე იმიტომ უწოდებდნენ, რომ თბილისმა ვერ მიიღო ეს ნაგებობა.

მსოფლიოში არის ქალაქები, სადაც თაროზეც კი ვერ შემოდგამ ყვავილს, თუ არ შეათანხმე. თბილისიც ასეთი ქალაქი უნდა იყოს. უნდა არსებობდეს არქიტექტორთა საბჭო, რომელმაც წითელი ხაზით უნდა შემოხაზოს ის შენობები და უბნები, რომელთა ხელის ხლებაც არ შეიძლება. იმ ახალმა ცათამბჯენმა, იმელის უკან რომ დადგეს, მასშტაბით შეჭამა ოპერის თეატრი, ფუნიკულიორი და ანძაც კი დააპატარავა...

თანამედროვე თბილისმა განწყობა დაკარგა. როდესაც ჩვენი მამები ამბობდნენ, რომ "თბილისი იყო ურთიერთობა", ქილიკის საფუძველიც კი გახდა რაღაც წრეში, მაგრამ მართლა ურთიერთობა იყო თბილისი.

"დღეს "ფოთოლა" კი არა, სპორტის სასახლეც ჩაიკარგა"

ელდარ შენგელაია: - პირველად სიგარეტით დედაჩემმა სპორტის სასახლის ტერიტორიაზე დამიჭირა. მაშინ სპორტის სასახლე არ იდგა, თბილისი იმ ადგილას მთავრდებოდა. იყო მხოლოდ ბაზრობა და მოედანი, რომელზეც ბიჭები ფეხბურთს ვთამაშობდით. ჩვენ ცხაკაიას 13 ნომერში ვცხოვრობდით.

დავსხდებოდით ტრამვაიზე და მივდიოდით ფეხბურთის სათამაშოდ საბურთალოზე. ჩამოვხტებოდით, ტრამვაი კი ახლანდელი Hiliday Inn-ის ადგილას წრეს აკეთებდა და უკან ბრუნდებოდა.

იმხანად თოვლიანი ზამთარი იცოდა და ჩემს სახლამდე ხშირად დავშვებულვარ თხილამურებით ფუნიკულიორიდან. სპორტის სასახლის მშენებლობაც მახსოვს, გავივლიდით და ვაკვირდებოდით. დღეს ეს ტერიტორია საშინელებაა. სპორტის სასახლის წინ ჯუნა მიქატაძის შესანიშნავი ძეგლი, ხალხში რომ "ფოთოლად" მოიხსენიებდნენ, გამორჩეული იყო. ახლა ეს ძეგლი კი არა, სპორტის სასახლეც ჩაიკარგა ნაგებობებში.

"წინა ხელისუფლების დროს გაკეთებული პლეხანოვი კატასტროფაა"

ნიკო ლეკიშვილი: - ჩვენი თაობის ბიჭები პლეხანოვზე, გოფილექტის ბაღში ვიკრიბებოდით, იქვე იყო კინოთეატრი ღია ცის ქვეშ, თენგიზ ჩანტლაძის თეატრი, ფილარმონია (ძველი ფილარმონია) და თეატრალებიც იქ იკრიბებოდნენ. სულ ამ ბაღის ეზოში ვისხედით, სადაც რეზო ლაღიძესთან, შოთა მილორავასთან, ტუხა კერესელიძესთან, ბიძინა კვერნაძესთან ვურთიერთობდით, მერე კონცერტებზე შევდიოდით. ვესწრებოდით "ორერასა" და "დიელოს" რეპეტიციებს. "აპოლო" რომ არის, კინოთეატრი, იქვე ბიბლიოთეკა იყო, სადაც მეტწილად ზამთარში შევდიოდით. სტადიონზე თამაშს არ ვაცდენდით.

რიტუალივით გვქონდა მატჩის დაწყებამდე 3 საათით ადრე კარგარეთელის ქუჩის კუთხეში, სამკერვალო ატელიესთან თავმოყრა, საიდანაც ფეხით მივუყვებოდით გზას სტადიონამდე. უკან მობრუნებულნი მატჩს შუაღამემდე განვიხილავდით ხოლმე.

გვიყვარდა ოჯახებში შეკრება, დალევა, გიტარა, სიმღერა. ხანდახან რადიოლებს ვუსმენდით ან ვსაუბრობდით. ყავის სმა ნაკლებად, ღვინო და ჩაი უფრო პოპულარული იყო. ჩვენ ყოველთვის გვქონდა ოჯახში სასმელი, რაჭიდან ჩამოჰქონდა მამაჩემს, იქ ვენახები გვქონდა. მთავარი ერთად ყოფნა, გართობა და ურთიერთობა იყო.

- თანამედროვე თბილისის რომელი უბანია ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს დედაქალაქი?

- ზემო ვერა, ვაკე საშინელებაა, კატასტროფა. როდესაც თბილისი ვითარდებოდა, ძალიან დიდი სიფრთხილით ეკიდებოდნენ კამერულობას. ვაკე რომ დასახლდა, მიწები დაარიგეს, რათა 2-3-სართულიანი სახლები აეგოთ ამხანაგობებს.

კამერიზაცია მხოლოდ თბილისისთვის არ არის დამახასიათებელი. ბრიუსელშიც გვხვდება ამ ტიპის დასახლებები. ვიცი, რომ პარიზში ტერიტორია გამოიყო კამერული უბნის გასაშენებლად. ჩვენ კი გვქონდა და დავანგრიეთ.

იდგა ულამაზესი კოპწია სახლები ეზოში ათასგვარი ხეხილით, რომლებიც კორპუსებმა შთანთქა. ახლა ვამბობთ, ვერ ვსუნთქავთო. ჭავჭავაძის პროსპექტზე, ბაზალეთის ქუჩის კუთხეში, ოცსართულიან სახლს აშენებენ, როგორ შეიძლება ამ პროსპექტზე ამხელა შენობის აშენება. არაფერს ვამბობ იმ შენობაზე, იმელის უკან რომ აშენდა. ვინ და რა ნამუსით მოაწერა ხელი მის აგებას?! არც ერთმა შენობამ არ უნდა დაფაროს მთაწმინდა, რომელიც თბილისის სავიზიტო ბარათია.

მიხარია, რომ ბოლო ხანებში კარგი ტენდენცია წამოვიდა. ბრწყინვალედ გაკეთდა აღმაშენებელზე ფეხით სასეირნო მონაკვეთი. სამაგიეროდ, წინა ხელისუფლების დროს გაკეთებული პლეხანოვი კატასტროფაა. თბილისი ცაცხვისა და ალვის ხეების ქალაქია. ამათ მოჭრეს და ჯუჯა ხეები დარგეს. ვერ გავიგე, რატომ?! "აპოლოს" იმიტომ მოანგრიეს ისტორიული წარწერა, რომ რუსული იყო. ასე მოექცნენ "ვეტცელის" სასტუმროს წარწერასაც. ფასადები გააკეთეს და 3-4 წელიწადში აღმოჩნდა, რომ კარდონით შეუკეთებიათ და ისევ განახლებას მოითხოვს.

თბილისური ურთიერთობები არქიტექტურამ შექმნა. ადრინდელ კორპუსებს რომ დააკვირდეთ, ყველას ეზო ჰქონდა. ეზო ურთიერთობების საშუალებაა. ახლანდელი კორპუსებიდან რომელს აქვს ეზო? გაქრა სკვერებიც და ურთიერთობაც დაირღვა. ამას არქიტექტურულმა უსინდისობამაც შეუწყო ხელი, თუმცა ეპოქაც შეიცვალა. კომუნიკაციების განვითარებამ ბევრი რამ მოსპო. ამას წინათ ვხუმრობდი, ბიჭი გოგოს სიყვარულს კი აღარ უხსნის, SMS-ს სწერს და გულს უგზავნის-მეთქი...…

"დღეს ზრდილობა დაიკარგა"

ჟანრი ლოლაშვილი: - გორკის ბაღში იყო ჩემი თანატოლი ბიჭების შეკრების ადგილი. მე მიხაილოვის საავადმყოფოს მოპირდაპირედ ვცხოვრობდი. ჩემი სახლის გაყოლებაზე პატარ-პატარა სახელოსნოები იყო ჩამწკრივებული: "მერეშკა", "პლისე", "კორდონე" "გიპიური", "შლაპები" და ასე შემდეგ.

ქალები ხელოსანთან სალაპარაკოდ თავს რომ შეყოფდნენ ხოლმე, უკანალები გარეთ რჩებოდათ. ჟერსეს კაბებით დადიოდნენ, მხრებზე მოზრდილი ე. წ. ლიპებით და სასიამოვნო დასანახი იყვნენ. კარგი მოდა იყო... ეს ის პერიოდია, როდესაც მაცივრები არ იყო და წყლიან ქილაში ვინახავდით კარაქს.ყოველ ორშაბათს ახალი კინო გამოდიოდა და მეც "აპოლოში" ვიპარებოდი სანახავად. 23-ე სკოლაში ვსწავლობდი. გაკვეთილების დაწყებისას სკოლას კეტავდნენ და რა მექნა...

მესამე სართულიდან ხეზე გადავძვრებოდი, ლენინგრადის ქუჩის მხარეს, იქიდან ჩემი კლასელი ქვარცხავას აივანზე, ქვარცხავას აივნიდან პრიმაკოვის ტახტზე გადავირბენდი, მერე ჩავდიოდი კიბით და გავდიოდი სამშვიდობოს. ასე რომ, მთელი პლეხანოვი მე მეკითხებოდა, ფილმი როგორი იყოო...

დღეს თანამედროვე თბილისში უფროს-უმცროსობა დაიკარგა - ზრდილობა, ეგოცენტრიზმი არის ძალიან მძლავრად, გაუტანლობა, გამდიდრების ავადმყოფური სურვილით არის ყველა შეპყრობილი.

თბილისის სიმბოლური გასაღები გადაეცათ...

გასულ კვირას გამართულ თბილისობის დღესასწაულზე თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიიღეს ექიმებმა: ლევან ჭაჭიაშვილმა და გელა მუხაშავრიამ, ფეხბურთელმა ალექსანდრე ჩივაძემ, მსახიობებმა: ლალი ბადურაშვილმა, ნოდარ მგალობლიშვილმა და თამარ სხირტლაძემ, ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა, ლოტბარმა და მომღერალმა რობერტ გოგოლაშვილმა, მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა ფრიდონ სულაბერიძემ, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, მხატვარმა დიმიტრი ერისთავმა, თეატრისა და კინოს რეჟისორმა, მწერალმა რევაზ გაბრიაძემ, მევიოლინემ და დირიჟორმა ლიანა ისაკაძემ. ისინი დედაქალაქის მერმა დააჯილდოვა და თბილისის სიმბოლური გასაღები გადასცა.

"ძველი პლეხანოველები მირეკავენ, ისე გვიხარია, თითქოს ჩვენ მივიღეთ ეს წოდებაო"

ლალი ბადურაშვილი: - ამაზე უმაღლესი ჯილდო ჩემთვის მართლა არ არსებობს. პირველი შვილი რომ შემეძინა, უმაღლესი განცდა მქონდა დედობისა. ახლა ისეთივე განცდა მიპყრობს, თითქოს უფრო დიდიც - ერთდროულად დედაც ვარ, შვილადაც ვიგრძენი თავი, რადგან ბავშვობის წლებმა ჩამიარა თვალწინ, არადა, უკვე დიდი ბებიაც ვარ... ამ ქალაქის ნაწილი ვარ. სადაც შევიკრიბეთ, გორკის ბაღი ერქვა, ახლა ილიას ბაღი ჰქვია, იქ არის ჩემი 23-ე სკოლა, 300 მეტრში კი ჩემი სახლია, მოშორებით ირაკლი ჩარკვიანის დედა, ნანა თოიძე ცხოვრობდა, ჩვენ ერთ მერხზე ვისხედით. გია ჭირაქაძე ვორონცოველი იყო, მაგრამ ისიც ჩვენთან გამოივლიდა ხოლმე ყოველდღიურად, კახი კავსაძეც... დავადებდით თავს ძველ კინოსტუდიამდე და უკან ვბრუნდებოდით. ძველი პლეხანოველები მირეკავენ, ისე გვიხარია, თითქოს ჩვენ მივიღეთ ეს წოდებაო. შეუდარებელია ბედნიერების შეგრძნება - იყო თბილისის საპატიო მოქალაქე.

"მერს გავეხუმრე, რა დავაშავე, რას მპატიობთ-მეთქი..."

ჯემალ ჭკუასელი: - მე რომ მკითხოთ, ვაჟაც თბილისელი იყო, ილიაც, სიმონ ჩიქოვანიც და მეც თბილისელი ვარ. იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, ნიშნავს, რომ რაღაც გაქვს გაკეთებული შენი ერისთვის და დედაქალაქმაც სიყვარულით გიპასუხა. გავეხუმრე ბატონ მერს, რა საპატიო მოქალაქე, რა დავაშავე, რას მპატიობთ-მეთქი... მიხარია, რომ მომანიჭეს ეს ტიტული, რაც დიდი ბედნიერებაც არის და დიდი პასუხისმგებლობაც.

"არ შეიძლება ხუშტურებით მშენებლობის წარმოება"

გიგა ბათიაშვილი: - ისტორია გვეუბნება, რომ საქართველო იყო ხმელთაშუაზღვისეული კულტურის მშენებლობის თანამონაწილე, შუა საუკუნეებში მისი გარკვეულწილად ინტეგრირება ხდება აღმოსავლურ კულტურასთან. ეს პროცესი ხაზგასმულად ილუსტრირებული არ არის, თუმცა კარგად ჩანს ფილმში "ქეთო და კოტე", სადაც ვხვდებით ვერდისეულ სისტემაში აჟღერებულ ქალაქურ სიმღერებს, აცვიათ ჩოხა და ქვემოთ წუღების ნაცვლად ლამპასებიანი შარვალი, მორგებული აქვთ ფრაკი ქრიზანთემით და ხელში უზარმაზარი ყანწი უკავიათ - ეს არის ჩვენი სახე. არქიტექტურაშიც ასეა... თავიდან ქალაქმა ფერდობზე დაიწყო გაშენება, - ნარიყალას ფერდზე ტერასული შენობები იდგა. შემდეგ ნელ-ნელა დაბა ნაწილში ჩამოვიდა სახლები და გაჩნდა ჩვეულებრივი აივნიანი ნაგებობები.

უამრავ ქვეყანაშია აივნიანი სახლები, ეზოები, მაგრამ თბილისში სრულიად უკუღმართად არის გაგებული და იტალიური ეზოთი მოიხსენიება. ჩვენთან არის თბილისური ეზო - ქუჩამ იცის, სახლში რა ხდება, სახლმა იცის, ქუჩაში რა ხდება.

რაც შეეხება ხვალინდელ არქიტექტურას. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში არქიტექტურა ვერტიკალურ ზრდას დაიწყებს, მაგრამ ზუსტად უნდა განისაზღვროს, სად შეიძლება ვერტიკალური ზრდის დაშვება. ამა თუ იმ შენობამ დომინანტის როლი უნდა შეასრულოს თუ ამყოლის, თუ შეეფეროს იმას, რაც დახვდა. ყოველივე უნდა გამოხატულიყო გენერალურ გეგმაში, რომელიც არ გაკეთდა დღემდე და მხოლოდ ახლა მიდის მოსამზადებელი სამუშაოები.

ამასთან, XX საუკუნის მიწურულს ავტომობილიზაციამ თავის თავზე აიღო მბრძანებლის როლი... ჩვენი ქალაქი განსხვავებულია, რელიეფიანია, ფაქტობრივად, 2 ფერდია. ეს დიდ პრობლემებს უქმნის ქალაქს, თუ არ იქნება წინასწარდასახული არტერიები, გზები, არქიტექტურა... თბილისში სულ 10 ხიდი გაქვს, 40 კილომეტრის მანძილზე. მათ შორის არც ერთი გამჭოლად საპირისპირო მხარეებს არ აერთიანებს. სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული - თურმე რატომ არის, რომ ვიხრჩობით, რომ სანაპირო, იმის მაგივრად, ნაკადებს ატარებდეს, ტრანსპორტის მოძრაობას ჭედავს.

- კარგია, რომ ახლა მაინც მუშავდება გენგეგმა, მაგრამ რაც გაკეთდა, იმას რა ეშველება, ვთქვათ, იმავე სპორტის სასახლის მიმდებარედ აღმოცენებულ დასახლებას?

- არის და უნდა შეეგუო. ამიტომ არ შეიძლება ხუშტურებით მშენებლობის დაგეგმვა და წარმოება.

ეკა სალაღაია